Google+

სიახლეები

02.11.2006
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ისრაელში ქართულ დიასპორას შეხვდა

მოგესალმებით ყველას!

ჩვენ საჭიროდ ჩავთვალეთ აშდოდში ჩამოსვლა და თქვენთან შეხვედრა.

ეს შეხვედრა დიდი ხნის წინათ უნდა შემდგარიყო.

თქვენ ქართველი ებრაელები ხართ, ე.ი. ქართველებიც ხართ და ებრაელებიც.

ქართველები არც ისე ბევრნი ვართ, მაგრამ არც ისე ცოტა.

ეს არის 12 მილიონი მნიშვნელოვანი და ნიჭიერი ადამიანი, რომელმაც სამშობლოს სიყვარულისა და მეგობრობის ფასი იცის.

ამას წინათ რაჭაში ვიყავი და ონში მდებარე სინანგოგას ვესტუმრე.

ონი ძალიან დაცარიელდა უთქვენოდ.

თუმცა იქაურები ებრაულ სიმღერებსაც მღერიან და თქვენს ტრადიციულ კერძებსაც ამზადებენ.

ეს იმას ნიშნავს, რომ თქვენ ისევ გელოდებიან და იმედი აქვთ, რომ საქართველოში ჩამოხვალთ.

თქვენ არჩევანის გაკეთება არ გიწევთ, რადგან თქვენი სამშობლო ისრაელიცაა და საქართველოც.

ეს კი, თავის მხრივ, იმას ნიშნავს, რომ საქართველოში დაბრუნება შეგიძლიათ.

ჩვენ დასაკარგი ხალხი არ გვყავს.

ძალიან მიხარია ისრაელის წარმატებები.

მიხარია ისიც, რომ ებრაელები საკუთარ შვილებს ქართულ ენას, ქართულ ცეკვასა და სიმღერებს ასწავლიან.

ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველო ებრაელი ბავშვების ქვეყანაცაა.

ისრაელი ჩვენი ახლო მეგობარი სახელმწიფოა.

თქვენი სასწავლებლად შვილები საქართველოში უნდა გამოუშვათ.

ნუ დაუკარგავთ მათ ამ ქვეყანას, რადგან საქართველო თქვენი ქვეყანაა.

ჩვენ მარტო ტერიტორიები არ გვაქვს დასაბრუნებელი.

ხელისუფლებაში მოსვლისას ხალხს დავპირდით, რომ საქართველოს დავიბრუნებდით.

ჩვენი ღირსება უკვე აღდგენილია.

დღეს, როგორც არასდროს ისე, ამაყად ფრიალებს საქართველოს დროშა და მან უკვე დაიმკვიდრა ადგილი თანამედროვე მსოფლიოში.

ჩვენ ყველაფერს დავიბრუნებთ - ეს გარდაუვალია.

ისრაელის მაგალითზე ჩვენ ბევრს ვსწავლობთ.

ჩვენი ქვეყნების ბედი მჭიდროდაა გადაჯაჭვული.

ჩემო ძვირფასებო!

მე მთელი საქართველოს მხურვალე სალამი ჩამოგიტანეთ.

ჩვენ, ყველანი საქართველოს ნაწილი ვართ.

გელოდებით საქართველოში - თითოეული თქვენგანი ჩვენთვის მნიშვნელოვანია, მნიშვნელოვანია საქართველოს აწმყოსა და მომავლისათვის.

ჩავეხუტოთ ერთმანეთს და ერთად ვიაროთ გამარჯვების გზაზე!


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის მასმედიასთან და
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)