Google+

სიახლეები

27.05.2006
საქართველოს პრეზიდენტმა საქველმოქმედო ვახშამზე ბიზნესმენებს სიტყვით მიმართა

მინდა მოგესალმოთ ყველას და საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მოგილოცოთ!

ჩვენ მშვენიერი ტრადიცია დავამკვიდრეთ - საქველმოქმედო ვახშამი მეორედ გავმართეთ.

ამ ვახშამის წყალობით, დღეს 250 ათას ლარზე მეტი მოგროვდა.

ეს თანხა მთლიანად მოხმარდება საქართველოში მოქმედ 71 უფასო სასადილოს, სადაც მზრუნველობამოკლებული მოქალაქეებს საშუალება აქვთ ყოველდღიურად მაღალი ხარისხის საკვები მიიღონ.

პირადად დავდივარ ამ სასადილოებში და ვაკონტროლებ, რომ იქ მაღალი ხარისხის საკვები იყოს.

პირადად ჩემთვის ეს ყველაზე დიდი ტკივილია.

იქ იმდენად სათნო, განათლებული, ინტელიგენტი და სამშობლოს წინაშე დიდი დამსახურების მქონე ხალხი დადის, რომ მათთან ურთიერთობა დიდი სიამოვნებაა.

ეს ჩვენი საზოგადოების მართლაც გამორჩეული ნაწილია, რომელიც ცხოვრებამ ასეთ მდგომარეობაში ჩააყენა.

ჩვენი საერთო ამოცანაა, რომ ამ ვითარებიდან მაქსიმალურად სწრაფად მთლიანად გამოვძვრეთ.

ქვეყანა იცვლება და თქვენ ამას ყველანი მშვენივრად ხედავთ.

ქვეყანა იცვლება უკეთესობისკენ და იცვლება საკმაოდ სწრაფი ტემპით, თუმცა ვამჯობინებდი, რომ ბევრად უფრო სწრაფად შეცვლილიყო.

ვფიქრობ ეს ყველას სურს.

დღეს ყველას გვქონდა შესაძლებლობა თბილისის ქუჩებში გვევლო და გვენახა რამდენი ახალი ობიექტი გაიხსნა.

ეს პროცესი არა მარტო თბილისში, არამედ აჭარაში და საქართველოს რამდენიმე სხვა რეგიონშიც მიმდინარეობს.

რა თქმა უნდა, რეალურად, ეს დიდი ცვლილებების მხოლოდ დასაწყისია.

ჩვენს საზოგადოებაში ნამდვილი ცვლილებები მხოლოდ ეხლა დაიწყო.

ჩვენი ამოცანაა, რომ ყველა ამ ცვლილებების მონაწილე ვიყოთ.

ბოლო თვეების განმავლობაში საქართველოში რომ ბევრი კარგი რამ ხდება, ჩემთვის ამის მთავარი ნიშანი არის ის, რომ ქართველებმა სამშობლოში არა მარტო დაბრუნება დაიწყეს, არამედ უცხოეთში ნაშოვნი ფულის საქართველოს ეკონომიკაში ჩადებაც.

ეს მასობრივად ხდება და ჩემი გათვლებით, შემიძლია გითხრათ, რომ საზღვარგარეთ მცხოვრები ქართველების მიერ ქართულ ეკონომიკაში ჩადებული თანხა უკვე, დაახლოებით, 250 მილიონ ლარს შეადგენს.

ეს იმ პირობებში ხდება, როდესაც კაპიტალი გადის რუსეთიდან, დასავლეთ ევროპიდან, მაშინ, როდესაც წინა წლების განმავლობაში ვინც საქართველოში რაიმეს წარმოადგენდა, ყველა გაქცევას ცდილობდა.

ჩვენ ყველამ კარგად ვიცით, რომ ეს ფული საქართველოში იდება.

ამ ინვესტიციებით (უცხოეთში მცხოვრები ქართველების ინვესტიციებით), უახლოეს კვირებში, რესტორან "არაგვის" ადგილზე "ჰაიატის" ტიპის სასტუმროს კომპლექსის მშენებლობა იწყება.

ეს ინვესტიციები ბევრი პატარა და დიდი ობიექტის მშენებლობაში იდება - მაგალითად, სამეგრელოში კინოთეატრების ქსელის მშენებლობაში.

ამას წინათ, ერთ ქართულ ჯგუფს შევხვდი, რომელიც უცხოეთიდან ჩამოვიდა და საქართველოში ერთ-ერთი ულამაზესი კინოთეატრი ზუგდიდში ააშენა, ამჟამად ეს ჯგუფი იგივეს აკეთებს სენაკში, ფოთში და საქართველოს 4-5 სხვადასხვა ადგილზე.

თითქოს, კინოთეატრების ქსელის გაკეთება პატარა საქმიანობაა, მაგრამ ნუ დაგვავიწყდება, რომ ერთი წლის წინათ, თბილისის გარდა კინოთეატრი არსად არ იყო და, ფაქტობრივად, საერთოდ არ არსებობდა.

ეს საქმე მომგებიანიც არ ჩანდა, მაგრამ, როდესაც ზუგდიდში ჩავედით და ბავშვებთან ერთად კინოში შევედით, აღმოვაჩინე, რომ ეს ბავშვები კინოთეატრში პირველად იყვნენ.

