Google+

სიახლეები

14.11.2006
საქართველოს პრეზიდენტის ბატონი მიხეილ სააკაშვილის მიმართვა ევროპარლამენტისადმი

ძვირფასო პარლამენტის წევრებო, მინდა მადლობა მოგახსენოთ ჩემი მოწვევისთვის.

ჩვენი დღევანდელი შეხვედრა სტრასბურგში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩემთვის, რადგან აქ - მე, როგორც ახალგაზრდა სტუდენტმა საბჭოთა კავშირიდან, პირველად აღმოვაჩინე ევროპა, მთელი მისი მრავალფეროვნებითა და სიმდიდრით.

ეს იყო აქ - მე შევიცანი ადამიანის უფლებები და სახელმწიფოს უმთავრესი მოვალეობა, რომ დაიცვას ადამიანის უფლებები (და არა დაარღვიოს ისინი).

ეს იყო აქ - მე გამიჩნდა ოცნება, რომ ის, რაც აქ შევიცანი, ჩემი ქვეყნის რეალობა გამხდარიყო და შემძლებოდა დამეთესა ის მარცვლები, რომლებიც მხოლოდ ახლა იწყებს აყვავებას.

მაშინ ეს რადიკალური და საშიში ოცნება იყო.

თუმცა ეს არის ის, რაც არასდროს დამვიწყებია.

სტრასბურგი ჩემთვის ასევე მნიშვნელოვანი და განსაკუთრებულია სხვა მიზეზის გამოც - ეს არის ადგილი, სადაც მე ჩემს მომავალ მეუღლეს, სანდრას შევხვდი. ჩვენ ერთად გავდიოდით ადამიანის უფლებების კურსს.

მახსოვს, დედაჩემს ევროპის საბჭოს მახლობლად მდებარე ქუჩის ტელეფონიდან დავურეკე და ვუთხარი, რომ ლამაზ ჰოლანდიელ გოგონას შევხვდი.

ახლა ისინი ამ აუდიტორიაში ერთმანეთის გვერდით სხედან.

დღეს ჩვენი მულტი-ეთნიკური ოჯახი წარმოდგენილია სამი თაობით, ჩემი უმცროსი შვილის ჩათვლით.

ამიტომ, მე მინდა ამ ქალაქს და ამ დაწესებულებას მადლობა გადავუხადო, იმისათვის, რომ მომცეს ცოდნა და სიყვარული - ორი ფასდაუდებელი რამ, რაც მუდამ ჩემთან დარჩება.

ნება მომეცით, რომ რამდენიმე სიტყვა ქართულად წარმოვთქვა, რათა ჩემი ქვეყნის ხმა და ენა ამ დარბაზში გაჟღერდეს.

ფაქტიურად ეს არის საქართველოს პრეზიდენტის პირველი მიმართვა ევროპარლამენტისადმი.

ჩემი ქვეყნის სახელით, მინდა მადლიერება გამოვხატო ყოველი თქვენთაგანის მიმართ, ევროკავშირის მიმართ და განსაკუთრებით ევროპის პარლამენტის წევრების მიმართ, თქვენი არსებობისა და აქტივიზმისათვის.

ევროპა ყოველთვის იყო სახლი მრავალი ერის წარმომადგენელთათვის - როგორც დიდი, ისე პატარა ერებისთვის.

ქართველები იყვნენ ევროპელები, ჯერ კიდევ იმ დროიდან, როდესაც პრომეთე ჩვენს მთებს მიაჯაჭვეს და როდესაც არგონავტები ჩვენს ქვეყანაში ოქროს საწმისის საძებნად ჩამოვიდნენ.

ქართველები არ არიან მხოლოდ ევროპელები, არამედ ჩვენ ენთუზიასტი ევროპელები ვართ.

ევროპა ყოველთვის იყო პირველი, ვისაც დახმარებისა თუ მორალური მხარდაჭერისთვის მივმართავდით, ჩვენი ქვეყნისთვის რთულ პერიოდებში.

ის, რაც ჩვენ გვაერთიანებს კულტურაზე, საერთო ისტორიაზე და ერთიან ღირებულებებზე დამყარებული ურღვევი კავშირია. ეს ერთობა მიზნად ისახავს მშვიდობას, სამართლიანი და განვითარებული საზოგადოებების ჩამოყალიბებას.

ეს არის ის, რასაც ხშირად ევროპულ პროექტს უწოდებენ.

ჩემი ერი ამაყია, რომ სწორედ ამ პროექტის ნაწილია და საკუთარი წვლილი შეაქვს მის სტაბილურობაში, სიძლიერესა და პერმანენტულობაში.

თქვენ უნდა იცოდეთ, რომ საქართველოს სახით, თქვენ ძლიერი და საიმედო პარტნიორი გყავთ - ახლაც და მუდამ, რადგან ჩვენ საერთო ბედი გვაერთიანებს.

ერთი წუთით მაინც თუ გაქვთ წარმოდგენილი, როგორი იქნებოდა პოსტ-საბჭოთა სამყარო რომ არა ევროკავშირი?

ასეთ დროს, ის ხედვა და მძლავრი ინიციატივა მახსენდება, რამაც ევროპა გაერთიანებამდე მიიყვანა და რაც 1950 წელს ასე მჭერმეტყველურად გამოხატა რობერტ შუმანმა.

მაინტერესებს, დღეს რას იტყოდა შუმანი, როდესაც ევროპის რუკასა და მის დღევანდელ გამოწვევებს დაინახავდა.

ომის ნანგრევებიდან, თქვენ შექმენით სამართლიანობის, მშვიდობის და კეთილდღეობის შუქურა.

ამ მხრივ, თქვენი მოქმედებები არის პასუხი - როგორც შუმანის ხედვის გაგრძელება.

განსაკუთრებით, თქვენმა მზადყოფნამ - მიიღოთ ახალი წევრები ყოფილი საბჭოთა სივრციდან, მნიშვნელოვნად განამტკიცა მშვიდობა და დემოკრატია ევროპაში.

ამ ახალ წევრ-სახელმწიფოთა წარმატებები კი ჩემი ქვეყნის მსგავს სახელმწიფოებს ამხნევებს და გვაძლევს შემართებას, რომ მხოლოდ წინ ვიაროთ.

თქვენი ხედვა და მათი გამოცდილება სასარგებლოა ჩვენთვის და ჩვენ ვაგრძელებთ ამ სარგებლის მიღებას.

