Google+

სიახლეები

06.05.2007
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ბათუმის უნივერსიტეტის სტუდენტებს სიტყვით მიმართა

მინდა მოგესალმოთ ყველას. მივესალმო ჩვენს საამაყო და ისტორიულად ძალზე დიდი მნიშვნელობის უნივერსიტეტის სტუდენტობას!

მსურს მივულოცო გიორგობის დღესასწაული მთელ საქართველოს!

დღეს ჩვენი ქვეყნის ისტორიულად ყველაზე გადამწყვეტ და დიდებულ მომენტში ვცხოვრობთ.

არასოდეს ჩვენს ისტორიაში ასე მოკლე არ ყოფილა მანძილი ნგრევასა და შენებას, დამარცხებასა და გამარჯვებას, სიღატაკესა და კეთილდღეობას, უუფლებობასა და თავისუფლებას შორის.

ასე სწრაფად, ყველას ერთად არასდროს არ გადაგვილახავს ეს მანძილი.

არასდროს ასე ახლოს არ მივსულვართ ჩვენს უმთავრეს ისტორიულ მიზანთან - მოვიპოვოთ თავისუფლება და ვუზრუნველვყოთ ჩვენი სამშობლოს, საქართველოს კეთილდღეობა მის ისტორიულ საზღვრებში.

ეს იყო მიზანი, რომლისთვისაც ბრძოლას ჩვენი წინაპრების მთელი თაობები ეწირებოდნენ.

ყველაზე ახლოს ამ მიზანთან ჩვენი, თქვენი თაობა აღმოჩნდა, რადგან თქვენ პატრიოტებისა და რეზერვისტების თაობა ხართ.

დღეს არავითარი პრობლემა არ გვაქვს, რომ ასი ათასზე მეტი ახალგაზრდა, მათ შორის, უმეტესობა სტუდენტები, უპრობლემოდ გავიწვიოთ რეზერვისტებში, რადგან მსურველთა გრძელი რიგი დგას.

ორნახევარი წლის წინ ძალიან ძნელი იყო ხალხის პოვნა. ჯარში წასასვლელად მათი დარწმუნება ყველა მეთოდით გვიხდებოდა.

ამ ორ-სამ წელიწადში რაღაც ისეთი მოხდა, რომ ყველაფერი შეიცვალა.

თქვენ ხართ ის თაობა, რომელმაც მთელი მსოფლიო შეძრა.

ბათუმის უნივერსიტეტი ის ადგილია, სადაც შეიკრიბა სტუდენტობა, რომელმაც მთელ მსოფლიოს გააგებინა, რომ სცენარი, რომელიც საქართველოსთვის დაიწერა - საქართველოს საყოველთაო დაშლის და ფრაგმენტირების სცენარი, ჩვენს ქვეყანაში არ იმუშავებდა.

მინდა შეგახსენოთ, რომ ჩვენ ყველანი პატრიოტები ვართ.

1998 წელს აჭარის უზენაესი საბჭოს ზოგიერთ დღევანდელ წევრთან შესახვედრად ჩამოვედი და ვთქვი, რომ ჩვენ ყველანი ვართ აჭარლები, მაგრამ აჭარის სეპარატიზაციაზე იყო დაწერილი სცენარი, რომლის განხორციელებასაც აპირებდნენ.

მონტენეგრო და სერბები ერთ ენაზე ლაპარაკობენ, ერთი რელიგია, ისტორია აქვთ, მაგრამ დღეს ეს ორი სხვადასხვა სახელმწიფოა.

აჭარისა და დანარჩენი საქართველოსთვის სწორედ ეს სცენარი იყო დაწერილი.

თქვენ, უპირველეს ყოვლისა, ბათუმის უნივერსიტეტის სტუდენტებმა და შემდეგ დანარჩენმა აჭარამ ეს გეგმები საქართველოს მტერს და მოწინააღმდეგეს დაუნგრია.

თქვენ ხართ სეპარატისტთა ტყვეობიდან, სოხუმის ციხიდან დახსნილი სამი ზუგდიდელი სტუდენტის თაობა.

ორი დღის წინ, ამ ბიჭებს ვახშამზე შევხვდი. პირველ დღეს მედლები გადავეცი, ხოლო მეორე დღეს სავახშმოდ წავიყვანე, რათა ტყვეობის შესახებ დეტალურად გვესაუბრა.