უდავოა, რომ საზოგადოებრივი აზრი ცვალებადია.

კარგად ვიცი, მის ერთ ნაწილს მიდრეკილება აქვს თქვას, რომ რაც კარგი კეთდება ის თავისთავად ხდება, ანუ თავისით იგება გზები, კეთდება სკოლები, საავადმყოფოები, შენდება ჯარი, მყარდება წესრიგი, ხოლო ყველაფერი რაც ცუდია, ეს მთავრობიდან მოდის.

თუმცა საზოგადოების დიდი ნაწილი, მისი აფსოლუტური უმრავლესობა მშვენივრად ხვდება თუ რა ტენდენციაა ქვეყანაში.

ერთი წლის წინათ ჩვენი საზოგადოების უმრავლესობას მიაჩნდა, რომ ქვეყნის მთავარი პრობლემა ელექტროენერგია იყო.

მთავარი, რაც ამ შემთხვევაში მახარებს არის ის, რომ დღეს ამას მხოლოდ სამი პროცენტი ამბობს.

ქართველების 98 პროცენტი ამბობს, რომ ბოლო ორი წლის განმავლობაში არავისთვის მიუციათ ქრთამი და არც ის გაუგიათ, რომ მათ ნათესავს ან ახლობელს ქრთამი ვინმესთვის მიეცა.

ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკმა საქართველოში მომუშავე კომპანიებს შორის გამოკვლევა ჩაატარა და ჩვენი ქვეყანა ევროპის მთელ კონტინენტზე სამ ყველაზე არაკორუმპირებულ ქვეყანათა რიცხვში აღმოჩნდა, ანუ ჩვენ გავუსწარით სკანდინავიის ქვეყნებს, გერმანიას, ინგლისს, საფრანგეთს და აღარაფერს ვამბობ აღმოსავლეთ ევროპის შესახებ.

ჩვენს გარდა ამ სიაში ესტონეთიც აღმოჩნდა და ესტონეთის "ეკონომიკური სასწაულის" ავტორი დღეს საქართველოს პრეზიდენტის მრჩეველია.

მან, თავის გუნდთან ერთად, ისეთივე დაქცეული ქვეყნისგან, როგორიც საქართველო 15 წლის წინათ იყო, არა მხოლოდ აღმოსავლეთ ევროპაში, არამედ მთელ მსოფლიოში ყველაზე წარმატებული ეკონომიკის შექმნა მოახერხა.

თებერვლიდან, მას შემდეგ, რაც დანაშაულის მიმართ ნულოვანი ტოლერანტულობა გამოვაცხადეთ, მაისის მონაცემებით, საქართველოში წვრილმანი და მძიმე დანაშაული ორჯერ შემცირდა, მიუხედავად იმისა, რომ ტელევიზიით ყოველ საღამოს უბედურებას აჩვენებენ, თუმცა დემოკრატიის პირობებში ეს ნორმალურია.

რეალურად დანაშაული შემცირებულია ორჯერ და ამას საზოგადოებრივი გამოკითხვებიც ადასტურებს.

არსებული დანაშაულიც შეიძლება იყოს სოფლებში ნახირის ქურდობა, თავდასხმები მოსავლის აღებისას, თბილისში კი სადარბაზოებში დახვედრა და თავდასხმა, თუმცა მიხარია, რომ ამ მხრივაც კლების ტენდენცია შეინიშნება.

ეს ტენდენცია უნდა გაგრძელდეს.

ერთის მხრივ, ჩვენ მტკიცე და პრინციპული ბრძოლა გამოვაცხადეთ დანაშაულის წინააღმდეგ და ნულოვანი მოთმენა, ტოლერანტულობა წვრილმანი დანაშაული მიმართაც, ხოლო მეორეს მხრივ, ასევე ნულოვანი მოთმენა, ტოლერანტულობა -ყოველგვარი უკანონობისა და ადამიანის უფლებების დარღვევის მიმართ.

ეს ძალზე პრინციპული საკითხია.

ჩვენ ერთდროულად გვჭირდება საზოგადოება, რომელიც არის უსაფრთხო და ისეთი, რომელიც მეორე სახის წნეხის ქვეშ არ იმყოფება.

ჩვენთვის ძალზე მნიშვნელოვანია, რომ ყველა ასეთი ურთიერთობა, ყველა დარღვევა, ყველა დამნაშავე და კრიმინალი პოლიციელი დაისაჯოს, ჩვენ ამას ბოლომდე მივყვებით და მათ სასამართლომდე აუცილებლად მივიყვანთ.

იმ პირობებში, როდესაც ჩვენი პოლიციით ვამაყობთ, ჩვენდა სამწუხაროდ ამ სტრუქტურის რიგებში ასეთებიც შეგვხვდება - ასეთები არიან ამერიკაშიც, ინგლისშიც, საფრანგეთშიც და გასაკვირი არ არის რომ აქაც იქნებიან.

თუმცა მათ წინააღმდეგ ბრძოლას გავაგრძელებთ და საქმეს ბოლომდე მივიყვანთ.