ალბათ ჩემი მხრიდან მადლიერების გამოხატვის საუკეთესო საშუალება იმის განცხადება იქნება, რომ ჩვენ გვსურს მოგბაძოთ თქვენ!

მინდა განვმარტო - მე ახლა არ ვითხოვ, რომ საქართველო ევროკავშირში მიიღონ.

ევროკავშირის წევრობა გრძელვადიანი მიზანია და ის ჩვენს დღევანდელ დღის წესრიგში არ დგას.

ჩვენთვის დღეს მნიშვნელოვანი ის პრინციპებია, რომლებზეც ევროპაა აშენებული და რომელიც ჩვენი განვითარების ქვაკუთხედს წარმოადგენს.

აქ მე ვხედავ ოპტიმიზმის მიზეზს, რომელიც ჩვენი პარტნიორობის გაღრმავებას ეფუძნება.

საქართველო, რომელსაც ჩვენ ვაშენებთ, ეფუძნება კანონის უზენაესობას, ადამიანის უფლებებს, დემოკრატიასა და მშვიდობას.

ჩვენი ევროპული გზა ქართველმა ხალხმა თავად აირჩია.

მათთვისაც და ჩემთვისაც ეს ნამდვილად არის ჩვენი ქვეყნისა და ერის ურყევი ევროპული იდენტურობის გამოხატულება.

ეს ჩვენი წინსვლის ერთადერთი გზაა.

მე არ მინდა დღეს მხოლოდ წარსულზე ვისაუბრო, მაგრამ როგორც თქვენ იცით, სამიოდე წლის წინ საქართველო არშემდგარი სახელმწიფო იყო.

წარმოიდგინეთ ქვეყანა, სადაც თითქმის ყველასათვის, მცირე პრივილეგირებული ჯგუფის გარდა, მთავარი ამოცანა იყო ყოველდღიური ბრძოლა არსებობისათვის, სადაც მეფობდა საფრთხე და სუფევდა უწესრიგობა; სადაც ქვეყნის უსაფრთხოება გამომდინარეობდა მისი დიდი მეზობლების ინტერესებიდან.

საქართველო იყო ქვეყანა, სადაც ყოვლისმომცველი კორუფცია და საყოველთაო უსამართლობა სუფევდა, სადაც კანონი არ კანონობდა.

დღეს, სამი წლის შემდეგ, საქართველო წარმოუდგენლად შეცვლილია.

ჩვენ ვატარებთ ინსტიტუციურ და ეკონომიკურ რეფორმებს, რათა უზრუნველვყოთ ჩვენი ხალხისა და რეგიონის სტაბილურობა და კეთილდღეობა.

რომ არა ბოლო სამი წლის განმავლობაში განხორციელებული ცვლილებები, არშემდგარი სახელმწიფო არა მხოლოდ ჩვენს რეგიონში ვიქნებოდით, არამედ ევროპულ სამეზობლოშიც.

თუმცა დღეს, მჯერა, რომ საქართველოს შეუძლია მიიღოს გამოწვევა, რათა სამაგალითო ევროპელი მეზობელი იყოს.

ეს ჩემი მთავარი გზავნილია, რომლის გაზიარება დღეს თქვენთვის მსურდა.

ამას თქვენს წინაშე იმიტომ ვაცხადებ, რომ ბოლო სამი წლის განმავლობაში ჩვენ მუდმივად მივისწრაფვოდით ოთხი უმთავრესი მიზანის განხორციელებისკენ.

ესენია:

  • დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის აღდგენა;
  • კორუფციის აღმოფხვრა;
  • ჩვენი მოქალაქეებისთვის შემოსავლების გაჩენა
  • ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის დაცვა.

თითოეული ეს მიზანი ურთიერთდამოკიდებულია, და ყოველი მათგანი ინსტიტუტებისა და საზოგადოებრივი პასუხისმგებლობის გაძლიერებას გულისხმობს.

იმისათვის, რომ ეს ხედვა წარმატებული იყოს, დემოკრატიის პოეზია მხარდაჭერილი უნდა იყოს კანონის უზენაესობის პროზით.

თვისობრივად, ეს ნიშნავს რეფორმების გატარებას იმ თვალსაზრისით, რომ საქართველოში სამართლიანობამ უნდა იზეიმოს.

როდესაც ვამბობ სამართლიანობას, მე მას ევროპული გაგებით ვგულისხმობ: დემოკრატიას უნდა ემსახურებოდეს იმ ღირებულებათა და ინსტიტუციების ინფრასტრუქტურა, რომელიც უზრუნველყოფს თითოეული მოქალაქის დაცვასა და მისთვის შესაძლებლობების მიცემას; კანონის უზენაესობა გამჭვირვალედ და ყველასათვის თანაბრად უნდა ხორციელდებოდეს.

ეს, რა თქმა უნდა, სათქმელად ადვილია, მაგრამ შესასრულებლად -რთული; მე მივესალმები ევროკავშირის მხარდჭერას ამ ხედვის განხორციელების საქმეში.

საქართველოში ჩვენ სრულყოფილი პოლიციის რეფორმა განვახორციელეთ.

შედეგად, ქართველ მძღოლებს აღარ ეშინიათ, რომ მათ თვითნებურად გააჩერებს საგზაო პოლიცია და ქრთამს მოსთხოვს; ქართველ ბიზნესმენებს აღარ ეშინიათ, რომ მათ ვინმე დაჩაგრავს.

ჩვენ ავიღეთ სასამართლო სისტემის რეფორმირების მყარი ვალდებულება და ევროპის სტრუქტურებთან თანამშრომლობით ჩვენ შევიმუშავეთ სრულყოფილი მრავალწლიანი პროგრამა, რომელსაც ეხლა ვაფინანსებთ.

ამ მხრივ, მინდა ხაზგასმით აღვნიშნო რამდენიმე მნიშვნელოვანი გარემოება:

დღეს ჩვენ ვაძლიერებთ მოსამართლეთა დამოუკიდებლობისა და პროფესიონალიზმის ხარისხს; ამასთან, ვამცირებთ პრეზიდენტის ძალაუფლებას.

რეფორმას იურიდიული განათლების სისტემაშიც ვახორციელებთ; ვაძლიერებთ ადამიანის უფლებების დაცვას სამართალდამცავი სტრუქტურების წარმომადგენლების განათლების დონის ამაღლების მეშვეობით. ეს ჩვენს ეროვნულ ინტერესს წარმოადგენს.

