Google+

სიახლეები

27.01.2007
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ნაციონალური მოძრაობის პოლიტსაბჭოს სხდომას დაესწრო

ნაციონალური მოძრაობის ოფისში პარტიის პოლიტიკური საბჭოს სხდომა გაიმართა, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი დაესწრო.

ნაციონალური მოძრაობის წევრებსა და რწმუნებულებთან შეხვედრაზე პრეზიდენტმა გუბერნატორებს ყველა იმ გამგებლის გათავისუფლება მოთხოვა, რომლებმაც სახელმწიფოს ფული საკუთარი კაბინეტების კეთილმოწყობასა და ძვირადღირებული ავტომანქანების შეძენას მოახმარა.

„მე დღეს გუბერნატორები მოვიწვიე, რათა ადგილობრივ თვითმმართველობასთან დაკავშირებით, თამაშის წესები თავიდანვე გარკვეული იყოს.

ნაციონალურმა მოძრაობამ ძალიან დამაჯერებელი გამაჯვება მოიპოვა, დემოკრატიულ სისტემაში ამაზე მაღალი პროცენტებით გამარჯვება არ არსებობს. ეს თითოეული თქვენგანის, ჩვენი ხალხის გამჭრიახობის, სწორი პოლიტიკის დანახვის და გატარების შედეგია.

მე თითოეულ თქვენგანს და ამომრჩეველს მადლობას ვუხდი.

კარგად იცით, რომ ჯერ ჩვენ მდიდარი ქვეყანა არ ვართ.

მთელ რიგ ადგილებში ახლადარჩეულმა გამგებლებმა ადგილობრივი ბიუჯეტის უმეტესი ხარჯები საკუთარ ხელფასებს, ადგილობრივი ადმინისტრაციის აპარატის კადრების გაბერვას, ადმინისტრაციის აპარატის მაქსიმალურად კარგად აღჭურვას ისე მოახმარეს, რომ ჯერ ხალხისათვის არაფერი გაუკეთებიათ.

მინდა ასევე განვაცხადო, ჩვენთვის მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ გამგებლები, პროკურორები, მინისტრები, პოლიციელები კარგ პირობებში მუშაობდნენ, ჰქონდეთ გადაადგილების საშუალება, ნორმალური ხელფასი, რათა ცდუნება არ გაუჩნდეთ. ამაში ცუდი არაფერია, მაგრამ როდესაც ხარჯების ას პროცენტს ამაში ხარჯავ, ნიშნავს იმას, რომ შენ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ იმისათვის მოხვედი, რომ მხოლოდ შენ იცხოვრო უკეთესად და არა სხვა დანარჩენმა.

ჩვენ საქართველოს პარლამენტში კანონპროექტი შეგვვაქვს, რომლის თანახმადაც, რეგიონებისათვის გამოყოფილი ხარჯების ნახევარი სოციალური პრობლემების - გზების, საავადმყოფოების, სკოლების და სოფლის მეურნეობის სფეროში არსებული პრობლემების მოგვარებას მოხმარდება.

ნაციოანლური მოძრაობა ძლიერია იმით, რომ ყველა აქამდე არსებული პარტიებისაგან განსხვავებით, ჩვენ პარტიიდან ის ხალხი გავუშვით, ვინც გასაშვები იყო, ციხეში გავუშვით ის ადამიანები, ვინც გასაშვები იყო ისე, რომ ხელი არავისათვის დაგვიფარებია. ყველა სხვა პარტია არჩევნებში იმიტომ დამარცხდა, რომ თავიანთ კადრებს ხელს აფარებდნენ მაშინაც კი, როცა ისინი დამნაშავეები იყვნენ. ჩვენ კი პირიქით ვიქცევით. ეს ჩვენთვის მთავარია და ხალხიც ამიტომ გვიჭერს მხარს.