ამავე დროს, უნდა გვესმოდეს, რომ, ზოგადად, ბიზნესთან ურთიერთობის სრული დეკრიმინალიზაცია უნდა მოხდეს.

არ მსიამოვნებს და, სხვათა შორის, არც საგადასახადო პოლიციას სიამოვნებს, როდესაც საწარმო სუბიექტებთან ძირითადი შეხება სწორედ საგადასახადო პოლიციას აქვს.

ეს მხოლოდ იმაზე მეტყველებს, რომ საგადასახადო სისტემაში რაღაც ისე არ მუშაობს, როგორც უნდა იყოს.

ჩვენ გავზარდეთ გადასახადების ამოღება და ეს თქვენი დამსახურებაა.

უფრო დაბალი გადასახადების პირობებში ბევრად მეტი შემოსავალი გვაქვს, მაგრამ ამავე დროს არ შეიძლება, რომ საგდასახადო პოლიცია მუდმივად ურთიერთობდეს ბიზნესთან.

ეს იმას ნიშნავს, რომ ბიზნესი სახელმწიფოსთან კრიმინალურ-სამართლებრივ გარჩევებში შედის.

ამიტომ, ჩვენი ამოცანაა, ისეთი ეფექტური საგადასახადო სისტემა შევქმნათ, რომლის წყალობით, მსგავსი "ქირურგიული" ჩარევა საჭირო აღარ გახდება.

იყო შემთხვევა, როდესაც ერთ მაღაზიაში 20-25 მილიონი ლარი დამალული აღმოჩნდა.

ეს იმას ნიშნავს, რომ საგადასახადო ინსპექციამ სათანადოდ ვერ იმუშავა.

ეს სახელმწიფოს სისუსტეა.

მსგავს ექსცესებს ყველამ ერთად, თანამშრომლობითა და პარტნიორობით უნდა ვებრძოლოთ და გადავლახოთ.

ზემოთ სასამართლო ვახსენე.

იმ პირობებში, როდესაც ბიზნესის წარმომადგენლებს ვეუბნებით, რომ კორუფცია და გამოძალვა აღარ არის, მთელ საქართველოში მოგვარდა ელექტროენერგიის პრობლემა, რაც იმას ნიშნავს, რომ საწარმოების გახსნა ყველგან შეიძლება; იმ პირობებში, როდესაც ვაშენებთ გზებს, მეტი უსაფრთხოებაა, ორგანიზებული დანაშაული, ყაჩაღობა და ბანდიტიზმი საქართველოში აღარ არის, ჩვენი ამოცანაა, რომ მიუკერძოებელი სასამართლო სისტემა შევქმნათ.

ჩვენ ისეთი სასამრთლო სისტემა უნდა შევქმნათ, რომელიც საწარმოო დავების გადაწყვეტას ისე შეგვაძლებინებს, რომ ბიზნეს სუბიექტი ჩინოვნიკის ხელში აღარ აღმოჩნდეს.

არბიტრაჟის ის სისტემა, რომელიც აქამდე გვქონდა საკმაოდ სულელური იყო.

ჩვენ თავის მოტყუებას არ ვაპირებთ - ერთი და იგივე ხალხს შექონდა არბიტრაჟში საქმე, ერთი და იგივე არჩევდა მას, და იგივე ხალხი ამტყუნებდა სახელმწიფოს.

ჩვენ არც სულელები და არც იმდენად გამოუცდელები ვართ, რომ ეს დაგვეშვა.

საქართველოში ისეთი არბიტრაჟის სისტემა უნდა გვქონდეს, რომელიც რეალურად იქნება მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი.

გამიჩნდა იდეა და ამასთან დაკავშირებით ევროკავშირთანაც ვმუშაობთ, რომ საწარმოო დავების გარჩევისას, უცხოელი მოსამართლეები მოვიწვიოთ.

მაგალითად, 50 ან 100 დასავლეთევროპელი მოსამართლე მოვიწვიოთ და 2-3 წლის განმავლობაში ამავე რაოდენობის ქართველ მოსამართლეებთან ერთად თქვენსა და სახელმწიფოს შორის არსებული დავები გადაწყვიტონ.

ამას მომზადება დაჭირდება, რისთვისაც რამდენიმე თვე უნდა ვიმუშავოთ, მაგრამ ეს საშუალებას მოგვცემს, რომ თანდათანობით ამ დავების გარჩევით, ისეთი სტანდარტები შევქმნათ (ჩვენი კანონმდებლობა ასე თუ ისე შეესაბამება ევროპულს), რომელიც ქართულ სამართალში შემდგომშიც დარჩება.

ამის შემდეგ უცხოელების გარეშეც შევძლებთ, არსებული დავები თავად გადავწყვიტოთ.

მინდა, რომ ამისათვის ყველა ერთად მოვემზადოთ, მსურს, რომ ამ თემასთან დაკავშირებით დიალოგი გაიმართოს და ვიმუშაოთ.

რა თქმა უნდა, არც თქვენი ცხოვრებაა ადვილი და მე ეს კარგად ვიცი, რადგან ჩვენი ქვეყანა დიდი ზემოქმედების ქვეშ იმყოფება.

ნახეთ როგორი გახარებულია დღეს ხალხი, როგორი სიხარულია დღეს თბილისის ქუჩებში.