ჩვენ ვაშენებთ ახალ ციხეებს, რომლებიც ადამიანის უფლებების დაცვის სტანდარტებს შეესაბამება; შესაბამისობაში მოგვყავს სამართლებრივი პროცედურები, რათა სასამართლო პროცესი ფუნდამენტური უფლებების დაცვით უზრუნველვყოთ.

ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენი სასამართლო სისტემის განმტკიცებას, რადგან მის გარეშე ჩვენი რეფორმები საფუძველს მოკლებული იქნება.

დღეს, მოხარული ვარ განვაცხადო, რომ ჩვენს პარლამენტი მისთვის უპრეცედენტო სიმტკიცით ახორციელებს კონტროლს აღმასრულებელ ხელისუფლებაზე.

როგორც აღმასრულებელი ხელისუფლების მეთაური, მე შემიძლია დავადასტურო, რომ ბიუჯეტები ძალიან ყურადღებით განიხილება; მკაცრად ხორციელდება კონტროლი და ასევე, ანგარიში ეწევა პარლამენტს აღმასრულებელი ხელისუფლების გადაწყვეტილებებში.

ალბათ, ჩემი ყველაზე დიდი სინანული არის ის, რომ საქართველოს ჯერ კიდევ არ ჰყავს მოქნილი და კონსტრუქციული ოპოზიცია.

ჩემთვის ამის თქმა ადვილი არ არის.

ეს სულაც არ არის შესაშური გარემოება, მაგრამ ახლადჩამოყალიბებული დემოკრატიისთვის არაფერი შეიძლება იყოს უფრო საშიში, ვიდრე ოპოზიციის ხელოვნურად შექმნა.

მე შემიძლია მხოლოდ იმედი ვიქონიო, რომ საქართველოს ოპოზიციური პარტიები უფრო გაძლიერდებიან, გახდებიან უფრო მეტი პასუხისმგებლობის მქონე და უფრო კომპეტენტური, რომლებიც ერთ დღეს (მაგრამ არა უახლოეს მომავალში) ღია და სამართლიან არჩევნებში გაიმარჯვებენ.

ჩვენ ჩამოვაყალიბეთ ისეთი პოლიტიკური და სამართლებრივი გარემო, რომელშიც ეს შესაძლებელია მოხდეს. შემდეგი ნაბიჯი კი მათზეა დამოკიდებული.

ჩვენი გზა ტრანსფორმაციისკენ ძალიან მარტივი იდეით დაიწყო - თითოეულმა მოქალაქემ თავი უსაფრთხოდ უნდა იგრძნოს.

საამისოდ, ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ამოცანა კორუფციის აღმოფხვრა იყო.

ყველა, ვინც საქართველოს 2003 წლის ნოემბრამდე იცნობდა, ვფიქრობ, გაიზიარებს ჩემს შეხედულებას იმის თაობაზე, რომ ამ მიზნის უდიდეს ნაწილს ჩვენ უკვე მივაღწიეთ.

იმისათვის, რომ სოციალური უსაფრთხოების მაღალი ხარისხი უზრუნველგვეყო, ეკონომიკური რეფორმების განხორციელებას ძალზე აგრესიულად და შემოქმედების უნარის გამოყენებით მივუდექით.

საქართველო დღეს ძალზე მიმზიდველი სახელმწიფოა ინვესტიციებისთვის.

იმის გამო, რომ ჩვენს ქვეყანას ბუნებრივი რესურსი საკმაოდ ცოტა აქვს, წარმატებას მხოლოდ ჩვენი ცოდნის (შემოქმედების) და დისციპლინის მეშვეობით ვაღწევთ.

ამიტომაცაა, რომ ჩვენ დავადგინეთ ევროპაში ყველაზე დაბალი საგადასახადო განაკვეთები, ერთ-ერთი ყველაზე პროგრესული შრომითი კანონები და ერთ-ერთი ყველაზე გამარტივებული სავაჭრო, საბაჟო და მარეგულირებელი პროცედურები.

ლიბერალური რეფორმების გატარებამ ცხადყო, რომ იგი კორუფციის წინაამღდეგ ბრძოლის საუკეთესო საშუალებას და ამავე დროს, ბიზნესის თავისუფლებისა და კერძო საკუთრების უფლების გარანტიას წარმოდგენს.

ამან ასევე დაადასტურა, რომ იგი შემოსავლების მიღების საუკეთესო გზაა, რაც ჩვენ საშუალებას გვაძლევს მეტი გზები, მეტი სკოლები, მეტი საავადმყოფოები ავაშენოთ და ჩვენი საზოგადოების გაჭირვებული ფენების სოციალური დაცვა უზრუნველვყოთ.

ამ მხრივ, ჩვენ წარმოუდგენელ წარმატებებს მივაღწიეთ.

მსოფლიო ბანკის მონაცემებით, მიმდინარე წელს საქართველო მსოფლიოს ნომერ პირველ რეფორმატორად და ბიზნესის კეთების სიმარტივით, ერთ-ერთ მოწინავე ქვეყნად დასახელდა.

წლეულს საქართველოს მდგრადი ეკონომიკური ზრდა ექნება, რამდენადაც კორუფციის წინაამღდეგ ბრძოლის თვალსაზრისით, ევრაზიის გარდამავალ პერიოდში მყოფ ქვეყნებს შორის ნომერ პირველი ქვეყანა ვართ.

შესაძლოა, სხვა მონაცემებმა კიდევ უფრო მეტი თქვას ჩვენს წარმატებებზე.

2004 წელი (ვარდების რევოლუციის შემდგომი წელი), 1991 წლიდან მოყოლებული, იყო პირველი წელი, როდესაც შობადობისა და მიგრაციის დადებითი ბალანსი გვქონდა.

ბოლო წელს კი თითქმის 100 ათასი საქართველოს მოქალაქე დაბრუნდა და დარჩა საქართველოში.

დღეს უკვე ისინი თავად მიდიან არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად.

ამჟამად ჩვენი მიზანია სტაბილური სამუშაო ადგილების შექმნაზე, პროფესიული სწავლების პროგრამებსა და ტექნიკური გადამზადების პროგამებზე მოვახდინოთ კონცენტრირება.

ჩვენი რეფორმები ამ სექტორში მხოლოდ მაშინ ჩაითვლება დასრულებულად, როდესაც საქართველოს ყველა მოქალაქე იგრძნობს, რომ მას დასაქმების რეალური შესაძლებლობა აქვს.

