Google+

სიახლეები

10.08.2008
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ქართულ საზოგადოებრიობას მიმართა

ძვირფასო თანამემამულენო!

ჩვენს ქვეყანას უდგას გადამწყვეტი გამოცდის დღეები.

თითოეული ჩვენგანისთვის ეს ძალიან მძიმე და მნიშვნელოვანი პერიოდია.

უწინარეს ყოვლისა, მსურს სამძიმარი გამოვუცხადო ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ ბარბაროსული შეტევის შედეგად ამ დღეებში დაღუპული ადამიანების ოჯახის წევრებს.

მე, როგორც საქართველოს პრეზიდენტი, მთელი გულით განვიცდი და ვტირი ამ უდიდესი დანაკარგის გამო.

ეს შეეხება მშვიდობიან მოსახლეებს და მცხოვრებლებს, ეს შეეხება ჩვენს გმირ ჯარისკაცებს, რომლებმაც თავი გაწირეს სამშობლოსთვის.

ჩემო ძვირფასებო!

ამავე დროს, მინდა გითხრათ უზომოდ მადლობელი ვარ თქვენი საოცარი გმირობისთვის, საოცარი გამძლეობისთვის და საოცარი მოთმინებისთვის, რომელიც ბოლო დღეების განმავლობაში მთელ მსოფლიოს დაანახა თითოეულმა თქვენგანმა.

მდგომარეობა გართულების გამო, დღეს ზუგდიდში გავემგზავრე, და გზად ბევრ ჩვენს თანამემამულეს შევხვდი.

მე ვნახე როგორი ორგანიზებული იყო ეს ხალხი, რომელიც მაქსიმალურად (როგორც ეს შესაძლებელია ამ სიტუაციაში) ინარჩუნებდა სიმშვიდეს; რამდენად კარგად მუშაობდა გზაში პოლიცია, სასწრაფო დახმარება, მუნიციპალური სამსახურები, რამდენად სწორად და ორგანიზებულად იყო გაკეთებული ყველაფერი.

ბოლო წლებში ჩვენ, ყველამ ერთად შევქმენით ნამდვილი სახელმწიფო.

ვფიქრობ, არავის არ ეპარება ეჭვი იმაში, რომ ეს ბრძოლები მიმდინარეობს არა ცხინვალის რეგიონისთვის და არა, თუნდაც, აფხაზეთისთვის, არამედ ქართული სახელმწიფოებრიობისთვის.

დღეს ქართული სახელმწიფოს ყოფნა არყოფნის საკითხი დგას.

რა თქმა უნდა, ქართული სახელმწიფო თითოეული ჩვენგანის მეშვეობით უნდა გადარჩეს, რადგან ქართული სახელმწიფო არის ჩვენი, ჩვენი შვილების, შვილიშვილებისა და შვილთაშვილების ერთადერთი მომავალი.

თავისუფლების დაკარგვა ერთხელ უკვე ძალიან ძვირად დაუჯდა ჩვენს ერს.

ყველამ ერთად უნდა ვიზრუნოთ, რომ ეს აღარასდროს არ მოხდეს.

რამდენადაც არ უნდა მიჭირდეს, უნდა ვთქვა, რომ ეს შემოტევები და დაბომბვები, უწინარეს ყოვლისა, თქვენში შიშის ჩანერგვაზე, პანიკასა და ნერვებზეა გათვლილი.

რამდენად მძიმეც არ უნდა იყოს, ყოველივე ამას არ უნდა ავყვეთ.

ჩვენ უნდა ვიყოთ ისე, როგორც აქამდე ვიყავით - მშვიდი, ორგანიზებული და დარწმუნებული ვარ, ყველაფერი კარგად იქნება.

ამჟამად, ჩვენ ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს.

რამდენჯერმე ვესაუბრე პრეზიდენტ სარკოზის, რომელიც ასევე ელაპარაკება რუსეთის ხელმძღვანელობას; მუდმივ კონტაქტში ვართ ამერიკის შეერთებულ შტატებთან, მის უმაღლეს ხელმძღვანელობასთან - პრეზიდენტთან, ვიცეპრეზიდენტთან, სახელმწიფო მდივანთან; რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ვეკონტაქტებით მინისტრებისა და მათი მოადგილეების დონეზე; გვაქვს ინტენსიური კონსულტაციები ბევრ სხვა მხარესთან.

რაც მთავარია, უნდა გვესმოდეს, რომ ახლა მთელი მსოფლიოს ყურადღება მოპყრობილია ჩვენსკენ და ყველა სულგანაბული უყურებს საქართველოს.

უდავოდ გამიხარდებოდა თუ ჩვენი ქვეყანა ბევრად უფრო

კარგი ამბით მოხვდებოდა მსოფლიოს ყურადღების ცენტრში, მაგრამ არ შემიძლია არ ვთქვა, რომ ყველაფერი რაც ხდება დარჩება ისტორიაში.

ძალიან დიდ აღფრთოვანებას იწვევს თითოეულის გამძლეობა და ქართველი ხალხის წარმოუდგენელი უნარი უყვარდეს თავისუფლება და იშრომოს და იბრძოლოს საკუთარი მომავლისთვის.

მინდა მივესალმო ათობით ათას ადამიანს, რომლებიც ამ წუთებში საქართველოს სხვადასხვა მოედანზეა შეკრებილ.

მათ სპონტანურად მოაწყვეს აქცია, რომლის შესახებ თავადაც, დაახლოებით, ნახევარი საათის წინ შევიტყვე.

ეს არის მშვიდობიანი და ორგანიზებული აქცია იმის საჩვენებლად, რომ საქართველო არის მშვიდობიანი, ორგანიზებული ქვეყანა, რომელსაც ყველაზე მეტად, სწორედ, მშვიდობა სურს.

კიდევ ერთხელ მინდა დიდი მადლობა გითხრათ, გისურვოთ და გთხოვოთ მოთმინება, სულგრძელობა და გამძლეობა.

მინდა დაგარწმუნოთ, რომ საქართველოს ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს იმისათვის, რომ ამ კრიზისიდან დროულად გამოვიდეთ.

ყველამ ვიცოდით, რომ ასეთი გამოცდები გველოდა წინ, რადგან ჩვენ ავირჩიეთ სახელმწიფოებრიობისა და თავისუფლების გზა.

ჩვენ ყველაფერი გავაკეთეთ იმისათვის, რომ ცხინვალის რეგიონში თავიდან აგვეცილებინა კონფრონტაცია და ეს თქვენ კარგად იცით.

მთელი ამ წლების განმავლობაში არც მე და საქართველოს არც სხვა ხელმძღვანელებს კონფრონტაციაში შესვლის არავითარი სურვილი არ გვქონდა - 2004 წელს ამ ტერიტორიიდან ჩვენი ძალების გამოყვანა ჩემი ინიციატივა იყო, რათა მაშინდელ კონფრონტაციას გაგრძელება არ მოჰყოლოდა.

იმის შემდეგ ჩვენ ყველანაირად ვიკავებდით თავს, მაგრამ მაინც აღმოვჩნდით ამ სიტუაციაში, რადგან ეს არ შეეხება ცხინვალს, ეს ეხება მთლიანად საქართველოს.

ამიტომ, საქართველო ყველამ ერთად უნდა დავაყენოთ ფეხზე და ერთად მივაღწიოთ უკეთეს მომავალს ჩვენთვის და ჩვენი შვილებისთვის.

ამ დღეებში წყდება ჩვენი მომავლის ბედი.

დიდი მადლობა.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)