Google+

სიახლეები

06.09.2007
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მთავრობის წევრებს შეხვდა

მოგესალმებით ყველას!

მინდა მივესალმო საქართველოს მთავრობის გადახალისებულ შემადგენლობას, რომელსაც საქართველოს პარლამენტში წარვადგენთ დასამტკიცებლად.

დღეს უმრავლესობაში შემავალ სამ ფრაქციას შევხვდი და დავრწმუნდი, რომ საქართველოს მთავრობის ახალ შემადგენლობას, პარლამენტის უმრავლესობის ფრაქციების ძალიან დიდი ენთუზიაზმით უჭერენ მხარს. ეს საკმარისზე მეტია იმისათვის, რომ მათ ნდობის მანდატი მიიღონ.

მსურს მთელი საქართველოს გასაგონად სამთავრობო პროგრამაზე ვისაუბრო.

ახალი სამთავრობო პროგრამა საქართველოს გაძლიერებას ისახავს მიზნად.

ამ პროგრამის მთავარი ფუნქციაა კერძო სექტორში სამუშაო ადგილების შექმნა, ეფექტიანი მმართველობისა და თვითმმართველობის განვითარება, ეფექტიანი მართლმსაჯულება, სერიოზული თავდაცვისუნარიანობა, ენერგოუსაფრთხოება, თანაბარი რეგიონალური განვითარება, თითოეული მოქალაქისათვის ხარისხიანი განათლების შესაძლებლობისა და სოციალური დაცვის უზრუნველყოფა.

ჩვენ ზოგადი ლაპარაკი არ გვიყვარს - ჩვენთვის მთავარია კონკრეტული სამუშაო მიზნები და ციფრები, რომლითაც მთავრობის უახლოესი წლების მუშაობა შეფასდება.

ეს არის სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამამუშავებელი ასი ახალი საწარმო.

რას ნიშნავს სოფლის მეურნეობის სფეროში ასი ახალი საწარმოს გახსნა?

წინა წლებში ჩვენი პროდუქცია გაგვქონდა რუსეთის საზღვრამდე, ხოლო შემდეგ მას სოჭსა და ვლადიკავკაზში ყიდდნენ; ჩვენ კი იაფი გამორჩენით ვკმაყოფილდებოდით.

ჩვენთვის ეს ბაზარი ჩაიკეტა.

ჩვენ უნდა ვისწავლოთ უფრო მაღალი ხარისხის პროდუქციის გამოშვება. ეს პროდუქცია გაყიდვა ბევრ სხვა ბაზარზე შეიძლება, მაგრამ ის შესაბამისად უნდა იყოს შეფუთული.

ჩვენს ციტრუსებზე ძალიან დიდი მოთხოვნაა შუა აზიისა და აღმოსავლეთ ევროპაის ბაზრებზე.

ამ ბაზრების ასათვისებლად, აჭარაში გავხსენით საწარმოები, რომლებიც სრული მოცულობით უნდა ამუშავდეს, მოხდეს მანდარინის პარაფინირება და შემდეგ შეიძლება ამ პროდუქციის გაგზავნა ყაზახეთში, ან სხვა რომელიმე ქვეყანაში გემებისა და მატარებლის საშუალებით.

ეს მთელი კომპლექსია.

წელს მოვიარე გურია, სადაც ორი ძალიან დიდი გზა აშენდა.

ეს იმას ნიშნავს, რომ პროდუქციის მწარმოებელი რეგიონიდან პროდუქციის გამოტანას შეუფერხებლად მოახერხებს.

შარშან აჭარაში განლაგებულ საწარმოებამდე გზის უქონლობის გამო გურიიდან პროდუქტები ვერ გამოიტანეს.

გუშინ, მარნეულში გავხსენით სოფლის მეურნეობის პროდუციის ახალი გადამამუშავებელი საწარმო, რომელშიც 120 ადამიანია დასაქმებული.