დაბოლოს, საქართველო უზარმაზარი სითბოს, სტუმართმოყვარეობისა და სილამაზის ქვეყანაა; ქვეყანა, რომელიც ასე მოწონდათ ძველ დროში ევროპელ მოგზაურებს და ახლა კვლავ აღმოაჩენენ მას - სინამდვილეში ჩვენ ევროპის ყველაზე კარგად შენახული საიდუმლო ვართ.

მსურს გაგიზიაროთ მოკლე ციტატა სერ ოლივერ უორდროპის ჩანაწერებიდან, რომელმაც ჩემი ქვეყნის შესახებ 1888 წელს თქვა:

"არ არსებობს არანაირი მიზეზი იმისა, რომ საქართველო ცნობილი საკურორტო ქვეყანა არ გახდეს. იგი არც ისე შორსაა, როგორც ამას ხალხი ფიქრობს. მას დიდი უპირატესობა აქვს, რამდენადაც თითქმის უცნობია ტურისტებისათვის; აქ არ არის საშინელი ფასები, რაც აგრერიგად გვაშფოთებს ჩვენ სახლებთან ახლოს; დაბოლოს, იქ უფრო დაბალი ფასებია, ვიდრე შოტლანდიაში".

შოტლანდიელი დეპუტატები ნუ მიწყენენ, ეს ჩემი სიტყვები არ არის.

განვიხილავთ რა ჩვენი რეფორმების ერთიან ეფექტს, მჯერა და სამართლიანი იქნება იმის აღნიშვნა, რომ ამ ნაბიჯებმა საშუალება მოგვცა უფრო დავახლოვებოდით ევროპას ინსტიტუციური და კულტურული თვალსაზრისით.

თქვენ უზრუნველყავით შემდგომი ზრდის საფუძველი სამეზობლო პოლიტიკის მეშვეობით.

დღეს ჩვენ ხელს მოვაწერს სამოქმედო გეგმას, რომლითაც ბევრი ჩვენი ერთობლივი პრიორიტეტი კონკრეტულ შედეგებში გარდაისახება.

ეს არის არსი იმ ძალისხმევისა, რომლის გაძლიერებაც ჩვენ უნდა განვაგრძოთ; რადგანაც მსურს, რომ ჩემმა ქვეყანამ იმგვარად ითანამშრომლოს ევროპასთან, რომ ამ უკანასკნელმა იცოდეს, საქართველოში მას უაღრესად საიმედო პარტნიორი და მეგობარი ჰყავს.

ზოგიერთისათვის, ჩვენი სტრატეგია გამაღიზიანებელია.

მათი აზრით, საქართველოს რეფორმის გზა ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ვშორდებით ძველი გავლენის სფეროს, რომელიც მათი აზრით კვლავ არსებობს.

მჯერა, რომ, როგორც თქვენ მართებულად აღნიშნეთ, თქვენს დეკლარაციაში (Landmark Declaration) "გავლენების სფეროების" დრო დასრულდა.

მინდა მადლობა გითხრათ, როგორც ამ დეკლარაციის, ისე მასში მოცემული შესაფერისი და სპეციფიური სიტყვებისთვის.

თავისუფალი არჩევანის საშუალება ყოველ ერს უნდა ჰქონდეს და სწორედ ერმა უნდა აირჩიოს, თუ ვისთან ერთად სურს საკუთარი მომავლის განსაზღვრა.

ჩვენი სტრატეგია სანდო და უსაფრთხო პარტნიორობას ეფუძნება და არ გულისხმობს იმას, რომ შეშინებული და სუსტი სატელიტი იყოს.

ჩვენ დამოუკიდებლობის მქონე ხანგრძლივი ისტორიის მქონე ერი ვართ და ეს დამოუკიდებლობა ორასი წლის წინათ იქნა წართმეული რუსეთის იმპერიის ექსპანსიის გამო.

მხოლოდ მოკლევადიანი, 3 წლიანი დამოუკიდებლობა მოვიპოვეთ 1918-1921 წლებში.

ამ ისტორიის განმეორებას აღარ დაუშვებთ.

ბოლოს და ბოლოს, დღეს 2006 წელია და არა 1938, 2006 წელია და არა 1956.

როდის მოეთხოვებათ პატარა ქვეყნებს ხელი აიღონ თავიანთ სწრაფვაზე დამოუკიდებლობისაკენ?

რამდენჯერ უნდა ეთხოვოს სუსტ მხარეს, რომ ხმას დაუწიოს და რამდენჯერ უნდა მოვთხოვოთ მას პროვოკაციაზე რეაქციის ცდუნებას გაუძლოს?

მოდით, იმედი ვიქონიოთ, რომ არასდორს გვთხოვენ დავთმოთ და ვთქვათ, რომ სამართლიანობა ამ ეპოქაში ზომაზე, რიცხვზე და ძალაზეა დამოკიდებული.

იმის იმედიც ვიქონიოთ, რომ როდესაც ჩვენ, ან ნებიმიერ ევროპელ ერს საფრთხე დაემუქრება, ადეკვატურ რეაგირებად (პასუხად) აღარასდროს ჩაითვლება 1930-იან წლებში ერთ-ერთი სახელმწიფო მოღვაწის წარმოთქმული ფრაზა: ეს შორეულ ქვეყანაში მცხოვრები იმ ხალხის პრობლემებია, რომელთა შესახებ არაფერი ვიცით.

მადლობა ღმერთს, რომ ასეთი პოლიტიკა სამუდამოდ წარსულს ჩაბარდა.

იმედი მაქვს, რომ ოდესმე ქართველები, ისევე როგორც ჩეხეთის რესპუბლიკის წარმომადგენლები, ევროპული ოჯახის თანასწორ უფლებიანი წევრები იქნებიან.

დღეს საქართველო ისჯება იმის გამო, რომ ჩვენ ევროპასთან დაახლოების გზა ავირჩიეთ; ევრო ატლანტიკურ ინსტუციებში გავერთიანება გვსურს.

ვინაიდან ჩვენ დემოკრატიული ქვეყანა ვართ, ჩვენზე განხორციელებულმა ზეწოლამ ჩვენი საზოგადოების უფრო მეტი კონსოლიდაცია გამოიწვია.

ცხადია, ეს ერთგვარი გამოწვევა იყო, ვინაიდან რუსეთმა თავისი ბაზარი დაგვიხურა.

ჩვენი აღიარებული ქართული ღვინო და მინერალური წყლები - სახელმწიფო შემოსავლის ძირითადი წყარო, რუსეთის ბაზრიდან განიდევნა.

ბოლო თვეში სიტუაცია კიდევ უფრო გამწვავდა, ვინაიდან რუსეთმა ცალმხრივად აკრძალა სატრანსპორტო და საფოსტო კავშირები.

რამდენიმე დღის წინათ გაზპრომმა გამოაცხადა, რომ საქართველოსათვის გაზის საფასური გაორმაგდება.

თუ შევაჯამებთ და მარტივად ვიტყვით, ყოველივე ამას ბლოკადა ჰქვია.

ეხლა ზამთრის პირია და ენერგიის ალტერნატიული წყაროები ძალიან სწრაფად უნდა მოვნახოთ, რასაც უკვე ვაკეთებთ.

თუმცა, არ მინდა, რომ ყოველივე რუსეთსა და საქართველოს შორის დაძაბულობის ზრდისთვის და ევროპაში ანტი-რუსული კლიმატის შესაქმნელად გამოვიყენო.

ჩვენ საკმარისი დაძაბულობა გვქონდა და ბევრი ტალახი ვესროლეთ ერთმანეთს.

ეს კონსტრუქციულ მიზნამდე არ მიგვიყვანს.

ეხლა დიპლომატიის, დისკუსიის, ორმხრივ ინტერესისა და ორმხრივი პასუხიმგებლობის დროა.

მე, ჩემი ხალხისა და მთავრობის სახელით, მზად ვარ ეს პოლიტიკა განვახორციელო.

ეს ერთადერთი გზაა.

დაე, მეორე მხარემ და რუსეთის მთავრობის ყველა მომხრემაც ეს სიტყვები გულწრფელ გამოწვევად ჩათვალოს, რათა ნორმალიზაციისა და ჰარმონიის გზას დიალოგის საშუალებით დავუბრუნდეთ.

მწამს, ორივე ქვეყნის ლიდერი იზიარებს პასუხისმგებლობას, რათა ჩვენი მმართველობის დროს ურთიერთობა იმ ზომამდე არ გაურესდეს, რომ მათი აღდგენა შეუძლებელი გახდეს.

მოდით, სწრაფად წავიწიოთ წინ კარგი ზრახვებით.

ისევე, როგორც ყველა თქვენთაგანი, არც საქართველოს მოსახლეობაა ანტი-რუსულად განწყობილი და არც არასდროს იქნება.

გთხოვთ ნება დამრთოთ, კიდევ ერთ უდიდეს ევროპელ სახელმწიფო მოღვაწეს კონრად ადენაუერს შევეხო, რომელიც აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის არსებულ დაძაბულობაზე თავის მემუარებში წერდა.

"ჩვენ ვიყავით პატარა და დაუცველი ქვეყანა. საკუთარი ძალებით არაფრის მიღწევა არ შეგვეძლო. ჩვენ არ უნდა ვიყოთ აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის ბრძოლის ველად ქცეული უპატრონო ტერიტორია. წინააღმდეგ შემთხვევაში, მეგობრები არსად გვეყოლება, ხოლო აღმოსავლეთის სახით საშიშ მეზობელს შევიძენთ".

კანცლერ ადენაუერის ეს სიტყვები თანამედროვეობას ეხმაურება და დღესაც აქტუალურია.

ჩვენს ევროპულ ნებას საშუალება უნდა მიეცეს საკუთარი არჩევანის მიხედვით, მეზობლებთან შეთანხმებით განვითარდეს.

ისევე როგორც ეს, ბევრ თქვენგანს გაუკეთებია რამდენიმე ათწლეულის წინათ.

ამდენად, დამერწმუნეთ, რომ არსებული საშუალებები დროებითია და მოთმინებითა და გონიერებით, დიალოგითა და ურთიერთპატივისცემით დაიხვეწება და დანამდვილებით შეიძლება ითქვას, რომ ჩვენი ურთიერთობები დარეგულირდება.

ესაა ჩემი სურვილი და მიზანი, რომელსაც, მჯერა, ყველა აქ მყოფი იზიარებს.

მაგრამ თუ რუსეთან ურთიერთობაში რაიმე პრობლემურია, ეს სწორედ ის საკითხია, რომელიც ევროკავშირმა ლაჰტსა და ლუქსემბურგში მთელი სიმწვავით წამოჭრა.

უბრალოდ ეს სამართლიანობის საკითხია.

ეხლა მე მინდა დიდი რუსი ავტორი მოვიშველიო, რომლის აკრძალულ წიგნებს მაშინდელი თინეიჯერები, მათ შორის, მეც გატაცებით ვკითხულობდით. ეს ალექსანდრე სოლჟენიცინია. მომყავს ციტატა:

"სამართალი არის სინდისი, არა პიროვნული, არამედ მთელი კაცობრიობის. მათ, ვისაც კარგად ესმით თავიანთი სინდისის ხმა, ჩვეულებრივ აღიქვამენ სამართლის ხმასაც".

მაშინ, როდესაც ბავშვი ქართული გვარის გამო სკოლიდან ირიცხება, ყველა ჩვენი ბავშვი რისკის ქვეშაა.

მაშინ, როდესაც მსოფლიოში ცნობილ მხატვრებს, ბალერინებს, მსახიობებსა და სპორტსმენებს დევნიან და არ აძლევენ აზრის გამოთქმის საშუალებას, ჩვენც გვერთმევა საშუალება გამოვხატოთ ჩვენი აზრი.

მაშინ, როდესაც საკუთარი სახლებიდან ათასობით მოქალაქის იძულებითი დეპორტაცია ხდება, ქუჩაში აკავებენ და ხელბორკილებს ადებენ, ეს ჩვენ დეპორტაციასაც ნიშნავს.

მე და ქართველი ხალხი მადლიერები ვართ თქვენი მხარდაჭერისთვის ჩვენი ქვეყნის მიმართ.

მაშინ, როდესაც იზოლაცია გვემუქრებოდა, ევროპამ საკუთარი ღირებულებები წინ წამოსწია.

მართლაც, სწორედ პარლამენტია ევროპის ხმა.

ჩვენ არასდოს დავივიწყებთ თქვენს სოლიდარობას.

აღფრთოვანებული ვარ რუსეთის იმ მოქალაქეთა სიმამაცით, რომელთაც ეს უკანონობა გააპროტესტეს.

