Google+

სიახლეები

27.10.2007
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი განახლებული სიღნაღის გახსნის ცერემონიას დაესწრო

მინდა მოგესალმოთ ყველას!

დღეს უნიკალური დღეა საქართველოსთვის.

უკვე მივეჩვიეთ სხვადასხვა ობიექტის სკოლების, კლუბების, შადრევნების, ქანდაკებების გახსნას, რაზეც ხშირად მაკრიტიკებენ კიდეც, მაგრამ საქართველოს ისტორიაში ერთბაშად მთელი ქალაქი არასდროს არავის არ გაუხსნია.

დღეს, პირველად ჩვენს ისტორიაში, ვხსნით ულამაზეს, განახლებულ სიღნაღს ყველაზე ლამაზ ქალაქს საქართველოსა და ევროპის მასშტაბით.

ვერც ჩინელები, ვერც გერმანელები, ვერც ამერიკელები, თურქები და სხვა ერის წამომადგენლები ვერ აშენებენ ისე სწრაფად და მსგავსი ენთუზიაზმით, როგორც ეს ჩვენ მომახერხეთ.

სიღნაღი ექვს თვეში ავაშენეთ, წყალგაყვანილობისა და განათების სისტემებით, ახალი ქსელებითა და შენობებით.

სიღნაღს აქვს რატუშა და ყველაფერი ის, რაც ქალაქს უნდა ჰქონდეს.

ეს იმას ნიშნავს, რომ ძალიან ძლიერი ხალხი ვართ.

არასოდეს არსად არ მინახავს, რომ სამი ათასი კაცი დღე და ღამე მუშაობდეს იმისთვის, რომ სასწაული მოეხდინათ და ქალაქი აშენებულიყო.

ეს ნამდვილი სასწაულია!

თითოეული ჩვენგანი, ვინც დღეს წვიმაში ვდგავართ, შთამომავლობას მოვუყვებით როგორ შენდებოდა სასწაული, რომელსაც სიღნაღი ჰქვია.

ამას ყოველგვარი გაზვიადების გარეშე ვამბობ და უცხოელებსაც, რომლებიც სიღნაღში ჩამოდიან, მსგავსი ქალაქის ექვს თვეში აშენება წარმოუდგენლად მიაჩნიათ.

ისინი აღიარებენ იმასაც, რომ ერთ ადგილას თავმოყრილი მსგავსი სილამაზე არც საფრანგეთსა და იტალიის სამხრეთში, არც ამერიკასა და ინგლისში არ უნახავთ.

ეს იმას ნიშნავს, რომ ყველაფერი შეგვძლებია, ძალიან მაგრები ვართ და თუ გავბედავთ და გადავწყვეტთ, დაწყებულ საქმეს ბოლომდე მივიყვანთ.

მინდა ჩვენს ვეტერანებს მივესალმო, რომლებიც დღეს წვიმის ქვეშ სხედან.

მსურს დიდი მადლობა გადაგიხადოთ იმისათვის, რომ მოხვედით და ჩვენი ბედნიერება გაიზიარეთ.

თითოეული ჩვენგანი ვალშია თქვენს წინაშე თქვენი თავდადებისთვის, იმისათვის, რომ აქამდე მოგვიყვანეთ და ამდენი გააკეთეთ ჩვენი ქვეყნისათვის, იმისათვის, რომ მხარში გვიდგახართ, გვამხნევებთ და შემოქმედებით სულისკვეთებას გვძენთ.

დიდი მადლობა მინდა კიდევ ერთხელ მოგახსენოთ მთელი ქვეყნისა და პირადად ჩემი სახელით!