ისინი მიყვებოდნენ, თუ როგორ მოუწყეს მათ -17-18 წლის ბიჭებს დახვრეტის ინსცენირება სამჯერ; როგორ ისხდნენ ისინი საკანში, სადაც ელექტროენერგია საერთოდ არ იყო; სადაც იყო კუთხის სარკმელი, რომლიდანაც მზის შუქი საერთოდ არ შემოდიოდა.

ერთადერთი ინფორმაცია, რომელიც მათ საკუთარი ქვეყნიდან მიიღეს იყო ის, რაც მათ დამკავებლებმა უთხრეს: საქართველოს ერთ-ერთი ტელევიზიით ქართველმა პოლიტიკოსებმა განაცხადეს, რომ თურმე ეს ბიჭები საქართველოს უშიშროების სამსახურის აგენტები იყვნენ; ამით მათ, პრექტიკულად ბოლო იმედიც გადაეწურათ.

ერთ-ერთი მათგანი საკნის კედლებზე დღე და ღამე ხატავდა საქართველოს ხუთჯვრიან დროშას.

სოხუმი სხვა არაფერია, თუ არა საქართველოს ყველაზე ძირძველი ადგილი.

ისტორიულად ჩვენ გვედავებოდნენ აჭარის ტერიტორიას, კახეთს, ქართლის ნაწილს, სამხე-ჯავახეთს, მაგრამ არავინ არასდროს არ შემოგვდავებია აფხაზეთს, როგორც საქართველოს ნაწილს.

1921 წელს გენერალი მაზნიაშვილის არმიამ, რომელმაც მანამდე ბათუმი გაათავისუფლა, აიღო სოჭი ტოაფსე და მიადგა კრასნოდარს, მეორე მხარეს რუსეთის არმია დახვდა.

დღემდე შემონახული და შენარჩუნებულია გენერალ დენიკინისა და გენერალ მაზნიაშვილის მოლაპარაკების ოქმი, რომელშიც გენერალი დენიკინი გენერალ მაზნიაშვილს სამშობლოში დაბრუნებისკენ მოუწოდებდა. რუსები არ ედავებოდნენ ქართველებს სოჭსა და ბიჭვინთას, ქართველებსაც არაფერი ესაქმებოდათ კრასნოდარში. მათ საბოლოოდ მიაღწიეს შეთანხმებას იმის თაობაზე, რომ რუსები ჯარს გაიყვანდნენ სოჭიდან, ხოლო ქართველები საკუთარ ჯარს - კრასნოდარიდან და გაგრაში დაბრუნდებოდნენ. ამის შემდეგ რუსეთის მხარე ნეიტრალიტეტს დაიცავდა.

ამას იმათ შესახსენებლად ვამბობ, ვინც ამტკიცებს, რომ აფხაზეთი საქართველოს ნაწილი არასოდეს არ ყოფილა.

ეს ისტორიული დოკუმენტებია და მინდა, რომ ყველას კარგად ახსოვდეს.

თქვენ ხართ ბევრად უფრო თავისუფალი, ძალიერი, უკომპლექსო, განათლებული თაობა, რომელსაც გაცნობიერებული აქვს რას ნიშნავს ცხოვრება თავისუფალ სახელმწიფოში.

დღეს ჩვენს ქვეყანას უნიკალური მომენტი აქვს. არასდროს საქართველო ამდენად დამოუკიდებელი არ ყოფილა როგორც პოლიტიკურად, ისე ეკონომიკურად.

მთავარმა სავაჭრო პარტნიორმა აბსოლუტური ბლოკადა გამოგვიცხადა.

დღეს ჩვენ აბსოლუტური ბლოკადისა და ებმარგოს პირობებში ვცხოვრობთ.

მიუხედავად ამისა, აჭარის დედაქალაქ ბათუმში, დღეს, ას მილიონ დოლარზე მეტი საინვესტიციო სამუშაოები მიმდინარეობს.

ყოფილი სასტუმროს "მედეა" ტერიტორიაზე შენდება შავიზღვისპირეთის ყველაზე ლამაზი და გრანდიოზული შენობა - რეზიდორის სასტუმრო.

