Google+

სიახლეები

23.04.2008
საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის მიმართვა ქართველი ხალხისადმი

მოგესალმებით!

გასული ოთხი წლის განმავლობაში, მთელი ჩემი მოღვაწეობის უმთავრესი მიზანი იყო და არის, დემოკრატიული და მშვიდობიანი საქართველოს უსაფრთხოებისა და სუვერენიტეტის დაცვა.

მთელი ჩემი ძალისხმევა ეძღვნებოდა და ეძღვნება მიზანს - აღვადგინოთ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა და ჩვენი მოქალაქეებისათვის, მათ შორის, ხაგასმით აღვნიშნავ, ჩვენი აფხაზი და ოსი მოქალაქეებისათვის უზრუნველვყოთ მშვიდობიანი ცხოვრება და განვითარება.

ამ მიზნის მისაღწევად, ჩვენ შევქმენით ძლიერი, თანამედროვე ქართული არმია და განვამტკიცეთ ჩვენი კავშირები ევროპასა და ნატოსთან.

ამავე მიზნის მისაღწევად, ჩვენ ძალისხევა არ მოვაკელით იმას, რომ გაგვეუმჯობესებინა ჩვენი ურთიერთობები რუსეთთან. გახსოვთ, მე არაერთხელ გავუწოდე თანამშრომლობის ხელი პრეზიდენტ პუტინს და იგი მოვიწვიე საქართველოში. გასული კვირების განმავლობაში შევძელით რამდენიმე წარმატებული ნაბიჯის გადადგმაც, რის შედეგადაც მოხდა საავიაციო მიმოსვლის აღდგენა და საფოსტო კავშირების განახლება ჩვენ ქვეყნებს შორის.

კონფლიქტების დარეგულირების მიზნით, ჩვენ სეპარატისტებს შევთავაზეთ უპრეცენდენტო ხარისხის ავტონომიური უფლებები და ჩვენმა სამშვიდობო გეგმამ საერთაშორისო თანამეგობრობის, ნატოს, ევროკავშირისა და ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან დაიმსახურა ასევე უპრეცენდენტო მასშტაბის მხარდაჭერა.

სამწუხაროდ, რამდენადაც აქტიური იყო ჩვენი მუშაობა მშვიდობისა და უსაფრთხოების დასაცავად, სამწუხაროდ, იმდენად აგრესიული და პროვოკაციული იყო რუსეთის მთავრობის მიერ გადადგმული ნაბიჯების მთელი სერია.

ჯერ იყო და რუსეთის ხელმძღვანელობამ მიიღო გადაწყვეტილება იმის თაობაზე, რომ ცალმხრივად დაეტოვებინა დსთ-ს ხელშეკრულება, რომელიც აწესებდა ეკონომიკურ და სამხედრო სანქციებს სეპარატისტულ, ეთნიკური წმენდის მომწყობთა წინააღმდეგ;

ამის შემდეგ, გასული კვირის განმავლობაში, რუსეთმა გადადგა უპრეცენდენტო უკანონო ნაბიჯი, რითაც პრაქტიკულად დენონსაცია გაუკეთა საქართველოს სუვერენიტეტს აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთზე და ამით პირველად, მთელი მსოფლიოს გასაგონად, ღიად განაცხადა უარი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის იურიდიული საფუძვლის აღიარებაზე.

ხოლო, გასულ ორშაბათს განახორციელა, მორიგი, ამჯერად ყველაზე აშკარა და, პირველად, კარგად დოკუმენტირებული აგრესიული ქმედება ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ, როდესაც რუსული გამანადგურებელი "მიგ-29" სრულიად უკანონოდ და საერთაშორისო სამართლის ყველა ნორმის დარღვევით, აფრინდა გუდაუთის სამხედრო ბაზიდან, სადაც თავად რუსეთის მიერვე დადასტურებული ვალდებულებებით, ის არანაირად არ უნდა ყოფილიყო. გაანადგურა ჩვენი შეუიარაღებელი, უპილოტო, პოლიციის კუთვნილი სადაზვერვო თვითმფრინავი და ასევე საავიაციო დარტყმა მიაყენა საქართველოს ტერიტორიას განმუხურის მიდამოებში.