რუსეთის მრავალ ქალაქში მოქალაქეები ქუჩაში ყვითელი სამკერდე ნიშნით - "მე ვარ ქართველი" - გამოვიდნენ.

მოსკოვში სხვადასხვა სკოლის დირექტორები მასწავლებლებს სამსახურიდან გათავისუფლებით დაემუქრენ, თუკი ისინი ქართველი ეროვნების მოსწავლეების სიას ძალოვან უწყებებს არ წარუდგენდნენ.

პეტერბურგში ტაქსის მძღოლები ქალაქის ადმინისტრაციისგან ინსტრუქტირებული იყვნენ, რომ ქართველი ეროვნების მგზავრებს არ მომსახურებოდნენ; ასევე არ დათანხმებულიყვნენ მგზავრობაზე სხვადასხვა ქართული რესტორნის მიმართულებით. ტაქსის მძღოლები ამ ბრძანებებს არ დათანხმდენ და განაცხადეს, რომ იძულების შემთხვავაში ისინი გაიფიცებოდნენ.

მე განსაკუთრებით გული ამიჩუყა ცნობილი რუსი მსახიობის ინა ჩურიკოვას სიტყვებმა:

"ნუთუ რუსეთის ყველა უბედურება აქ მცხოვრები ქართველების ბრალია? მე არ მომწონს, როდესაც ტელეეკრანიდან ჩემს ზომბირებას ცდილობენ. უკვე ნათელია შედეგები: ხალხი უარყოფითად უყურებს ქართველებს და მალე ანალოგიური დამოკიდებულება სომეხთა მიმართ გაჩნდება. ეს სამარცხვინოა. მე მინდა ვკითხო ხალხს: რას აკეთებთ?! -გაიღვიძეთ".

აღსანიშნავია, ასევე თანამედროვე რუსი გმირის ბატონ ალექსანდრე სადალსკის გმირული გადაწყვეტილება ამ რთულ ვითარებაში - საქართველოს მოქალაქეობის მიღება.

ასევე გმირი შურშაძის ქმედება, რომელიც ქსენოფობიასა და სუძილვილს წინ აღუდგა და თავისი გვარი შურშინი, ქართული გვარით, შურშაძედ გადაიკეთა.

ჩვენ ყველანი აღფრთოვანებული ვართ იმ რუსი მოქალაქეების მაგალითებით, რომლებიც გაემიჯნენ ევროპულ ღირებულებებთან წინააღმდეგობაში მყოფ რუსეთის პოლიტიკას.

ეს ნამდვილად მისასალმებელია.

ჩემი ვიზიტის მიზანია, საქართველოს ევროპული ხედვა წარმოგიდგინოთ.

ამ ხედვის ერთ-ერთი ნაწილია ევროპული გამოწვევების ევროპულადვე მოგვარების მეთოდის გამოყენება.

ჩვენ პატარა დემოკრატიული ქვეყანა ვართ, რომელსაც სჯერა რომ მხოლოდ ევროპის დახმარებით და ევროპასთან ერთად ჩვენი ქვეყანა და მთლიანი რეგიონი სტაბილური და გრძელვადიანი პარტნიორი გახდება.

ჩვენ განუყოფელნი ვართ ერთმანეთისგან.

მაშასადამე, კონფლიქტების მოგვარების ევროპული მიდგომით, ჩვენ შევქმნით ურთიერთინტერესს და საერთო ფასეულობებს, რაც ხელს შეუწყობს ისეთი გადაწყვეტილებების მიღებას, სადაც წაგებული არავინ დარჩება.

ამ მაღალი სტანდარტების შესასრულებლად, მინდა სხვადასხვა განმარტებები და გარანტიები წარმოგიდგინოთ.

სხვადასხვა წრეებში მუსირებს აზრი, რომ საქართველო არის პროვაკატორი სახელმწიფო, რომელსაც ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა ძალისმიერი მეთოდებით სურს.

მე კატეგორიულად ვაცხადებ, რომ ეს სიმართლე არ არის.

ჩვენ მხოლოდ მშვიდობიანი გეგმები გვამოძრავებს.

ჩემი კარიერისა და სწავლის პერიოდი ადამინის უფლებების შესწავლას მივუძღვენი; კერძოდ, უმცირესობების უფლებათა დაცვის საკითხებს ოსლოში, ნორვეგიის ადამიანთა უფლებების დაცვის ინსტიტუტში.

დღეს დაახლოებით 40 ათასი ეთნიკური აფხაზი ცხოვრობს აფხაზეთში, და დაახლოებით 20 ათასი ეთნიკური ოსი - სამხრეთ ოსეთში.

ერთის მხრივ, ეს მცირე ჯგუფები დიდ თამაშში პაიკები არიან, ანუ დიდი პოლიტიკის მძევლები აღმოჩნდნენ.

მეორეს მხრივ, ისინი ნამდვილად შეშფოთებულნი არიან და მე ეს ვიცი. ჩვენ შევეცდებით რომ მათი მოთხოვნები გავიზიაროთ და დავაკმაყოფილოთ.

სამწუხაროდ, ამ კონფლიქტების გამო, ძალიან ბევრი ადამიანი დაზარალდა.

90-იანი წლების დამდეგს, აფხაზეთიდან 300 ათასზე მეტი ქართველის ეთნიკური წმენდა მოხდა, რაც ომისა და ძალადობრივი სეპარატიზმის შედეგია.

დღეს მომსწრე ვართ, თუ როგორც ხდება აფხაზეთიდან დევნილი ხალხის ქონების მითვისება, ხშირ შემთვევაში კი ამ ქონების უკანონოდ გაყიდვა.

ამას წინათ, ერთ-ერთმა ცნობილმა ქართველმა ბატონმა ოთარ იოსელიანმა, რომელიც ქართულ-ფრანგული კინოს რეჟისორი გახლავთ, რუსეთში ანტი-ქართული კამპანიის კომენტირებისას აღნიშნა, რომ ისტორია ხელახლა მეორდება, ეს ფაქტი იგივე ხალხზე განმეორებით ხორციელდება. მოვახდენ ციტირებას:

"რუსეთის ადმინისტრაციამ პირველად ქართველების ეთნიკური წმენდდა აფხაზეთში განახორციელა, რამაც 500.000 ადამიანის დევნილად გადაქცევა გამოიწვია. დევნილთაგან ისინი, ვინც სვანეთის მაღალი მთების გავლით თავის დაღწევა ვერ შეძლო, დაქირავებული მეომრების ხელით დახოცეს. მათ გააჩანაგეს და გაანადგურეს ქვეყანა. სამწუხაროდ ამ ფაქტის შესახებ მაშინ ყველა დუმდა."

