Google+

სიახლეები

11.10.2007
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა სუამ-ის საიუბილეო შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა

დღეს საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ლიტვის დედაქალაქ ვილნიუსში ჩავიდა, სადაც სუამ-ის წევრი ქვეყნების პრეზიდენტებთან გამართა შეხვედრა.

"სუამი ჩვენს საბჭოთა წარსულსა და ევროპულ მომავალს შორის გადებული ხიდია. ათი წლის წინათ, როდესაც ეს ორგანიზაცია დაარსდა, მას სერიოზულად არავინ არ აღიქვამდა. თუმცა დღეს ის საკმაოდ მნიშვნელოვანი საერთაშორისო გაერთიანებაა, რომელიც გაერო-სთან, ეუთო-სთან და ნატო-სთან თანამშრომლობს", - აღნიშნა გამოსვლისას მიხეილ სააკაშვილმა.

მოგვინაბეით, საქართველოს პრეზიდენტმა მონაწილეობა მიიღო ენერგეტიკული უსაფრთხოების კონფერენციაში, რომლის სახელწოდება იყო "საპასუხისმგებლო ენერგეტიკა პასუხისმგებლობიანი პარტნიორებისთვის". საქართველოს, უკრაინის, აზერბაიჯანის, პოლონეთისა და ლიტვის პრეზიდენტებმა ახალი ენერგეტიკული დერეფნის შექმნის საკითხი განიხილეს. ენერგოდერეფნის ახალი მარშრუტის მიხედვით აზერბაიჯანული და ყაზახური ნავთობი ქართული პორტების გავლითა და რუსეთის გვერდის ავლით ჯერ უკრაინაში მოხვდება, ხოლო შემდეგ პოლონეთისა და ევროპის სხვა ქვეყნებისკენ აიღებს გეზს. კონფერენციის მსვლელობისას ექვსი ქვეყნის ენერგეტიკის მინისტრებმა ხელი მოაწერეს ერთობლივ ხელშეკრულებას, რომელიც ენერგოდერეფნის აშენებისთვის აუცილებელი ტექნიკური დეტალების შემსწავლელი ჯგუფის შექმნას ითვალისწინებს.

"ექვსი ქვეყნის თანამშრომლობამ აჩვენა, რომ ჩვენ ერთად მუშაობა და ერთობლივი პროექტების განხორციელება შეგვიძლია. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ ენერგეტიკულ სფეროში ბევრი რამ შეიცვალა. იმ ექვს ქვეყანას შორის, რომელიც ამ კონფერენციაზეა წარმოდგენილი, სამი უკვე ევროკავშირის წევრია. ამ სტრუქტურაში გასაწევრიანებლად საქართველო თანმიმდევრულ ნაბიჯებს დგამს. იმისათვის, რომ ჩვენმა ქვეყანამ დასახულ მიზანს მიაღწიოს, აქ მყოფი ქვეყნების მხარდაჭერა გვესაჭიროება. ჩვენ პატარა, თუმცა ენერგორესურსებით მდიდარი ქვეყანა გვაქვს და ენერგოდამოუკიდებლობის მოსაპოვებლად ძალისხმევას არ დავიშურებთ", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)