საქართველო არასდროს არ ყოფილა ასეთი ორგანიზებული, სტრუქტურირებული და განვითარებადი; საქართველო არასდროს არ ყოფილა ასეთი საერთაშორისო ავტორიტეტის მქონე.

მინდა იცოდეთ, რომ ასობით მილიონი დოლარის და ყოველგვარი გაზვიადების გარეშე შესაძლებელია მილიარდზე მეტიც კი, იხარჯება ყოველწლიურად საქართველოს დისკრედიტაციის მიზნით; ფულს ხარჯავენ ტელევიზიების, გაზეთებისა და ცალკეული ჟურნალისტების ყიდვისთვის.

ამის მიუხედავად, საქართველომ მოახერხა, რომ დღეს აქვს პოზიტიური სახელი და ჩვენი ქვეყანა გაიცნეს დადებითი და მთელ რიგ შემთხვევაში ლეგენდარული კუთხით.

ეს ჩვენ ყველამ ერთად, ზოგიერთი თანამემამულის საპირისპირო მცდელობის მიუხედავად, შევძელით.

მეგობრები და პარტნიორები რომ არ გვყავდეს, ჩვენს განადგურებას დიდი ხნის წინათ შეეცდებოდნენ. ჩვენს მოწინააღმდეგეებს უპირველესად ჩვენი ერთიანობის ეშინიათ და შემდეგ ჩვენი მეგობრების.

საქართველო არასდროს არ ყოფილა ასე საინტერესო დანარჩენი მსოფლიოსათვის და ჩვენ არასდროს ვყოფილვართ ასე ორგანიზებული როგორც დღეს.

ქართველთა მთავარი ძალა ჩვენი ერთიანობა და დემოკრატიის დიდი მნიშვნელობის გაცნობიერებაა.

ძალზე მნიშვნელოვანია დებატები, კამათი და ზოგჯერ ჩხუბიც კი, მაგრამ არ შეიძლება რომ პირადი ამბიცია საკუთარ ქვეყანაზე წინ დავაყენოთ. ვინც საკუთარ თავს ეროვნულ ინტერესებზე მაღლა აყებნებს, ქართველი ხალხი სჯის.

ეს არის განსხვავება დღევანდელი და თუნდაც 2-3 წლის წინანდელი საქართველოს შორის განსხვავება.

ჩვენ უნდა გვესმოდეს, რომ საქართველო დიდი საფრთხეებისა და სერიოზული რისკების წინაშე დგას. ასევე უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენს ქვეყანას სერიოზული მოწინააღმდეგეები ჰყავს.

თუ ჩვენი სახელმწიფოებრიობის ათასწლეულების განმავლობაში ჩვენი მთავარი ამოცანა გადარჩენა იყო, დღეს ჩვენი მთავარი ამოცანა საბოლოო გამარჯვებაა.

ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი განსხვავება ჩვენს ისტორიულ რეალობასა და დღევანდელობას შორის.

თითოეული ჩვენგანის უმთავრესი გამოწვევა არის ის, რომ ყველამ ზუსტად გავაცნობიეროთ თითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობა საქართველოს გამარჯვების საქმებში.

ჩვენ ძალზე მნიშვნელოვანი პროცესების მონაწილე ვართ.

დღეს ბათუმში 18 რესტორანი, შესაძლოა ეს დიდი მოვლენა არ არის, მაგრამ ეს არის დასაქმებული ხალხი, ტურისტების გაზრდილი რაოდენობა, თითოეული გამდიდრებული ოჯახი.

დღეს ბათუმში ახალი ფარმაცევტული საწარმო გაიხსნა, რომელიც 1990 წლის შემდეგ გაჩერებული იყო. წლის დამლევს ამ ტერიტორიაზე თითქმის 2 ათასი ადამიანი დასაქმდება.

უახლოეს დღეებში ბათუმში გაიხსნება ახალი სამკერვალო ქარხანა.

ამაში მთავარი არის ის, რომ ჩვენი მონაწილეობის მნიშვნელობა გვესმოდეს.

პირადად მე, ბევრი მიმოგზაურია. ბევრ პრეზიდენტს, პრემიერ-მინისტრს, მინისტრს ვიცნობ. ბევრ სერიოზულ ხალხს ჩემთვის უთქვამს, რომ აქვს რესტორანი, სასტუმრო.

ასე არ იყო აჭარაშიც?