თუმცა ჩართეთ რომელიმე რუსული ტელეარხი და "მოგითხრობენ" თუ რა ხდებოდა საქართველოში - მასობრივი შეტაკებები, დარბევები, მთელი ქვეყანა იყო გამოსული ქუჩაში ხელისუფლების დასამხობად, იყო ექსცესები, შენობები ინგრეოდა, ხალხს ხოცავდნენ, ვინც გადარჩა ის დაიჭირეს და, საერთოდ, ქვეყნის აღსასრული დადგა.

ერთ-ერთმა ჩემმა შუააზიელმა მეგობარმა, რომელიც საქართველოში ძალიან მსხვილი ინვესტორია, მითხრა, რომ რუსეთის ტელევიზიებით გავრცელებული მსგავსი ინფორმაციების ნახვისას რწმუნდება, რომ საქართველოს ჯერ ყველაფერი კარგად აქვს.

ეს ზეგავლენა არსებობს და სირაქლემის პოზიციას არასოდეს მოვმართავთ.

ზემოქმედებას ახდენენ და ეს წნეხი რეალურად არსებობს.

მარტ ლაარი დღეს შემთხვევით არ მიხსენებია.

ესტონეთზე 4-ჯერ მეტი ზეწოლა ხორციელდებოდა, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენზე 4-ჯერ პატარა ქვეყანაა.

მას ბაზრის 95 პროცენტი რამდენიმე კვირაში გადაუკეტეს.

ბოლო 12 წლის გამნმავლობაში კი ესტონეთი ევროკავშირის ყველაზე სწრაფად მზარდი ქვეყანაა ყველაზე კონკურენტუნარიანი პროდუქციით, რომელიც ტოლს არ უდებს სინგაპურს, ჰონ-კონგს, სამხრეთ კორეას, ამერიკის შეერთებულ შტატებს, ფინეთსა და შვედეთს.

როგორ მოახერხეს ეს? - მათ არაფრის არ შეეშინდათ!

ყველა გზა მოძებნეს და საწადელს მიაღწიეს.

ეს პროცესი ჩვენთანაც დაიწყო: შარშან ზაფხულში ვაშლის ბაზარი გადაგვიკეტეს - უკვე რამდენიმე საწარმო გავხსენით, რომელიც ვაშლის წვენს უშვებს; შარშან დეკემბერში მანდარინის ბაზარი დაკეტეს - წელს აჭარაში უკვე მონტაჟდება 4 დიდი გადამამუშავებელი საწარმო, რომელიც ჩვენი ციტრუსების 80 პროცენტს გადაამუშავებს; დაგვიკეტეს ღვინის ბაზარიც - მიმაჩნია, რომ ეს უფრო შანსია ჩვენთვის, ვიდრე თავსდამტყდარი უბედურება, რადგან ჩვენ შეგვიძლია ავსტრალიურზე და ჩილეს ღვინოზე უკეთესი გავაკეთოთ. ჩვენ განსაკუთრებული ღვინო გვაქვს და თითოეულ ჩვენგანს მოუსმენია, თუ როგორ აფასებენ ევროპელები მას.

ამის საპასუხოდ, წელს კახეთში ვამონტაჟებთ ყურძნის კონცენტრატის გამომშვებ ქარხანას, რომელიც, ჩვენი გათვლებით, ჩაიბარებს და გადაამუშავებს მთლი ყუძნის 40 პროცენტს.

წელს უკრაინისა და აღმოსავლეთ ევროპის ბაზრებზე ბევრად უფრო ფართოდ დავიწყეთ გასვლა.

ჩვენ მადლობა უნდა გადავუხადოთ იმ ადამიანებს, რომლებმაც ემბარგო დააწესეს, რადგან ამით ქართულ ღვინოს უზარმაზარი რეკლამა გაუკეთა, რასაც ჩვენ ალბათ ვერასოდეს მივაღწევდით: მთელმა მსოფლიომ გაიგო, რომ საქართველოს აქვს ღვინო და ის მაღალი ხარისხისაა.

რა თქმა უნდა, არავის სჯერა იმის, რომ ჩვენი ღვინო პესტიციდებითაა სავსე.

ჩვენი ღვინის შესახებ დღეს მთელი ბრიტანული და ამერიკული პრესა წერს, აღმოსავლეთ ევროპაში ბილბორდებია გაკეთებული, რაზეც ამჟამადაც ვმუშაობთ.

თუმცა ყოველივე ეს ბიზნესსა და სახელმწიფოს შორის პარტნიორობით უნდა გვაკეთოთ.

სახელმწიფო ბიუჯეტიდან, რომელიც თქვენს მიერ გადახდილი გადასახადებით ივსება, ღვინის ფესტივალებისა და სარეკლამო კამპანიებისთვის იხარჯება ფული, უნდა მოვახმაროთ იმასაც, რომ ქართული ღვინის ფალსიფიკაციის წინააღმდეგ ესპანეთში, ბულგარეთში, თუ სხვა ქვეყანაში სასამართლო საქმეები აღვძრათ, ვიქირავოთ მარკეტინგული კომპანიები და იმის შესაძლებლობა მოვნახოთ, რომ 2-3 წელიწადში ბევრად მეტი ღვინო გავყიდოთ, ვიდრე აქამდე ვყიდდით და შემდეგ უკვე ხელახლა, გარდაუვალ ვითარებაში დავიბრუნოთ ტრადიციული ბაზარი.

