Google+

სიახლეები

26.12.2006
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდა

მინდა მივესალმო ამ შესანიშნავ ახალგაზრდებს, რომლებმაც ქუჩებში, მოედნებსა და ნაძვის ხეებთან სეირნობას, სადაც ეხლა წესით ყველა ახალგაზრდა უნდა იყოს, აქ ყოფნა ამჯობინეს და ჩვენთან ერთად აპირებს ახალი წლის დამდეგს ქვეყნის ბედზე ისაუბროს.

მინდა მოგესალმოთ ყველას და მსურს აღვნიშნო, რომ ძალზე საინტერესო თაობა მოვიდა უნივერსიტეტში, ეს შეეხება პირველკურსელებსაც და მეორეკურსელებსაც, თუმცა ბევრი ნიჭიერი ახალგაზრდა მაღალ კურსებზეც სწავლობს.

პირველი და მეორე კურსის სტუდენტები ჩემთვის მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ ისინი ეროვნული გამოცდების შედეგად მოსული ახალგაზრდები არიან.

მსურს ერთი რამ გირჩიოთ - ყველაფერს თქვენი ნიჭისა და გონების საფუძველზე უნდა მიაღწიოთ, ნუ მოექცევით მათი გავლენის ქვეშ, ვინც შეეცდება ნიჰილიზმი და უიმედობა ჩაგინერგოთ.

კრიტიკული აზროვნება ერთია, მაგრამ სრულიად განსხვავებულია ის, რომ ყოველივეს ეჭვის თვალით შეხედო და არაფრის დაჯერება არ მოისურვო.

მე თქვენი იმედი მაქვს, რადგან ეხლა საზოგადოების ცნობიერებაში მართლაც რევოლუციური ცვლილება ხდება და ამ ცვლილების მთავარი მედროშეები სწორედ თქვენ ხართ.

ამავე დროს, მივესალმები უნივერსიტეტში განხორციელებულ ცვლილებებს, ახალი რექტორის საქმიანობას და მინდა ვთქვა, რომ განსაკუთრებულად ნიჭიერი ახალგაზრდების წასახალისებლად და მაღალკვალიფიციური პედაგოგების მოსაზიდად, მზად ვართ დამატებითი სახსრები გამოვყოთ.

ძალზე კვალიფიციური პედაგოგები აქაც გვყავს, მაგრამ თავის დროზე ეს უნივერსიტეტი უცხოეთიდან მობრუნებულმა ქართველებმა შექმნეს.

ამიტომ ჩვენც უნდა დავაბრუნოთ და თუკი ქართველების ჩამოყვანა შევძელით ოპერისა და ბალეტის თეატრში, სამედიცინო და სამხედრო სფეროებში, აქაც მოვახერხებთ.

მაგალითად, ჩვენ გვყავს ერთ-ერთი ოფიცერი, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატების ერთ-ერთ ყველაზე მნიშვნელოვან სამხედრო ცენტრში მსახურობს და ძალიან მაღალი ხელფასი აქვს, რომელიც საქართველოში ჩამოყვანას, თუნდაც უბრალო ოფიცრად, გვთხოვს.

უდავოა, რომ ჩვენ უნდა დავაბრუნოთ ის პროფესორ-მასწავლებლები, რომლებიც ახალ სულისკვეთებას ჩამოიტანენ სამშობლოში.

ამავე დროს, შარშან და წელს მე და ჩემმა მეგობრებმა აუცხოეთში სწავლის საპრეზიდენტო პროგრამა ავამოქმედეთ და ეკონომისტები და იურისტები უცხოეთში სასწავლებლად გავგზავნეთ.

მომავალ წელს ამ პროფესიის სტუდენტებს ისტორიკოსები და არქიტექტორები დაემატებიან, რადგან მიმაჩნია, რომ ამ სფეროების სპეციალისტები საქართველოს განსაკუთრებით სჭირდება.

ასევე, ცალკე პროგრამები გვაქვს სამხედროებისთვის.

ერთი სიტყვით, განსაკუთრებით ნიჭიერი ახალგაზრდები უცხოეთში არა უცხოური გრანტებით, არამედ უკვე საქართველოს ფულით უნდა წავიდნენ და განათლება მიიღონ.

დღეს ყველა განათებულ თბილისს, განათებულ საქართველოს ვუყურებთ და მინდა იცოდეთ, რომ დღეს მოლაპარაკებები გვქონდა ბაქოში, რამდენიმე დღის წინათ ძალზე მნიშვნელოვან მოლაპარაკებებს თურქებთან ვაწარმოებდით.