ეს ქარხანა, უახლოეს პერიოდში, კიდევ რვა ათასამდე ადამიანს დაასაქმებს, იმათ, ვინც ამ საწარმოში ჩააბარებს პროდუქციას.

ამისათვის ჩვენ ვაშენებთ გზებს, სარწყავ არხებს.

უახლოეს ორ წელიწადში საქართველო სარწყავი მიწების რაოდენობით საბჭოთადროინდელ მაჩვენებელს მიაღწევს.

ამ სტრუქტურის განსავითარებლად მთელ საქართველოში 600 კილომეტრი გზა გვჭირდება.

ჩვენ უნდა განვავითაროთ ტურისტული ინფრაქტრუქტურა და გზები უნდა გავუკეთოთ ორას დიდ სოფელს.

წელს საირმესა და აბასთუმანში აშენდა გზები.

შარშან, როდესაც აბასთუმანში ხანძარი გაჩნდა, პირადად ჩავედი.

ერთ-ერთმა ადგილობრივმა ქალბატონმა უკმაყოფილება გამოთქვა ცუდი გზების გამო; წელს კი იგივე ქალბატონმა აღნიშნა, რომ საუკეთესო გზაა, თუმცა, ამჯერად, მანქანების სწრაფი მოძრაობა აღიზიანებს.

როგორც მოგვიანებით გაირკვა, ეს ქალბატონი ადგილობრივი ლეიბორისტული პარტიის ლიდერია.

აბასთუმანში, უფლისციხეში, ნუნისში, დავით გარეჯსა და სათაფლიაში კარგი გზით შეგვიძლია ვისარგებლოთ.

ეს კი, თავის მხრივ, იმას ნიშნავს, რომ იქ შესაძლებელია კარგად დავისვენოთ.

გიორგი არველაძემ შაორის დიდი პოტენციალი აღმოაჩინა.

მე ვიყავი ბლედის ტბაზე, რომელიც ყველაზე ცნობილი ტბის და მთის კურორტია ევროპაში.

გარწმუნებთ, რომ შაორი ამ კუროტს კლიმატითაც სჯობს, ტყითაც, მთებითაც და ბევრი სხვა მონაცემებით.

ასეთი საგანძური ამდენი წლის განმავლობაში გამოუყენებელი იყო.

როგორც სიღნაღი გადავაქციეთ დიდ ტურისტულ ცენტრად, ისე განვავითარებთ სხვა კურორტებსაც.

ამ მხრივ, საქართველოს განსაკუთრებული პოტენციალი აქვს.

შარშანდელთან შედარებით, წელს აჭარაში ორჯერ მეტი უცხოელი ჩამოვიდა.

ძალიან ცოტა ქვეყანაში თუ ორმაგდება ტურისტების რაოდენობა ყოველწლიურად.

ჩვენთან ეს რამდენიმე თვის განმავლობაში ხდება - ეს წარმოუდგენელი ტემპია.

ბათუმი ამის საუკეთესო მაგალითია.

მიმაჩნია, რომ საქართველოში მსოფლიოს ერთ-ერთ საუკეთესო დასვენების ცენტრებს ვქმნით.

არც ნიცა, არც ლასვეგასი და არც კანი ასეთი ტემპით არ განვითარებულა რითაც პირადად მე ძალიან ვამაყობ.

ადგილობრივი ტურიზმისათვის ვამთავრებთ შოვის გზის მშენებლობას. ეს კურორტები ქართველებისათვის ძალზე მნიშვნელოვანია.

წელს ჩემი შვილი ისვენებდა სიონში, სადაც კარგი გზით არის ჩასვლა შესაძლებელი.

წელსვე მერიამ სიონის, ბაზალეთის ტბის მიმართულებით, დანიშნა ერთლარიანი ავტობუსი, რომლითაც ხალხი უპრობლემოდ დადიოდა დასასვენებლად.

სწორედ ეს არის ტურიზმის განვითარებისთვის, ხალხის დასაქმებისა და შემოსავალისათვის რეალური ზრუნვა.