საკრებულოებს მოვუწოდებ - ყველა გამგებელი, ვინც თავისი საქმიანობა საკუთარი პირობების გაუმჯობესებით დაიწყო და ხალხისათვის არაფერი გაუკეთებია, ვისაც ეგონა, რომ კაბინეტები ჩინ-მედლებია და მათ არჩევნებში გამარჯვებისათვის ვარიგებთ, ასეთი ხალხი დაკავებული თანამდებობებიდან უნდა გაუშვათ.

თუ ჩვენ უნდა ვიყოთ ძლიერი პარტია, ეს პარტიისადმი ჩემი თხოვნაა. ყველა მოეგოს გონს, ჩვენ აქ იმისათვის ვართ, რომ ხალხს ვემსახუროთ. მადლობელი ვარ რომ უმეტესობა ამას აკეთებს და ის, ვინც ამას არ აკეთებს, სახლში წავიდეს და საკუთარ ოჯახს მიხედოს.

ნაციონალურ მოძრაობას ხელშეუხებელი კადრები არ ჰყავს, ჩვენ ჩვენს კადრებზე პასუხს ვაგებთ, მათ ბოლომდე დავიცავთ, სადაც დასაცავი იქნება და პასუხსაც ბოლომდე მოვთხოვთ.

მე არ მსურს ვინმეს ხელი კრიმინალზე წაუცდეს, დღეს მე აქ მორალურ პასუხისმგებლობაზე ვსაუბრობ.

ყრილობის დამტკიცებამდე, წინასწარ მინდა შემოგთავაზოთ, გენერალური მდივნის მოვალეობას დროებით დავით კირკიტაძე, შეასრულებს.

ჩვენ ვართ ძლიერი პარტია. პარტია, რომელმაც ძალიან ბევრი რამ გააკეთა და ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ყველაზე ძლიერი აპარატი შექმნა. მიმაჩნია, რომ ამ ეტაპზე მისაღები კანდიდატურაა. საბოლოო გადაწყვეტილებას პარტია მიიღებს. ეს ადამიანი თვალსა და ხელს შუა იზრდება, მან ბოლო პერიოდში საზღვარგარეთაც მიიღო განათლება. რაც უფრო მეტად ვიმუშავებთ ჩვენს თავზე და მეტ გამოცდილებას მივიღებთ, უფრო კარგად ვიქნებით და ჩვენი ქვეყნისთვისაც უკეთესი იქნება.

მინდა გუბერნატორებს ვუთხრა, რომ ნაციონალური მოძრაობის პროგრამები - განათლების, ჯანდაცვის, გზების, ინფრასტრუქტურის ტურიზმის განვითარების სფეროში უნდა განხორციელდეს. ამ პროგრამებზე პასუხს გუბერნატორები აგებენ. თქვენ თოთოეული თეთრი კარგად უნდა გააკონტროლოთ. ამ მხრივ ყველანაირად ხელს შეგიწყობთ.

იმ პირობებში, როცა საქართველო ადგილობრივ თვითმმართველობას ანვითარებს, ჩვენ სერიოზული პოლიტიკური კონტროლი გვჭირდება, რათა ჩვენი არცთუ ისე მდიდარი ქვეყნის ბიუჯეტის თითოეული თეთრი ხალხს მოხმარდეს და არა კერძო და ადმინისტრაციულ ინტერესებს.

მინდა შევაქო ყველა ის გამგებელი, ვინც თავისი საქმიანობა კარგად დაიწყო, ხოლო ისინი, ვინც ცუდ გზაზე დგას, გავაფრთხილო. გარანტირებული თანამდებობა არავის არ გაქვთ და თუკი კანონს დაარღვევთ, პასუხისგებაც გარანტირებული გექნებათ. ამიტომ ყველანი იყავით მონდომებული და ჩვენც ხელს შეგიწყობთ.

ჩვენ ვართ ის პარტია, ვინც შეცდომებს და კანონდარღვევას არავის შეარჩენს და აპატიებს" - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)