Google+

სიახლეები

02.03.2007
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა და უკრაინის პრეზიდენტმა ვიქტორ იუშჩენკომ ერთობლივი პრესკონფერენცია გამართეს

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი:

მსურს მივესალმო ჩვენს სტუმრებს - უკრაინის პრეზიდენტს და მის დელეგაციას!

ჩვენ არ გვჭირდება იმის ახსნა, რომ უკრაინა საქართველოს ახლო მეგობარი და მეკავშირეა, მაგრამ მინდა ყურადღება გავამახვილო იმ ფაქტზე, თუ რამდენად დიდი პროგრესი განიცადა საქართველო-უკრაინის ურთიერთობამ ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში.

2004 წლის შემდეგ, ჩვენს ქვეყნებს შორის ვაჭრობა ყოველწლიურად 50 პროცენტით იზრდება, შარშან კი, ჩვენი მონაცემებით, ეს მაჩვენებელი თითქმის გაორმაგდა.

ეს იმას ნიშნავს, რომ ბევრად მეტი შესაძლებლობები შეექმნა ორივე მხარეს.

ბევრად უფრო მეტი შესაძლებლობები შეექმნათ სამეწარმეო სუბიექტებსაც, რათა მეტი პროდუქცია აწარმოონ, გაყიდონ და მეტად გამდიდრდნენ.

ჩვენი მონაცემებით, შარშან უკრაინაში ფქვილის ექსპორტი თითქმის სამჯერ გაიზარდა.

ეს ძალზე სერიოზული წინგადადგმული ნაბიჯია, თუმცა მიმაჩნია, რომ უკრაინის ბაზარზე ბევრად მეტი შესაძლებლობაა.

მაგალითად, სოფლის მეურნეობის მინისტრს დავალება მივეცით, რომ უკრაინის ბაზარზე გასაგზავნი ღვინის სტანდარტები უფრო მეტად გაამკაცროს.

ჩვენი ღვინის ხარისხი ბოლო დროს მკვეთრად გაუმჯობესდა, მაგრამ კიდევ უფრო მეტი კონტროლი და სიმკაცრე გვჭირდება, რათა ყოველგვარი გაუგებრობა გამოირიცხოს.

დღევანდელმა ხელმოწერილმა ხელშეკრულებამ, სწორედ, ეს უნდა უზრუნველყოს.

ჩვენს ქვეყნებს შორის თანამშრომლობის ყველა სხვა ასპექტი კარგად მოწესრიგებული გვაქვს.

უკრაინასა და საქართველოს შორის, პრაქტიკულად, მთლიანად თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმი მოქმედებს.

ჩვენს შორის, მართალია, გარკვეული ტექნიკური საკითხები ჯერ კიდევ გადასაწყვეტია, მაგრამ უკრაინისა და საქართველოს ეკონომიკური ურთიერთობა თავისუფალი ვაჭრობის რეჟიმის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული მაგალითია.

აღარაფერს ვამბობ ჰუმანიტარულ ასპეტებზე.

როდესაც საქართველოს პრეზიდენტი გავხდი, კიევში კვირაში ერთი რეისი სრულდებოდა, ისიც - ნახევრადცარიელი თვითმფრინავით.

დღეს რეისები ყოველდღე სრულდება, ზოგჯერ კი - დღეში რამდენიმე.

ჩემი პრეზიდენტობის პირველი ვადის ამოწურვამდე, კიევსა და თბილისს შორის იმდენივე რეისი უნდა შესრულდეს, რამდენიც საბჭოთა პერიოდში, ჩემი სტუდენტობის დროს სრულდებოდა.

ეს იმის მაჩვენებელი იქნება, რომ ჩვენი ურთიერთობა მთლიანად აღდგა.

რეალურად, ეს ის ატმოსფეროა, რომელიც ორმა ქვეყანამ შექმნა.

დღეს ქართველებსა და უკრაინელებს უფრო მეტი ურთიერთობა აქვთ ერთმანეთთან, რადგან მათ ერთმანეთთან სიარული და ურთიერთობა უადვილდებათ.

არ დამითვლია, თუ რამდენი ქართულ-უკრაინული ოჯახი შეიქმნა ბოლო პერიოდში, მაგრამ იმისათვის რომ მსგავსი ფაქტები მოხდეს, ყველა პირობა შევქმენით.

ასე, რომ ამ ურთიერთობას ყოველმხრივ მივესალმებით.

ხვალ თბილისში ტარას შევჩენკოს ძეგლი გაიხსნება, ხოლო მაისში კიევის ცენტრში შოთა რუსთაველის ძეგლს დადგამენ.

უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენი ურთიერთობა მხოლოდ ცენტრალური ქალაქებით არ შემოიფარგლება - უკრაინასა და საქართველოში რამდენიმე დაძმობილებული რეგიონია.

უკრაინაში ჩვენ არაკეთილმოსურნეები არ გვყავს - პოლიტიკური, თუ საზოგადოებრივი თვალსაზრისით იქ მხოლოდ მეგობრები გვყავს.

ეს არის ის, რისი თქმაც ძირითადად მინდოდა.

უკრაინის პრეზიდენტი ვიქტორ იუშჩენკო:

პატივცემულო პრეზიდენტო, ძვირფასო მეგობრებო საქართველოდან, ძვირფასო ჟურნალისტებო!

ჩემთვის ძალზე იოლია ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობაზე ლაპარაკი, რადგან ეს ჩვენს ისტორიას ემყარება.

ჩვენ უდიდეს ქვეყნებს წარმოვადგენთ, რომლებსაც განვითარების დიდი ისტორია აქვთ.

ჩვენი ურთიერთობის ტრადიცია იმის ნიშანია, რომ ყოველივე მომავალშიც საუკეთესოდ განვითრდება.

ჩვენს შორის არავითარი შიდა დაბრკოლება არ არსებობს და ერთმანეთთან საკმაოდ მჭიდრო ურთიერთობა გვაქვს.

ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ საერთაშორისო საკითხებთან დაკავშირებით, საკუთარი პოლიტიკა ერთობლივად ჩამოვაყალიბოთ.

როდესაც ახალგაზრდა დემოკრატიის ქვეყნებზე ვლაპარაკობთ, ეს ძალზე სერიოზული ფაქტორია, რადგან უკრაინისა და საქართველოს ინტერესების დასაცავად მნიშვნელოვანი ნაბიჯები უნდა გადავდგათ და საამისოდ, როგორც საერთაშორისო, ისე რეგიონალურ დონეზე, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ.

ამ ურთიერთობებზე ლაპარაკი ჩვემთვის ძალიან სასიამოვნოა, რადგან ჩვენ ერთი მიზნისკენ - ევრო-ატლანტიკური, ევროპული ინტეგრაციისკენ მივისწრაფით.

შესაბამისად, დარწმუნებული ვარ იმაში, რომ ჩვენი ქვეყნები ამ გზას სიამაყის გრძნობით გაივლიან, მაგრამ ისიც გვესმის, რომ მანამდე საკმაოდ სერიოზული საშინაო დავალება უნდა შევასრულოთ და ჩვენს ქვეყნებში ძალზე ბევრი რამ უნდა გავაკეთოთ.

ნებისმიერ შემთხვევაში, ჩვენთვის ეს ნამდვილად მნიშვნელოვანი და ბედნიერი პერიოდია, რადგან საკუთარ მიზნებს ნათლად ვხედავთ და ძალიან კარგად გვესმის, თუ რა გზა გვაქვს გასავლელი.

ამჯერად საქართველოში ოფიციალური ვიზიტით ვიმყოფები.

ამ ვიზიტის ფარგლებში, ბატონ სააკაშვილთან, ხელისუფლების პირებთან და სხვა მეგობრებთან ერთად, პრაგმატულ საკითხებზე ვსაუბრობთ.

მეორეს მხრივ, რიტორიკული ლაპარაკი წარმატებული იქნება მაშინ, როდესაც ჩვენი ურთიერთობის საფუძველი გაძლიერდება, ამიტომ ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობა უფრო მეტად უნდა განვავითაროთ.

ყველანი ვუყურებთ იმას, რომ ვაჭრობიდან შემოსულმა მოგებამ, დაახლოებით, ნახევარ მილიონს მიაღწია.

ყოველივე ეს იქედან გამომდინარეობს, რომ ჩვენი ქვეყნების ადგილობრივი დამახასიათებელი ასპექტები საკმაოდ კარგად გავითვალისწინეთ და ყველაფერი ჩვენს ურთიერთიერთობაში ჩავდეთ.

ამას გარდა, აუცილებელია, რომ ორივე ქვეყანამ ამ ურთიერთობის შემდგომი განვითარებისთვის სისტემატურად იზრუნოს.

ეს ის საკითხებია, რომლებიც მუდმივად მოითხოვს ორმხრივ ყურადღებას.

განსაკუთრებული ყურადღება კი, ჩვენი ქვეყნებისთვის დამახასიათებელ ასპექტებსა და პრობლემურ საკითხებს უნდა დავუთმოთ.

როდესაც საქართველოსა და უკრაინის შესახებ ვლაპარაკობთ, ხშირად იდეოლოგიის, კონცეფციისა და სავაჭრო ურთიერთობის თემებს ვეხებით.

ამ საკითხების მოგვარება ჩვენთვის ძალზე მნიშვნელოვანი ამოცანაა და, ამ მხრივ, აუცილებელია თავისუფალი სავაჭრო ურთიერთობა და ზონები უზრუნველვყოთ.

ამას გარდა, გასულ წელს შესაბამისი შეთანხმება გავაფორმეთ და შეიძლება ითქვას, რომ მოსაგვარებელი მხოლოდ ორი საკითხი დარჩა.

ერთი - თამბაქოს პროდუქტების აქციზის საკითხს უკავშირდება, ხოლო მეორე - შაქართან დაკავშირებული პრობლემების მოგვარებას.

დარწმუნებული ვართ იმაში, რომ მოუგვარებელი და რთული საკითხი ჩვენთვის არ არსებობს.

ჩვენ უკვე შევთანხმდით, რომ ამ თემებზე მუშაობას აუცილებლად გავაგრძელებთ და არსებულ პრობლემებს მოვაგვარებთ.

ასევე, ინფრასტრუქტურული პროექტების წამოწყებასა და საბორნო სატრანზიტო გზების განვითარებაზე ვისაუბრეთ - ილიჩოვსკის პორტსა და საქართველოს შესაბამის მხარეს შორის თანამშრომლობას ვაპირებთ.

ჩემთვის ძალზე სასიამოვნოა იმის თქმა, რომ კომპანიები ამ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე უკვე ლაპარაკობენ და უკვე ძირითადი პრობლემების მოგვარებას ცდილობენ.

ამას გარდა, სხვა პროეტების განხორციელების საშუალებაც მოგვეცა - ლაპარაკია ევრაზიის სატრანსპორტო დერეფნის განვითარებაზე, რომელსაც, როგორც თქვენ იცით, საკმაოდ დიდი ყურადღება ეთმობა.

ასევე ლაპარაკია ევროკავშირის ახალ ენერგოსტრატეგიაზე, მაგრამ ამას გარდა, ბოლო პერიოდში ყაზახეთის მიერ გადადგმული ნაბიჯებიც უნდა გავითვალისწინოთ.

ყოველივე ეს ამ პროექტის პერსპექტივას უკავშირდება.

ჩვენ მსგავსი ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელების თაობაზეც ვისაუბრეთ.

ჩვენს შორის საკმაოდ მჭიდრო პოლიტიკური ურთიერთობა ჩამოყალიბდა.

საკმაოდ სერიოზული ყურადღება დავუთმეთ ასევე კულტურული პროექტების განხორციელებასა და განვითარებას.

ეს ორ კულტურას შორის ურთიერთობის განვითარებას შეეხება.

უპირველეს ყოვლისა, 2007 წლისათვის არა მარტო კულტურის სფეროს მიღწეული წრმტებების დემონსტრაცია უნდა მოვახდინოთ, არამედ ჩვენი წარმატებები უფრო სერიოზულად უნდა წარმოვადგინოთ.

ყოველივე ეს კი ევროპას უნდა დავანახოთ.

საქართველოს უნივერსიტეტში იხსნება უკრაინული ლიტერატურისა და ფილოლოგიის ფაკულტეტი.

ხვალ ტარას შევჩენკოს სახელობის ძეგლს ვხსნით.

დასავლეთი, საითკენაც ჩვენ მივდივართ, ყოველივე ამის შესახებ უკვე ძალზე ბევრს ლაპარაკობს.

საქართველოსა და უკრაინის ურთიერთობა ევროპის საზოგადოების საკმაოდ დიდ ყურადღებას იპყრობს.

ვიცი, რომ საქართველოში ძლიერი დიასპორაა.

მინდა ორიოდ სიტყვა თბილისში არსებული უკრაინული სკოლის შესახებაც ვთქვა.

კარგად გვესმის, რომ საქართველოში ფინანსებსა თუ ეკონომიკასთან დაკავშირებით ბევრი სირთულეა, მაგრამ დამერწმუნეთ, ჩემთვის ძალზე მნიშვნელოვანია, რომ ეს სკოლა გაიხსნას.

მიხარია, როდესაც მესმის, რომ საამისოდ ყველაფერი კეთდება.

უკრაინელების მიზანია, რომ ამ სკოლას შევხედოთ არა მარტო როგორც განმანათლებელ ინსტიტუტს, არამედ, როგორც უკრაინის კულტურის გამავრცელებელ ცენტრს.

ეს ჩვენს დიასპორებს შორის უფრო მჭიდრო კავშირის დამყარებას შეუწყობს ხელს.

ჩვენი სურვილია, რომ ამ პროექტის განვითარებაში - მსგავსი ინსტიტუტის დაარსების საქმეში აქტიურად ჩავერთოთ.

ამით, ყველა ადამიანს მიეცემა საშუალება, რომ იქ მივიდეს და პატარა მუზეუმი ნახოს.

კარგი იქნება მისი მეთოდოლოგიური საფუძველი იყოს წარმოდგენილი, რათა ინფორმაცია ხალხმა სხვადასხვა მიმართულებით მიიღოს.

საქართველოსა და უკრაინას შორის თანამშრომლობა უნდა გაგრძელდეს.

ეს მეტად მნიშვნელოვანი ურთიერთობაა, რომელიც ყველა მიმართულებით უნდა განვითარდეს.

მოხარული ვიქნებით, თუ ჩვენს წარმომადგენლებს განათლების მისაღებად საქართველოში გამოვაგზავნით და, შესაბამისად, საქართველოს წარმომადგენლები უკრაინაში ისწავლიან.

შეხვედრისას საერთშორისო ურთიერთობების საკითხსაც შევეხეთ და რამდენიმე საკითხი რუსეთთან ურთიერთობის შესახებაც განვიხილეთ.

დემოკრატიული პროცესების განვითარების ხელშეწყობის მიზნით, ჩვენი ორგანიზაცია უნდა გავაძლიეროთ და პოლიტიკური არჩევანიდან გამომდინარე, ამ მიმართულებით, მუშაობა უნდა გავაგრძელოთ.

მთელი საპარლამენტო პროცედურაა დაწყებული იმისათვის, რომ ეს პროცესი სწრაფად დასრულდეს.

მინდა კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღვნიშნო, რომ უკრაინასა და საქართველოს შორის არსებული ურთიერთობა საკმაოდ სპეციფიურია და ჩვენ ამ ურთიერთობას ძალზე დიდ ყურადღებას ვუთმობთ როგორც სახელმწიფო, ისე საზოგადოებრივი თვალსაზრისით.

ჩვენთვის ნამდვილად საამაყოა ის, რომ უკრაინასა და საქართველოს შორის ურთიერთობა კიდევ უფრო ვითარდება და თქვენი სახით დიდი მეგობრები გვყავს.

კიდევ ერთხელ მსურს წარმატება გისურვოთ, მოგესალმოთ ქართველებს და გითხრათ - ჩვენ თქვენთან ვართ.

დიდი მადლობა!


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)