ეს ნაბიჯები იყო გაგრძელება რუსეთის მიერ ბოლო წლების განმავლობაში, საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებული აგრესიის დრამატული ხელწერისა: რუსეთი ბომბავდა აფხაზეთის ტერიტორიას და კონკრეტულად სოხუმს 1992-93 წლებში, ეხმარებოდა სეპარატისტებს ეთნიკური წმენდის განხორციელებაში და ანხორციელებდა საავიაციო დარტყმებს საქართველოს ტერიტორიაზე გასული წლის განმავლობაში. დღეს კი, იგი ეხმარება ეთნიკური წმენდის შედეგების ლეგიტიმაციაში იმ ხალხს, რომელმაც ეს ეთნიკური წმენდა განახორციელა.

რუსეთის უკანასკნელი ნაბიჯები, ისევე როგორც მისი წარსული საქმიანობა საქართველოსთან მიმართებაში, არის ცალსახად უკანონო, სრულიად უსამართლო, სრულიად მიუღებელი და ძალიან დიდი საფრთხის შემცველი როგორც საქართველოსთვის, ისე მთლიანად რეგიონისთვის, საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის ამ რეგიონსა და მსოფლიოში.

ასე არა მხოლოდ ქართველ ერსა და საქართველოს ხელისუფლებას მიაჩნია, არამედ მთელ მსოფლიოს, მთელ დემოკრატიულ სამყაროს. რუსეთის ქმედებებს უკიდურესი კატეგორიულობით, ერთხმად გმობს, როგორც ევროკავშირი, ასევე ნატო და ამერიკის შეერთებული შტატები. ის რომ საქართველო ტერიტორიულად შედარებით პატარა ქვეყანაა, არავის არ ანიჭებს უფლებას ფეხქვეშ გათელოს ჩვენი ღირსება, მთლიანობა და თავისუფლება.

ასეთ პირობებში, ჩვენი ყველა საპასუხო ქმედება ეფუძნება შემდეგ პრინციპებს:

ჩვენ დავიცავთ და არ დავთმობთ საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას;

ჩვენ არ შევეგუებით ჩვენი სუვერენული ტერიტორიების მიმართ განხორციელებულ არც ერთ უკანონო ქმედებას;

ჩვენი მშვიდობისმოყვარული და დემოკრატიული ფასეულობების შესანარჩუნებლად, მაქსიმალური ძალისხმევით გავაგრძელებთ დიპლომატიურ მუშაობას ჩვენს მეგობრებთან და მოკავშირეებთან, რათა შევქმნათ გარანტიები საქართველოს უსაფრთხოების დასაცავად, მშვიდობის დასაცავად და ვაიძულოთ ყველა, ვისაც ამის განზრახვა აქვს, ხელი აიღოს აგრესიულ, უპასუხისმგებლო და მტრულ პოლიტიკაზე საქართველოსთნ მიმართებაში.

როგორც სუვერენული სახელმწიფო და თავისუფალი ერი, გადავდგამთ ნებისმიერ საჭირო ნაბიჯს ჩვენი სამშობლოს დასაცავად.

ჩვენი დიპლომატიური პოზიციების გასამყარებლად მე მაქვს მუდმივი კავშირი და საუბრები ევროპისა და ამერიკის შეერთებული შტატების ლიდერებთან.

ორშაბათს, ჩემი მოთხოვნით შედგა სატელეფონო საუბარი პრეზიდენტ პუტინთან, რათა მისგან მიმეღო ახსნა-განმარტება მომხდარის შესახებ, თუმცა ის, რაც მე მოვისმინე, საქართველოსთვის არც მისაღები იყო და არც დამაკმაყოფილებელი. ამის შესახებ, საუბრის დროს პრეზიდენტ პუტინს გულწრფელად, ძალზე გახსნილად, პირდაპირ მოვახსენე.

ჩვენი საგარეო საქმეთა მინისტრი დავით ბაქრაძე ამერიკის სახელმწიფო მდივანთან კონდოლიზა რაისთან და ამერიკის ადმინისტრაციის სხვა წარმომადგენლებთან შესახვედრად გავაგზავნე, რათა მომხდართან დაკავშირებით მას ჩვენი უკიდურესი შეშფოთება განემარტა.

ასევე მოვითხოვეთ გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომის მოწვევა, რათა განხილულ იქნას ბოლო აგრესიის დამადასტურებელი მასალა და გადაიდგას კონკრეტული ნაბიჯები ამ აქტის დასაგმობად. გაეროს უშიშროების საბჭოს სხდომის ადრე ამ ფორმატით არასდროს არ გამართულა.