ეს მტკივნეული მემკვიდრეობაა, რომელიც ჩვენ წილად გვერგო და ეს არის ის უსამართლობა, რომელსაც ჩვენ ვუპირისპირდებით.

მოდით, ამჯერად, ნუ გავჩუმდებით.

დღეს ჩვენ არ გვჭირდება რეტრიბუციის ახალი ციკლები.

ოსი და აფხაზი ხალხი ჩვენი მოძმე ერი და მეგობრები არიან.

კიდევ ერთხელ გავიმეორებ ბატონ ოლივერ ვორდროპის უკვდავ სიტყვებს, რომლითაც მან საქართველოს სამეფო თავის წიგნში აღწერა. ამ წიგნში 1888 წლის საქართველოს პოლიტიკური მდგომარეობაა ნაჩვენები. მოვიყვან ციტატას:

"აუცილებელია მკითხველის აზროვნებიდან აღმოიფხვრას აზრი, რომელიც თითქმის უნივერსალურად დომინირებს ევროპაში, და რომელიც ალბათ მთავარი მიზეზია იმ აპათეისა, რომლითაც პოლიტიკოსები კავკასიას უყურებენ. ზოგადად, ცნობილია (იმათთვისაც კი, ვინც ქვეყანაში იმყოფებოდა), რომ ტრანსკავკასია ბევრი მეტ-ნაკლებად ველური ტომებითაა დასახლებული, რომლებსაც საერთო არაფერი აქვთ, მაგრამ აქვთ საეჭვო სარგებელი რუსეთის მმართველობისგან. ეს არის დიდი შეცდომა. ეთნოგრაფიის სტუდენტებს შეუძლიათ გაერთონ იმით, რომ ჩაატარონ ხევსურების, სვანების, ფშავების, ოსების წარმომავლობის კვლევა. თუმცა ჩვენთვის საკმარისია ვიცოდეთ, რომ ეს ხალხები, არიან ქართველები (პოლიტიკურად მაინც) და ისინი ერთად იბრძოდნენ ქართველი მეფეების ხელმძღვანელობით, უილიამ დამპყრობლის პერიოდიდან მოყოლებული".

საქართველო ნამდვილად მულტი-ეთნიკური ქვეყანაა და მჯერა, რომ ნაირფეროვნების ასეთი დემოკრატიული ფორმა ჩვენი ქვეყნის სიძლიერის წყაროა.

მაგრამ ჩვენ ჯერ კიდევ უნიტარული სახელმწიფო ვართ თანამედროვე ევროპული აზროვნებით, ამან კონფლიქტი და უსამართლობა არ უნდა გამოიწვიოს.

ამ მიზეზის გამო, ჩვენი ამოცანა სამშვიდობო პროცესის გაძლიერება, სამართლიანობის აღდგენა და კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოგვარებაა.

ჩვენ უნდა გადავჭრათ ეს პრობლემები კომპრომისებისა და მოლაპარაკებების გზით - ისე, რომ ამ რეგიონებს და ყველა იმ ხალხს, ვინც ამ კუთხეებს საკუთარ სახლად მიიჩნევს, საქართველოს დანარჩენი ტერიტორიების მსგავსად, უსაფრთხოებისა და კეთილდღეობის გარანტიები თანაბრად ჰქონდეთ.

საქართველო მზადაა კომპრომისისათვის - ჩვენ მივესალმებით ევროპის აქტიურ ჩართვას პროცესში და მზად ვართ ხანგრძლივი მშვიდობისათვის.

ზოგიერთი ამტკიცებს, რომ ჩვენი სეპარატისტული პრობლემები საქართველოს საშინაო საქმეს წარმოადგენს.

ეს ასე არ არის.

ჩვენი დაპირისპირებები გრძელდება, ვინაიდან ისინი ეფუძნება საბჭოთა იმპერიის გადმონაშთებზე დაფუძნებულ ტერიტორიულ მოთხოვნებს და ელიტებს, რომლებსაც ძველი პრივილეგიების შენარჩუნება სურთ.

დღეისათვის ადგილობრივი სატელიტების მხარდაჭერა და ორმხრივი განხილვებისა და მოლაპარაკებებისათვის ინსტიტუციური ბარიერების შექმნა, ნათელ ტაქტიკას წარმოადგენს.

ამ საღამოს ჩემი გზავნილი არის მშვიდობა, გულწრფელობა, ეროვნული უმცირესობების უფლებების აღიარება და დაცვა, ასევე თანამედროვე ეროვნული სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემა.

ჩემი გზავნილი, თავისი არსით, ევროპულია, ვინაიდან კონფლიქტი და სისხლისღვრა ალტერნატივა არ არის.

დაბოლოს, ზოგიერთი ამტკიცებს, რომ ჩვენ არ უნდა ვიყოთ პროვოკაციული ჩვენს რიტორიკაში.

თქვენ რომ იცოდეთ იმ გაუხმაურებელი პროვოკაციების შესახებ, რომლებიც მოგვიწყვეს, ჩვენი თავშეკავებულობით განცვიფრებული დარჩებით.

ჩვენ მოგიწოდებთ ობიექტურობისაკენ, დაინტერესებისაკენ; ყველაზე უფრო კი - სამართლიანი მოქმედებისკენ, აღნიშნული პრობლემების შეფასებისას.

(ფრანგულ ენაზე) ყოველივე ეს იმაში დარწმუნებულმა ვთქვი, რომ დღეს 21-ე საუკუნის ევროპული გადაწყვეტილებები გვჭირდება.

აღარასოდეს უნდა განმეორდეს მე-20 საუკუნის სტილის ფატალური პასუხები, როდესაც სიძლიერეს უპირატესობა აქვს უფლებაზე; სადაც პატარა სახელმწიფოები, უფრო დიდი სახელმწიფოების განკარგულებით, უიმედოდ ნაწევრდებიან.

იმედი მაქვს, მომცემთ უფლებას დემოკრატიული პოლიტიკოსის მარტივი პასუხისმგებლობა ვიქონიო:

მე არასოდეს ვიქნები ჩუმად და უმოქმედოდ დემოკრატიისა და ჩემი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის მისამართით მომავალი პირდაპირი საფრთხის პირისპირ.