ჩემო ძვირფასებო, მსურს კიდევ ერთხელ აღვნიშნო ამ ქალაქის მშენებლების თავდადება და ამ მართლაც ღირსეულ ხალხს ღირსების ორდენები გადავცე:

ვაჟა ორბელაძეს - ამ ქალაქის აღორძინების იდეის ავტორს; თეიმურაზ ჩარკვიანს, რომელმაც თავის კომპანიასთან ერთად, განსაკუთებული ენთუზიაზმითა და ენერგიით აშენა სიღნაღი; დავით ნინიძეს კონცეფციის ავტორს; გონელი ყურაშვილს; ვახტანგ კეკუასა და ივანე ოტიაშვილს; აგრეთვე იმ ხალხს, რომელიც დღე და ღამე მუხლჩაუხრელად მუშაობდა: ელექტრიკოს ზურაბ დოლიძეს; მემონტაჟე გელა ცერცვაძეს; დურგალ რევაზ გოლეთიანს; კალატოზ ნუგზარ ჩაფიძეს; მძღოლს ჯემალ ბექაურს; ამწის მძღოლს ჯემალ ტაბატაძეს; ქვის დამგებებს - გოჩა ნარმანიას, რევაზ გოცირიძეს და დავით ზაქარაშვილს.

მინდა წარმოგიდგინოთ და მივესალმო 24 წლის ახალგაზრდას ზურა დოლიძეს, რომელმაც საკუთარი, მუხლჩაუხრელი შრომით დაიმსახურა ღირსების ორდენი.

ამ ადამიანისგან უნდა აიღოს მაგალითი ყველამ დღესაც და მომავალშიც.

ეს სასწაული მათ ერთად მოახდინეს რეკორდულ ვადებში.

მინდა მივესალმოთ თითოეულ მათგანს.

ასევე მსურს გამოგიცხადოთ, რომ მშენებლობა აქ არ მთავრდება.

საქართველოში დიდი აღშენებლობა დაიწყო, რომელიც ამაზე არ გაჩერდება დღეს იყო სიღნაღი, ხვალ იქნება ქუთაისი.

ვაცხადებთ, რომ დღეს ღამით ყველა კომპანია, რომელიც სიღნაღის მშენებლობაზე მუშაობდა, გადავა ქუთაისში - ქალაქში, რომელიც მრავალი აწლეულის განმავლობაში თავს მიტოვებულად და თავმოყვარეობაშელახულად გრძნობდა.

წლების განმავლობაში დანგრეული იყო ინფრასტრუქტურა, ქუჩები კი აყრილი.

ჩვენ დავიწყეთ ქუჩების, წყალსადენების რესტავრაცია, ახლა კი პირობას ვაძლევ ქუთაისსა და დანარჩენ საქართველოს ქუთაისის ცენტრი იქნება ევროპის ერთ-ერთი ულამაზესი ადგილი და ამას იგივე ჯადოქრები გააკეთებენ, რომლებიც სიღნაღში მუშაობდნენ.

ქუთაისის მერს სიმბოლურად გადავცემ სამშენებლო ინსტრუმენტს, რომლითაც ზეგიდან იქ დაიწყება მუშაობა.

ქუთაისში ბევრად მეტი რამ გაკეთდება, ვიდრე აქ გაკეთდა.

ასევე მსურს განგიცხადოთ, რომ დიდი წინააღმდეგობის მიუხედავად, ღირსების ორდენით დავაჯილდოვეთ კახეთის გუბერნატორი გია ნაცვლიშვილი, რადგან მან ამ სასწაულის შექმნაში საკუთარი გულისა და სულის ნაწილი ჩადო.

მადლობას ვუხდი მას!

დღეს მუსიკალური დისკის პრეზენტაციაა, რომელშიც პატრიოტული სიმღერებია შესული.

მინდა ეს დისკები შაქრიანში მყოფ რეზერვისტებს და კახეთის პოლიციას გადავცე.

ამ დისკებს საჩუქრად მიიღებს საქართველოს ყველა ჯარისკაცი და თითოეული პოლიციელი, როგორც ჩვენი მადლიერების ნიშნანს.

ამით კიდევ ერთხელ შევახსენებთ მათ, რომ ყველა ერთად ვაკეთებთ ერთ დიდ საქმეს ვაშენებთ ქართულ სახელმწიფოს და ვქმნით ახალ საქართველოს.