მაშინ, როდესაც დეპუტატი ვიყავი, წელიწადში ერთხელ მიწვევდნენ ხოლმე ადგილობრივი ფაშას სამფლობელოში, სადაც ყველაფერს ასლა, გიორგი, დიანა აბაშიძეების საკუთრება ერქვა, მაგრამ მათმა საკუთრებებმა ვერ იმუშავა, რადგან ეს ცარიელი კედლები იყო, რომლებიც დღეს ფაქტობრივად აღარ არსებობს.

შავ ზღვაზე ყველაზე გრანდიოზული კომპლექსი "შერატონი" არის ჩემი საკუთრება, ისევე როგორც მარიკა ვერულაშვილისა და ნინო ბურჯანაძის საკუთრება, ისევე, როგორც თითოეული თქვენგანის საკუთრება ჩემო ძვირფასებო!

იგივე შეიძლება ითქვას სასტუმროზე "რეზიდორი", რომელიც ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი სასტუმროა შავი ზღვისპირეთში, თითოეული თქვენგანის საკუთრებაა.

საფრანგეთის ერთ-ერთი საუკეთესო ჩინური რესტორანი დაიხურა და უნივერსიტეტის გვერდით, ბულვარში გადმოვიდა - ესეც თქვენი საკუთრებაა.

ყველაფერი რაც შენდება არის თქვენი საკუთრება.

თუ ვინმეს ჰგონია, რომ საკუთრება შვეიცარიის ბანკებსა და ოფშორულ ზონებში საკუთარი შვილებისა და შვილიშვილების ანგარიშებზე შენახული ფულია, ძალიან ცდება, რადგან საფლავში ვერავინ ვერაფერს ვერ წაიღებს.

ჩვენი შვილთაშვილები, რომლებიც შავიზღვისპირეთის ყველაზე ლამაზ სასტუმროში დაისვენებენ, ერთ-ერთ საუკეთესო აეროპორტში ჩამოფრინდებიან და ერთ-ერთ ყველაზე ლამაზ ქალაქში გაივლიან, იტყვიან, რომ ეს მათმა წინაპრებმა გააკეთეს.

ეს ყველაფერი ჩვენია.

იცით რით განსხვავდება თავისუფლება არათავისუფლებისაგან?

არათავისუფლების პირობებში, ყველა სასტუმროს, ქარხნისა და რესტორნის მეპატრონე უნდა დადიოდეს პრეზიდენტთან, პრემიერ-მინისტრთან ან ერთ-ერთ მინისტრთან მაინც და ძირითადი წილის სანაცვლოდ, ბიზნესის გახსნას სთხოვდეს.

ჩვენ საერთოდ არ ვიცით ვინ რას აკეთებს.

ჩვენ შევქმენით ისეთი გარემო, რომ ჩვენ ეს არ შეგვხებოდა.

ჩვენ გვეხება ერთადერთი რამ - ყველა ადამიანს ჰქონდეს სრული თავისუფლება დაიწყოს ბიზნესი, შექმნას ახალი ტექნოლოგია, განავითაროს ახალი იდეა, შემოგვთავაზოს ნოვატორული გადაწყვეტილება.

ჩვენ ვართ იმისათვის, რომ ამას ხელი შევუწყოთ.

ჩვენ ძალიან ბევრი რამ გვექნება საამაყო და მოსაყოლი.

ჩვენ ჩავუყარეთ საფუძველი ძლიერ, დაცულ და წარმატებულ ქვეყანას.

თქვენ უნდა გქონდეთ მოსაყოლი, რომ თქვენ შეცვალეთ საზოგადოება, თქვენ შექმენით ყველაფერი.

ბევრ ქვეყანაში ვიყავი და ვიცი, რომ შუააზიაში, აღმოსავლეთ ევროპაში, ახლო აღმოსავლეთში და იაპონიაშიც კი, როგორ უყურებენ დღეს საქართველოს.

ეს ბევრად განსხვავდება იმისგან, როდესაც მხოლოდ საქართველოს პრეზიდენტის შესახებ იცოდნენ რაღაც.

დღეს სააკაშვილის შესახებ შესაძლოა ბევრს არაფერი სმენია, მაგრამ საქართველო ყველას გაუგია.

