სიახლეები
09.05.2007
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პოლონეთში მიემგზავრება
10 მაისს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი სამუშაო ვიზიტით ქალაქ ვარშავაში ენერგეტიკულ სამიტზე დასასწრებად გაემგზავრება.
ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილისა და პოლონეთის პრეზიდენტის ლეხ კაჩინსკის პირისპირ შეხვედრა. ამავე დღეს საქართველოს პრეზიდენტი ვარშავის აჯანყების მუზეუმის თავისუფლების პარკში პოლონეთის არმიის ქართველი ოფიცრების მემორიალური სტელის გახსნის ცერემონიას დაესწრება.
1920-21 წლებში პოლონეთის რესპუბლიკაში საქართველოს საელჩოს პირველ შენობაში მიხეილ სააკაშვილი მემორიალურ დაფას გახსნის, რის შემდეგაც „ბელვედერის" სასახლეში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისა და საქართველოსა და პოლონეთის რესბულკიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობის 86-ე წლისათვის აღსანიშნავად საზეიმო მიღება გაიმართება.
11-12მაისს ვაველის სასახლეში ენერგეტიკული სამიტის სესია გაიხსნება. მოგვიანებით კი, იაგიელონსკის უნივერსიტეტში ჟურნალისტებისათვის ერთობლივი პრესკონფერენცია გაიმართება.
12 მაისს საქართველოს პრეზიდენტი საქართველოში დაბრუნდება.
საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური