Google+

სიახლეები

27.10.2008
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი საპარლამენტო უმრავლესობის წევრებს შეხვდა

მოგესალმებით ყველას!

საქართველოს პრემიერ-მინისტრის პოსტზე მსურს წარმოგიდგინოთ ბატონი გრიგოლ მგალობლიშვილი და ასევე შეგატყობინოთ, რომ ბატონ გრიგოლთან ერთად, უახლოეს დღეებში საქართველოს ახალ მთავრობას წარმოგიდგენთ.

თქვენ იცით, რომ კონსტიტუციით ჩვენ გვქონდა ვალდებულება, რომ ახალ პარლამენტთან ერთად ახალი მთავრობა წარმოგვედგინა. ჩვენ ეს ცვლილება განვახორციელეთ, თუმცა რუსული აგრესიის გამო ეს მცირე პერიოდით გადაიდო.

როდესაც ერთი წლის წინათ მოვილაპარაკეთ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ლადო გურგენიძე გახდებოდა, იგი შეგვპირდა, რომ ამ წლის განმავლობაში მაქსიმუმს გააკეთებდა.

ლადო ღირსეულად გაუძღვა მთავრობას ურთულეს პერიოდში; მის პრემიერ-მინისტრობას დაემთხვა ურთულესი გამოწვევები ნებისმიერი ეკონომისტისთვის, პოლიტიკოსისთვის და, ზოგადად, ნებისმიერი მოღვაწისთვის.

ამავე პერიოდს დაემთხვა ომი და უპრეცენდენტო მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი.

ყველაზე რთულ პირობებში საქართველოს მთავრობამ მოახერხა ფინანსური და საბანკო სისტემების, ვალუტის კურსისა და საბიუჯეტო შემოსავლის შენარჩუნება.

თქვენ იცით, რომ მთელი აღმოსავლეთ ევროპა უმძიმესი ეკონომიკური კოლაფსის პირობებშია.

უკრაინაში ეკონომიკა, პრაქტიკულად, დაინგრა და მის გადასარჩენად სავალუტო ფონდიდან დაუყოვნებლივ გამოყვეს თანხა. იგივე პრობლემები შეიქმნა უნგრეთში, ჩეხეთში, ლიტვაში, ლატვიასა და რამდენიმე სხვა ჩვენზე უფრო განვითარებულ, მაგრამ ჩვენი მსგავი რეგიონალურ ეკონომიკის მქონე ქვეყანაში.

რუსეთის ეკონომიკა, პრაქტიკულად, უფსკრულის პირასაა მისული, ხოლო ძირითადი სტრუქტურები - ჩამოშლილი. ამას ამ ქვეყნის მიერ განხორციელებულმა აგრესიულმა ქმედებებმაც შეუწყო ხელი.

საქართველოს მთავრობამ ყველაზე მძიმე პირობებში უდიდესი სიმწიფე და მობილიზაცია გამოიჩინა და ამის არდაფასება არ შეიძლება.

დღეს ქვეყანას ახალი ენერგია, ახალი ძალა, ახალი პრემიერ-მინისტრი და გარკვეული გადახალისება სჭირდება, ამიტომ ლადო გურგენიძესთან ერთად გადავწყვიტეთ, რომ ცვლილება განგვეხორციელებინა.

ჩვენი ერთობლივი გადაწყვეტილება იყო ისიც, რომ შექმნილიყო პრეზიდენტთან არსებული ფინანსური და საინვესტიციო საბჭო, რომელიც კოორდინაციას გაუწევს პარლამენტის, პრეზიდენტის, მთავრობისა და რეგიონების ფინანსურ საინვესტიციო საქმიანობას, უცხოური ინვესტიციების მოზიდვას და საბანკო სექტორზე კონტროლს.

მე ვთხოვე ლადო გურგენიძეს, რომელიც ამ საბჭოს თავმჯდომარეობას შეითავსებს და საქმიანობას საქართველოს საკეთილდღეოდ გააგრძელებს.