წელს არა მხოლოდ სავაჭრო და სატრანსპორტო ბლოკადა (ოღონდ ცალმხრივი, რადგან საქართველოს იზოლირება პრაქტიკულად შეუძლებელია) მოგვიწყეს, არამედ - ენერგეტიკული ეკზეკუციაც.

ფასი, რომელსაც ნაწილობრივ ბუნებრივ გაზში ვიხდით, რათა ჩვენი სახლები გამთბარი და ქუჩები განათებული იყოს, არც ერთ ეკონომიკურ ლოგიკაში არ ჯდება.

შარშანდელი წლის შემდეგ, როდესაც საქართველო ბუნებრივ გაზში 110 დოლარს იხდიდა, ნავთობის ფასი არ გაძვირებულა.

ჩვენ გვეუბნებიან, რომ ნავთობის გაძვირების გამო, საქართველომ ბუნებრივ გაზში 235 ამერიკული დოლარი უნდა გადაიხადოს, თუმცა ზოგიერთმა მეზობელმა ქვეყანამ ის რატომღაც ისევ 110 ამერიკულ დოლარად უნდა შეიძინოს, ვფიქრობ, ამის ისევე არ სჯერა იმ ხალხს, როგორც ის, რომ საფერავი ყველაზე მომწამლავი ნივთიერებაა მსოფლიოში.

გასაგებია, რაც იმალება ამის უკან, მაგრამ საქართველოს ჰყავს როგორც არაკეთილმოსურნეები, მათ შორის, დიდი გავლენის მქონე, ისე - მეგობრები.

მსურს ყველა დავფიქრდეთ, შარშან, როდესაც გაზსადენის ძირითადი ხაზები ააფეთქეს, აზერბაიჯანმა, საკუთარი მოსახლეობის დიდი ნაწილს გაზის მიწოდება შეუწყვიტა, რათა საქართველო მთლიანად არ გათიშულიყო და ბუნებრივი გაზით რამდენიმე დღის განმავლობაში გვამარაგებდა.

აზერბაიჯანმა დღეს კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ იმ პირობებში, როდესაც ეს ქვეყანა თავად არ ყიდულობს რუსულ გაზს, ის ჩვენი მეგობარია.

აზერბაიჯანს პირდაპირ გამოუცხადეს, რომ თუკი ის საქართველოს ერთ კუბურ მეტრ გაზსს მაინც მიაწვდიდა, პრობლემები შეექმნებოდა.

ამ ვითარებაში, გადაწყვეტილების მისაღებად აზერბაიჯანს მთავრი არჩევანი ჰქონდა გასაკეთებელი.

მსოფლიოში ძალიან ცოტა პრაგმატული ლიდერი თუ მიიღებდა ისეთ გადაწყვეტილებას, როგორიც აზერბაიჯანის პრეზიდენტმა, ჩვენმა მეგობარმა ილჰამ ალიევმა მიიღო იმ პირობებში, როდესაც მას უპირველეს ყოვლისა, რა თქმა უნდა საკუთარი ქვეყნის ბედი აღელვებს.

აზერბაიჯანმა განაცხადა, რომ ის საერთოდ არ იყიდის რუსულ გაზს, აღარ გაუშვებს რუსეთში ნავთობს, გათიშავს საკუთარ სასათბურე მეურნეობას და რამდენიმე დიდ ქარხანას, შეზღუდავს მიწოდებას მომხმარებლისადმი და მიუხედავად იმისა, რომ ავარიის გამო კონსორციუმმა უფრო მეტი ახსნა-განმარტება უნდა მისცეს აზერბაიჯანსა და საქართველოს საზოგადოებრიობას, წელს საქართველოს იმდენი ბუნებრივი გაზით მოამარაგებს, რამდენიც, მაგალითად, თბილისის ყველა ბინის გასათბობად არის საჭირო.

ეს არის ნამდვილი მეგობრული და ძმური ნაბიჯი და ასეთი რამ ჩვენ არასდროს არ უნდა დაგვავიწყდეს.

მართლაც ძმა ძმითაა ძლიერი და მეგობარი მეგობრით, ამ ყველაფერს გადახდა და დაბრუნება უნდა.

კავკასიაში ასეთი თანამშრომლობის ნიმუშები ყველა კავკასიელ ერთან მიმართებაში რომ გაგრძელდეს, დარწმუნებული ვარ, მსოფლიოში ჩვენი დამმარცხებელი ძალა არ იარსებებს.

უნდა გითხრათ, რომ დღეს აქ საქართველოს შეიარაღებული ძალების რამდენიმე წარმომადგენელთან - თავდაცვის მინისტრთან დავით კეზერაშვილთან, გენერალური შტაბის ახალ ხელმძღვანელთან ზაზა გოგავასთან, ერთ-ერთი ბრიგადის მეთაურთან ნიკა ჯანჯღავასთან და საჰაერო ძალების მეთაურთან ალან ლაკოევთან ერთად მოვედი.

მსურს ზემოაღნიშნული თემები განვავრცოთ.

საქართველო ძლიერია მისი ერთიანობით.

ჩვენ ყველამ უნდა მივიღოთ მონაწილეობა საქართველოს ცხოვრებისა და მისი მომავლის ყველა ასპექტში.

სათითაოდ დავმარცხდებით და თუ გათითოკაცებული ვიქნებით, ჩვენი დამარცხება ადვილი იქნება, ხოლო თუ ერთიანნი ვიქნებით და ქვეყნის თავდაცვისა და გაძლიერების პროცესში მთელი საზოგადოება მიიღებს მონაწილეობას, საქართველოს დამმარცხებელი ძალა არ იარსებებს.

როდესაც ერი შეკრულია, ძალიან ძლიერი და ძალიან სუსტი სახელმწიფოები არ არსებობს.

ომი და პრობლემები საქართველოს არავისთან სურს.

1939 წელს, როდესაც სტალინის საჭოთა კავშირმა "გადაყლაპა" ბალტიისპირეთის ქვეყნები, "გადაყლაპა" ნახევარი პოლონეთი მას შემდეგ, რაც მისი დამონება 1921 წელს ბოლშევიკებმა სცადეს პირველად და ქართველმა ოფიცრებმა - პოლონეთის შეიარაღებული ძალების ელიტამ ძალზე ძლიერი და დიდი რუსული ბოლშევიკური სამხედრო მანქანა დაამარცხა.

1940 წელს ეს მანქანა 10-20-ჯერ უფრო გაძლიერებული მიადგა ფინეთს, რომელიც მოსახლეობის მიხედვით ჩვენზე პატარა ქვეყანა იყო, ხოლო საბჭოთა კავშირი - 200 მილიონიანი ქვეყანა.

როდესაც მთელი ფინეთი ერთად დადგა, მან ამ აგრესიის მოგერიება მოახერხა - ეს იყო 4 მილიონზე ბევრად ნაკლები ადამიანით დასახლებული ქვეყანა.

მე ნამყოფი ვარ ჰელსინკის მთავარ ტაძარში, რომლის კედლებზე გმირების სახელებია დაწერილი და ის, რომ ფინეთი დღეს ევროპაში ყველაზე წარმატებული ქვეყანაა, მრავალგზის უფრო მდიდარი ვიდრე ნებისმიერი საბჭოთა რესპუბლიკა, მაშინ, როდესაც მას საბჭოთა რესპუბლიკის ბედი უნდა გაეზიარებინა, იმ გმირების დამსახურებაა.

თითოეულმა ჩვენგანმა უნდა გააკეთოს ის, რომ ჩვენ ვეღარასდროს დაგვაბრუნოს იმპერიაში.

დღეს ისტორიული დღეა, რუსეთის შეიარაღებული ძალების ბოლო ოფიცერმა დატოვა საქართველოს დედაქალაქი და იმედია სამუდამოდ.

სხვათა შორის, მინდა ვაღიარო და მადლობა ვუთხრა მათ, რომ 1990-იანი წლებიდან განსხვავებით, როდესაც მათი გასვლა ურჯულოების შემოსევის ტოლფასი იყო, შედარებით ცივილიზებულად დატოვეს აქაურობა.

ისინი ტოვებდნენ დანგრეულ და განადგურებულ კედლებს, სანიტარულ კვანძებში ასხამდნენ ცემენტს და სხვა, მაგრამ ამჯერად მათი გასვლა ბევრად უფრო კარგად მოხდა - ყველაფერი ბევრად უკეთეს მდგომარეობაში დაგვიტოვეს და მე ამას ვაფასებ.

