Google+

სიახლეები

22.08.2006
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საჩხერის სამხედრო ბაზის გახსნას დაესწრო

მინდა მოგესალმოთ ყველას!

მსურს მივესალმო ჩვენს სტუმრებს - ამერიკის სენატის საგარეო საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარეს სენატორ რიჩარდ ლუგარს - ჩვენს მეგობარს, საფრანგეთის თავდაცვის მინისტრის მოადგილეს ბატონ დამეკურს და სხვა უცხოელ სტუმრებს!

დღეს ჩვენთვის ძალზე მნიშვნელოვანი დღეა.

დღეს საქართველოში კიდევ ერთ ახალ ყველაზე თანამედროვე ბაზას ვხსნით.

რეგიონში ჩვენ ერთ-ერთი ყველაზე პატარა არმია გვყავს, მაგრამ ის ყველაზე მომზადებული, თანამედროვეა და მოტივირებული დაიცვას საკუთარი ქვეყანა და შეასრულოს საბრძოლო ამოცანები.

ჩვენ გვაქვს სენაკის სამხედრო ბაზა, რომელიც ყოფილი საბჭოთა კავშირისა და აღმოსავლეთ ევროპის მასშტაბით, ყველაზე თანამედროვე, ყველაზე კეთილმოწყობილი და შტამბეჭდავია.

დღეს საჩხერეში ვხსნით ახალ ბაზას, რომელიც ყველაზე თანამედროვე, ევროპული სტანდარტების მიხედვითაა მოწყობილი.

მომავალი წლის 26 მაისისთვის კიდევ ერთი დიდი ბაზა გორში გაიხსნება, რომელიც მოწყობილი იქნება ისე, როგორც ეს საქართველოს, ევროპასა და მომავალში ნატოს წევრ ქვეყანას ეკადრება.

ეს ძალზე მნიშვნელოვანია, რადგან ჩავიბარეთ დანგრეული ქვეყანა, სადაც ყველაფერი დაშლილი და განადგურებული იყო, მაგრამ დღეს უკვე ყველაფერი შეიცვალა.

ჩვენ გზად მცხეთის ახალ სასამართლოშიც შევიარეთ, რომელიც ისევეა მოწყობილი როგორც ეს ჰოლანდიასა და გერმანიაშია.

მართალია, აქ ხალხი ჯერ ისე ვერ ცხოვრობს, როგორც ამერიკაში, საფრანგეთში, ჰოლანდიასა და გერმანიაში, მაგრამ ყველაფერი, რასაც ვაკეთებთ და მომავალში გავაკეთებთ, ევროპულ სტანდარტებს უნდა შეესაბამებოდეს.

ყველაფერს, რასაც ვაკეთებთ ლაზათიანად, ჩვენი შვილებისა და ხალხისთვის, ჩვენი ქვეყნისა და მისი სიძლიერისთვის, მისი ნათელი მომავლისთვის ვაკეთებთ და ყველაფერი სწორედ ამიტომ გამოდის ყველაზე კარგი.

მინდა მადლობა მოვახსენო ფრანგ ოფიცრებს, რომლებიც აქ სამთო ბატალიონში ჩვენს შეიარაღებულ ძალებს წვრთნიან.

1921 წელს საქართველოს არ აღმოაჩნდა საკმარისი პოლიტიკური ნება და საკმარისი რესურსები საკუთარი თავის დაცვის თვალსაზრისით.

ამიტომ, საქართველოს მთავრობის მთელი შემადგენლობა და ბევრი სხვა ქართველი პატრიოტი იძულებული გახდა საფრანგეთში გადასახლებულიყო.

ფრანგი ოფიცრების მიერ ქართველი ოფიცრების გაწვრთნა და მათი აქ ყოფნა იმის გარანტიაა, რომ ჩვენ აღარასოდეს მოგვიწევს გადასახლება არც საფრანგეთში და არც ნებისმიერ სხვა ქვეყანაში.

ჩვენ შევინარჩუნებთ დამოუკიდებლობას, განვამტკიცებთ საქართველოს თავისუფლებას, აღვადგენთ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობასა და საკუთარ ქვეყანაში ბედნიერები და ძლიერები საიმედოდ ვიქნებით დაცულები.

აქედან გამომდინარე, ფრანგების აქ ყოფნა ჩვენთვის ძალზე მნიშვნელოვანი ფაქტია.

მინდა დიდი მადლობა მოგახსენოთ და საჩხერის სამთო წვრთნის ბაზა გახსნილად გამოვაცხადო.

კიდევ ერთხელ მოგილოცავთ ყველას, ჩვენი ჯარისთვის, შეიარაღებული ძალებისთვის ძალზე მნიშვნელოვან და ისტორიულ დღეს.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის მასმედიასთან და
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)