დღეს საქართველოს პრეზიდენტი ვერ იტყვის - თქვენ ჩემი ღირსი არ ხართ.

პრეზიდენტი უნდა შეეცადოს რომ იყოს საქართველოს ღირსი - ეს ეხება დღევანდელ და ნებისმიერ შემდგომ პრეზიდენტსაც.

საქართველომ თავის ხელით, მძიმე შრომის ფასად საკუთარი თავი ჭაობიდან ამოათრია.

საქართველო სახელმწიფო კანცელარიის, სამთავრობო, პარლამენტის და თუნდაც აჭარის უზენაესი საბჭოს დერეფნებში არ შენდება.

საქართველო შენდება თქვენს ოჯახებში, თქვენს მიკრორაიონებში, თქვენს სოფლებში, თქვენს საკლასო ოთახებში, თქვენს სასწავლებლებში, თქვენს სამუშაო ადგილებზე და თავად თქვენში, რადგან ბევრი საინტერესო იდეა გაქვთ, საკუთარ გეგმებსა და ოცნებებში.

ვერც ერთ-ერთი ყველაზე გონიერი ხელისუფლებაც კი, ვერ შექმნის პატარა ქვეყნისგან იმას, რასაც ჩვენ ყველა ერთად ვქმნით.

ჩვენ ვართ ქართველები და ჩვენი სახლი სოხუმშია.

ამიტომაა თავისუფლება ძალიან მნიშვნელოვანი.

თვისუფლების შეგრძნება თქვენს შიდა ენერგიას, ინიციატივას, მოწოდებას და ოცნებებს ათავისუფლებს.

ჩვენ ყველა თანასწორი ვართ და თითოეული ჩვენგანი წარმატებული სამაგალითო და სანიმუშო უნდა იყოს.

სწორედ ეს ქმნის ლიდერებს და დიდ საზოგადობას.

თქვენ აშენებთ საქართველოს მაშინ, როდესაც მონდომებული ხართ და კარგად სწავლობთ;

თქვენ აშენებთ საქართველოს, როდესაც იცავთ კანონს და ამისაკენ სხვასაც მიუთითებთ;

თქვენ აშენებთ საქართველოს მაშინ, როდესაც მიდიხართ რეზერვისტთა და პატრიოტთა ბანაკებში;

თქვენ აშენებთ საქართველოს, როდესაც „ბირჟაზე" დგომის ნაცვლად, სამსახურს ეძებთ და პოულობთ კიდეც;

თქვენ აშენებთ საქართველოს მაშინ, როდესაც საკუთარ ქალაქს ასუფთავებთ. ვიცი, რამდენმა სტუდენტმა იმუშავა ქალაქის დასუფთავებაზე.

თუნდაც მაშინ აშენებთ საქართველოს, როდესაც მისდევთ სპორტს, ეწევით ცხოვრების ჯანსაღ წესს და ნარკოტიკებს არ ეკარებით.

თქვენ მართლაც განსაკუთრებული თაობა ხართ ჩემო ძვირფასებო!

ამას წინათ ვეკამათე რამდენიმე ადამიანს, რომელიც ტელევიზიით აცხადებდა, რომ საზოგადოების წევრისთვის პოლიციასთან თანამშრომლობა სირცხვილი და მიუღებელია.

სიტყვამ შესაძლოა ადამიანი „დაჭრას". როდესაც ადამიანს მიაჩნია, რომ პოლიციასთან თანამშრომლობა ამორალურია და „ჩაშვებას" ნიშნავს, ეს უკვე დიდი პრობლემაა.

თქვენ ხართ ის ხალხი, რომელიც თამაშის ამ წესებს არ იღებთ და ამბობთ, რომ ეს ჩვენი სახელმწიფოა.

დღევანდელი აჭარა თქვენი შექმნილია.

თქვენ რომ არ ყოფილიყავით უნივერსიტეტის წინ, ამ დარბაზში ვხედავ რამდენიმე ადამიანს, რომლებიც ტყვიას უშვერდნენ შუბლს, ვერაფერს გავხდებოდით.

ეს თქვენი თავდადების, გულწრფელობის შედეგია და არა იმ ადამიანების, რომლებიც იმისათვის, რომ შვილიშვილს კარტინგით ესეირნა, ბულვარს კეტავდა, არა იმ ხალხის, ვინც საკუთარი ლამბორჯინით საათში 200 კილომეტრი სიჩქარის გასავითარებლად გზას კეტავდა.