რა არის ჩვენთვის დამოუკიდებლობა, რაც ყველაფრის მთავარი წინაპირობაა - გაზის ჩაკეტვას აზრი არ ექნება, თუ ალტერნატიული გაზი გვექნება.

ჩვენ ამაზე ვიმუშავეთ და ალტერნატიული გაზი საქართველოს უკვე აქვს, ამიტომ გაზის გადაკეტვას არც დღეს აქვს აზრი, ხოლო შემოდგომით კი საერთოდ დიდი სისულელე იქნება.

როდესაც მთლიანად ერთ ბაზარზე ხარ დამოკიდებული ის ბაზარი აუცილებლად ჩაიკეტება, მაგრამ საკმარისია პროდუქციის ნახევარის გაყიდვის საშუალება სხვა ბაზარზეც გქონდეს, ყოველგვარ შეზღუდვას აზრი ეკარგება.

დივესრიფიკაცია, სხვადასხვა კავშირების მოძებნა - ეს მთავარი გასაღებია იმისათვის, რომ არსებული ვითარებიდან გამოსვლა შევძლოთ.

ჩვენი განვითარება არც ერთი წუთით არ უნდა შევაჩეროთ.

რაც არ უნდა ილაპარაკონ იმის თაობაზე, რომ საქართველო ინგრევა და ნადგურდება, დღეს ყველამ საკუთარი თვალით იხილა საქართველოს არმია, მისი მომზადების დონე, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენი ტექნიკის 90 პროცენტი არც კი გამოგვიყვანია.

ჩვენ არ გამოგვიყვანია ყველა ჯარისკაცი, რადგან სამხედრო ნაწილებს დაცვა და გამაგრება სჭირდება.

სენაკის ბაზაზე ოთხი დღე გავატარე: ჯარისკაცებთან ერთად დავრბოდი, მათთან ერთად ვიკვებებოდი, ფეხბურთს ვთამაშობდი და ყოველ საღამოს ვუყურებდი შტაბის განათებულ შენობას.

ნაწილი ისეთია, როგორიც ფილმებში გვინახავს - საუკეთესო დასავლური ნაწილი.

ოფიცრები, სერჟანტები კომპიუტერებთან სხედან, რუკებთან მუშაობენ და ამის ყურება ერთი სიამოვნება იყო.

ერთ ჯარისკაცსაც ვერ ნახავდით, რომელიც უაზროდ დაყიალებდა, რაც საბჭოთა ჯარის პირობებში ბევრი იყო.

რაც მთავარია, მათთან ურთიერთობისას დავრწმუნდი, რომ ისინი სხვა ფსიქოლოგიის ადამიანები არიან.

ეს სახელმწიფო აპარატის ყველა რგოლს ეხება.

წელს საქართველოს 300 სკოლაზე მეტს ევროპულ დონეზე ვაკეთებთ, მათ შორის რამდენიმე ათეული ახალი სკოლა შენდება.

ყველა სკოლას ექნება გათბობის თანამედროვე სისტემა, ახალი კარ-ფანჯარა, თითოეულ მათგანში შეიცვლება მერხები, ამ სკოლების სრული კომპიუტერიზაცია მოხდება, ხოლო ინტერნეტიზაციის პროცესი მთელი საქართველოს მასშტაბით მიმდინარეობს.

შარშან ქუთაისის საავადმყოფო ავაშენეთ, რომელიც ამიერკავკასიაში ყველაზე თანამედროვეა.

წელს ზუგდიდსა და გორში ორ ახალ თანამედროვე საავადმყოფოს ვაშენებთ, რაც აგვისტოს დამდეგს დასრულდება, ხოლო თბილისში რესპუბლიკური საავადმყოფოს მშენებლობას ვიწყებთ.

ნიუ-იორკიდან ძალიან ძლიერი ქართველი ექიმი - ნიკა ყიფშიძე ჩამოვიყვანეთ, რომელმაც, თავის მხრივ, დასავლეთიდან ქართველი ექიმების მთელი გუნდი ჩამოიყვანა.

ნიუ-იორკში მას ზეწარმატებული კარიერა ჰქონდა, მაგრამ მან და მისმა გუნდმა ყველაფერი - ბევრად უფრო მაღალი ხელფასები დატოვეს და საქართველოში ახალი საავადმყოფოს და, ფაქტობრივად, ახალი მედიცინის საკეთებლად ბრუნდებიან.

რესპუბლიკური საავადმყოფო ყველაზე თანამედროვე იქნება ყოფილი საბჭოთა კავშირის ტერიტორიაზე.

ფული, რომელსაც თქვენ გადასახადების სახით იხდით, ამ საქმესაც ხმარდება.

რამდენიც, არ უნდა ინერვიულონ, "შეგვილოცონ" და ილაპარაკონ, მწყობრიდან არ უნდა გამოვიდეთ, რადგან ეს ჩვენი მომავალია.