ჩვენ გავაგრძელებთ ყველა დიპლომატიური საშუალების აქტიურად გამოყენებას ჩვენი უსაფრთხოებისა და სუვერენიტეტის დასაცავად.

ჩვენ გავაგრძელებთ ჩვენი პოზიციების დაცვას, რათა ყველას დავანახოთ, რომ საქართველოსთვის, ისევე როგორც ნებისმიერი სუვერენული სახელმწიფოსთვის, უმნიშვნელოვანესია, ვიყოთ თავისუფალი აგრესიისაგან, ვიყოთ დაცული თავდასხმებისაგან და გვქონდეს უფლება, თავისუფლად ავირჩიოთ ვისი მეგობარი ვიქნებით და ვინ იქნება ჩვენი მოკავშირე.

ამასთან, უნდა გვესმოდეს, რომ რეალური საფრთხე ემუქრება არა მხოლოდ ჩვენს მიწა-წყალსა და ხალხს, არამედ ჩვენს ყველაზე ფუნდამეტურ ფასეულობებს. შეტევა ხორციელდება არა მარტო ქართულ სახელმწიფოებრიობაზე, არამედ უპირველეს ყოვლისა, ქართველი ერის ძირითად ღირებულებებზე:

ჩვენ თავისუფლების, დემოკრატიისა და მშვიდობის მოყვარე ხალხი ვართ.

სწორედ ამ ფასეულობათა ერთგულებამ განაპირობა ვარდების რევოლუცია და შემდგომი დემოკრატიული რეფორმები საქართველოში.

ალბათ, იმ ლიდერებისთვის, რომლებიც არ არიან თავისუფლებისა და დემოკრატის პრინციპების ერთგულნი, მიუღებელია ასეთი იდეალების არსებობა რომელიმე სახელმწიფოში. ალბათ, სწორედ ეს განაპირობებს იმას, თუ რატომ ემთხვევა ეს პროვოკაციები პერიოდს, როდესაც ჩვენმა ხალხმა არჩევნებით უნდა განსაზღვროს საკუთარი დემოკრატიული არჩევანი და როდესაც საქართველო, ევროპასა და ნატოსთან დაახლოვებით, გამოხატავს თავისუფალ ნებას - თავად აირჩიოს საკუთარი მოკავშირეები.

აგრესიულმა ლიდერებმა აირჩიეს, რომ ღიად დაუპირისპირდნენ მეზობელი ერების თავისუფალ და დემოკრატიულ არჩევანს.

შექმნილი საფრთხის ფონზე, ქართველი ხალხი ახლა თავისი უმნიშვნელოვანესი არჩევანის წინაშე დგას: ჩვენ უნდა ორიდან ერთი უნდა ავირჩიოთ - უარი ვთქვათ საკუთარ ეროვნულ ფასეულობებზე თუ პირიქით, ასმაგად ვუერთგულოთ დემოკრატიისა და თავისუფლების, ღირსების ქართულ იდეალებს.

მომავალი დღებისა და კვირების განმავლობაში, ჩვენ მოგვიწევს ვუპასუხოთ შექმნილ საფრთხეებსა და გამოწვევებს, მაგრამ მე, საქართველოს პრეზიდენტი არ დავუშვებ, რომ თუნდაც ერთი მილიმეტრით დავშორდეთ ჩვენს ფუნდამენტურ ღირებულებებს.

ამიტომ, ჩვენი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება ზუსტად მაშინ, როდესაც დაგეგმილია - 21 მაისს, როგორც ეს მოისურვა ქართველმა ხალხმა. ამიტომ, ჩვენ დავიცავთ ქართველი ხალხის დემოკრატიულ და თავისუფალ არჩევანს ჩვენი ქვეყნის ისტორიაში ყველაზე სამართლიანი და დემოკრატიული არჩევნების ჩატარებით.

იმისათვის, რომ დავამტკიცოთ ჩვენი ერთგულება ჩვენი თავისუფლებებისადმი, ჩვენ არ შევაჩერებთ დაწყებულ საქმეს ქვეყნის ეკონომიკური და სოციალური წინსვლისათვის.