წელს სომხეთიდან ასი ათასამდე ჩამოსული დამსვენებელი ჩვენს კურორტებზე ისვენებდა, რაც იმას ნიშნავს, რომ თითოეული მათგანი საშუალოდ ხუთას დოლარს ხარჯავდა.

ეს კი იმ ხალხისათვის დამატებითი შემოსავლის წყაროა, ვინც ამ კურორტებთან ახლოს ცხოვრობს.

ასევე ჩვენი ამოცანაა, რომ პედაგოგებს ხელფასები გავუზარდოთ.

ჩვენ ევროპული სტანდარტის შესაბამისად ოთხას სკოლას ვარემონტებთ.

სასწავლო დაწესებულებები სავალალო ვითარებაში იყო.

ეს პროცესი ძალზე სწრაფი ტემპით მიმდინარეობს.

პირველი იანვრიდან პედაგოგების ხელფასი ორასი ლარი გახდება, რაც საკმაოდ წინგადადგმული ნაბიჯია.

ჩვენი ამოცანაა სოციალური ზონების რეაბილიტაცია.

კატასტროფულ მდგომარეობაში იყო ტყიბული და ჭიათურა.

პირადად ვიყავი ტყიბულში, ჩავედი შახტაშიც და ვნახე როგორ ცოცხლდება ქალაქი, სადაც მე დავდიოდი საარჩევნო კამპანიის დროს. ვერც კი წარმომედგინა, რომ ამ ქალაქში რაიმე შეცვლა შეიძლებოდა.

ხელისუფლებაში ჩვენი მოსვლისას, ფაქტობრივად, ყველაფერი დანგრეული იყო.

დღესდღეობით მეშახტეს ყოველდღიური შემოსავალი 25-30 ლარია. გამოდის, რომ თვეში 500 ლარამდე გამოიმუშავებს.

კარგად მესმის როგორი მძიმე სამუშაო აქვს მეშახტეს.

ბაბუაჩემი ჭიათურმანგანუმში მუშაობდა და ბავშვობაში მაღაროებში დავყავდი.

ეს ნამდვილად მძიმე შრომაა.

სამი წლის წინათ, ტყიბულში მეშახტეს ოცდაათი ლარი თვეშიც არ დაესიზმრებოდა.

ტყიბულის შახტებში წყალი იდგა და არანაირი პერსპექტივაც არ ჰქონდა.

მესმის, რომ ჩვენი სურვილია ბევრად უკეთ ვიცხოვროთ, მაგრამ ისიც უნდა გავიგოთ - იმისათვის, რომ მეტი შემოსავალი გვქონდეს, კონკურენტუნარიანი პროდუქცია უნდა გამოვუშვათ, რისთვისაც ჩვენ განათლების უკეთესი სისტემა გვჭირდება.

განათლების რეფორმის პირველი ეტაპი დასრულდა, აღდგა სამართლიანობის პრინციპი.

ელიტის ერთ-ერთმა წარმომადგენელმა, ჩემმა ნაცნობმა მითხრა, რომ თურმე წელს მის გარშემო ვერც ერთი ასეთი ოჯახის შვილი ვერ მოხვდა უმაღლეს სასწავლებელში.

სამაგიეროდ, ყველაზე მეტი რაოდენობის აბიტურიენტი დუშეთის რაიონიდან ჩაირიცხა.

ეს ნამდვილი სამართლიანობაა.

შემდეგი ეტაპი ხალხი სპეციალიზაციის მიხედვით მოვამზადოთ.

სკოლების სრულ კომპიუტერიზაციას მომავალ წელს ვამთავრებთ და ოც ბავშვზე ერთი კომპიუტერი იქნება გათვლილი.

შემდეგ გადავალთ სისტემაზე, რომელის თითოეული ბავშვისთვის თითო პატარა კომპიუტერს ითვალისწინებს.

ამას გარდა, გვჭირდება ბევრად მეტი ტექნიკური სკოლა.

გვჭირდება უამრავი ფარმაცევტი, მშენებელი, სერვისის სპეციალისტი, მაღაროს ინჟინერი და ბევრი სხვა პროფესიის წარმომადგენელი.

ამას წინათ, აჭარაში გავხსენი ფარმაცევტული ქარხანა, სადაც გავიცანი 60 წელს მინატებული ქალბატონი.

მას 15 წელი არ უმუშავია თავისი სპეციალობით.

იმ ქალბატონის ცოდნის მოპოვება ნებისმიერ თანხის ფასადაც შეუძლებელია.

ასევე, უნდა ჩამოვიყვანოთ ბევრი უცხოელი სპეციალისტი, რადგან სულ სხვა კვალიფიკაციის მქონე ხალხი გვჭირდება.

მომდევნო წლებში საქართველოში ასეულობით სასტუმრო გაიხსნება, სადაც მომსახურე პერსონალი დაგვჭირდება.

ბევრ მშენებლობაზე დღეს მუშაობენ თურქები და ბევრი რამ მათგანაც უნდა ვისწავლოთ, რათა შემდეგში ჩვენმა ხალხმა საქართველოში არსებულ მშენებლობებზე თავად იმუშაოს.

განათლების სამინისტროს ამისათვის ძალების მობილიზება და იმ რეფორმის გაგრძელება სჭირდება, რომელიც ყველამ ერთად დავიწყეთ.

ჩვენი შემდგომი ამოცანაა სოციალური დაცვის სწორი ქსელის შექმნა, რასაც ეს ახალი სამთავრობო პროგრამა ითვალისწინებს - საქართველოში ასი ახალი საავადმყოფო უნდა აშენდეს.

შრომის, სოციალური დაცვის და ჯანმრთელობის ახალმა მინისტრმა უნდა უზრუნველყოს ის, რომ ეს საავადმყოფოები ხალხისათვის ხელმისაწვდომი გახდეს.

ყველა უმწეო საქაროთველოში უნდა იყოს დაზღვეული.

ამას ჩვენ თქვენთან ერთად შევძლებთ.

ამ მხრივ გარკვეული ხარვეზები გვქონდა, თუმცა ეს საქმე ყველა ერთად ბოლომდე უნდა მივიყვანოთ.

პენსიების ზრდასთან ერთად, უნდა შევქმნათ ერთიანი საპენსიო წიგნაკი.

ჩვენ უნდა დავეხმაროთ მათ, ვისაც სახელმწიფოსგან დახმარება ყველაზე მეტად სჭირდება და იმსახურებს.

საბოლოოდ, ჩვენი მიზანია ეკონომიკური მაჩვენებლის ზრდა 13-15 პროცენტამდე.

რუსეთის ემბარგოს მიუხედავად, საქართველოს აქვს იმის შანსი, რომ მსოფლიოში ეკონომიკური ზრდის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი ჰქონდეს.

ეს ქართული ეკონომიკური სასწაულია, რომელზეც მთელი მსოფლიო ლაპარაკობს.

საქართველო არა მარტო მსოფლიოს ნომერ პირველი რეფორმატორი ქვეყანაა, არამედ გაჩნდა ქართული ეკონომიკური სასწაულის ფენომენი. რას ეფუძნება ეს ფენომენი? - იმას, რომ ჩვენ, ყველანი ვებრძვით კორუფციას, პარლამენტი და მთავრობა არის ერთიანი და იღებს ძალიან კარგ კანონებს, რომლებსაც წარმატებით ახორციელებს კიდეც.

ჩვენი ამოცანაა საქართველოში 2 მილიარდი დოლარის უცხოური ინვესტიცია მოვიზიდოთ და საქართველო, ბიზნეს გარემოს მხრივ, მსოფლიოს ქვეყნების პირველ ოცეულში შევიყვანოთ.

ამ თვალსაზრისით, საქართველოს 134-ე ადგილი ეკავა, შარშან 37-ე ადგილზე იყო, მაგრამ ჩვენ უნდა გავუტოლდეთ სინგაპურს, ჰონ-კონგს, ახალ ზელანდიას, ფინეთს, დიდ ბრიტანეთს, ამერიკის შეერთებულ შტატებს, იაპონიასა და რამდენიმე სხვა წამყვან ქვეყანას.

ამის პოტენციალი გვაქვს, თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ ერთ კვირაში ან თუნდაც ათ წელიწადში იაპონიის მსგავსად ვიცხოვრებთ, მაგრამ ჩვენი ათვლის წერტილიც იქნება ის, რითაც თითოეულმა ამ ქვეყანამ დაიწყო და მიაღწია ეკონომიკურ ბუმსა და წარმატებას.

დარწმუნებული ვარ, ამის მიღწევას ყველანი ერთად, ეფექტიანი მუშაობის შედეგად შევძლებთ.

ამას გარდა, ძალზე მნიშვნელოვანია ჩვენი უსაფრთხოების ამაღლება.

მოგეხსენებათ, რომ პარლამენტში სამხედრო და უსაფრთხოების ბიუჯეტის გაზრდის წინადადებით შევედით.

ჩვენს მდგომარეობაში მყოფი ქვეყნისთვის ეს აუცილებელია.

მსურს ხმამაღლა განვაცხადო, ჩვენი მომზადებიდან, მზადყოფნიდან და რესურსებიდან გამომდინარე, რისი შექმნაც ბოლო წლების განმავლობაში მოვახერხეთ, საქართველო უახლოეს მომავალში მზად იქნება ყველანაირი ძალის, შესაძლო უცხოური აგრესიის და შემოტევის მოსაგერიებლად.

რა თქმა უნდა, არც ველით და არც გვსურს, რომ ჩვენს მიმართ რაიმე სახის შემოტევა ან აგრესია განხორციელდეს, მაგრამ მის მოსაგერიებლად მზად უნდა ვიყოთ.

ჩვენ გვინდა მშვიდობა, მაგრამ ყველა შესაძლო აგრესორმა უნდა იცოდეს, რომ აქ ჩვენი მზადყოფნის, რესურსებისა და მოტივაციის გათვალისწინებით, ზღარბზე უარესი რამ დახვდება.

რეზერვისტთა რაოდენობა მომავალი წლის დამდეგისათვის ავა იმ ნიშნულზე, რომლის მიღწევაც მიზნად დავისახეთ და 100 ათასი ახლადმომზადებული რეზერვისტი გვეყოლება.

ჩვენი შეიარაღებული ძალების შემადგენლობა 30 ათას ადამიანს აღწევს და ეს არის უმაღლესი საერთაშორისო სტანდარტებით აღჭურვილი ჯარი.

აღჭურვის პროგრამა თითქმის დასრულებულია და ეს პროცესი უახლოეს პერიოდში ბოლომდე დამთავრდება.

ესეც ჩვენი მთავრობისა და ფისკალური სამსახურების კარგი მუშაობის შედეგია, თუმცა ჩვენ ჯერ კიდევ ბევრი რამ გვაქვს გასაკეთებელი.

პრობლემები იყო საბაჟო სამსახურში და ეს ახალმა მინისტრმა ნიკა გილაურმა უნდა გაითვალისწინოს.

დიდმა საერთაშორისო კონსორციუმმა "ფერერო" სამეგრელოში თხილის პლანტაციები იყიდა (სხვათა შორის თხილის ფასმა საგრძნობლად მოიმატა და ეს ჩვენი ხალხისთვის დამატებითი შემოსავლის წყაროა), მაგრამ სასუქი ორი კვირის განმავლობაში სარფის საბაჟომ არ განაბაჟა და ეს მეურნეობა ამ ხნის მანძილზე გაჩერებული იყო.

მებაჟეებს, რომლებმაც ეს გააკეთეს, ან ტვინი არა აქვთ, ან გული - ეს ხომ მათი თანამოქალაქეების შემოსავალია.