ამ ოფიცრებს ჩვენ უკვე ვუთხარით და ხელახლა ვეუბნებით - მათ ვისაც საქართველო მოსწონს, ვინც რამდენიმე წელია აქ ცხოვრობს, ვისი ბავშვებიც აქაურ სკოლაში მივიდნენ და სწავლობდნენ, მზად ვართ ისინი საქართველოში ჩვენს მოქალაქეებად დავტოვოთ.

ისინი საქართველოს საზოგადოების ნაწილი გახდებიან - მათ ეს არჩევანიც აქვთ.

ჩვენ არ გვინდა სამხედრო ბაზები, მაგრამ გვჭირდება მოქალაქეები, რომლებიც ამ ქვეყნის პატრიოტები იქნებიან.

თჲმცა, თუკი ისინი დარჩენას არ აპირებენ, ჩვენ მათ ტურისტებად მივიღებთ - გასაყოფი არავისთან არაფერი გვაქვს.

ეს მართლაც მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯია და ვიმედოვნებ, რომ ეს ნაბიჯი რუსეთის ფედერაციასთან ახალი თანამშრომლობის, პრობლემების გადალახვის დასაწყისი იქნება.

როდესაც მე, საბჭოთა კავშირსა და ძველ იმპერიულ აზროვნებაზე ვლაპარაკობ, ვგულისხმობ იმას, რომ რუსეთის ფედერაცია იმ საშინელი ყოფის სამართალმემკვიდრე არ არის და იმედია, ჩვენ სრულიად განსხვავებული ურთიერთობის დამყარებას შევძლებთ.

ამავე დროს, უნდა გვესმოდეს, რომ საქართველოში არსებული საფრთხეების უკუსაგდებად ჩვენს ქვეყანას ყველა სფეროში სჭირდება გაძლიერება.

ბოლო ორი-სამი წლის განმავლობაში ძალზე თანამედროვე, მაგრამ ართუ მრავალრიცხოვანი შეიარაღებული ძალები შვქმენით.

საქართველოს რიცხოვნობით კავკასიაში ყველაზე პატარა არმია აქვს, მაგრამ ვიმედოვნებ, ყველაზე მოქნილი, მანევრირებადი და ნატოს სტანდარტებით ყველაზე თანამედროვე სტრუქტურებთან ყველაზე მეტად ინტეგრირებადი, რომლისკენაც მივისწრაფით და გვსურს, რომ ეს სტანდარტები ჩვენშიც დამკვიდრდეს.

შეიარაღებულ ძალებთან ერთად, საქართველოში რეზერვისტთა დიდი ჯგუფის შექმნა უნდა შევძლოთ.

საქართველოს, როგორც ყველა პატარა ქვეყანას, ტოტალური თავდაცვის განხორციელება უნდა შეეძლოს.

ამიტომაც ამას წინათ რეზერვისტთა კანონს მოვაწერე ხელი და ამ კანონის თანახმად საქართველოს ყველა მოქალაქე რეზერვისტად გაწვევას ექვემდებარება.

პირველად წასვლა აუცილებელია, ორჯერ შეუძლია ნებაყოფლობით წავიდეს და ამ გზით, მშვიდობიან დროში სამხედრო სამსახურში გაწვევისგან თავისუფლდება.

არ გაგიკვირდეთ, გაზაფხულიდან რეზერვისტებად, კარგ პირობებში სტუდენტების გაწვევასაც ვაპირებთ.

ყველა ახალგაზრდა კაცს იარაღის ჭერასა და გამძლეობას ვასწავლით.

გარწმუნებთ, რომ 18 დღე არცთუ დიდი დროა.

თითქმის ამდენი ხანი გავატარე რეზერვისტთა ბანაკში ნიკა რურუასთან ერთად და როდესაც ვნახე, რომ კარვები მთლად კომფორტული არ იყო, თქვენთვის უკეთესი პირობების შექმნა გადავწყვიტე.

ეს ყველა ახალგაზრდა კაცმა უნდა გაიაროს და თუ გოგონებსაც ექნებათ რეზერვში წასვლის სურვილი, ამაში მათ ხელს არ შევუშლით, პირიქით მათ გადაწყვეტილებას მივესალმებით კიდეც.

ამავე დროს, შეიარაღებული ძალების მობილიზაცია და კვალიფიკაციის ამაღლება გვჭირდება.

