Google+

სიახლეები

12.04.2013
საქართველოს პრეზდენტი ვარშავაში სიტყვით გამოვიდა და სტუდენტების შეკითხვებს უპასუხა

პოლონეთში სამუშაო  ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტი ევროპის კოლეჯის სტუდენტებს შეხვდა. მიხეილ სააკაშვილის მიმართვამდე, საქართველოს პრეზიდენტი სტუდენტებს ევროპის კოლეჯის რექტორმა და კოლეჯის დამფუძნებლთა საბჭოს პრეზიდენტმა, ევროპარლამენტის წევრმა იაცეკ ვოლსკიმ წარუდგინა. მიმართვისას მან, საკმაოდ ვრცლად ისაუბრა საქართველოში განხორციელებული რეფორმების მნიშვნელობასა და მიღწეულ წარმატებებზე. ასევე მწვავედ გააკრიტიკა მოქმედი ხელისუფლების პოლიტიკა. ვოლსკის  შეფასებით, თუკი ქვეყანაში  მიღწეული წარმატება და გატარებული კურსი არ შენარჩუნდება, გამორიცხული არ არის, რომ  ვილნიუსის სამიტზე საქართველო ასოცირების შესახებ ხელშეკრულების გარეშე დარჩეს. 

"წლების განმავლობაში საქართველო იყო ერთ-ერთი ყველაზე პროგრესული და პროევროპული ქვეყანა, ის უკვე ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების გზაზეა და აქვს ამბიცია გაწევრიანდეს ნატო-ში. საქართველო გამოირჩეოდა დემოკრატიული რეფორმებითა და ეკონომიკური ინდიკატორებით, იყო მაგალითი აღმოსავლეთ პარტნიორებისთვის. მოქმედი პოლიტიკური ვითარება პროცესის განგრძობადობის თვალსაზრისით წუხილს იწვევს. ბრიუსელი დღევანდელ ვითარებას დიდი ყურადღებითა უყურებს, თუმცა კრიტიკუკად. როგორც მოსალოდნელია, ასოცირების ხელშეკრულებას ვილნიუსის სამიტზე უნდა მოეწეროს ხელი, მაგრამ ეს, შესაძლოა, არ მოხდეს, თუკი უარყოფითი ტენდენციები გაგრძელდება. ევროკავშირი ვერ დადებს ასოცირების ხელშეკრულებას საქართველოსთან, თუ მისი პარტნიორი მოქმედი მთავრობის ხელმძღვანელობით, ევროკავშირის ფუნდამენტური პრინციპების დარღვევას გააგრძელებს", - განაცხადა იაცეკ ვოლსკიმ.

ევროპის აკადემიის რექტორმა პაულ დემარიტემ კი თავის წარდგენაში საქართველო რეგიონში ერთ-ერთ სამაგალითო ქვეყნად დაასახელა.

"ბევრი ჩვენგანისთვის თქვენ ხართ სიმბოლო საქართველოს დემოკრატიული მმართველობის გზაზე დაბრუნების, ქვეყნის მოდერნიზების, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის. ასევე თქვენ ხართ სიმბოლო პატარა ქვეყნის გაბედულების, რომელიც ცდილობს დაიცვას საკუთარი დამოუკიდებლობა ყოფილი იმპერიული ძალის პირისპირ და ასევე განამტკიცოს თავისი ტერიტორიული მთლიანობა. თქვენ იმ ფაქტის სიმბოლიზებასაც ახდენთ, რომ დემოკრატიის მიღწევა ყველგან და ყოველთვის პროგრესის სასარგებლოდ მუშაობს და მისთვის ბრძოლას დრო სჭირდება. ჩვენ ვიცით, რომ თქვენი პრეზიდენტობის მიზნები ევროკავშირსა და საქართველოს შორის კავშირის გამყარებას ეფუძნება, ევროპის სამეზობლო პოლიტიკის ფარგლებში", - აღნიშნა მიმართვისას პაულ დემარეტიმ. 

ქვეყნის პირველმა პირმა გამოსვლისას ქვეყანაში განხორციელებული რეფორმების, შიდა პოლიტიკური მოვლენების, ევროპული არჩევანისა და ჩრდილოატლანტიკურ   ალიანსში ინტეგრაციის აუცილებლობის შესახებ ისაუბრა. მიხეილ სააკაშვილი კიდევ ერთხელ გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადებას, რუსეთ-საქართველოს ომის შეფასებებთან დაკავშირებით და  მწვავედ გააკრიტა. იგი ქვეყანაში განათლების ხარისხის ამაღლების აუცილებლობასაც შეეხო და ამის მნიშვნელობაზე ისაუბრა. მას შემდეგ, რაც ქვეყნის პირველმა პირმა გამოსვლა დაასრულა, მან კოლეჯის სტუდენტების შეკითხვებსაც უპასუხა.

ევროპელმა სტუდენტებმა შეხვედრა სპეციალურად საქართველოს პრეზიდენტის პატივსაცემად მომზადებული კულტურული ღონისძიებით დაასრულეს. მსოფლიოს სხვადასხვა კუთხის წარმომადგენლებმა დარბაზშივე რამდენიმე ქართული სიმღერა შეასრულეს.

მოგვიანებით, მიხეილ სააკაშვილი ქართული დიასპორის მიერ ორგანიზებულ მიღებასაც დაესწრო, რომელიც კოლეჯის ტერიტორიაზე გაიმართა. 



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)