თუმცა, ასეთ რთულ ვითარებაში, საქართველო აუღელვებელი და იყოს კონსტრუქციული უნდა დარჩეს.

ამას ჩვენ გავაკეთებთ.

ჩვენი მიზანია მაქსიმალური ძალისხმევით გავაგრძელოთ პოლიტიკური, სოციალური და ეკონომიკური რეფორმები და გამოვიყენოთ ჩვენი წარმატება როგორც პოზიტიური სიგნალი.

90-იან წლებში რუსეთმა გამოიყენა ეკონომიკური ბლოკადა ბალტიისპირეთის ქვეყნების წინააღმდეგ მათი ევროგაერთიანებაში ინტეგრაციის შესაჩერებლად.

საბოლოოდ, ამ ბლოკადებმა ბალტიისპირეთის ქვეყნების ეკონომიკების ორიენტაცია, აღმოსავლეთიდან დასავლეთისაკენ, მხოლოდ დააჩქარეს.

იგივე მოხდება საქართველოში.

დღეს მე ვიყენებ აღნიშნულ ფორუმს, რათა შემოგთავაზოთ კურსი, რომელიც ევროპასა და საქართველოს შორის გაძლიერებულ თანამშრომლობას მოითხოვს.

კერძოდ:

  • ნება მოგვეცით უფრო ინტენსიურად ვითანამშრომლოთ სამეზობლო პოლიტიკის ფარგლებში.
  • ნება მოგვეცით ვიპოვოთ გზები ამ ურთიერთობების გასაღრმავებლად ისე, რომ საქართველო გარდაუვლად იყოს მოდელი იმისა, თუ რას შეიძლება მიაღწიოს ევროპულმა მაგალითმა.

ჩვენ მზად ვართ!

ჩვენ გვჭირდება თქვენი მოსამართლეები, ადვოკატები, ეკონომისტები და უსაფრთხოების ექსპერტები.

ჩვენ გვინდა საქართველო, რომელიც ისე იცავს თავის საზღვრებს, რომ თავის მხრივ ევროპა უფრო უსაფრთხო იყოს.

თქვენი ვალდებულებით, ჩვენ შეგვიძლია დავძლიოთ რუსეთის მიმდინარე ემბარგოს გავლენა, თურქეთთან თავისუფალი ვაჭრობის განხორციელებით, რაც თქვენი ნებართვით არის შესაძლებელი.

ასევე გვსურს მოხდეს იგივე შესაძლებლობის განხილვა ევროგაერთიანების მიმართულებით.

ნება მოგვეცით ერთად ვიმუშაოთ ჩვენი ტერიტორიული პრობლემების გადასაწყვეტად.

მყარი საფუძვლის მოძებნის მიზნით, მე შევთავაზე მოლაპარაკებები მოსკოვს, ასევე სეპარატისტული რეგიონების ლიდერებს.

ჩვენ მოვითხოვეთ ევროპული კაპიტალი დახმარებისათვის და შუამავლობისათვის.

მოვიდა დრო ნდობის აღსადგენად.

სამხრეთ ოსეთსა და აფხაზეთს, ჩვენ, გაეროსთან და ეუთოსთან ერთად, ავტონომიის ძალზე ფართო ფორმები შევთავაზეთ და იგივე შეთავაზებას დღეს თქვენს წინაშე ვიმეორებ.

ასევე, მზად ვართ, ამ რეგიონებში მნიშვნელოვანი ფინანსური ინვესტიციები განვახორციელოთ.

მზად ვართ და გვჭირდება ნეიტრალური მშვიდობისმყოფელები მათ მაგივრად, ვინც არა მშვიდობის დაცვას, არამედ ყოფილი იმპერიის ნაგლეჯების შენარჩუნებას ცდილობს.

ჩვენ ყველანი ომის მსხვერპლი ვართ - ნება მოგვეცით ერთად ავაშენოთ უკეთესი მომავალი.

გადაუწყვეტელი ტერიტორიული საკითხებით, საქართველო ერთადერთი ქვეყანა არ არის.

ბევრი ქვეყანაა ასეთი; ზოგიერთი ევროგაერთიანების შიგნით, ზოგი კი მის პერიფერიებზე.

ევროპის, რუსეთის და ევროპის მეზობლების ინტერესს არ წარმოადგენს ამ პრობლემების გაგრძელება წარმოქმნილი გამოწვევებისათვის ახალი ჩარჩოების შექმნის გარეშე.

თუ ჩვენ აგრესიული სეპარატიზმის თავიდან აცილება გვსურს, ახალი, ევროპული გზა უნდა შევქმნათ, რომელშიც დარეგულირებულია ინდივიდუალური მისწრაფება თვითგამორკვევისათვის და ტერიტორიული მთლიანობა.

ეს ჩვენი კოლექტიური უსაფრთხოებისათვის მეტად მნიშვნელოვანია.

(ისევ ინგლისურ ენაზე) დღეს ჩემი პრივილეგია იყო თქვენთვის გამეზიარებინა ჩემი ხედვები და აზრები საქართველოს ევროპული არჩევანის შესახებ - არჩევანის, რომელიც ჩემმა ხალხმა გამოხატა და რომლის აღსრულების ვალდებულებაც საქართველოს მთავრობამ იკისრა.

მჯერა, რომ ვალდებულების და საერთო სარგებლობის ეს გზა, უფრო მეტ რეზონანსს ევროპის დედაქალაქებსა და ევროპულ ინსტიტუტებში პოულობს და ამ ტენდენციის წახალისება უნდა მოხდეს.

დაბოლოს, მე კვლავ ვუბრუნდები რობერტ შუმანის სიტყვებს, რომლის ხედვა კვლავაც სახელმძღვანელოა ჩვენთვის დღეს:

"ევროპა სრულად, უცებ ან ერთი გეგმის მიხედვით არ შეიქმნება. ის აშენდება იმ კონკრეტული მიღწევების საშუალებით, რომლებიც თავდაპირველად დე-ფაქტო სოლიდარობას ქმნის.

მჯერა, რომ დღეს ამ სოლიდარობის წარმოქმნას ვხედავთ.

ის ამ დარბაზშია; ის ჩვენს გულებსა და ქმედებებშია, ვინაიდან ჩვენ ერთად მივდივართ წინ.

მადლობას მოგახსენებთ.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის მასმედიასთან და
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)