თითოეული ჩვენგანი და ბათუმის უნივერსიტეტის თითოეული სტუდენტი უფრო მეტია, ვიდრე ჩოლოქიდან გადმოსული 50 ერთეული ჯავშანტექნიკა.

ეს არის თავისუფლების განსაკუთრებული ძალა.

ის, რაც საქართველომ 2004 წლის 6 მაისს აჩვენა, გარწმუნებთ, რომ ამის შესახებ თქვენს შვილებსა და შვილიშვილებს მოუყვებიან.

ჩვენთვის დაიწერა დეტალური, კარგად გააზრებული, პროფესიული სცენარი, მასში ჩაიდო ბევრი ფული, ამ სცენარის უკან იდგა დიდი ძალა და თქვენ - აჭარის საზოგადოებამ და საუკეთესო შვილებმა ეს ყველაფერი მათ თავზე დაახიეთ!

ამისათვის მე მადლობას გიხდით და 100 წლის შემდეგაც, საქართველოს შემდეგი პრეზიდენტები გულწრფელ მადლობას გადაგიხდიან.

საქართველო არ არის ბოლომდე თავისუფალი.

ჩვენი სახლები მიტაცებულია, ტერიტორიები - გავერანებული, ხოლო ღირსება - შელახული.

დღეს გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაულია, ამ დღეს ცხინვალში წმინდა ვასტირჯის დღესასწაულს აღნიშნავენ. მინდა წმინდა გიორგობა - ვასტირჯობა ჩვენს თანამემამულე ეთნიკურ ოსებს მივულოცო.

ჩვენს ოს თანამემამულეებთან ურთიერთობის ძალზე საინტერესო ეტაპზე გავედით. ისინი ჩვენთვის სახელმწიფოებრივად ქართველები არიან.

საქართველოს ბოლო დედოფალი, რომელმაც რუსი გენერალი მოკლა, გაჰყავდათ საქართველოდან დარიალის გზით და ბოლო რაზმი, რომელიც თავს დაესხა მრავალრიცხოვან იმპერიულ რუსულ ჯარს, იყო ეთნიკური ოსებისგან შემდგარი. ისინი რამდენიმე დღის განმავლობაში ცდილობდნენ გადაერჩინათ ქართული სამეფო და მისი დედოფალი. იმ რაზმიდან არავინ არ გადარჩენილა.

ამ ოსების გმირობა მე არასდროს დამავიწყდება.

ამით ოსები მრავალი საუკუნის განმავლობაში ამაყობდნენ.

ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს დავით სოსლანი, ქართველი დედოფლები, რომლებიც ეთნიკური ოსები იყვნენ.

დღეს შეიქმნა სიტუაცია, როდესაც ყველაფერი, რასაც ეთნიკური ოსები ითხოვდნენ, აქვთ შანსი რომ მიიღონ.

ეს აღარ არის პრობლემა ეთნიკურ ოსებსა და დანარჩენ საქარველოს შორის.

ეს არის ტერიტორიული პრობლემა გარე ძალასა და დანარჩენ საქართველოს შორის ოსების ჩათვლით.

ოსებმა, როგორც არასდროს კარგად იციან, როგორ უნდა გასცენ პასუხი იმას, ვისაც მათი სამშობლოს, საქართველოს ტერიტორიის დარღვევა, მათზე დავდასხმა და მათი უფლებების შელახვა სურს.

ამიტომ, ცხინვალის რეგიონში მიმდინარე პროცესებს მივესალმები.

მინდა ყველას ვუთხრა: ჩვენ შევძლებთ იმ მოდელის პოვნას, რომლის მიხედვითაც საქართველოში არავინ არ იქნება დაჩაგრული ლინგვისტური და ეთნიკური წარმომავლობის მიხედვით.

ჩვენ შევძლებთ მრავალფეროვნების, მრავალეთნიკურობისა და მრავალრელიგიურობის არა მარტო შენარჩუნებას, არამედ განვითარებას ისე, როგორც ეს ჩვენს ქვეყანას ეკადრება.

ის, ვინც გვიკითხავს ლექციას იმის თაობაზე, რომ თურმე საქართველოს საზღვარი მდინარე ენგურზე გადის, ენგურის იქით ქართული ეთნოსი ვერ იცხოვრებს და ამას უნდა შევეგუოთ, რადგან მიმდინარეობს მსოფლიო გადანაწილება, ისტორიული ცნობისთვის გენერალ მაზნიაშვილის მაგალითთან მსურს დავაბრუნო.

ჩვენ არავის არ ვემუქრებით, მაგრამ მინდა ერთი რამ იცოდეთ: დიდი უსამართლობა არა მხოლოდ ეთნიკური ქართველების მიმართ იყო ჩადენილი.

ესტონეთში ვნახე ესტონელები, რომლებმაც საქართველოზე ემბარგოს შემოღების გამო, ჩვენი ქვეყნის მხარდასაჭერად დემონსტრაცია მოაწყვეს.

ისინი იყვნენ ესტონელები, რომლებიც სოხუმსა და სოხუმის მიმდებარე სოფლებში ცხოვრობდნენ. ეს ხალხი იქიდან 14 წლის წინათ გამოყარეს, თუმცა ერთი დღით არ დავიწყებიათ საკუთარი სამშობლო - საქართველო.

ისრაელში ექიმის ოჯახს ვსტუმრობდი, რომელსაც საკმაოდ კარგი შემოსავალი აქვს. იქ მათი აშდოთელი ნათესავები მოვიდნენ, რომლებიც აშდოთში მათ კეთილდღეობას, საქართველოში ჩამოსვლას და სოხუმში საქართველოს სადღეგრძელოს შესმას ამჯობინებდნენ. ისინი საკუთარ სამშობლოდ - საქართველოს, საკუთარ თავს - ქართველებად, ხოლო საკუთარ სახლად სოხუმს მიიჩნევენ.

ჩვენ არასდროს არ გვითქვამს, რომ ერთ ტერიტორიაზე აფხაზები და ქართველები ვერ იცხოვრებენ; უფრო მეტიც, ჩვენ ვამბობთ, რომ აფხაზებმა და ქართველებმა ერთად უნდა იცხოვრონ, მაგრამ გვეუბნებიან, რომ ამაზე არც უნდა ვიოცნებოთ, რადგან ამ ხალხს ჩვენი ეშინია.

დღეს ერთ-ერთი ბიზნესი, რომელიც ბათუმში გავხსენით სოხუმელი ქართველისაა, მაგრამ მის სახლში დღეს ვიღაც სხვა ცხოვრობს. ის კი ამბობს, რომ ეშინია.

ნუ იცხოვრებ სხვის სახლში და არ შეგეშინდება!

იაპონიაში ლევან ცაგურიას შევხვდი, რომელიც სოხუმიდან 12 წლის ასაკში გააგდეს საკუთარი სახლიდან.

ლევან ცაგურია მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ღონიერი ადამიანია, რომელიც რეგულარულად იგებს ტურნირებს.

მას რომ სახლიდან გააგდებ და იქ თავად იცხოვრებ, უდავოდ უნდა შეგეშინდეს.

ეს ნურავის ნუ გაუკვირდება.

ჩვენ უნდა მოვახერხოთ ის, რომ აფხაზეთში ყველამ ვიცხოვროთ.

ჩვენს მრავალეთნიკურ ქვეყანაში ყველა უნდა მიხვდეს, რომ საქართველოს დანაწევრების და დაქუცმაცების შანსი არ არსებობს.

ვიცით რომ ისტორიულად მძიმე მემკვიდრეობა გვერგო, რომ ყველა ეთნიკურ ჯგუფს რაღაც შიში აქვს და საფრთხეს ელის. ჩვენ პატარა ჯგუფებზე ვლაპარაკობთ, რომლებსაც დაუცველობის განცდა აქვთ. თუმცა მინდა ვთქვა, რომ ათეულობით ათასი ეთნიკური აფხაზი აჭარაში ცხოვრობს და ეს ძალიან მნიშვნელოვანი ფაქტორია.

ის, რაც დღეს ბათუმში ხდება, არის მთავარი გარანტი, ჩვენი მთავარი დროშა და მთავარი საგზური აფხაზეთში.

აჭარაში მიმდინარე მოვლენებს ამ თვალსაზრისითაც ვუყურებ.

რით უნდა დამთავრდეს ყველაფერი ის, რაც აჭარაში ხდება?