თბილისსა და აჭარაში დიდი სასტუმროები შენდება, მაგრამ ვიდრე რომელიმე მინისტრი არ დარეკავს და დააჩქარებს ამ პროცესს, სამშენებლო მასალების განბაჟება თვეობით ფერხდება.

არ ვაპირებ, რომ ამ ხალხს ველოლიავო - ასობით ადამიანი დავაპატიმრეთ და თუ საჭირო გახდა, კიდევ ათასს დავიჭერთ.

ხალხი ასჯერ გავაფრთხილეთ, მაგრამ ეს "მგლის თავზე სახარების კითხვა" არ არის - ამათგან ნახევარი უკვე საპატიმროში ზის.

არ დავუშვებ, რომ ვინმემ დაამციროს მოქალაქეები და ხელოვნურად შეუზღუდოს უფლებები.

ეს ეხება თელავის გამგებელს, რომელიც ამას წინათ დაიჭირეს, ფოთის ყოფილ მერს, რომელიც უმწეოთა თანხის მითვისების გამო დააპატიმრეს და ეს ეხება კიდევ რამდენიმე ადამიანს, რომლებსაც აწი დაიჭერენ.

მსურს ყველა გავაფრთხილო - ყურადღებას ერთი წუთითაც კი არ შევასუსტებთ.

ჩვენ გვყავს მძლავრი სამართალდამცავი სისტემა და გვყავს იდეალისტური ახალგაზრდობა, რომელიც საქართველოში კორუფციის ამოძირკვის პროცესს ბოლოდე მიიყვანს.

მინდა თქვენი ყურადღება საკუთრების უფლების ხელშეუხებლობის თაობაზეც გავამახვილო.

რა თქმა უნდა, საკუთრების უფლების დაცვა ქვეყნის განვითარების ერთ-ერთი ქვაკუთხედია.

საქართველო პირველ ოცეულში სწორედ იმის გამო შედის, რომ მსოფლიო სტანდარტებს აკმაყოფილებს.

არავის მივცემთ უფლებას სადმე კულტურის ძეგლი დაამახინჯოს ან ყველაზე ლამაზი შენობა გაანადგუროს.

ამას წინათ, ჩემთვის ძალზე პატივსაცემი ადამიანი ტელევიზიით ამბობდა, რომ ბორჯომის პარკში ჰქონდა მიწის ნაკვეთი, რომელიც რამდენიმე წლის განმავლობაში არ მოუკითხავს, ხოლო შემდეგ აღმოაჩინა, რომ მის ნაკვეთზე "ეშმაკის ბორბალი" დაუდგამთ.

რა უნდა პარკში მიწის ნაკვეთს? ეს არის საზოგადოებრივი ადგილი სადაც ხალხი მიდის და ისვენებს.

ბორჯომის პარკი გვაქვს ერთი, რომელიც არა მარტო საქართველოში, არამედ ევროპასა და მთელ მსოფლიოში ერთ-ერთი უნიკალური ადგილია.

ასეთი საკუთრების უფლება საქართველოში არ იქნება დაცული - ეს საკუთრების უფლება კი არა, მისაკუთრების უფლებაა!

ჩვენ თანამედროვე ეკონომიკას ვქმნით და ფეოდალური, შევარდნაძის რეჟიმი, როდესაც საზოგადოებრივ პარკში დარიგებული ნაკვეთებით ერთგულებას ყიდულობდნენ, დიდი ხანია წარსულს ჩაბარდა.

უპირველესად, გათვალისწინებული იქნება საზოგადოებრივი ინტერესები, საზოგადოების უფლებები და სანამ საქართველოს ეს მთავრობა მართავს, ვერავინ შეძლებს პირადი ინტერესებისთვის საერთო მოხმარების ტყის მასივების, საზოგადოებრივი ადგილების, კულტურული მემკვიდრეობისა და პარკების მითვისებასა და ხალხისთვის წართმევას.

ვერც რომელიმე კურორტის დამახინჯებას, განადგურებასა და პირად საკუთრებაში დატოვებას შეძლებს ვინმე.

