Google+

სიახლეები

10.05.2005
ჯორჯ ბუში: ”ქართულ მიწაზე დანთებული ცეცხლი მთელს მსოფლიოში ღვივდება!”

დიდი მადლობა დახვედრისათვის!

თავისუფალი საქართველოს მოქალაქეები, ლორა და მე ამ მხარეში ვიმყოფებოდით და თქვენთან ჩამოსვლაც გადავწყვიტეთ, რათა გვეთქვა - გამარჯობა!

ამაყი ვარ ვიდგე იმ პრეზიდენტის გვერდით, რომელმაც თავისუფლებისათვის ბრძოლაში უდიდესი სულისკვეთება და გამბედაობა გამოიჩინა.

ლორა და მე ვამაყობთ, რომ შეუპოვარი ქართველი ხალხის გვერდზე, სწორედ იმ ადგილას ვდგავართ, რომელსაც საამაყო სახელი - თავისუფლების მოედანი დაერქვა.

როდესაც 16 წლის წინათ, აქ ქართველი ხალხი შეიკრიბა, ამ მოედანს სხვა სახელი ჰქონდა. ლენინის ცივი გამოხედვის ქვეშ ათასობით ქართველი ლოცულობდა, მღეროდა და დამოუკიდებლობას მოითხოვდა. საბჭოთა არმიამ ეს პროტესტი ჩაახშო, მაგრამ მან ქართული სულის ჩახშობა ვერ შეძლო.

ერთი წლის შემდეგ, ქართველები ამ მოედანზე დაბრუნდნენ და ლენინის ძეგლი ჩამოაგდეს.

1991 წლის 9 აპრილს თქვენ მსოფლიოს თავისუფალი საქართველოს დაბადება ამცნეთ და განუცხადეთ, რომ საბჭოთა საქართველო აღარ არსებობს.

იმ ისტორიულ დღეს თქვენ დამოუკიდებლობა აღიდგინეთ, მაგრამ ის გზა რომელსაც თქვენ დაადექით ჯერ ბოლომდე არ დასრულებულა.

წელიწადნახევრის წინათ, ქართველები ამ მოედანზე კვლავ შეიკრიბნენ, რათა 1989 წელს წამოწყებული საქმე დაესრულებინათ.

თქვენ აქ ვარდებით ხელში შეიკრიბეთ და რწმენით შეიარაღებულებმა თავისუფლება მოითხოვეთ.

თქვენი ქმედებების შედეგად საქართველო დღეს დამოუკიდებელი ქვეყანაა, რომელიც ამ რეგიონსა და მთელ მსოფლიოში თავისუფლების მისაბაძ მაგალითს წარმოადგენს.

თავისუფლებისაკენ მიმავალი თქვენს მიერ არჩეული გზა იოლი არ არის, მაგრამ თქვენ ამ გზის მარტო გავლა არ მოგიწევთ!

ამერიკელები პატივს სცემენ თქვენს გაბედულ არჩევანს, რომელიც თავისუფლების მოსაპოვებლად გააკეთეთ. და რადგან თქვენ თავისუფალ და დემოკრატიულ ქვეყანას აშენებთ, ამერიკელი ხალხი თქვენს გვერდით დგას!

თქვენ შვილებისა და შვილიშვილებისათვის თავისუფალ მომავალს აშენებთ და იგივე მიზნების განხორციელებაში სხვა ქვეყნებსაც ეხმარებით.

როდესაც ავღანელი ხალხი წინ აღუდგა ტერორისტებს, რათა მათ ავღანეთში ჩატარებულ პირველ თავისუფალ საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა არ მიეღოთ, ქართველი ჯარისკაცები იქ უსაფრთხოებას უზრუნველყოფდნენ.

გასულ წელს როდესაც ერაყში ტერორისტთა ძალადობა გამძაფრდა, საქართველომ გამბედაობა გამოავლინა და ერაყში თავისი საჯარისო კონტინგენტის რაოდენობა ხუთჯერ გაზარდა.

ერაყელები, ამერიკელები და თქვენი კოალიციური მოკავშირეები ამისათვის მადლიერნი არიან.

თქვენ თავისუფლებისათვის ბრძოლაში ფასდაუდებელი წვლილი მიგიძღვით, თუმცა თქვენი ყველაზე მნიშვნელოვანი წვლილი თქვენივე მაგალითია.

ბოლო თვეების განმავლობაში მთელი მსოფლიო გაოცებულია იმედისმომცემი ცვლილებებით, რომელიც ბაღდადიდან ბეირუთამდე და ბეირუთიდან ბიშკეკამდე მიმდინარეობს, მაგრამ სანამ ერაყში იასამნისფერი რევოლუცია, უკრაინაში ნარინჯისფერი, ხოლო ყირგიზეთში ტიტების რევოლუცია მოხდებოდა, მანამდე საქართველოში ვარდების რევოლუცია მოხდა. თქვენი შემართება დემოკრატ რეფორმატორებს შთააგონებს და მთელ მსოფლიოში გამოძახილს ჰპოვებს: თავისუფლება მსოფლიოს ყველა ქვეყნისა და საზოგადოების მომავალია.

თავისუფალი საზოგადოების შენება თაობების მოვალეობაა. ამ ქვეყანაში თავისუფლებისა და სამართლიანობის დამკვიდრებას თითქმის 15 წელი დასჭირდა.

წელიწადნახევრის წინათ, ამ მოედანზე შეკრებილ ბევრ სტუდენტსა და უბრალო ადამიანს ახალგაზრდული ასაკის გამო, 1989 წლის საპროტესტო აქციები ნაკლებად ემახსოვრება, მაგრამ მათ მშობლების მიერ დაწყებული ბრძოლა თავისუფლებისათვის დაასრულეს.

დღეს კავკასიის, ცენტრალური აზიისა და ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებში ჩვენ მსგავს სურვილს ვხედავთ - თავისუფლების წყურვილს, რომელიც ახალგაზრდების გულში ღვივის.

ისინი თავისუფლებას მოითხოვენ და მოიპოვებენ კიდევაც მას.

როგორც თავისუფალ ქვეყნებს, ამერიკასა და საქართველოს დიდი პასუხისმგებლობა აკისრიათ და ამ ვალდებულებებს ჩვენ ერთად შევასრულებთ.

თავისუფალი საზოგადოებები ხომ მშვიდობიან საზოგადოებებს წარმოადგენენ! თავისუფლების გავრცელებით იმ ქვეყნებში, რომლებმაც არ იციან თუ რას ნიშნავს ეს, ჩვენ ხელს შევუწყობთ თავისუფლებისა და მშვიდობის დამკვიდრებას მთელ მსოფლიოში.

თავისუფლებისათვის გლობალური ბრძოლის საქმეში ჩვენი მოვალეობების შესრულება ჩვენივე სამშობლოში იწყება. მაშინ, როდესაც მშვიდობიან რევოლუციებს რეპრესიული რეჟიმის დამხობა შეუძლია, ჭეშმარიტ ამოცანას ამ ნანგრევებზე თავისუფალი ინსტიტუტების აშენება წარმოადგენს.

ეს რთული საქმეა და თქვენ ამას ღირსეულად და გაბედულად ართმევთ თავს!

ეკონომიკური რეფორმის განსახორციელებლად და კორუფციის აღმოსაფხვრელად საკმაოდ რთული ნაბიჯები გადადგით.

თქვენ დემოკრატიულ საზოგადოებას აშენებთ, სადაც უმცირესობათა უფლებები დაცულია, პრესა თავისუფალია, ძლიერი ოპოზიცია კი აღიარებულია. ერთობა თავისუფლებით მიიღწევა.

ამ ახალ საქართველოში კანონის უზენაესობა გაიმარჯვებს და თავისუფლება თითოეული მოქალაქის თანდაყოლილი უფლება იქნება!

ეს იყო თქვენი აწგარდაცვლილი პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიას ოცნება, რომელმაც განაცხადა, "შემთხვევით არ მომხდარა, რომ ჩვენ ლოზუნგად ორი ძალზე მნიშვნელოვანი პრონციპი ავირჩიეთ - თავისუფლება და პასუხისმგებლობა".

დღეს ჩვენ ქედს ვიხრით ამ უდიდესი ქართველი პატრიოტის წინაშე, რომელიც გლობალური დემოკრატიული რევოლუციის დიდი ლიდერი გახდა.

თავისუფალი და პასუხისმგებლობის გრძნობით გამსჭვალული საზოგადოების შენებით მის ხსოვნას თქვენ პატივს მიაგებთ და მის მემკვიდრეობას აგრძელებთ!

რადგან თქვენ ქვეყნის შიგნით თავისუფალ ინსტიტუტებს აშენებთ და ამით ჩვენს ქვეყნებს შორის არსებული კავშირი კიდევ უფრო გაღრმავდება. ჩვენს მივესალმებით საქართველოს სურვილს გახდეს ევროპული ინსტიტუტების წევრი და ასევე მხარს ვუჭერთ ნატო-სთან თქვენს მჭიდრო თანამშრომლობას.

საქართველოს ლიდერებმა იციან, რომ კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოგვარება ქვეყნის ტრანსატლანტიკურ ალიანსში ინტეგრაციის აუცილებელი წინაპირობაა.

ამავე დროს, საქართველოს დამოუკიდებლობასა და ტერიტორიულ მთლიანობას ყველა ქვეყანა უნდა სცემდეს პატივს.

ჩვენ ისტორიულ ეპოქაში ვცხოვრობთ, როდესაც თავისუფლება შავი ზღვიდან კასპიის ზღვამდე, სპარსეთის ყურეში და უფრო შორსაც ვრცელდება. როდესაც მთელ მსოფლიოში თქვენს მსგავსად საკუთარი დროშის ქვეშ მოედანზე შეკრებილ თავისუფალ ხალხს ხედავთ, რომელიც ღვთისგან ბოძებულ უფლებებს მოითხოვს, თქვენ უკვე შეგიძლიათ ამით იამაყოთ: ისინი თქვენი მაგალითით არიან შთაგონებულნი და თქვენი წარმატება მათ დიდ იმედს აძლევს!

ჭეშმარიტი თავისუფლების შენებისას უნდა იცოდეთ, რომ ქართულ მიწაზე დანთებული ცეცხლი მთელს მსოფლიოში ღვივდება!

მე აქ ჩამოვედი, რათა თქვენი გამბედაობისთვის მადლობა გადაგიხადოთ! ამერიკელი ხალხი აფასებს თქვენს მეგობრობას და მოხიბლულია თქვენი მიზანდასახულობით.

ყველა ამერიკელის სახელით მადლობას გიხდით!

ღმერთმა დაგლოცოთ!

საქართველოს გაუმარჯოს!


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის მასმედიასთან და
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)