იცით, რომ ჩვენ გვაქვს ხედვა "ბათუმი 2009".

რა არის "ბათუმი 2009"? - ეს არ არის მარტო ბათუმის აეროპორტი, რომელიც რამდენიმე დღეში გაიხსნება, ბათუმის ახალი "რეზიდორის" ან "შერატონი" ქსელი, გზები, რესტორნები და სხვა დანარჩენი, რასაც ვაკეთებთ; 2009 წელს ბათუმსა და მთელ აჭარაში საერთოდ აღარ უნდა იყოს სიღარიბე და თითქმის აღარ უნდა იყოს უმუშევრობა.

ეს არის ჩვენი ხედვა.

ყოველივე ის, რასაც ვაკეთებთ ემსახურება იმას, რომ ადამიანი, რომელიც საღამოს ოჯახში ბრუნდება, ნორმალურ სახლში უნდა მიდიოდეს, სადაც ნორმალურად იცხოვრებს.

ჩვენ აქეთ მივდივართ, თუმცა საამისოდ დრო და ბევრად მეტი შრომა დაგვჭირდება.

დღეს 40 წლის სტაჟის მქონე ფარმაცევტი ვნახე, რომელმაც 16 წლის შემდეგ დაიბრუნა. ასეთი ადამიანი ჩვენს საზოგადოებაში ჯერ კიდევ მრავლადაა.

არავის არა აქვს ამდენი პრობლემა, მაგრამ არავის არა აქვს ასეთი შანსი; თუ გვაქვს პრობლემები, გადავლახავთ კიდეც.

დღეს გიორგობის ბრწყინვალე დღესასწაულია.

ხშირად ვყვები ამ ისტორიას, მაგრამ მინდა კიდევ ერთხელ გავიხსენო.

2004 წლის 2 მაისს ჩემმა მეუღლემ მითხრა, რომ აჭარის პრობლემა 4 დღეში მოგვარდებოდა.

ვფიქრობდი, რომ ამას 4-5 თვე მაინც დაგვჭირდებოდა, რომ ყოველივე ორგანიზებულად მომხდარიყო.

ზუსტად მეორე დღეს, ბათუმის უნივერსიტეტის წინ აქცია დაიწყო.

აქციის დაწყებიდან ნახევარ საათში ხალხის დარბევა, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ თითოეული ადამიანის ჯანმრთელობა და სიცოცხლე ჩემთვის ძალზე მნიშვნელოვანია, მე არავინ დამეკითხა - არც ერთი მათგანი სახლში არ წასულა.

ამ ხალხმა თქვა: ეს ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ქალაქი, ჩვენი ადგილი და ჩვენი მომავალია.

მართლაც, 6 მაისს ჩვენ გავიმარჯვეთ.

წმიდა გიორგის სიმბოლო საქართველოა. ეს არის პატარა, ფიზიკურად არცთუ ძლიერი ქვეყანა, მაგრამ საკმაოდ ვძლიერდებით და თავში ვეღარავინ წამოგვარტყამს, როგორც ადრე.

რაც არ უნდა გავძლიერდეთ, ჩვენ გვაქვს შედარებით პატარა ტერიტორია, მცირერიცხოვანი მოსახლეობით, ერთ მუშტად შეკრული, შემართული საზოგადოებით.

როდესაც შედარებით პატარა ერთიანი და ძლიერია, ამავდროულად საკუთარ სიმართლეშია დარწმუნებული, მასზე შედარებით დიდი და ფიზიკურად უფრო ძლიერი კი, არასწორ საქმეს აკეთებს, საბოლოოდ მაინც სამართალი ზეიმობს და სიკეთე იმარჯვებს.

დღევანდელი დღე არის სიკეთის გამარჯვების დღე ბოროტებაზე.

საქართველოსთვის დღევანდელ ისტორიაში ყოველი დღე არის სიკეთის ბოროტებაზე გამარჯვების დღე და ისტორია.

ჩვენ ვქმნით ამ ისტორიას, ჩვენ ვქმნით ამ გამარჯვებას და სიკეთით აღსავსე მომავალს!

მინდა მოგესალმოთ თქვენ, აჭარაში და მსურს მივესალმო დანარჩენ საქართველოს ბათუმიდან!


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის მასმედიასთან და
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)