ჩვენ ძალიან ბევრი მომზადებული და მოტივირებული კარგი ოფიცერი გვყავს - ვფიქრობ კოდორის ოპერაცია კლასიკური მაგალითია იმისა, თუ რას ნიშნავს გყავდეს თავდაცვისა და ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტროს ეფექტიანი, ქმედუნარიანი, სპეცრაზმელი.

ეს იყო მაღალ დონეზე განხორციელებული პოლიციური ოპერაცია, რომელსაც სერიოზული გამოხმაურება ჰქონდა, რადგან მინიმალური მსხვერპლითა და მაქსიმალური ეფექტიანობით დასრულდა.

სწორედ ამისთვის არის საჭირო კვალიფიკაციის ამაღლება.

საქართველოს შეიარაღებულ ძალებში 1000-დან 1500-მდე ოფიცრის ვაკანსიას ვაცხადებთ.

ჩვენი სურვილია, რომ ეს უმაღლესდამთავრებული ხალხი იყოს - ისინი ვინც დაამთავრა ბოლო პერიოდში, ამთავრებს წელს ან მომავალ წელს.

პირველ წელს ამათ შორის კონკურსი გაიმართება.

თითოეულ ამ ახალგაზრდასთან გავაფორმებთ კონტრაქტს, რომლის თანახმადაც, თუკი ისინი ფასიან ჯგუფებში სწავლობენ, ბოლო წლების საფასურს სახელმწიფო გადაუხდის, ყველა მათგანს მივცემთ შესაძლებლობას, რომ ქართული ბანკებიდან, პრაქტიკულად, უპროცენტო კრედიტი - 15 ათას ლარამდე აიღოს, ამაას გარდა, საშუალებას მივცემთ ყველას, ხელი მოაწეროს კონტრაქტს სახელმწიფოსთან, რომლის თანახმადაც, 4-წლიანი სამხედრო სამსახურის შემდეგ, ისინი ბინას უფასოდ მიიღებენ.

ამ ბინების მშენებლობა წელსვე დაიწყება.

ეს იქნება თბილისში, ბათუმში, ალბათ, თალავსა და ქუთაისში და საქართველოს კიდევ ერთ რომელიმე ქალაქში.

ჩვენი ამოცანაა, რომ ხალხმა წელსვე მიიღოს ორდერი, თუმცა იმ პირობით, რომ ოთხი წლის განმავლობაში ერთგულად იმსახურებს.

ამას გარდა, ჩვენ ინგლისური და სხვა უცხო ენის მცოდნე ხალხი გვჭირდება, თუმცა ეს აუცილებელი პირობა არ არის.

უცხო ენის მცოდნე ადამიანების ხელფასს, ოფიცრის 600-ლარიანი ხელფასის გარდა, 100-150 ლარი დაემატება და პირველივე წელს სტაჟირებას დასავლეთის წამყვან ცენტრებში გაივლიან, სადაც, ჩვეულებრივ, შვედური აკადემიის სამთვიანი სწავლების კურსის შემდეგ მიდიან.

მე მოვიყვანე აქ ხალხი, რომელსაც თქვენ ძალიან სჭირდებით.

მაგალითად, ალან ლაკოევი, რომელმაც რამდენიმე ათეული მფრინავი გაწვრთნა, რომლებმაც, თავის მხრივ, ზემო აფხაზეთის ოპერაციის დროს გამოიჩინეს თავი.

თავად ალანი ჩვენი საბრძოლო ოპერაციების ერთ-ერთი გმირია - იბრძოდა აფხაზეთის ომში და შემდეგ ბევრი რამ გააკეთა იმისათვის, რომ მართლაც ნულიდან დაწყებული საქმე ამ დონემდე მიეყვანა.

ბოლო პერიოდში ბევრი სხვადასხვა გვარი ფიგურირებს, მაგალითად, სანაკოევი და სხვები, მაგრამ ლაკოევსაც სერიოზული პრეტენზია აქვს, არა მარტო იმისა, რომ საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე წარჩინებული მოქალაქე იყოს, არამედ იმისიც, რომ ჩვენი სისხლისა და ხორცის, ჩვენი ოსების ყველაზე ღირშესანიშნავი წარმომადგენელი იყოს როგორც საქართველოს ხელისუფლებაში, ისე იქ - ადგილზე.

ჩვენ გვყავს ნიკა ჯანჯღავა, რომელიც უცხოეთში, მათ შორის, საფრანგეთის ლეგიონში მოღვაწეობდა, შემდეგ ჩამოვიდა და მაშინ დაიწყო აქ ყველაფრის აწყობა, როცა ქართული ჯარი თითქმის არ არსებობდა.

მაგალითად კოჯრის ბატალიონში სამი წლის წინათ ოფიცრები იჭერდნენ გველებს და ჭამდნენ, რადგან ერთი წლის განმავლობაში ხორცი გასინჯულიც არ ჰქონდათ.

ყოველივე ეს უკვე წარსულში დარჩა.

აი ამ ბიჭებმა დაიწყეს ყოველივე იმის შექმნა, რაც დღეს გვაქვს - დღეს აღარც საკვების პრობლემა გვაქვს, აღარც პირობების და აღარც გათბობის.

სენაკში ისეთი ოლიმპიური აუზი აშენდა (გორშიც ანალოგიური შენდება), რომ მე რომ მსგავს აუზში რომ გავზრდილიყავი, ცურვასა და წყალბურთში ისეთი წარუმატებელი არ ვიქნებოდი, როგორიც საირმის ქუჩაზე მდებარე აუზზე სიარულის დროს ვიყავი.

ასე რომ, ჩვენ ახალი ხალხი, ახლი სისხლი, მაღალი კვალიფიკაცია და ახალი დონის ინტელექტი გვჭირდება, რადგან ჩვენს შესაძლო პრობლემების შემქმნელს (არ მინდა მათ მტერი, ან მოწინააღმდეგე ვუწოდო, რადგან არ მსურს ვინმე გავაღიზიანო), შესაძლოა ბევრად მეტი იარაღი ჰქონდეს (თუმცა იარაღი ჩვენც საკმარისად გვაქვს და კიდევ მეტი გვექნება), შესაძლოა უფრო მრავალრიცხოვანი არმია ჰყავდეს, მაგრამ ჩვენი ინტელექტით, მოქნილობით, გამბედავობითა და მოტივაციით ტოლს არავის დავუდებთ.

კავკასიაში ისეთი მეომარი, როგორიც ქართველი იყო - საქართველოში მცხოვრებ ყველა ეროვნების ხალხს ვგულისხმობ, არავის ჰყოლია.

წეღან ოსებზე ვლაპარაკობდი, იცით, რომ ყველაზე ბოლოს, მე-19 საუკუნეში საქართველოს დამოუკიდებლობისთვის ბრძოლა ოსურმა რაზმებმა გააგრძელეს.

როდესაც რუსეთის იმპერიამ საქართველოს უკანასკნელი დედოფალი დააპატიმრა და დარიალის გზით საქართველოდან გაყავდათ, ბოლო ყველაზე თავზეხელაღებული შეტევა, საქართველოს დედოფლის გამოსახსნელად, სრულიად უიმედო ვითარებაში, ხეობაში მცხოვრებმა ოსებმა განახორციელეს.

ეს გასაკვირი არც არის, რადგან რამდენიმე ქართველ მეფეს ოსური სისხლი ჰქონდა, რადგან საქართველო ოსებისგან, აფხაზებისგან, სომხებისგან, აზერბაიჯანლებისგან შედგება და ეს ესეცაა.

ეს არის ჩვენი სიძლიერე.

ამიტომ ვინც გვეუბნება, რომ თურმე ამას იმისთვის კი არ აკეთებს, რომ ვინმეს გეგმა აქვს საქართველოს ტერიტორიები დააკარგვინოს, გაურკვეველი ამბიციების დაკამყოფილება სურს, ან თითქოს შესაძლოა ამ უმცირესობების უფლებები შეილახოს, კარგად უნდა შეიგნოს, რომ საქართველოს მხოლოდ მშვიდობიანი განზრახვა აქვს.

ჩვენ აღმშენებლობით პროექტებს ვახორციელებთ - ვაშენებთ გზებს, საავადმყოფოებს, სკოლებს სასტუმროებს, აეროპორტებს; ჩვენ განვითარება და ეკონომიკური წარმატება გვსურს, რაც სრულიად შეუთავსებელია ომთან.

თუმცა თუ ვინმეს, ვითომ სხვადასხვა ეროვნული უმცირესობათა ჯგუფების დაცვის მოტივაციით და სინამდვილეში ღია იმპერიული ამბიციით საქართველოში მოსვლის, მისი რომელიმე ტერიტორიის გაუცხოებისა და გასხვისების სურვილი აქვს, მას ეთნიკური ქართველები, ეთნიკური ოსები, ეთნიკური ებრაელები, ეთნიკური აზერბაიჯანელები დახვდებიან, დაამარცხებენ ნებისმიერ მომხვდურს და ამის თითოეულ მოსურნეს.

მას დავხვდებით ჩვენ ყველანი.

მინდა რომ ეს გაფრთხილება ყველამ კარგად გააცნობიეროს - საქართველო მშვიდობიანი ქვეყანაა და ჩვენ უშუქობაში, უიმედობაში, არეულობასა და სამოქალაქო ომის მდგომარეობაში დაბრუნება აღარ გვსურს.

ამიტომ ნურავინ წაგვეთამაშებით, ნურავინ წარმოიდგენს ზედმეტს, თორემ საკადრის პასუხს მიიღებს.

მინდა თითოეული თქვენგანი და ყველა სტუდენტი ვინც გვისმენს თბილისში, ქუთაისში, ზუგდიდში, ბათუმში, თელავსა და გორში დაფიქრდეს იმაზე, რაზეც ეხლა ვილაპარაკეთ.

ჩვენ შეგიქმნით ყველა პირობას, წელს 100 ათასი კვადრატული მეტრი საცხოვრებლის მშენებლობა დაიწყება, საამისოდ ფულიც გვაქვს და ადგილებიც; დამატებით თანხას გამოვყოფთ სამხედროთა მოსამზადებლად და უცხოეთში გასაგზავნად.

მინდა გესმოდეთ, რომ ადამიანმა შეიძლება ხუთი, ათი, თხუთმეტი წელი შეიარაღებულ ძალებში იმსახუროს და შემდეგ საუკეთესო მენეჯერი, საუკეთესო ბიზნესმენი, მათ შორის, საუკეთესო პოლიტიკოსიც იყოს.

პარლამენტში რეზერვისტთა შესახებ კანონის განხილვისას ზოგიერთი დეპუტატის მთავარი საზრუნავი იყო ის, რომ რეზერვისტად წასვლა არ შეხებოდა და კანონში ჩადეს კიდეც ეს - პარლამენტარს რეზერვში გაწვევა არ ეხება.

ფვიქრობ, რომ ეს არასწორია, თუმცა შესაძლოა კარგიც იყოს, რადგან ის ვისაც ჯარში წასვლა არ სურს, ალბათ, არც ვარგა და მაშინ იყოს იქ, სადაც არის.

თუმცა უნდა გვესმოდეს, რომ ყველა ვინც ამ მომზადებას გაივლის, საზოგადოების მაღალი დონის მოქალაქე გახდება.

ჩვენთან ისეთივე პრესტიჟული გახდება სამხედრო სფერო, როგორი სიამაყითაც ეხლა ეს წარმატებულ ადვოკატზე, ბანკირზე, კეძო თუ სახელმწიფო კლინიკის ექიმზე ითქმის.

ესეც უნდა იყოს, თუ გვინდა, რომ პატივს გვცემდნენ, თუ გვსურს, რომ მშვიდობა იყოს და საქართველოსთვის პრობლემების შექმნის სურვილი არავის გაუჩნდეს, თუ გვსურს, რომ ჩვენზე ხელი არავის წაუცდეს.

იცოდეთ, თუ ეს ასე არ იქნება, აუცილებლად მოგვწვდებიან, რადგან ძალზე მადიანი ლუკმა ვართ.

ხომ თავად ნახეთ რას მივაღწიეთ.

ხილისა და ციტრუსების ბაზარი იმ იმედით გადაგვიკეტეს, რომ შიმშილით დავიხოცებოდით.

გაგვიჭირდა, მაგრამ ნახეთ ციტრუსის, ხილის და სხვა პროდუქტის რამდენი გადამამუშავებელი საწარმო გაიხსნა.

შემდეგ ერთხელ, მეორედ გაგვიძვირეს გაზი და, რა თქმა უნდა, ამან დაგვაზარალა, მაგრამ თბილისი და სხვა ქალაქები განათებულია როგორც არასდროს და ყველაფერს გავაკეთებთ იმისათვის, რომ ვერასდროს ვერ ჩაგვაბნელონ.

როდესაც სამი წლის წინათ, პირველი მოლაპარაკების დროს, რუსეთის სამხედრო ძალების გაყვანაზე დავიწე ლაპარაკი (არ მინდა ეს რუსეთთან კონფრონტაციის საკითხად გამოვიყენოთ), მითხრეს, რომ ამ პროცესის დასასრულებლად 15-20 წელიწადი იყო საჭირო.

2008 წელს არც ერთი რუსი ჯარისკაცი არ იქნება, თუმცა ჩვენი ამოცანა ის კი არ არის, რომ ისინი ახალქალაქში ან ბათუმში აღარ იყვნენ, არამედ ისაა, რომ უცხო ჯარები მთელი საქართველოს მასშტაბით აღარ იყოს.

ჩემთვის რუსეთის ჯარის საქართველოდან საბოლოო გაყვანის თარიღი ის დღე იქნება, როცა ბოლო რუსი სამხედრო როკის გვირაბის ტეროტორიას დატოვებს და ბოლო რუსი სამხედრო ფსოუზე გადავა.

იყო დრო, როდესაც ეს შეუძლებლად მიაჩნდათ, მაგრამ ეს დღეს უკვე ხდება და ვფიქრობ, რომ ეს არა კონფრონტაციის ხაზგასასმელი, არამედ თანამშრომლობის მშვენიერი მაგალითია.

საჰაერო სივრცე დაგვიკეტეს, ქართველებს რუსეთში პრობლემები შეუქმნეს, მაგრამ არასოდეს ქრთველობა არასდროს ყოფილა ასე ერთ მუშტად შეკრული, როგორც დღეს არიან რუსეთში.

არასდროს ისე არ უამაყიათ მათ საკუთარი ქვეყნითა და წარმომავლობით, როგორც დღეს ეს რუსეთში მჟღავნდება.

ეხლა, მართლაც, გეოპოლიტიკური რევოლუცია ხდება.

ჩვენ გვეუბნებოდნენ, რომ ჩვენი პატრონი არავინ იქნებოდა, მაგრამ ასე არ არის - ალტერნატივა ყოველთვის გვაქვს.

ნახეთ როგორი მეგობრობა გაგვიწია აზერბაიჯანმა და თურქეთმა, როგორი ურთიერთობა გვაქვს შავი ზღვის სხვა ქვეყნებთან, ევროპასთან, მთელ ჩვენს რეგიონთან.

ეს ყველაფერი გაგრძელდება.

ამ პირობებში, როდესაც ყველა საკითხს გეგმაზომიერად, სტრატეგიულად სწორად ვწყვეტთ და ვამზადებთ ბაზას იმისათვის, რომ მომავალში სტრატეგიული და მეგობრული ურთიერთობა დიდ მეზობელთან - რუსეთთან დავამყაროთ, რისი დიდი სურვილიც გვაქვს, არეულობის მსურველს ბოლო კოზირიც აღარ უნდა დარჩეს.

ბოლო კოზირი განეიტრალებისთვის არის ეს ხალხი, დავით კეზერაშვილისა და ზაზა გოგავას ხელმძღვანელობით და ხართ თქვენ - ისინი, ვინც ეს ხალხი უნდა გააძლიეროს და მათთან ერთად დადგეს.

ეს არ არის ჩვენი მუქარის ფაქტორი - ეს ჩვენი სტაბილურობის, სიმშვიდის ფაქტორია, რომ როდესმე ვინმე რამით არ დაგვემუქროს.

ჩვენ არავის არაფერს ვართმევთ და არც არაფერს ვედავებით, მაგრამ ნურც ჩვენც მოგვედავებიან.

ამის სათქმელად მე პირველად ჩვენი სახელმწიფო უნივერსიტეტის ტრიბუნა ავირჩიე, რომელიც დიდი ივანე ჯავახიშვილის სახელს ატარებს.

ჩვენ უნდა გვახსოვდეს, რომ მაშინ საქართველოს სახელმწიფოებრიობის შესაქმნელად, ერთი დიდი მოძრაობა დაიწყო და ის მოძრაობა შუა გზაში გაგვიჩერეს - ამ ორგანიზმმა გამაგრება ვერ მოასწრო.

ეხლაც ძალიან ახლოს ვიყავით ყოველივე ამასთან, მაგრამ ვფიქრობ, ეხლა ჩვენ უკვე ვდგებით ფეხზე და მოდით, ყველაფერი გავაკეთოთ იმისათვის, რომ ჩვენი წინსვლა ვერავინ ვერასდროს ვეღარ შეაჩეროს.

დიდი მადლობა!


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)