მინდა იმ ხალხის გასაგონად ვთქვა, ვინც საქართველოში საკუთრების უფლების დაუცველობაზე ბევრს ლაპარაკობს, მალე ჩვენი სახელმწიფო ეკონომიკურად ყველაზე ძლიერი, ხელსაყრელი პირობების შემქმნელი ქვეყნების პირველ ოცეულში შევა.

ჩვენ ჩვენი პრინციპები გვაქვს და ერთადერთი რის ხარჯზეც წარმატებას მივაღწიეთ ისაა, რომ ყველანაირ წუწუნსა და ჩივილზე, ჩვენი გზიდან აცდენის მცდელობაზე პასუხი ერთი გვაქვს - ვიცით საით მივდივართ და ვიცით რომ ეს გზა სწორია.

ამ გზას კი ვერავინ აგვაცდენს.

ეს არის ჩვენი ეკონომიკის მთავარი პრინციპი.

მუშაობისას, რა თქმა უნდა, შეცდომებიც გვქონდა, მაგრამ ერთადერთი რასაც ვნანობ, ის კომპრომისებია, რომლებიც არ უნდა დაგვეშვა.

ნამდვილი რეფორმატორები ისინი არიან, ვინც რომელიმე გაზეთში დაწერილი სტატიისა და ტელევიზიით ლანძღვის მიუხედავად, წინ მიდის და იცის, რა არის მისი ქვეყნის გაერთიანებისთვის მნიშვნელოვანი და მთავარი.

აი, ეს არის ის, რისკენაც მე თქვენ მოგიწოდებთ.

ეს არის მთავრობის ერთიანობის საფუძველი.

ჩვენი მთავრობის სიძლიერე არის ერთიანობაში და იმაში, რომ შედეგზე ორიენტირებული ვართ.

ეს იმას ნიშნავს, რომ უახლოესი მეგობარიც კი ვერ დარჩება მინისტრად თუ რაღაც პრობლემა შექმნა, თუ რომელიმე ამოცანა ვერ შეასრულა.

ყველა პროფესიონალი, იმის მიუხედავად როდის შემოუერთდა ამ გუნდს და რას აკეთებდა წარსულში, თუკი ის საქმის გამკეთებელია, ბოლომდე უნდა დააფასო და ხელი უნდა შეუწყო.

აი, ეს არის ჩვენი ერთიანობისა და წარმატების მთავარი რეცეპტი.

ჩვენ საბოლოოდ პასუხისმგებელი ვართ საკუთარი საზოგადოების, ისტორიისა იმ ამოცანების წინაშე, რომლებიც ჩვენმა საზოგადოებამ და ისტორიულმა მომენტებმა დაგვისახა - საქართველო ვაქციოთ ძლიერ ქვეყნად.

სამაგალითო და სანიმუშო სახელმწიფო ჩვენ უკვე ბევრისთვის ვართ, ეს დამოკიდებულება უნდა შევინარჩუნოთ, ბოლომდე გავძლიერდეთ და გავერთიანდეთ.

დრო ჩვენზე მუშაობს.

ყველამ უნდა იცოდეს, რომ მას, ვისაც დღეს ჩვენი დამარცხება სურს, საქართველოს მარცხი უნდა.

ამ მთავრობისა და მისი კურსის ჩავარდნა ჩვენი პრობლემა და მარცხი, ასევე საქართველოს მარცხი იქნება.

რადგან ეს საბოლოოდ, საქართველოს გაერთიანების პროგრამაა.

თუ თავდაუზოგავად ვიმუშავებთ, ყურს დავუგდებთ საზოგადოებას და არა ცალკეულ ლობისტებს, ვიმოქმედებთ მხოლოდ ერთით - საჯარო საზოგადოებრივი ინტერესითა და საქართველოს მომავლის ინტერესების გათვალისწინებით, ვერავინ ვერ დაგვამარცხებს.

საქართველოს პარლამენტში თქვენი კანდიდატურების დამტკიცებისა და შემდგომი საქმიანობისას გისურვებთ წარმატებებს!


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)