ეს საგანგებო სტრუქტურაა, რომელიც მსოფლიო კრიზისთნ დაკავშირებით იქმნება. ლადო გურგენიძე, არა როგორც პრემიერ-მინისტრი, არამედ როგორც გამოცდილი ეკონომისტი მთლიანად ამ საქმეზე მოახდენს კონცენტრაციას, რათა თავიდან ავიცილოთ მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის ყველაზე უარყოფითი შედეგები.

ეს ძალზე მნიშვნელოვანია, რადგან მან საქართველოში ააწყო ძალიან კარგი ბანკი, რომელიც დღეს ძალზე წარმატებულია მსოფლიო პრობლემების მიუხედავად. მან ააწყო ძალიან კარგი სისტემა და შეძლო ამ სისტემის მდგრადობის შენარჩუნება და ამიტომ მას ამ ახალი სტრუქტურის - საინვესტიციო-ფინანსური საბჭოს თავმჯდომარეობა ვთხოვე, რათა ამ სისტემის სტაბილიზიასა და საქართველოში ახალი რეფორმების განხორციელებაზე ერთად შევძლოთ მუშაობა.

დღეს ჩვენ ახალი ამოცანების, ახალი გამოწვევების წინაშე ვართ.

დღეს ახალ რეალობაში ვიმყოფებით და ჩვენს წინაშე ახალი, ძალიან დიდი საფრთხეებია.

როგორც უკვე ვთქვი, ამ ამოცანების გადასაჭრელად ახალი ძალა, ახალი ენერგია, ახალი კადრები და დიდი და მაღალხარისხიანი სამუშაოს შესრულებაა საჭირო. ეს აუცილებელია იმისათვის, რომ შევინარჩუნოთ და განვავითაროთ ჩვენი სახელმწიფოებრიობა, მოვიცილოთ ის ეგზისტენციალური საფრთხე, რომელიც ამჟამად დემოკლეს მახვილივით ჰკიდია საქართველოს თავზე. ეს საჭიროა იმისათვის, რომ შევქმნათ ახალი სამუშაო ადგილები და ვებრძოლოთ ქვეყნის უმთავრეს პრობლემას - უმუშევრობას; იმისათვის, რომ წარმატებით დავამთავროთ ომისშემდგომი რეკონსტრუქციისა და სტაბილიზაციის 18-თვიანი გეგმა და დავუბრუნდეთ ჩვენი 50-თვიანი პროგრამის რეალიზაციას.

როდესაც სტაბილიზაციის 18-თვიან გეგმაზე ვლაპარაკობთ, იგულისხმება არა მხოლოდ პოლიტიკური, არამედ, უწინარესად, ეკონომიკური სტაბილიზაცია.

აქედან გამომდინარე ჩვენ ძალიან მჭიდროდ ვიმუშავებთ ჩვენს მთავრობასთან.

ჩვენი ეკონომიკა ომისა და მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის შედეგად, დღეს ორმაგი დარტყმის ქვეშ არის მოქცეული.

როგორ უნდა ვუპასუხოთ ამ გამოწვევებს?

- ახალი რადიკალური, დემოკრატიული და ლიბერალური რეფორმით.

ახალი მთავრობისთვის მე სხვა რეცეპტი არ მაქვს.

საქართველოში მეტი დემოკრატია, მეტი ეკონომიკური ლიბერალიზაცია, ნაკლები გადასახადები ხალხისთვის, კიდევ უკეთესი საინვესტიციო გარემო გვჭირდება, რათა საქართველოს ეკონომიკაში მეტი ფული ჩაიდოს და მეტი ახალი სამუშაო ადგილი შეიქმნას. ამ მიმართულებით ძალიან ბევრ ნაბიჯს ვდგამთ და კიდევ უფრო მეტს გადავდგამთ.

რაც შეეხება საერთაშორისო დახმარების მიღებას, მსოფლიოში არსებული კატასტროფული გაჭირვების პირობებში, საქართველომ, რეალურად, მარშალის ახალი გეგმა მიიღო.

მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ამერიკამ ძალიან დიდი ფული ჩადო, რათა ევროპა ფეხზე დაეყენებინა. ამის გარეშე ევროპა არ იქნებოდა ისეთი, როგორიც დღეს არის - როგორიც არის გერმანია, ჰოლანდია და სხვა ქვეყნები. პრაქტიკულად, საქართველომ მიიღო ახალი მარშალის გეგმა - ზუსტად ის, რაზეც გერმანიის კანცლერი ანგელა მერკელი ჩემთან და ასევე ევროკავშირის სამიტზე საუბრობდა.

ჩვენ ოთხნახევარი მილიარდი მივიღეთ. თუ როგორ და რაში დავხარჯავთ, ამას დრო გვიჩვენებს.

პირველი 6 თვე იქნება რთული, ამიტომ დიდი მოთმინება დაგვიჭირდება. ეს ფული სწორად უნდა გავანაწილოთ. აქედან გამომდინარე, მე ვთხოვ ახალ მთავრობას, მივიდეს ანტიკრიზისულ საბჭოში, რომელშიც ოპოზიციაც არის წარმოდგენილი და ღია განხილვა მოაწყოს.

სწორედ ეს არის გამჭვირვალობა და საპარლამენტო კონტროლი მთავრობის საქმიანობაზე.

მინდა ორიოდ სიტყვით გეგა მგალობლიშვილზე მოგახსენოთ.

მას კარგი განათლება აქვს მიღებული როგორც საქართველოში, ისე უცხოეთში; ის ძალიან წარმატებული ელჩი იყო თურქეთის რესპუბლიკაში. მისი ძალისხმევით, თურქეთიდან საქართველოში ძალზე დიდი ინვესტიცია შემოვიდა.

დღეს ჩვენ გვჭირდება პრემიერ-მინისტრი, რომელსაც ინვესტიციების მოზიდვის დიდი გამოცდილება აქვს. ეს ჩემთვის მთავარი კრიტერიუმია, ისევე როგორც მისი წესიერება. ამ საკითხს საგანგებოდ ვაკონტროლებ.

შეცდომის გარეშე კადრების შერჩევა არ განმიხორციელებია, მაგრამ საკუთარ შეცდომებზე ვსწავლობ და იმედია, ამ შემთხვევაში შეცდომას არ ვუშვებ.

ჩვენ გვჭირდება ადამიანი, რომელიც ახლებურად დაინახავს თითოეულ გამოწვევას და იმუშავებს მთავრობის ახალ შემადგენლობასთან, მათ შორის, იმ კომისიასთან, რომელსაც ლადო გურგენიძე უხელმძღვანელებს.

საქართველოს მთავრობა, ძირითადად, ძალიან კარგად მუშაობდა და ახლა გეგა მგალობლიშვილისგან მოველით, რომ ის ხორცს შეასხამს განახლებული ხედვას, რათა გადავარჩინოთ ქვეყანა, თავიდან ავიცილოთ საფრთხეები, შევქმნათ ახალი სამუშაო ადგილები და ხელახლა დავიწყოთ ჩვენი ეკონომიკის აღმასვლა.

ასევე, ორიოდ სიტყვით, მინდა ჩვენი უახლესი ისტორიის მნიშვნელოვან თარიღთან დაკავშირებით მოგახსენოთ. ეს შარშანდელ 7 ნოემბერს უკავშირდება.

ეს დღე საქართველოსთვის მძიმე მოსაგონარია, განსაკუთრებით, ჩემთვის.

ჩვენი ვალია, რომ გასული წლის ნოემბერი ყველას კარგად გვახსოვდეს. ყველამ უნდა გავითავისოთ ის, თუ რა მოხდა მაშინ. თითოეულმა ჩვენგანმა დასკვნა უნდა გამოიტანოს და ეს ჩვენთვის გაკვეთილი უნდა იყოს თუნდაც იმისათვის, რომ მსგავსი რამ საქართველოში არასდროს აღარ განმეორდეს.

7 ნოემბერი თითოეული ჩვენგანისთვის დიდი გაკვეთილი იყო. ამ დღემ დაგვანახა ის შეცდომები, რომლებსაც მანამდე ვუშვებდით ჩვენ - საქართველოს ხელისუფლება. დაგვანახა იმის აუცილებლობა, რომ საქართველოს მთავრობამ და პრეზიდენტმა უფრო მეტად მოუსმინოს საკუთარ ხალხს; დაგვანახა, თუ რამდენად მეტი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ არ ჩატყდეს ხიდი, არ გაწყდეს დიალოგი მთავრობასა და საზოგადოების ყველა, თუნდაც ყველაზე პატარა ჯგუფს შორის.

ამ დღემ ასევე გვასწავლა, რომ ჭეშმარიტი დემოკრატიული საზოგადოებისთვის ერთიანობა და ერთმანეთის გატანაა საჭირო.

ამ დღემ გვასწავლა, რომ ერთმანეთთან დაპირისპირება და ქიშპობა არ არის ჩვენი განსხვავებების და აზრთა სხვადასხვაობის დროს წარმოქმნილი პრობლემების მოგვარების გზა - ეს ჩიხში მიმავალი გზაა.

ამ დღემ გვასწავლა ის, რომ ერთიანობაზე დიდი ფასეულობა არ არსებობს.

რომ არა ეს გაკვეთილი, აგვისტოში, არნახული აგრესიის პირობებში მსოფლიოსთვის ასევე არნახული ერთიანობის დემონსტრირებას ვერ შევძლებდით, რაც საქართველოს ისტორიაში იშვიათი მოვლენა იყო.

7 ნოემბრიდან ერთი წელი გადის და ვფიქრობ, დასკვნები გამოვიტანეთ, რის საფუძველზეც საქართველოში ბევრი რამ შეიცვალა - ჩვენ ბევრად უფრო მომწიფებული, განვითარებული, ბევრად უფრო წინ წასული საზოგადოება გავხდით.

ჩვენ მრავალი დემოკრატიული რეფორმა დავიწყეთ, ვდგამთ ნაბიჯებს იმისათვის, რომ პარლამენტი უფრო გაძლიერდეს, იყოს მეტი საზოგადოებრივი კონტროლი და სახელმწიფო საქმიანობაში უფრო აქტიურად ჩაერთოს ოპოზიცია, რათა ოპოზიციასა და ხელისუფლებას შორის ჩამოყალიბდეს სწორი და ბევრად უფრო გამართული ურთიერთობა.

ჩვენ დავიწყეთ სამართლებრივი რეფორმების ახალი ტალღა და მოუთმენლად ველი 1 იანვარს, როდესაც ნაფიც მსაჯულთა სასამართლო გვექნება. უწინარესად, ეს თბილისში მოხდება, ხოლო შემდეგ დანარჩენ საქართველოში.

ვნახავთ როგორ იმუშავებს ეს ინსტიტუტი, თუმცა დიდი იმედი მაქვს და დარწმუნებული ვარ, რომ ის იმუშავებს გამართულად; იქნება საზოგადოების სიმწიფისა და წინსვლის უტყუარი გამოხატულება ისევე როგორც სახელმწიფოს მიერ საზოგადოებისთვის თავისი ფუნქციების დელეგირების უმნიშვნელოვანი ნაბიჯი, მოსამართლეებზე საზოგადოებრივი კონტროლის დამყარების უდიდესი ნაბიჯი და სასამართლოების პასუხისმგებლობის ამაღლების ძალზე მნიშვნელოვანი რეფორმა.

ჩვენ გვინდა ბევრად მეტი გახსნილობა, ბევრად მეტი დემოკრატია.

ამ დღეებში საქართველოს პარლამენტში საპარლამენტო კომისიის სხდომა პირდაპირი ეთერის რეჟიმით მიმდინარეობდა.

მინდა გითხრათ, რომ მსგავსი რამ მსოფლიოს ძალზე ცოტა ქვეყანაში თუ არის შესაძლებელი.

დღეს მე ვუსმენდი უშიშროების საბჭოს მდივანს, რომელიც ღია ეთერის ფორმატით პასუხობდა ურთულეს კითხვებს. ვფიქრობ, ზოგიერთ კითხვას ასე ერთბაშად და სპონტანურად მეც კი გამიჭირდებოდა ზუსტი პასუხების გაცემა.

ვფიქრობ, მან კარგად გაართვა თავი. მე მას დავურეკე და მადლობაც კი გადავუხადე.

აი, ეს არის ნამდვილი დემოკრატია.

ნამდვილი დემოკრატია არის არა ერთმანეთთან ჩხუბი და ერთმანეთის ლანძღვა-გინება, არამედ მწვავე კითხვებზე პასუხი და პრინციპებზე დაფუძნებული მუდმივი დიალოგი საზოგადოებასთან; ასევე იმ თანამდებობის პირების პასუხისმგებლობის საკითხის დაყენება, რომლებიც დროულად არ გასცემენ პასუხებს საზოგადოებისა და ჩვენი განვითარებისთვის უმნიშვნელოვანეს კითხვებს.

ვფიქრობ 7 ნოემბერი საზოგადოების უმრავლესობისთვის კარგი გაკვეთილი იყო.

დღეს საქართველო უფრო დემოკრატიული ქვეყანაა, ვიდრე ერთი წლის წინათ იყო.

დღეს ხელისუფლება უფრო ახლოს არის ხალხთან, ვიდრე ერთი წლის წინათ იყო.

დღეს ოპოზიცია უფრო გავლენიანია მიუხედავად მათი წარმომადგენლობისა პარლამენტში, ვიდრე - ერთი წლის წინათ.

ჩვენი პასუხისმგებლობაა, რომ საქართველოში ხიდჩატეხილობა არასდროს აღარ განმეორდეს, ამიტომ უნდა განვახორციელოთ მეტი რეფორმები, უნდა გავამყაროთ დემოკრატია, კიდევ უფრო გახსნილი უნდა ვიყოთ, მეტი დიალოგი, მეტი დიალოგი საზოგადოებასთან.

ბოლოს კიდევ ერთხელ მინდა ვთქვა: დღეს საქართველო დიდი ბოროტების შემოტევის ქვეშ იმყოფება; თბილისის თავზე დგას ძალზე აგრესიული და ძალზე ბოროტი ძალა.

ჩვენი ქვეყანა, ჩვენი დემოკრატიული ერი ამ აგრესიის პირველი მსხვერპლია, თუმცა სამწუხაროდ, ალბათ, არა ბოლო.

ჩვენს ქვეყანას ბოროტება ვერ დაამარცხებს და ჩვენ არ გავტყდებით, მაგრამ იმისათვის, რომ ეს შევძლოთ ერთიანობა გვჭირდება ისე, როგორც არასდროს.

ჩვენი ძალა ერთობაშია, ჩვენი ძალა ჩვენსავე შემართებაშია.

ახლა ჩვენ მეტი განვითარება, მეტი დემოკრატია გვჭირდება, რათა ყველას ვაჩვენოთ, რომ საქართველო ცივილიზებული სამყაროს სრულუფლებიანი წევრია.

ჩვენი პასუხი ამ დამანგრეველი ძალის მიმართ არის შენება და განვითარება.

მათ, ვისაც არ უნდა რომ ჩვენ ვიყოთ თავისუფალი, ჩვენი პასუხი იმპერიას არის მეტი თავისუფლება.

მინდა, რომ უახლოეს დღეებში ყველა კითხვა დავუსვათ მთავრობის ახალ შემადგენლობას.

დღეს მე ვუთხარი ოპოზიციის წარმოვადგენლებს: ის, რომ მთავრობას დღეს ჩვენ წარმოვადგენთ არ ნიშნავს იმას, რომ არ გავითვალისწინებთ დროებითი საპარლამენტო კომისიის დასკვნებსა და რეკომენდაციებს.

ამ ქვეყანაში ცხოვრება ვერ გაჩერდება -ეკონომიკა დიდი გამოწვევების წინაშე დგას.

არის პიროვნული მომენტებიც, რომელიც ჩემს მეგობარ ლადო გურგენიძეს უკავშირდება, არის ასევე გადაუდებელი ამოცანები და რეგიონალური საკითხები.

თუკი პარლამენტი ახალი პრემიერის კანდიდატურას დაამტკიცებს, ის დაუყოვნებლივ უნდა წავიდეს რეგიონებში და შეხვდეს ხალხს, ელაპარაკოს სამუშაო ადგილებზე, იმაზე, რომ მსოფლიო კრიზისის პირობებში არ უნდა დავკარგოთ სამუშაო ადგილები.

მოგეხსენებათ, რომ სამშენებლო სფეროში გაჩნდა პრობლემები, მაგრამ მშენებლობა არ უნდა გაჩერდეს, არ უნდა გაჩერდეს საბანკო სისტემა, არ უნდა გაჩერდეს საწარმოები; უნდა შევინარჩუნოთ ის, რაც გვაქვს და უნდა შევინარჩუნოთ შევინარჩუნოთ განვითარება.

ამ ორმაგ კრიზისამდე ჩვენ ისე კარგად ვვითარდებოდით, რომ არ უნდა დავუშვათ არა მხოლოდ ის, რომ საქართველო 94-95 წლებში არ დაბრუნდეს, ეს არავითარ შემთხვევაში არ მოხდება, არამედ არ უნდა დავუშვათ საქართველოს განვითარების შეჩერება ან, თუნდაც, მკვეთრი შეფერხება.

ეს ჩვენ ერთად შეგვიძლია, ჩემო მეგობრებო, ოღონდ ამისათვის საჭიროა ერთიანობა, სიმშვიდე და ბევრი მუშაობა.

რამდენიმე დღის წინათ წალენჯიხის გამგებელი გია მებონია და ერთ-ერთი ადგილობრივი მცხოვრები დაგვეღუპა, დაიჭრა პოლიციელი.

საქართველო დარტყმისა და თავდასხმის ქვეშ იმყოფება.

გია მებონია არის გმირი. იგი რამდენჯერმე აქამდეც იყო ისეთ ვითარებაში, რომ ორდენზე წარდგენას ვაპირებდით, მაგრამ თავად, ძალზე მოკრძალებულად გვითხრა უარი.

ასეთი ხალხი გვყავს ჩვენ. სამწუხაროა, რომ გია ჩვენთან აღარ არის.

ვიდრე საქართველოს მისი მსგავსი ადამიანები ეყოლება, ვიდრე ასეთი სულისკვეთება გვექნება, ვიდრე ჩვენს ქვეყანას მსოფლიო თანამეგობრობის ამდენად დიდი მხარდაჭერა ექნება, საქართველოს ვერ დაამარცხებენ, თუ რა თქმა უნდა, საკუთარი თავის დამარცხებას ჩვენვე არ მოვინდომებთ. ამის მაგალითებიც მრავლად არის საქართველოს ისტორიაში.

ვფიქრობ, ახლა სულ სხვა ხაზზე ვდგავართ, სულ სხვა სულისკვეთება და მიმართულება გვაქვს და სულ სხვა შედეგით დასრულდება ყოველივე ეს - ჩვენი ძლიერებით, ჩვენი გამთლიანებით, ჩვენი დეოკუპაციით და საქართველოს ინტეგრაციით ევროპულ ინსტიტუტებში, რაც ჩვენი ამოსავალი წერტილი და მთავარი მიზანია.

უკეთესი ცხოვრება ჩვენი მოქალაქეებისთვის - ეს არ არის ზოგადი საკითხი, ეს ჩვენი მომავალია.

კიდევ ერთხელ მოგესალმებით და გისურვებთ ნაყოფიერი საპარლამენტო განხილვების კვირას.

გმადლობ!


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)