ჩვენ არ დავუშვებთ, რომ შეჩერდეს ან შენელდეს ჩვენი პროგრამები ხალხის დასასაქმებლად, ცხოვრების პირობების გასაუმჯობესებლად და საქართველოში სიღარიბის დასამარცხებლად. ჩვენ არ დაუშვებთ ჩვენი ქვეყნის განვითარების რაიმენაირ შეფერხებას, რადგან ამ განვითარებაზეა დამოკიდებული ჩვენი ოჯახების კეთილდღეობა, ეკონომიური სიძლიერე, ყველა მოქალაქის დასაქმება.

როგორი ერთგულნიც ვართ ჩვენი ტერიტორიული მთლიანობის დაცვის მიმართ, ისეთივე ერთგულებას ვაჩვენებთ ყველას ჩვენი ეროვნული ნების ურყევობისადმი.

შეიძლება ჩვენი პოზიციები ბევრ საკითხთან დაკავშირებით განსხვავდებოდეს, მაგრამ როდესაც საქმე საქართველოს უსაფრთხოებას ეხება, ყველა ქართველი ერთიან, მტკიცე პოზიციაზე ვდგევართ.

იმისათვის, რომ ეს ასე იყოს, მე დღეს მივმართავ ოპოზიციის ლიდერებს, რათა ჩვენ, როგორც, უწინარეს ყოვლისა, ქართველებს, გვქონდეს ერთიანი პოზიცია ეროვნული უსაფრთხოებისა და ტერიტორიული მთლიანობის ფუნდამენტურ საკითხებთან დაკავშირებით. მე ვთავაზობ მათ სისტემატურ შეხვედრებს, რათა უზრუნველვყოთ მათი ინფორმირებულობა და მაქსიმალური ჩართულობა ამ, ჩვენი სამშობლოსთვის უმნიშვნელოვანეს ისტორიულ მომენტში.

მე მინდა, რომ მოვისმინო მათი მოსაზრებებიც და მივიღო მათი რჩევებიც. მინდა, რომ საქართველოს წინააღმდეგ არსებული საგარეო საფრთხის წინაშე, ჩვენი პოზიცია იყოს ერთიანი.

შესაძლოა, ჩვენ ვერ შევთანხმდეთ ყველაფერზე, მაგრამ მსურს, რომ ერთად ვიდგეთ იქ, სადაც საჭიროა დგომა ჩვენი სამშობლოს ტერიტორიული მთლიანობისა და ეროვნული ფასეულობების დასაცავად.

დაბოლოს, მე მინდა, თხოვნით მივმართო მთელ ქართველ ხალხს, შევინარჩუნოთ სიმტკიცე, სიმშვიდე და ჩვენთვის ისტორიულად დამახასიათებელი გამძლეობა.

მოდის აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული და მინდა ყველა ქართველს ვუსურვო ბედნიერება და გამარჯვება. აღდგომის დიდ სიხარულთან ერთად, მინდა ყველანი დავფიქრდეთ იმ აღდგომაზეც რასაც საქართველო განიცდის ახლა. დავფიქრდეთ იმაზე, თუ როგორ მოვიპოვოთ სრული ეროვნული უსაფრთხოება და თავისუფლება.

ამისათვის ჩვენ ბრძოლას არ შევწყვეტთ და წინ ჯერ კიდევ დიდი გზა გვაქვს გასავლელი, მაგრამ საქართველოს აღდგომის ამ უმნიშვნელოვანეს ეტაპზე, ყველამ ხელი ხელს უნდა ჩავჭიდოთ და გავაკეთოთ ყველაფერი, რათა არ დავთმოთ და არ დავკარგოთ ის, რაც აქამდე მოგვიპოვებია და მიგვიღია ჩვენი წინაპრებისაგან;

რათა არ დავთმოთ ჩვენი ფასეულობები და ეროვნული ღირსება;

რათა გავაგრძელოთ წინსვლა პროგრესისაკენ და ვეღარავინ დაგვაბრუნოს უბედურების, უშუქობის, უპერსპექტივობის, კრიმინალების თარეშის, ქაოსისა და სახელმწიფოს არქონის პირობებში;

რათა გავაგრძელოთ გზა ყველასთან, მათ შორის, რუსეთთან ურთიერთობების განვითარებისა და ნორმალიზაციისაკენ;

რათა დავდგეთ ერთად ჩვენი თავისუფლების, უსაფრთხოებისა და სამშობლოს დასაცავად.

ღმერთი ფარავდეს თითოეულ ჩვენგანს!

ღმერთი ფარავდეს სრულიად საქართველოს!


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)