ჩვენ მთელ მსოფლიოს დავანახებთ, რომ ბევრ სხვა ერზე ძლიერები ვართ და მომავალში კიდევ უფრო გავძლიერდებით!

ამას გარდა, მსურს გითხრათ, კახეთში რთველი დასრულდა, ბოლო ვენხები ამ დღეებში გაიკრიფება.

უდავოა, რომ ყველა ადამიანი დღეს ბენიერი არ არის, კახელმა გლეხებმა, რომლებიც ნამდვილი ინტელექტუალები და სამშობლოს ჭესმარიტი პატრიოტები არიან, ძალიან დიდი შრომა გასწიეს.

საქართველოს მტერმა და არაკეთილმოსურნემ კახეთის წელში გატეხვა გადაწყვიტა, რითაც მთელ საქართველოს მიაყენებდა დარტყმას, მაგრამ ყველფრის, უზარმაზარი შრომის მიუხედავად, მიუხედავად იმისა, რომ სასურველი ფასები არ გვქონდა, ბაზრები ჯერ კიდევ მოსაპოვებელი გვაქვს, კახეთში რთველი ჩამთავრდა, მთელი ყურძენი მოიკრიფა და დაბინავდა, მისი დაწურვის შემდეგ კი ჩვენს პროდუქციას საქართველოსთან ერთად მთელი მსოფლიო მიიღებს.

ეს ასე იქნება მტრის გულის გასახეთქად და ჩვენი გულის გასახარად,!

მსურს კახელ მევენახეებს მივესალმოთ!

გახსოვთ, რამდენი სკეპტიკოსი იყო საქართველოში? უამრავი ადამიანი ახლაც იტყვის, რომ ყოველივე ეს არის პიარი და მოგვიწოდებს არ დავუჯეროთ საკუთარ თვალებს!

ვისაც დანახვა გვინდა და ვისაც მომავლის გვჯერა, გაგვატარეთ და ჩვენ წავალთ სიღნაღში, ქუთაისში, ბათუმში, ჩვენს აშენებულ სამხედრო ბაზებზე, სენაკსა და გორში, განახლებულ სოფლებში, ახალ გზებზე, სკოლებსა და უნივერსიტეტებში!

მინდა მთავარი რამ გითხრათ სიღნაღი არა მხოლოდ საჩუქარია მთელი საქართველოსადმი, არამედ ის საჩუქარია მარადიული საქართველოსადმი და მისი მომავლისადმი, ის საჩუქარია 30-ე საუკუნისადმი 21-ე საუკუნიდან, ეს ის მემკვიდრეობაა, რომელიც წინაპრებისგან მივიღეთ და რომელსაც ათჯერ უფრო გალამაზებულსა და დამშვენებულს გადავცემთ ჩვენს მომავალ თაობებს.

რა არის ამაზე დიდი პატივი ჩვენი თაობისა და დღევანდელი ქართველებისათვის?

რა არის ამაზე დიდი ჯილდო თითოეული ჩვენგანისათვის?

ორდენები კი არა, სწორედ ეს არის ჩვენთვის ყველაზე დიდი ჯილდო!

ეს აღმშენებლობა გაგრძელდება არა მარტო, სიღნაღში, ქუთაისში, ბათუმში, ყვარელში, თელავში, ზუგდიდში, სენაკში, გორში, ოზუგრგეთსა და სხვა ქალაქებში, რომლებსაც აუცილებლად დავაყენებთ ფეხზე, არამედ ხვალ გაგრძელდება სოხუმში.

დღევანდელი სასწაული, ხვალინდელი ერთიანი საქართველოს საწინდარია; დღევანდელი სიღნაღი ხვალინდელი ბედნიერი მომავლის საწინდარია.

ჩვენი ქვეყნისა და ხალხისათვის ასე იქნება დღეიდან სამარადისოდ!

გაუმარჯოს სიღნაღს!

გაუმარჯოს საქართველოს!

ღმერთი იყოს თითოეული ჩვენგანის მფარველი!

სულ ასე გამარჯვებით გვატაროს უფალმა და განგებამ!

დიდი მადლობა!


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის სამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)