ჩვენი მომავალია სკოლები და განათლების ხელმისაწვდომობა და საყოველთაობა, საავადმყოფოები და მათი ხელმისაწვდომობა, ინფრასტრუქტურა და მისი მეშვეობით ხალხის დასაქმება და ახალ პერსპექტივებზე გასვლა.

წელს ჩვენ ტექნიკური მომზადების ცენტრებს ვხსნით და ამ საქმეში თქვენი დახმარება მჭირდება.

ჩვენ გვჭირდება დიდ რაოდენობის სამშენებლო პერსონალი, მლესავები, მღებავები, "პრარაბები" და თქვენ, ვინც სამშენებლო ფირმებს ხელმძღვანელობთ, ეს უკეთ იცით.

მიამაგრეთ თქვენი ოსტატები ამ ცენტრებს, ხელფასებს ჩვენ გადავუხდით მათ, ოღონდ მომზადებული პერსონალი სამუშაოდ თქვენვე წაიყვანეთ, რადგან დარწმუნებული ვარ, რომ ეს ხალხი საჭიროა.

ამას წინათ ბათუმში ვიმყოფებოდი, სადაც მშვენიერი ახალი სასტუმრო აშენდა და კიდევ 30 ასეთი სასტუმრო შენდება, მაგრამ იმისათვის, რომ ტურიზმის დონე მაღალი იყოს, საკმარისად მომზადებული პერსონალი არ გვყავს.

ასევე ოფიციანტების მომზადება გვჭირდება, რაც მაღალტექნოლოგიურად უნდა შესრულდეს.

ამას წინათ ჩვენი შეიარაღებული ძალების ერთ-ერთი მაღალტექნოლოგიური ობიექტი დავათვალიერე და იქ იყო ახალგაზრდა, რომელსაც საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი აქვს დამთავრებული და უცხოეთში საკმაოდ კარგი მომზადება გავატარეთ.

უნდა ნახოთ რა მაგარი ახალგაზრდები არიან, მაგრამ ისინი მხოლოდ ჯარში კი არ გვჭირდება, არამედ უპირველეს ყოვლისა - ბიზნესსა და წარმოებაში.

უნდა გვესმოდეს, რომ ხვალ და ზეგ მთელი რეგიონი ძალიან სწრაფი ტემპით განვითარდება.

ამ წლის პირველ სამ თვეში ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელმა 11 პროცენტი შეადგინა და ეს ძალზე მაღალი შედეგია.

თუმცა ასეთივე შედეგი აზერბაიჯანშიც იქნება.

ეს იმას ნიშნავს, რომ ხვალ აზერბაიჯანსაც დასჭირდება მაღალკვალიფიციური შენებელი, ინჟინერი, მუშახელი და ამ ბაზარზე ქართველები უნდა შევიდნენ.

ასეთივე გვითარებაა, შუააზიაში, შავიზღვისპირა რეგიონში...

რატომ უნდა დავუთმოთ ეს შესაძლებლობა სხვას, როდესაც საქართველო ასეთი ინტელექტისა და ნიჭის საბადოა.

ეს ჩვენ ერთად უნდა გავაკეთოთ.

მაგალითად, დღეს ღორის ხორცის 70 პროცენტი იმპორტია, ძროხის ხორცი ჩვენი საკმარისი არ გვაქვს...

სოფლის მეურნეობაზე ვლაპარაკობ!

საქართველო სამშენებლო მასალებით სავსეა, მაგრამ მას დამუშავება და სათანადოდ მომზადება სჭირდება.

არადა, მასალათა აბსოლუტური უმეტესობა იმპორტირებულია.

ეს ერთხელ და სამუდამოდ უნდა დავასრულოთ.

ყველაფერი უნდა ავითვისოთ, ამას ჩვენი ინტელექტუალური პოტენციალი და სხვა ბაზრებზე გავიდეთ.

ამის შესაძლებლობა ქართველებს ნამდვილად აქვთ და ეს ერთად უნდა გავაკეთოთ.

საამისოდ ჩვენ მუდმივი დიალოგი გვჭირდება.

ბევრი სასარგებლო საქმე კეთდება.

მაგალითად, თბილისში ე.წ. ხრუშჩოვკების ნგრევა დაიწყო და სამშენებლო კომპანიები მათ ადგილზე ახალი სახლების მშენებლობას იწყებენ.

სხვათა შორის ეს პროცესი ვარკეთილის, მეტრომშენის, მოსკოვის პროსპექტის, ნუცუბიძის, ვაჟა-ფშაველას გამზირის კვარტლების დასახლებებში მიმდინარეობს.

მსურს დავსხდეთ და სამშენებლო ფირმებთან ერთად განვაცხადოთ, რომ მზად ვართ განსაკუთრებული პირობები შევქმნათ და ხელი შეგიწყოთ იმისათვის, რომ უპირველეს ყოვლისა ასეთი მშენებლობებით დაინტერესდეთ.

უწინარესად ასეთი ხალხი უნდა გავიყვანოთ და ბინებით დავაკმაყოფილოთ, რადგან ეს ჩვენი საზოგადოების ყველაზე დაუცველი ფენაა.

სადაც შეგვიძლია შევიმუშავოთ სპეციალური სქემა და ეს ერთად გავაკეთოთ.

