საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სახელმწიფო კანცელარიაში ბრიფინგი გამართა
მოგესალმებით თქვენ და თქვენს ტელემაყურებელს.
ხვალ ყაზახეთში ჩემი დღენახევრიანი ვიზიტი იწყება და ბუნებრივია, რომ ძალიან ბევრი ადამიანი სვამს კითხვას - როდესაც ქვეყანაში ეკონომიკური სიდუხჭირე და ენერგოკრიზისია, რატომ მოგზაურობს პრეზიდენტი ასე ხშირად და რატომ ხვდება ამდენს ლიდერს?
თუ კარგად დავარკვირდებით, დავინახავთ, რომ საქართველოს მხოლოდ საერთაშორისო პოლიტიკით შეუძლია თავის დაცვა და მდგომარეობის გაუმჯობესება.
ისტორიულადაც ასე იყო - დავით აღმაშენებლის, გიორგი ბრწყინვალეს დროს და სხვა ეპოქებშიც საქართველომ წარმატებას მხოლოდ იმიტომ მიაღწია, რომ მის გარშემო ხელსაყრელი საერთაშორისო ვითარება შეიქმნა.
დავით აღმაშენებელს თბილისის დასაბრუნებლად რამდენიმე ათწლეული დასჭირდა, ხოლო ხარკის გადახდის შეწყვეტა 15 წლის შემდეგ შეძლო.
იმ პერიოდში საქართველოს ირგვლივ არსებობდა იმპერიები, რომლებიც გარკვეული დროის მანძილზე სუსტდებოდნენ და გონიერი მმართველები ამას ქვეყნისთვის სასიკეთოდ იყენებდნენ.
საქართველო ყოველთვის თავისი ისტორიის პასიური შემქმნელი იყო, რადგან იმპერიათა დასუსტების ხელსაყრელ მომენტს ელოდებოდა.
ეხლა კი, პირველად, იმის გათვალისწინებით, რომ უკვე არსებობს ტელევიზია და საერთაშორისო კონტაქტები, ჩვენ აღარ ველოდებით ირგვლივ არსებული იმპერიული სივრცის გარღვევას.
ჩვენ თავად ვართ შემოქმედი იმ პროცესებისა, რომლებიც საქართველოს გარშემო სრულიად განსხვავებულ ისტორიულ რეალობას ქმნიან.
გასათვალისწინებელია ჩვენი ურთიერთობები უკრაინასთან, რომელთანაც ენერგეტიკის, სატრანზიტო გადაზიდვებისა და სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობის სფეროში ძალიან მნიშვნელოვან შეთანხმებებს მივაღწიეთ.
აქვე იგულისხმება პოსტსაბჭოთა სივრცის ქვეყნებში, მაგალითად, მოლდოვაში მიმდინარე მოვლენები.
პრეზიდენტ ვორონინს და მათი ოპოზიციის ლიდერს მოლდოვაში შევხვდი.
ჩვენ ერთ მაგიდასთან მათი დასმა მოვახერხეთ, რასაც გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა, რადგან ვორონინს ოპოზიციის ხმები საპრეზიდენტო არჩევნებზე გასამარჯვებლად სჭირდებოდა.
ოპოზიციის ლიდერს იური როშკას თბილისშიც შევხვდი.
ჩვენ ხელი შევუწყვეთ, რომ მოლდოვაში ევროპული ორიენტაციის ხელისუფლება ჩამოყალიბებულიყო.
საქართველო თავის ირგვლივ სრულიად ახალ ისტორიულ რეალობას თავად ქმნის.
დღეს სატელევიზიო ჩართვა მქონდა საფრანგეთის ერთ-ერთ ყველაზე პოპულარულ გადაცემაში - აუდიტორიაში ისხდნენ ფრანგი პოლიტოლოგები, მიხეილ გორბაჩოვი და საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი ჟისკარ დესტენი, რომელიც ამბობდა, რომ საქართველო ევროკავშირის წევრი არ უნდა გახდეს.
იგი ამჟამად ევროკავშირის კონსტიტუციის კომიტეტის თავმჯდომარეა.
მას მთელი აუდიტორია არ დაეთანხმა.
მე მოვიყვანე ცნობილი ფრანგი მოაზროვნის პოლ ვალერის სიტყვები იმის შესახებ, თუ რა არის ევროპელობა - ეს არის ბერძნულ ცივილიზაციასთან ნათესაობა, ქრისტიანობა (თუმცა მომხრე ვარ, რომ ევროპაში თურქეთიც იგულისხმებოდეს) და მესამე - დემოკრატიული სისტემა.
საინტერესოა ის, რომ ამ გადაცემის ავტორების ინიციატივით, საფრანგეთში გამოკითხვა ჩატარდა.
როგორც ცნობილია, ევროკავშირში არის ისეთი ხალხი, რომელსაც ახალი წევრების შემოერთება არ უნდა და ფრანგი პოლიტიკოსები, ჰოლადიელებისგან, ჩეხებისგან, პოლონელებისგან და ბალტიის ქვეყნებისგან განსხვავებით, ამ მხრივ სიფრთხილეს იჩენენ.
გამოკითხულთა 50 პროცენტმა განაცხადა, რომ უკრაინა ევროპის კავშირის წევრი უნდა გახდეს.
