Google+

სიახლეები

08.03.2008
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ემა გოგოხია, მალხაზ ბასილაია და დავით წოწორია ღირსების ორდენებით დააჯილდოვა

დღეს საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა "რუსთავი2"-ის ჟურნალისტი ემა გოგოხია, "მზის" ჟურნალისტი მალხაზ ბასილაია და მისი თანმხლები პირი დავით წოწორია პროფესიული და მოქალაქეობრივი თავდადებისთვის ღირსების ორდენებით დააჯილდოვა.

"მოგესალმებით სამივეს.

დღეს სასიამოვნო ღონისძიება გვაქვს.

ჩემი გადაწყვეტილებით, მალხაზ ბასილაია, ემა გოგოხია და დავით წოწორია ჯილდოვდებიან ღირსაების ორდენებით.

ეს ქვეყნის წინაშე დამსახურებისთვის უმაღლესი სამოქალაქო ჯილდოა.

ვფიქრობ, ღირსების ორდენი ზუსტად ასახავს იმ სახელს, რომელსაც თქვენ პროფესიული საქმიანობა იმსახურებს.

ასევე მსურს გითხრათ, რომ ჟურნალისტებთან ჩვენ კომპლექსური და საკმაოდ რთული ურთიერთობა გვაქვს.

ჟურნალისტები ხშირად გვაკრიტიკებენ-ხოლმე, მაგრამ ამ შემთხვევაში, ეს არის ქართული სახელმწიფოს ჯილდო.

ეს არ არის ცალკე აღებული პოლიტიკოსის, თუნდაც პრეზიდენტის მოცემული ჯილდო - ეს არის ქართული სახლმწიფოს ჯილდო ქართული სახელმწიფოს წინაშე დამსახურებისთვის.

თქვენ, პრაქტიკულად, ფრონტის ხაზზე იმყოფებით.

თქვენ იმყოფებით იმ ადგილზე, სადაც უზარმაზარი უსამართლობაა.

ეს ზუსტად ის ადგილია, სადაც ადამიანმა შეიძლება გამოაჩინოს თავისი საუკეთესო თვისებებიც და ყველაზე დიდი ნაკლოვანებებიც.

თქვენ კი ძალზე რთულ სიტუაციაში თქვენი საუკეთესო თვისებები წარმოაჩინეთ.

მე საკუთარი თვალით ვნახე ემა გოგოხია, რომელმაც სამოქალაქო, და ალბათ, საბრძოლო გმირობა ჩაიდინა.

სუსტი აღნაგობის ჟურალისტმა შიშველი ხელებით გაუწია წინააღმდეგობა კბილებამდე შეიარაღებულ რამდენიმე თავდამსხმელს, გაანეიტრალა ისინი და სერიოზული ფიზიკური და პიროვნული რისკის შედეგად, დაიბრუნა საქართველოს სიმართლის დამადასტურებელი ფაქტების ამსახველი კადრები, რომლებმაც შემდეგ მთელი მსოფლიო მოიარა.

მან საკუთარი სიცოცხლე პირადად ჩემ თვალწინ დააყენა რისკის ქვეშ.

ეს არასდროს არ დამავიწყდება და არავინ არ უნდა დაივიწყოს.

მალხაზ ბასილაიასა და დავით წოწორიას, რომლებიც უკანონო ბანდ-ფორმირებების ტყვეობაში იყვნენ, ერთი წამითაც არ შეუხრიათ წარბი.

ჩვენ გვინახავს ასეთ დღეში ჩავარდნილი ხალხი, რომლებიც პირველივე წუთებში ყველაფერზე აწერს ხელს, იხდის ბოდიშს, მაგრამ ქართველი კაცი საქართველოს ერთ-ერთი მდინარის გადალახვისათვის, გაურკვეველი ბანდ-ფორმირებების წინაშე ბოდიშს არ უნდა იხდიდეს.

თქვენ ეს დაამტკიცეთ.

ეს საქართველოა და ვისაც ჰგონია, რომ იქითა მხარე საქართველოს არ ეკუთვნის, ის არის ბანდიტი და გასასამართლებელი და არა ის, ვინც საკუთარი ქვეყნის ტერიტორიაზე თავისუფლად გადაადგილდება.

ასევე მინდა ვთქვა, რომ დღეს არის ძალზე მნიშვნელოვანი მომენტი საქართველოსათვის.

რუსეთის ფედერაციის მთავრობამ გადადგა უკიდურესად პროვოკაციული და საშიში ნაბიჯი მიმართული ვითარების დესტაბილიზაციისაკენ.

ვიმეორებ, რომ ეს არის ძალიან საშიში ნაბიჯი და ჩვენ ვიმყოფებით ჩვენი ისტორიის ყველაზე საპასუხისმგებლო მომენტში.

საქართველომ პასუხი უნდა გასცეს სიმშვიდით, სიძლიერითა და საკუთარი თავდაჯერებულობით.

უპირველეს ყოვლისა, ეს უნდა იყოს ერთ მუშტად შეკრული ერის პასუხი.

ამავდროულად, საკუთარი წილი პასუხისმგებლობა უნდა იკისრონ ჟურნალისტებმაც, ჩვეულებრივმა მოქალაქეებმაც, პოლიციელებმაც, პრეზიდენტმაც, მთავრობამაც და ოპოზიციამაც.

ეს არის ის მომენტი, როცა ყველა სხვა საკითხი უკანა პლანზე უნდა გადავიდეს.

მინდა იცოდეს ყველამ, ჩვენ მზად ვართ იმისათვის, რომ ერთი მხრივ, არ დავუშვათ საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის შელახვა და მეორე მხრივ, საქართველოს ჩათრევა რაიმე სახის მასშტაბურ კონფლიქტში.

ეს არი ძალიან პრინციპული საკითხი.

საქართველოს არ სურს ომი!

საქართველოს არ სურს ძალადობა!

სხვა მხრივ, დღეს არის ზუსტად ის მომენტი, როდესაც მთავრობა და ოპოზიცია უნდა დასხდნენ ერთად და განიხილონ ყველა საკითხი, რომელიც აფხაზეთთან და რუსეთთან მიმართებაში ჩვენ პასუხს უკავშირდება.

ჩვენ როგორც არასდროს, უნდა ვაჩვენოთ ყველას ჩვენი ერთიანობა.

უნდა ვაჩვენოთ ის, რომ არსებობს ფასეულობები, რომლებიც ჩვენთვის უფრო მაღლა დგას, ვიდრე პოლიტიკური მოსაზრებები.

მინდა მივმართო ოპოზიციას: ჩვენ ბევრ საკითხთან დაკავშირებით უნდა ვკამათობდეთ, ოპოზიცია დემოკრატიული მექანიზმის მნიშვნელოვანი ნაწილია, უმეტეს შემთხვევაში შეიძლება ვერ შემვთანხმდეთ, მაგრამ არსებობს საკითხები, რომლებზეც შეუთანხმებლობა არ შეიძლება.

მე მოვუწოდებ მათ დასხდნენ ჩემთან და საქართველოს მთავრობასთან ერთად, რათა რუსეთის ამ პროვოკაციულ, საშიშ ქმედებასთან დაკავშირებით, დავამუშაოთ ჩვენი ერთობლივი პასუხი, შევიმუშაოთ ერთიანი პოზიცია.

ვფიქრობ, ეს იქნება სწორი.

ეს იქნება მოულოდნელი ჩვენი მოწინააღმდეგისათვის სადაც არ უნდა იყოს ის და ეს იქნება ქართველი ერის პოლიტიკური სიმწიფის, ერთიანობის დემონსტრაცია მთავარი გამოწვევის წინაშე.

საქართველო არის დაუმარცხებელი, როდესაც მთავარი საკითხების გადაწყვეტისას არის ერთიანი.

დიდი მადლობა მინდა ვუთხრა მთელ ქართულ მასმედიას, მათ, ვინც ძალიან გვაკრიტიკებს და მათაც, ვინც შედარებით ობიექტურია, ამას მნიშვნელობა არა აქვს, რადგან ჩვენ ყველანი ერთ დიდ საქმეს ვაკეთებთ.

ეს ხალხი თქვენი ღირსეული წარმომადგენლები არიან.

ასევე, ვიცნობ ბევრ წარმომადგენელს, რომელიც ემსახურება ქართული საზოგადოების განვითარებასა და კონსოლიდაციას, სამოქალაქო ცნობიერების ჩამოყალიბებასა და პატრიოტული სულისკვეთების დამკვიდრებას, ე.ი. საქართველოს გაერთიანებას.

მინდა თითოეულ მათგანს (ისინი ბევრად უფრო მეტნი არიან ვიდრე სამი ადამიანი) მადლობა გადავუხადო.

შესაძლოა, მათ ორდენებიც ვერ მიიღონ, მაგრამ მთავარია, რომ ყველამ ერთად მთელი პროფესიონალიზმით ვაკეთოთ ჩვენი საერთო ეროვნული საქმე.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)