საქართველოში არის ისეთი ზონები, რომლებიც ძალზე სწრაფად ვითარდება: აჭარა, სამეგრელო...

თუმცა არის ისეთი ზონებიც, სადაც ბუნებრივი პირობების გამო, განვითარების პროცესი კარგად ვერ მიდის.

მოდით დავსხდეთ და მოვიფიქროთ როგორ შევქმნათ იქაც განვითარების ასეთი პირობები.

თუ განვითარდა ბათუმი და არ განვითარდა ოზურგეთი, თუ განვითარდა ზუგდიდი და არ განვითარდა ლაგოდეხი, ჩვენი ქვეყანა წინ ვერ წავა.

თუ გამდიდრდნენ ერთნი და სრულიად გაღარიბდნენ მეორენი, ქვეყანა წინ ვერ წავა.

ჩვენ უნდა შევქმნათ სამართლიანი მოდელი, მაგრამ ასეთი მოდელი დირექტივებით არ იქმნება.

სამართლიანი მოდელი შეიქმნება ჩვენი თანამშრომლობის საფუძველზე, სახელმწიფოს მაქსიმალური თავისუფლებით, გახსნილობით, მოქნილობით და ბიზნესთან ყოველდღიური ურთიერთობის შედეგად.

ჩვენ მართლაც რადიკალურ რეფორმებს ვახორციელებთ და ისეთი შრომის კოდექსი მივიღეთ, რომელიც აღმოსავლეთ ევროპაში ყველაზე ლიბერალურია.

საფრანგეთში 30 მილიონი ადამიანი ქუჩებში გამოვიდა და შრომის კოდექსი ჩავარდა.

გუშინ საქართველოს პარლამენტმა კარგი გაკვეთილი მისცა საფრანგეთის პოლიტიკურ ელიტას - მიიღო ყველაზე ლიბერალური შრომის კოდექსი, როგორიც ადამიანმა შეიძლება წარმოიდგინოს.

ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენ ლეგალურად სამუშაოდ, ყველა გზა გახსნილი გაქვთ; თქვენ ვეღარავინ დაგაშანტაჟებთ და ვერც შრომის ინსპექცია დაგადგებათ თავზე, რომელიც სხვათა შორის აღარ არსებობს და ვერც ვერავინ მოგთხოვთ პასუხს გაუფორმებელ თანამშრომელზე.

თქვენ სამუშაოდ უნდა აიყვანოთ ბევრი ადამიანი, გამოიყენოთ მათი ნიჭი და შრომა, მაგრამ ამავე დროს, აღარ უნდა იყოთ ზედმეტი შანტაჟისა და რეგულაციების შიშის ქვეშ.

საბაჟო სისტემაში შემოვიღეთ ისეთი ტარიფები, რომლებიც საშუალებას გაძლევთ მანქანა-დანადგარები უფრო განვითარებული ქვეყნებიდან საბაჟო გადასახადების გარეშე შემოიტანოთ და ასევე მინდა გავაფართოვოთ იმ სამშენებლო მასალების იმპორტი, რომელთა წარმოება საქართველოში შეუძლებელია.

უნდა მივიღოთ ახალი საინვესტიციო კანონი.

მსურს ეს კანონი იყოს ისეთი, რომ თუ გარკვეულ ზღვარზე მეტი ინვესტიცია ხორციელდება, ვერც ერთი გამგებელი და ინსპექტორი, ნებისმიერი მთავრობის პირობებში, თეორიულადაც კი, ვერ მიეკაროს ბიზნესს.

თავისუფლების მოედანზე გავხსენით და უკვე გვაქვს საინვესტიციო ცენტრი, ნებისმიერს შეუძლია მივიდეს და მიიღოს ნებისმიერი ინფორმაცია.

საქართველოში ყველა ნებართვა ერთი კვირის ვადაში უნდა გაიცეს.

ეს ჩვენი უპირატესობაა.

მოსკოვში სამშენებლო ნებართვას ორი წელი, ხოლო კიევში სამი წელიწადი სჭირდება.

საქართველოში ეს ერთ კვირაში მოხდება, ან განსაკუთრებულ შემთხვევაში მოტივირებულ უარს მიიღებენ.

ნებართვის მიღების შემთხვევაში თქვენს ბიზნესში ვეღარავინ ვერ უნდა ჩაერიოს და ხელი ვერ უნდა დაგაკაროთ.

ისევე როგორც საკუთრება არის ხელშეუხებელი და ვერასოდეს ვერავინ ვერ უნდა შეეხოს.

ჩვენი განვითარების მთავარი პრინციპი და სხვა ქვეყნებთან შედარებით ჩვენი უპირატესობაა პროგნოზირებადობა, წესრიგი, კანონის უზენაესობა და თითოეული ადამიანის დაცულობაა.

ჩვენ არ გვაქვს ნავთობი და გაზი, მაგრამ ეს ფასეულობები იმდენად ძლიერია და ძალზე ცოტა ქვეყანამ შეძლო მათი შექმნა, რომ ამ მხრივ, საქართველო ისტორიულ შანსს აძლევს თითოეულ თქვენგანს და მთლიანად ჩვენს საზოგადოებას.

დაბოლოს, მინდა, რომ ყველამ იჩქაროს, მინდა, რომ გვერდზე გადადებული კაპიტალი და მუთაქებსა და ბანკებში შენახული არ იყოს, რადგან საქართველოში სწორედ ეხლაა ფულის ჩადების დრო.

პრივატიზაციით შემოსულმა თანხამ ნავარაუდევს სამჯერ გადააჭარბა, რადგან პროცესი პატიოსნად წარიმართა.

მართალია, ზოგიერთს ეს პატიოსნება საწყენად დარჩა, მაგრამ უმეტესობას გაეხარდა.

ეწყინა მას, ვისაც ეგონა, რომ ხელისუფლებასთან ახლოს ყოფნით რაღაცას ჩაიგდებდა ხელში, მაგრამ ძირითადი ნაწილი მიხვდა, რომ მეტის გადახდის და უკეთესი პირობების წამოყენების შემთხვევაში გამარჯვება გარდაუვალი იქნებოდა.

ეხლა ენერგეტიკის პრივატიზაცია და ახალი ჰიდროელექტრო სადგურებისა და ენერგოობიექტების მშენებლობა გვაქვს წინ.

დარწმუნებული ვარ, რომ აქედანაც ძალიან ბევრი შემოვა, რადგან ყველაფერი პატიოსნად და გამჭვირვალედ ხორციელდება.

ფული მოდის და საქართველოში აღმოსავლეთ და დასავლეთ ევროპიდან ინვესტორთა რიგი დგას.

ორი აეროპორტი შენდება თურქეთის ფულით.

ერთი აღმოსავლეთ ევროპული ქვეყანა მაინც მაჩვენეთ, რომელმაც განვითარების პირველივე ორ წელიწადში ორი აეროპორტი ააშენა.

ეს ესტონეთმაც ვერ გააკეთა.

ჩვენ ეხლა კაპიტალის დეფიციტი არ გვექნება, მაგრამ მინდა ეს თქვენც გაითვალისწინოთ, რადგან რაც უფრო ადრე ჩადებთ ფულს, მით მალე და ნაკლები თანხის საფასურად ნახავთ უფრო მეტ მოგებას, ეს ცხოვრების ჩვეულებრივი პრინციპია.

ვფიქრობ, რომ ყველა, ვინც აქ იმყოფება ამას მშვენივრად ხვდება, მაგრამ მთავარია, რომ ჩვენს საზოგადოებას დროულად ვუთხრათ ეს და დროზე გავუჩინოთ პერსპექტივა.

საზოგადოებამ უნდა გაითავისოს, იმით, რომ თითოეული თქვენგანი წარმატებულია, საქართველოში მცხოვრები თითოეული ადამიანი უკეთესად ცხოვრობს და მეტი სოციალური სამართლიანობაა, მათ შორის თითოეული ოჯახისათვის.

ეს მძიმეა, ადვილი არ არის, მაგრამ ეს შესაძლებელია.

იქნება ყოველთვის უფრო ნაკლები, ვიდრე გვსურს, ყოველთვის იქნება მეტის მოსურნე და უკმაყოფილო ხალხი, მაგრამ ესეც პროგრესის ნიშანია.

როდესაც ყველა ცუდად ვცხოვრობდით და ყველაფერი ცუდად იყო, ხალხს პატარა რამეც ახარებდა.

ეხლა, როდესაც საზოგადოება ვითარდება და წინ მიდის, ყველას უნდა, რომ უფრო სწრაფად გამდიდრდე, უფრო სწრაფად გაუჩნდეს პერსპექტივა, რომ მათი ახლობლები უფასო სასადილოებში არ დადიოდნენ.

იმ დღესაც მოვესწრებით, როდესაც ასე იქნება, მაგრამ იქამდე ჯერ კიდევ დიდი გზა გვაქვს გასავლელი.

მანამდე კი, კიდევ ერთხელ მსურს, ჩვენი დამოუკიდებლობის ამ ლამაზ დღეს გავიაზროთ, რომ ჩვენ მოთმინება, ოპტიმიზმი, და ძალიან ბევრი მუშაობა გვჭირდება.

უწინარეს ყოვლისა, ჩვენ, საქართველოს მთავრობას სამჯერ-ოთხჯერ მეტი მუშაობა გვმართებს და მსურს, რომ თქვენც ჩვენს გვერდით იყოთ ამ წინსვლაში, ამ დიდ მუშაობაში, ჩვენს ერთობლივ მცდელობაში, მტრის ჯინაზე, ფეხზე დავაყენოთ და შევქმნათ ძალიან მაგარი ქვეყანა, რომელსაც ვერც ერთ სხვა ქვეყანას ვერ შევადარებ.

ჩვენ ყველანი ერთად უნდა დავდგეთ და მაშინ ყველაფერს გადავლახავთ, ყველა წინააღმდეგობასა და პრესს გავუძლებთ.

მათ უნდა ინერვიულონ, ვინც ჩვენს წაქცევას ცდილობს, ხოლო ჩვენ ჩვენი საქმე უნდა ვაკეთოთ.

დიდი მადლობა აქ მობრძანებისთვის და კიდევ ერთხელ გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს!


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის მასმედიასთან და
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)