Google+

სიახლეები

30.08.2006
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საქართველოს მთავრობის სხდომას დაესწრო

მოგესალმებით!

საქართველოში საპენსიო სისტემას კონცეპტუალური გადახედვა სჭირდება.

რა თანხაზეც არ უნდა ვისაუბროთ, ადამიანების მოთხოვნის ადეკვატური მაინც ვერ იქნება. იმისათვის, რომ საქართველოში მართლა ევროპული ტიპის პენსიები იყოს, ამას სერიოზული მომზადება და სხვა სისტემის შემოღება სჭირდება.

დღეს ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რაც ჩვენს ხელთ არის.

ჩვენ გვყავს ადამიანთა რიცხვი, რომლებიც სიღარიბის ზღვარს ქვემოთ იღებენ პენსიას.

დღეისათვის ორი მომენტია: პირველი- დახმარების მომენტი მნიშვნელოვანია, ვფიქრობთ ღარიბებს პენსიები უნდა გავუზარდოთ, მაგრამ არსებობს მეორე მომენტიც - პენსიები ნამსახურების და სტაჟის მიხედვით გავზარდოთ, ვფიქრობ ეს უფრო სამართლიანია.

მიმაჩნია, რომ მინიმალური უნდა მივცეთ ღარიბებს, რათა სიღარიბის ზღვარი ავწიოთ. პენსიები ნამსახურების და სტაჟის მიხედვით უნდა გავზარდოთ.

დღეს საქართველოს მთავრობას ორივე მომენტის განხორციელების შესაძლებლობა გააჩნია. უსამართლობაა, როცა ადამიანი, რომელიც დამსახურებული შრომის ვეტერანია, იღებდა მადლობებს, იყო დაფასებული, დღეს ეუბნებიან, რომ შენი დამსახურება აღარ გვაინტერესებს და შენი ორმოცწლიანი სტაჟით იმ ადამიანს უნდა გაუტოლდე, რომელსაც ერთი დღეც კი არ უმუშავია.

ეს არ არის სამართლიანი, ეს სახელმწიფოს მხრიდან უმადური საქციელია. აქედან გამომდინარე, ნამსახურების მიხედვით პენსიების გაზრდა სამართლიანობის გამარჯვებაა.

მეორეს მხრივ - არ არის სწორი, რომ ეს მხოლოდ თბილისის მაშტაბით განხორციელდება.

ჩვენ ყველანაირად ხელს შევუწყობთ ადგილობრივ ხელისუფლებას, რომელიც 5 ოქტომბრის არჩევნების შემდგომ მოვა.

იმედია ადგილობრივი ხელისუფლება კარგი ხალხით დაკომპლექტდება და არა მოლაყბე ელემენტებით.

ჩვენ ისეთ პირობებს შევქმნით, რომ ის ადამიანები, ჩვენი დახმარებით, მომავალი წლიდან მთელი საქართველოს მაშტაბით პენსიების გაზრდას შეძლებენ. ამას კარგი მომზადება უნდა.

თბილისში არის მმართველობა, რომელიც ჩვენ დავაკომპლექტეთ.

ამ დრომდე თბილისში მერი საქართველოს პრეზიდენტის მიერ ინიშნებოდა.

საკრებულოს მთლიანად ჩვენ ვაკონტროლებდით, მათ კორუფციის დაძლევის კუთხით შიდა რესურსის გამონახვა მოახერხეს. დამსახურებული ადამიანები არიან თბილისშიც, რუსთავშიც, ზუგდიდშიც, თელავშიც და ქუთაისშიც.

ყველა ამ ადამიანისთვის უნდა ჩამოვაყალიბოთ ის პირობა, რომ მომავალი წლიდან იგივეს გაკეთება მთელი საქართველოს მაშტაბით შევძლოთ.

მე კარგად ვიცი, რომ ორმოცდარვა ლარი ადამიანს ვერ გააბედნიერებს, მაგრამ ჩვენ როცა მოვედით ხელისუფლებაში, პენსია თოთხმეტი ლარი იყო, რომელსაც მთელ რიგ რეგიონებში ხალხი არ იღებდა თვეობით, ხოლო სადაც იღებდნენ, იქ მათ წილში ბანკი უჯდებოდა, ერთ ლარს ართმევდა და ხელზე ცამეტ ლარს იღებდნენ.

იმის შემდეგ პენსია სამ ნახევარჯერ გაიზარდა. ისიც კარგად ვიცი, რომ ფასებიც გაიზარდა, მაგრამ პენსიებთან შედარებით ნაკლებად.

თვითმართველობამ თავის რეგიონში პენსიების გაზრდა უნდა მოახერხოს. რადგან ეს თბილისმა და მისმა კონსოლიდირებულმა ხელისუფლებამ მოახერხა, ასეთივე ხელისუფლება უნდა ჩამოყალიბდეს ყველგან, ჩვენ მათაც დავეხმარებით და ამას შევაძლებინებთ.

ვფიქრობ, თბილისის მერის გადაწყვეტილება პენსიების დამსახურების მიხედვით გაზრდის თაობაზე, მოწონებული უნდა იყოს.

ეს არის სწორი, სამართლიანი მომავლის სისტემა.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის მასმედიასთან და
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)