სამი წლის წინ ფრანგების მხოლოდ ხუთი პროცენტი ამბობდა, რომ საქართველო ევროპის ნაწილი უნდა იყოს.
დღეს კი, ფრანგების 45 პროცენტი ამბობს, რომ საქართველო ევროკავშირში უნდა გაერთიანდეს.
ამ გამოკითხვის შედეგების თანახმად, ჩვენს შემდეგ მოდის თურქეთი, რომელიც ევროპის კავშირის წევრობის რეალური კანდიდატია.
ბევრად ნაკლები 33-34 პროცენტი რუსეთმა მიიღო და ამ დროს კი, ფრანგების 52 პროცენტი ამბობს, რომ რუსეთი არც ერთი ევროპული გაერთიანების წევრი არ უნდა იყოს.
ეს ჩემი პირადი აზრი არ არის.
საფრანგეთი ის ქვეყანაა, სადაც ტრადიციულად რუსეთის მიმართ სიმპატიით არიან განწყობილი.
ის, რომ საქართველომ ხანმოკლე პერიოდში ასეთ წარმატებებს მიაღწია, ეს ძალიან დიდი შრომისა და განხორციელებული გარდაქმნების შედეგია.
მინდა, რომ ყველამ გავითავისოთ - ისტორია ჩვენს სასარგებლოდ მუშაობს, რეალობა ჩვენს თვალწინ იცვლება, სერგეი ბაგაფში თავად გვთავაზობს მოლაპარაკებას, მან წარსულის გამოცდილებიდან განსხვავებით, ინიციატივა თავად გამოიჩინა.
საერთაშორისო ტენდენციებს ყველა ვხედავთ.
მიმაჩნია, რომ ჩვენი ხელისუფლების საერთაშორისო კონტაქტები, არსებული რეალობიდან გამომდინარე, უაღრესად მნიშვნელოვანია.
საქართველო უპრეცედენტოდ მნიშვნელოვანი ქვეყანა გახდა.
ყოველთვის ვამაყობ იმით, თუ როგორი რეაქცია აქვთ საქართველოზე უკრაინაში, მაგალითად ახალ წელს კიევში დამოუკიდებლობის მოედანზე ჩემი გამოსვლა შემიძლია მოვიყვანო.
თავად ხედავთ, ამ გამოკითხვიდან გამომდინარე, როგორი დამოკიდებულება აქვთ საფრანგეთში საქართველოს მიმართ.
ჩვენ კიდევ ბოლომდე ვერ ვიაზრებთ, თუ რას ნიშნავს პრეზიდენტ ბუშის ჩამოსვლა საქართველოში.
იგი რუსეთის გარდა, არც ერთ პოსტსაბჭოთა ქვეყანაში არ ყოფილა.
მან განაცხადა - მე საქართველოში ჩავდივარ, რათა მხარი დავუჭირო იქ მიმდინარე ისტორიულ რეფორმებს და დავეხმარო ქართველ ხალხს კონფლიქტების მშვიდობიანად მოგვარებაში.
ის იმას ნიშნავს, რომ კონფლიქტები და აქ მიმდინარე პროცესები აღარ არის მხოლოდ საქართველოს და ჩვენი ერთ-ერთი მეზობლის გადასაწყვეტი საქმე.
ეს არის მსოფლიოს ყველაზე გავლენიანი სახელმწიფოს პირადი ინტერესის საკითხი.
ეს მხარდაჭერის იმდენად მნიშვნელოვანი გამოხატულებაა, რომ ყოველივე კარგად უნდა გავიაზროთ.
ამ ვიზიტისთვის შესაბამისად უნდა მოვემზადოთ, ის ძალიან ბევრ ადამიანთან გეგმავს შეხვედრას.
დასავლეთის ქვეყნების ლიდერები ფიქრობდნენ, რომ რუსეთი ევროპული ქვეყანაა და უმჯობესი იქნება, რომ მეზობელ ქვეყნებში წესრიგი თავად დაამყაროს.
ასეთი რეალობა იყო წარსულში.
დღეს კი, რუსეთის მიმართ ყველაზე კეთილგანწყობილი სახელმწიფო ამბობს, რომ საქართველო უფრო მეტად არის ევროპული ქვეყანა, ვიდრე თავად რუსეთი.
მე შინაგანად ნამდვილად არა ვარ ანტირუსულად განწყობილი.
ჩვენ რაღაც ზღვარს უკვე გადავაბიჯეთ და უნდა შევეცადოთ, რომ უკან აღარასოდეს დავბრუნდეთ.
ეს არის ზოგადად ის, რაც საერთაშორისო პოლიტიკას შეეხება.
ხვალ ყაზახეთის პრეზიდენტთან ენერგეტიკული პროექტების განხილვას დავიწყებთ და სატრანზიტო ხაზების შესახებ ვიმსჯელებთ, ასევე ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ყაზახური ბანკები საქართველოში, კერძოდ, თბილისის ინფრასტრუქურაში ინვესტიციების ჩადებას აპირებენ.
ასე რომ, ვფიქრობ, ეს ფუნდამენტური გარღვევებია.
საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის მასმედიასთან და
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური