პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მისალმება ამერიკის შეერთებულ შტატების პრეზიდენტისადმი
10 მაისი, 2005-05-10
თავისუფლების მოედანი, თბილისი, საქართველო
ძვირფასო თანამემამულენო, ძვირფასო სტუმრებო და მეგობრებო!
დღეს ჩვენ ერთად ვწერთ ისტორიას.
ამ ქალაქის კედლებიდან ათასწლეულები გადმოგვცქერის, მათ ბევრი რამ ახსოვს. ახსოვთ, რომ ჩვენი ისტორია პატარა, მაგრამ უსაზღვროდ ამაყი და გაუტეხელი ერის თავისუფლებისათვის ბრძოლის ისტორიაა.
თითქმის არ დარჩენილა მსოფლიო ისტორიის არც ერთი იმპერია, რომელსაც ამ კედლებისათვის ცეცხლი და ნგრევა არ მოეტანოს.
ამ კედლებს ახსოვს რომაელები, ბიზანტიელები, ოსმალები, სპარსები, მონღოლები, დაბოლოს რუსები.
მთელი ისტორიის განმავლობაში, ამ ქალაქს არაერთი ზესახელმწიფოს ხელმძღვანელი უნახავს, მაგრამ ისინი საქართველოში მოდიოდნენ როგორც დამპყრობლები საკუთარ კოლონიაში. მათი აქ მოსვლა ნგრევის, სისხლისა და ცრემლის მიზეზი და შედეგი იყო.
და დღეს, პირველად ჩვენი ქვეყნის ისტორიაში, თბილისის გულში, ჩვენს გვერდით დგას მსოფლიოს უძლიერესი სახელმწიფოს ლიდერი და უდიდესი ძალაუფლების მქონე ადამიანი, დგას როგორც ჩვენი პარტნიორი და მეგობარი, როგორც მოკავშირე და თანამებრძოლი, როგორც ადამიანი, რომლის ჩამოსვლა ახარებს ყველა ქართველს და რომლის მისალმებაც საამაყოა ჩემთვის, როგორც ქვეყნის პრეზიდენტისთვის.
ბატონო პრეზიდენტო, კეთილი იყოს თქვენი მობრძანება საქართველოში.
ბატონო პრეზიდენტო, თბილისში ჩამოსვლამდე თქვენ ჰოლანდიის სამხრეთში, მაასტრიხტში ბრძანდებოდით, რათა პატივი მიგეგოთ იქ დაკრძალული ამერიკელი ჯარისკაცების ხსოვნისთვის.
ორი დღით ადრე კი, მე ჰოლანდიის ჩრდილოეთში, კუნძულ ტექსელზე ვიმყოფებოდი, სადაც თავისუფლებისათვის მებრძოლი 620 ქართველი განისვენებს.
1945 წლის 20 მაისს ამ ქართველმა გმირებმა მეორე მსოფლიო ომის უკანასკნელ ბრძოლა გამართეს და თავისუფლების მოსაპოვებლად თავი გასწირეს.
ევროპის თავისუფლებისათვის ბრძოლაში ჩვენმა ხალხმა შესაძლებელზე მეტი გააკეთა.
საქართველომ ხომ პროცენტულად ყველაზე მეტი შვილი დაკარგა მეორე მსოფლიო ომში.
ისტორიულად, ქართველების ბრძოლის მთავარ მიზანს ყოველთვის თავისუფლება წარმოადგენდა - არა მარტო საკუთარი, არამედ სხვა ხალხის თავისუფლებაც. ჩვენი რწმენით, ეს საქართველოს სულიერი მისიაა.
ამის ნათელი მაგალითია გრიგოლ ფერაძე, ქართველი ისტორიკოსი და ფილოსოფოსი, რომელიც საბჭოთა რეჟიმს გაექცა და თავი პოლონეთს შეაფარა მხოლოდ იმიტომ, რომ ებრაელ ბავშვებს ნაცისტებისაგან იცავდა. ამისათვის იგი ოსვენციმის საკონცენტრაციო ბანაკში ჩასვეს.
ოსვენციმში მან საკუთარი სიცოცხლე გასწირა - გაზის კამერაში ერთ-ერთი ებრაელი ბავშვის ნაცვლად დაიკავა ადგილი, სიკვდილს გადაარჩინა და თავად გმირულად დაიღუპა.
ქართული სულისკვეთების კიდევ ერთი მაგალითი ახლაგაზრდა გმირის მოქმედება გახლავთ - მელიტონ ქანთარია იყო ადამიანი, რომელმაც ჰიტლერის რაიხსტაგზე პირველმა აღმართა გამარჯვების დროშა.
იმის მიუხედავად, რომ საქართველო თავისუფლებისათვის მუდმივად იბრძოდა, ამ ბრძოლების შედეგად თავისუფლება არასოდეს მოგვიპოვებია.
თუმცა ამ მოედანზე იმისთვის არ შევკრებილვართ, რომ ჩვენს წარსულზე, ან კიდევ ჩვენი ისტორიის ტრაგედიასა და ტკივილზე ვილაპარაკოთ. ჩვენ აქ მოვედით, რათა სამომავლო მიზნებზე, აწმყოსა და მომავალზე ვიმსჯელოთ, იმაზე, თუ სადამდე მოვედით და საით მივდივართ.
დღეს ჩვენი მეგობრისა და სტუმრის ჯორჯ ბუშის აქ ყოფნა მხოლოდ ერთი დადასტურებაა იმისა, თუ რამდენს მივაღწიეთ და რამდენის გაკეთება შეგვიძლია კიდევ როცა ერთად ვართ.
როდესაც ჩვენ ვართ ერთიანი, ჩვენთვის მიუღწეველი მიზანი და აუხდენელი ოცნება არ არსებობს. დღეს ჩვენ სრულიად ახალ საქართველოში ვცხოვრობთ და მთელ მსოფლიოს დავანახეთ, რომ შეუძლებელი არაფერია.
ჩვენი ერთსულოვნებისა და სამშობლოს ერთგულების შედეგად, პირველად ისტორიაში, საქართველოს მთავრობა თქვენი მთავრობაა.
-ეს არის მთავრობა, რომელიც უსმენს ხალხს, ნაცვლად იმისა, რომ იქით კარნახობდეს მას;
-ეს არის მთავრობა, რომელიც პატივს ცემს ხალხის აზრს, ნაცვლად იმისა, რომ ატყუებდეს და არაფრად აგდებდეს;
-ეს არის მთავრობა, რომელიც ემსახურება ხალხს, ნაცვლად იმისა, რომ ძარცვავდეს და უჩანაგებდეს ქონებას;
-და რაც მთავარია, ეს არის მთავრობა, რომელიც ანგარიშვალდებულია თქვენს და მხოლოდ თქვენს წინაშე და ჩვენი შვილების მომავლის წინაშე პასუხისმგებლობა სრულად აქვს გათვითცნობიერებული.
ჩვენ ერთად ვაშენებთ ახალ მომავალს ყველა ჩვენი მოქალაქისთვის.
ბოლო 18 თვე ჩვენთვის ძალიან კრიტიკული გამოცდა იყო.
ჩვენ არა ერთი მძიმე გამოწვევის წინაშე აღმოვჩნდით. განვიცადეთ ტრაგედიები - პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიას გარდაცვალებიდან, დასავლეთ საქართველოში მძვინვარე სტიქიამდე, მაგრამ ჩვენ მაინც ვერაფერი შეგვაჩერებს.
ჩვენ ვარდებით ხელში მოვედით და სამშობლოს გადასარჩენად ეკლიანი გზა ავირჩიეთ, მაგრამ ამ გზას გავივლით და მივალთ საბოლოო გამარჯვებამდე.
ჩვენს სამშობლოს არა აქვს ისეთი სისუსტე, რაც ჩვენივე სიძლიერით არ დაიძლევა.
უკანასკნელ წელიწადნახევარში ჩვენ ბევრს მივაღწიეთ:
-წარსულს ჩაბარდა დრო, როდესაც ჩვენს მოხუცებს და მათ, ვისაც გადაუდებელი სამედიცინო დახმარება ყველაზე მეტად ესაჭიროებოდა, ხვალინდელი დღის ეშინოდათ, რადგან მიაჩნდათ, რომ მათ სახელმწიფო სრულიად უპატრონოდ და უყურადღებოდ მიატოვებდა.
-წარსულს ჩაბარდა დრო, როდესაც ახალგაზრდებს საკუთარი შესაძლებლობების რეალიზაცია მხოლოდ საზღვარგარეთ გაქცევით შეეძლოთ, როდესაც ქვეყნის დატოვება მთავარი ოცნება იყო მათთვის, ვინც წარმატებულ მომავალზე ფიქრობდა. პირიქით, შარშან, პირველად, 12 წლის განმავლობაში უფრო მეტი ქართველი დაუბრუნდა საქართველოს, ვიდრე წავიდა. პირველად, პატრიოტული სულისკვეთებით, რწმენითა და იმედით გულანთებული, ყველაზე ნიჭიერი და წარმატებული შვილები საქართველოს უბრუნდებიან.
-წარსულს ჩაბარდა დრო, როდესაც უბრალო მოქალაქესა თუ ტურისტს გადაადგილების ეშინოდა, რადგან იგი მომდევნო ქუჩასა და გზის მონაკვეთზე გამოძალვისა და კორუფციის მსხვერპლი გახდებოდა.
-წარსულს ჩაბარდა დრო, როდესაც აჭარის დიდებულ მოსახლეობას შიშისა და დიქტატურის, ტირანიისა და უსამართლობის პირობებში ცხოვრების მოთმენა უწევდა.
-წარსულს ჩაბარდა დრო, როდესაც ადამიანის უფლებები ყოველ ნაბიჯზე ითელებოდა.
-წარსულს ჩაბარდა დრო, როდესაც ჩვენ ვცხოვრობდით სახელმწიფოში, რომელსაც საკუთარი ხალხისა და საზღვრების დაცვის უნარი არ შესწევდა.
ჩვენ ერთად მივაღწიეთ ამ წარმატებებს, ყველას დავანახეთ რა შეგვიძლია, მაგრამ ეს საკმარისი არ არის.
იმისათვის, რომ საქართველო ძლიერ და ერთიან ქვეყნად ვაქციოთ, ჩვენ ერთად უფრო მეტი უნდა შევძლოთ. ჩვენს ნაცვლად ქვეყანას არავინ ააშენებს. ჩვენთვის სასურველ მომავალს მხოლოდ ერთი ადამიანი, თუნდაც ერთი მინისტრთა კაბინეტი, ან პოლიტიკური პარტია ვერ უზრუნველყოფს.
მიზანს მხოლოდ მაშინ მივაღწევთ, როდესაც ამისთვის თითოეული ჩვენგანი იშრომებს და პირად პასუხისმგებლობას იკისრებს, როდესაც თითოეული ჩვენგანი ახალი საქართველოს მომავლის შენებაში მონაწილეობას მიიღებს.
ჩვენ ყველას თანაბარი პასუხისმგებლობა გვაკისრია ჩვენი მომავალი თაობებისა და მათ წინაშე, ვინც სამშობლოს გადასარჩენად თავი გასწირა.
საქართველო არის სახელმწიფო, რომელიც წინ მიიწევს.
დღეს ჩვენ წარმატებული ვართ იმიტომ, რომ დემოკრატიის იდეალებს ვემსახურებით და ჩვენი წარმატება მთელი მსოფლიოს მასშტაბით არის შესამჩნევი.
ჩვენ დემოკრატიისა და თავისუფლების საერთო რწმენა და საერთო ფასეულობები გვაქვს. ვიცით თავისუფლების ფასი თითოეული ადამიანისა და მთელი ქვეყნისათვის. აქედან გამომდინარე, სრულად ვათვითცნობიერებთ საკუთარ პასუხისმგებლობას დემოკრატიისათვის ბრძოლის საქმეში, საერთო მიზნის მიღწევაში, რაც იმ ადამიანებამდე, რომლებსაც თავისუფალი არჩევანის უფლება წაართვეს, თავისუფლების მიტანას გულისხმობს.
ბელორუსიიდან, რომელსაც თქვენ სამართლიანად ევროპის უკანასკნელი დიქტატურა უწოდეთ, კუბასა და ბურმამდე, ჩრდილოეთ კორეის ტოტალიტარიზმში დამონებულ ხალხამდე, თავისუფლების საერთო ფასეულობები, საერთო მიზნები არსებობს, რომლებიც ამერიკისა და ევროპის ხალხთა იდეალებში არის გაერთიანებული.
უსაფრთხოებისაკენ მიმავალი გზა, მხოლოდ თავისუფლებისათვის მხარდაჭერის, დემოკრატიული მართვისა და კანონის უზენაესობის გამყარებაზე გადის. ვარდების რევოლუცია საქართველოში თავისუფლების გამარჯვებით დასრულდა, მაგრამ გლობალურად იგი გრძელდება როგორც ახალი დემოკრატიული ტალღა, რითაც უფრო მეტი და მეტი ერები მოიპოვებენ თავისუფლებასა და დემოკრატიას.
დემოკრატიის გავრცელების საქმეში საქართველო თქვენი პარტნიორი იქნება ყოფილ საბჭოთა სივრცესა და ახლო აღმოსავლეთში. ეს ჩვენი შემოთავაზებაა ბატონო პრეზიდენტო!
ბატონო პრეზიდენტო, ჩვენ ვიზიარებთ თქვენს რწმენას, რომ დემოკრატიული ცვლილებების ნაყოფები ახლო აღმოსავლეთში აღმოცენდება. მელნით დანიშნული თითებით ხელაღმართული ერაყელები, ნიშნად იმისა, რომ მათ პირველად მიეცათ საკუთარი თავისუფალი არჩევანის გაკეთების საშუალება, ისეთივე შთამბეჭდავია, როგორ ვარდებით ხელში მშვიდობიანი პროტესტის გამოსახატავად გამოსული ხალხი. მინდა გითხრათ, რომ ამ რეგიონში დემოკრატიის მხარდაჭერის საქმეში თქვენ მარტო არა ხართ. ამჯერადაც ქართველები ერთგულნი ვართ თავისუფლებისათვის ბრძოლის ჩვენი ისტორიული მისიისა და როგორც მეორე მსოფლიო ომის დროს ევროპაში, ეხლაც საუკეთესო ქართველი ჯარისკაცები ახლო აღმოსავლეთში სხვათა თავისუფლების დასაცავად იბრძვიან. მე მინდა მივესალმო ჩვენს ჯარისკაცებს, რომლებიც ერაყში მსახურობენ.
ქართველები სიამაყით გეუბნებით: "ჩვენ თქვენს გვერდით ვართ!"
თავისუფლების დაცვა და გაფართოება ჩვენი მთავარი დემოკრატიული პასუხისმგებლობაა. საქართველოში ჩვენ ბევრი გამოწვევის წინაშე ვდგავართ, მაგრამ, უპირველეს ყოვლისა, ჩვენ ბუნებრივად დემოკრატიული საზოგადოების ფუნდამენტი უნდა გავამყაროთ.
საქართველო ამაყია თავისი მრავალეთნიკური კულტურის, ტოლერანტობისა და შემწყნარებლობის მრავალსაუკუნოვანი ტრადიციებით. დემოკრატია ჩვენი საზოგადოების ბუნებრივი ატრიბუტია და ჩვენ მას ისევე ვიცავთ, როგორც საკუთარ ეროვნულ თვითმყოფადობას.
მე მინდა ვისარგებლო დღევანდელი შესაძლებლობით და მადლობა გადავუხადო ამერიკის შეერთებულ შტატებს საქართველოს მხარდაჭერისთვის.
მაშინ, როდესაც 90-იანი წლების დასაწყისში დამოუკიდებლობა მოვიპოვეთ და საქართველო ფიზიკურად შიმშილის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა, მაშინ, როდესაც არც ერთი წყარო არ არსებობდა დახმარების, ქართულ ოჯახებში პური ამერიკული ხორბლით ცხვებოდა. ეს იყო დახმარება, რომელმაც ბევრ ქართველს ფიზიკური არსებობის შანსი შეუნარჩუნა, მაშინ, როდესაც ჩვენს ქვეყანას ყველაზე მეტად უჭირდა.
ჩვენ მადლობას გიხდით ამისთვის.
როდესაც სამი წლის წინ საქართველოს ტერიტორია დაიბომბა და იგი პირდაპირი აგრესიის საფრთხის წინაშე აღმოჩნდა, ამერიკა მის დასაცავად დადგა და კავკასიონზე წითელი ხაზი გაავლო. ამერიკის პრინციპული მხარდაჭერა ერთადერთი იყო, რამაც საქართველო აგრესიულ ინტერვენციას გადაარჩინა.
ჩვენ მადლობას გიხდით ამისთვის.
როდესაც წელიწადნახევრის წინ ქართველი ხალხი დემოკრატიისა და თავისუფლების დასაცავად გამოვიდა, როდესაც საქართველოში დემოკრატიის გადარჩენას დახმარება სჭირდებოდა, ამერიკა ქართველი ხალის გვერდით დადგა და მისი მხარდაჭერა ჩვენს გამარჯვებაში გადამწყვეტი იყო.
ჩვენ მადლობას გიხდით ამისთვის.
მაგრამ საქართველოსთვის ამერიკის დახმარებას კვლავ საციცოცხლო მნიშვნელობა აქვს. ჩვენ მივესალმებით თქვენს მხარდაჭერას ჩვენი უმთავრესი მიზნის, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მშვიდობიანად აღდგენის საქმეში.
მიუხედავად ვარდების რევოლუციის წარმატებისა, საქართველოში კვლავ არსებობს მხარეები, სადაც ადამიანებს წართმეული აქვთ თავისუფლება. ჩვენ უნდა დავამთავროთ სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთში მცხოვრები ხალხის იზოლაციაში ყოფნა და მათ თავისუფლად განვითარებისა და კეთილდღეობის აღდგენის თანაბარი საშუალება მივცეთ.
ჩვენ ვითხოვთ დახმარებას საქართველოს ნატოში გაწევრიანების საქმეში. მთელი თავისი არსებობის მანძილზე საქართველოს არ ჰქონდა საშულება, დამოუკიდებლად აერჩია და განესაზღვრა საკუთარი საგარეო პოლიტიკური კურსი. დღეს საქართველომ პირველად შეძლო, მყარად აერჩია თავისი გზა და ეს არის გზა ევროპისაკენ. ჩვენ ყოველთვის ევროპული ოჯახის წევრი ვიყავით და ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ სამართლიანობა ევროატლანტიკურ სივრცეში დაბრუნებით აღვადგინოთ. გზა, რომელიც საქართველომ აირჩია, ნატოში გაწევრიანებით მთავრდება.
ბატონო პრეზიდენტო, გასულ ზამთარს (ეს იყო პირველი ზამთარი ჩვენი დემოკრატიული რევოლუციის შემდეგ), მე მქონდა შესაძლებლობა, მესმინა თქვენი მეორე საინაუგურაციო გამოსვლისათვის. მე მახსოვს თქვენი სიტყვები: "ყველამ, ვინც ტირანიასა და უიმედობაში ცხოვრობს, უნდა იცოდეს - ამერიკის შეერთებული შტატები არ დახუჭავს თვალს თქვენს შევიწროებაზე და არ აპატიებს მათ, ვინც გჩაგრავთ. როდესაც თქვენ თავისუფლებისათვის აღდგებით, ჩვენ თქვენს გვერდით დავდგებით".
იმ საღამოს მე მეგონა, რომ პირადად მე მომმართავდით და თქვენ ასევე მიმართავდით ქართველ ხალხს. 18 თვის წინ ქართველი ხალხი თავისუფლების დასაცავად სწორედ ამ ადგილას დადგა. თქვენ სიტყვა შეასრულეთ. ამერიკა რევოლუციის დროს ჩვენს გვერდით იდგა და დღეს თქვენ აქ ჩვენს გვერდით დგახართ.
მინდა თავისუფლების მოედანზე მთელი ერის სახელით მივესალმო მსოფლიო ლიდერს, რომელსაც როგორც არავის, უდიდესი წვლილი მიუძღვის თავისუფლებისათვის ბრძოლის საქმეში. მივესალმო მას, როგორც საქართველოსა და ქართველი ხალხის ნამდვილ მეგობარს, როგორც თავისუფლებისათვის მებრძოლს.
Welcome to the Freedom Square, Mr. President.
საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის მასმედიასთან და
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური