Google+

სიახლეები

06.07.2007
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ქობულეთში ტურიზმის ცენტრის გახსნას დაესწრო

მინდა მოგესალმოთ ყველას.

დღეს ჩემთვის ძალზე მნიშვნელოვანი დღეა.

ზაფხულში მუშაობას არ ვაჩერებთ და მიუხედავად იმისა, რომ კურორტზე ვიმყოფებით, აქ საქმის გასაკეთებლად ჩამოვედით.

მსგავსი რამის გაკეთება საქართველოში ყველაზე მეტად ამ ადგილზეა საჭირო.

დღეს ხორცს ისხამს ჩემი ერთ-ერთი მთავარი გეგმა და ოცნება - ვხსნით ერთ-ერთ პირველ ტექნიკურ ე.წ. ამერიკულ სკოლას, რომელიც ჩვენი ბიზნესისთვის, წარმოებისთვის, სერვისის სექტორისთვის და ზოგადად, ეკონომიკისთვის კვალიფიციურ კადრებს მოამზადებს, რაც საქართველოსთვის ჰაერივით საჭიროა.

ამის გასაკეთებლად მარტო სურვილი არ კმარა.

დღეს საქართველოში უმუშევრობის პრობლემაა.

კვალიფიციური სპეციალისტების უზარმაზარი დეფიციტი გვაქვს.

ეს პარადოქსია - ძალიან ბევრი ადამიანი დაუსაქმებელია, მაგრამ, ამავდროულად, ბევრი ვაკანსიაა.

ამიტომ ჩვენი, როგორც სახელმწიფოს ვალია ერთმანეთს დამსაქმებელი და დასასაქმებელი შევახვედროთ.

ეს სკოლა ამის საუკეთესო მაგალითია.

სხვადასხვა პროგრამის განხორციელებასთან ერთად, აუცილებელია, რომ წარმოებაში მეტი მაღალკვალიფიციური სპეციალისტი დავახელოვნოთ.

საბჭოთა პერიოდში არსებული პროფესიული ტექნიკუმების დრო დასრულდა, რომლებიც მაშინაც კი ძალზე არაპრესტიჟული სასწავლებლები იყო.

იმ სისტემაში სასწავლებლად ან ოროსნებს აგზავნიდნენ, ან მზრუნველობამოკლებულ ბავშვებს.

თქვენ სრულიად საწინააღმდეგო კრიტერიუმებით ხართ შერჩეული - თქვენ ჩვენი ახალგაზრდების ყველაზე წარმატებული ნაწილი ხართ.

თქვენ ხართ ის ხალხი, რომელმაც ახალი ქართული ეკონომიკა უნდა შექმნას.

წელს საქართველოში ასეთი 11 სკოლა გაიხსნება და განათლების სამინისტრო ამაზე აქტიურად მუშაობს.

ამ საქმეში როგორც ჩვენ, ისე ყველა ორგანიზაციამ მათ მხარი უნდა დავუჭიროთ.

დიდ მადლობას მოვახსენებ ბიზნესის წარმომადგენლებს.

დღეს გვესწრება თემურ ჭყონია. მან იმ 250 ადამიანს გაუფორმა ხელშეკრულება, რომელიც ამ სასწავლებელში მოემზადება.

ეს ძალზე მნიშვნელოვანია, რადგან ამ ხალხის მომზადება, ფაქტობრივად, შეკვეთაა.

ჩვენ მოგიმზადებთ მშენებლებს, სასტუმროს ადმინისტრატორებს, მეგზევეებს და სხვა დარგების სპეციალისტებს,.

როდესაც ბიზნესის წარმომადგენელი გვაძლევს შეკვეთას, ეს იმას ნიშნავს, რომ ამ ხალხს სწავლის დამთავრების შემდეგ დავასაქმებთ კიდეც.

ეს ძალზე მნიშვნელოვანი განსხვავებაა.

საქართველოს სჭირდება არა მხოლოდ განვითარება, არამედ მაღალი დონეც.

აჭარასა და მთელ საქართველოში სატუმროების მშენებლობის ბუმია, მაგრამ კვალიფიციური მუშახელი თითქმის არ გვყავს.

ბარებში, სასტუმროებსა და რესტორნებში არსებული მომსახურება კი ვერანაირ კრიტიკას ვერ უძლებს.

ამ სკოლის კურსდამთავრებულთა მეშვეობით, უახლოეს თვეებში ამ პრობლემას დავძლევთ.

საქართველოში ქართველებსაც და უცხოელებსაც უმაღლესი დონის მომსახურება უნდა ჰქონდეს.

ჩვენ უნდა გავხდეთ უმაღლესი კლასის ქვეყანა, როგორც ეს გვეკადრება.

ყველა სფეროში უნდა ვიყოთ ძალიან მაგრები - უნდა გვქონდეს ყველაზე კარგი სასტუმროები და მათ მშენებლობას შევუკვეთავთ საუკეთესო არქიტექტორებს; ჩვენთან აშენდება მსოფლიოში საუკეთესო შენობები; გვექნება კარგი გზები, საუკეთესო სატრანსპორტო სისტემა.

ყოველივე ამას ვქმნით, თუმცა საამისოდ გვჭირდება ხალხი, რომელიც ამ ობიექტებს აამუშავებს.

შესაბამისი კადრების გარეშე არც სულისკვეთება იქნება და არც აუცილებელი დონე.

მაგალითად, მარკო, რომელიც ჩემი თხოვნით მოვიდა აქ, არის ჩემი კოლეგა - იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი.

მას ძალზე წარმატებული კარიერა ჰქონდა უცხოეთში, თუმცა ჩამოვიდა საქართველოში, გახსნა იტალიური, ფრანგული და ბერძნული რესტორნები, უმაღლეს დონეზე აითვისა ქართული სამზარეულო, იპოვა ქართველი ქალი და მიიღო საქართველოს მოქალაქეობა.

ახლა, იგი თქვენ გემსახურებათ უანგაროდ და საკუთარ გამოცდილებას გაგიზიარებთ.

სწორედ ასეთი ხალხისგან უნდა ვისწავლოთ.

თუ ყველაზე კარგი არა, ჩვენ მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე საუკეთესო სამზარეულო გვაქვს.

მიმაჩნია, რომ ქართული სამზარეულო მსოფლიოში ყველაზე საუკეთესოა და ეს მხოლოდ ჩემი აზრი არ არის.

ამას წინათ, ხორვატიის პრეზიდენტმა, რომელიც სტუმრად იყო საქართველოში თქვა: აქამდე მეგონა, რომ ფრანგული სამზარეულო მსოფლიოში საუკეთესო იყო, ახლა კი მიმაჩნია, რომ საუკეთესო ქართული სამზარეულოა.

ჩვენ ყველაზე კარგი კურორტები და ბუნებრივი პირობები და უდიდესი პერსპექტივა გვაქვს ყველა მიმართულებით.

მაგრამ ახლა გვჭირდება, რომ უცხოური გამოცდილების მქონე ხალხისგან ვისწავლოთ ყოველივე ამის შეფუთვა ისე, რომ ყველას ვაჯობოთ და ყოველგვარი კონკურენციის პირობებში პირველები ვიყოთ.

ამ სასწავლებელში გვყავს კანადელი, ესტონელი, თურქი, ფრანგი, გერმანელი ამერიკელი და ასევე გამოცდილი ქართველი სპეციალისტები.

ცოტა ხნის წინათ, ბათუმში ფარმაცევტული ქარხანა გავხსენით.

ინვესტორმა, რომლის წყალობითაც ამუშავდა ეს ქარხანა, ერთ-ერთ ქალბატონზე თქვა, რომ ის ქალბატონი ღირს უფრო მეტი, ვიდრე მთელი ქრხანა.

ამ მანდილოსანს ფარმაცევტული განათლება ლენინგრადში აქვს მიღებული, საქართველოში დაბრუნების შემდეგ იგი ამ ქარხანაში 40 წელი მუშაობდა, მაგრამ ბოლო 15 წლის განმავლობაში უმუშევარი იყო.

ასეთი სპეციალისტები ჯერ კიდევ გვყავს და ისინი უნდა გამოვიყენოთ.

ისეთი სპეციალისტები, რომლებსაც

ვისაც ჯერ კიდევ შეუძლია მუშაობა, შეუძლია, რომ საკუთარი გამოცდილება სხვებს გაუზიაროს და ენთუზიაზმით მომართოს ახალგაზრდობა, აუცილებლად უნდა დავასაქმოთ.

ასეთი ადამიანი საქართველოში ბევრია და მათ განსაკუთრებული ხელფასები უნდა მივცეთ.

მინდა მოგილოცოთ ამ სკოლის გახსნა.

ეს კარგი დასაწყისია და საქართველო ყველას აჩვენებს თუ რას ნიშნავს განვითარება, წარმატება, მაღალი დონე.

დღეს ვნახე 16-17 წლის გოგო-ბიჭები და მინდა მოგეფეროთ ახალგაზრდებს - უნდა იამაყოთ იმით, რომ მშობლების სარჩენი არ ხართ და ოჯახისა და საკუთარი თავის რჩენა თავადაც შეგიძლიათ; თქვენ დამოუკიდებელი იქნებით და ყველა სფეროში უდიდეს წარმატებას მიაღწევთ.

მართალია პატარები ხართ, მაგრამ კარიერისთვის და მომავალი ცხოვრებისთვის ეს ძალზე კარგი დასაწყისია.

დიდი მადლობა.

კიდევ ერთხელ გისურვებთ წარმატებას.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)