Google+

სიახლეები

17.12.2008
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მედიის წარმომადგენლებს შეხვდა

მოგესალმებით !

ჩვენ უნდა შევიმუშაოთ ეკონომიკის გადარჩენისა და შენარჩუნების პაკეტი.

რას უკავშირდება ის მოვლენები ეკონომიკაში, რომელიც აისახება ჩვენს ყოველდღიურ ცხოვრებაში და ჩვენთვის პრიორიტეტულია.

ბოლო 50 წლის განმავლობაში ეს მსოფლიოში ყველაზე დიდი ეკონომიკური კრიზისია.

უკრაინაში მაღაროების ოთხმოცი პროცენტი გაჩერებულია - მძიმე მრეწველობის თითქმის ნახევარი. სახელფასო და საპენსიო დავალიანება, რომელიც აღწევს 15-17 პროცენტს.

რუსეთში სახელფასო დავალიანებამ გადააჭარბა 13 პროცენტს და რუსი ეკონომისტები ამბობენ, რომ რუსეთში არასოდეს არ ყოფილა წარმოების ასეთი ვარდნა, მათ შორის არც 90-იან წლებში.

ლატვიაში ჩამოიშალა საფინანსო სექტორი, ასეთივე პრობლემებია ბალტიის სხვა ქვეყნებშიც.

პრობლემებია უნგრეთსა და თურქეთში, სადაც სერიოზული საფინანსო და ეკონომიკური კრიზისია.

90-იან წლებში ჩვენ გავიარეთ ორი სახის მძიმე კრიზისი, თუმცა მაშინ მსოფლიოში ეკონომიკური კრიზისი არ იყო.

1992-93 წლებში კრიზისის შემდეგ, საქართველოში მოიშალა ენერგეტიკისა და საფინანსო სისტემები, სახელმწიფოებრიობის საფუძვლები და მოხდა ქართული საზოგადოების სტრუქტურის ეროზირება.

1998 წელს აზიის კრიზისმა დაარტყა რუსეთს, შემდეგ ამ ყველაფერმა საქართველოს საფინანსო სისტემას და კიდევ რამოდენიმე წლით გაჩერდა საქართველოს ეკონომიკა.

90-იან წლებში ვერ მივიღეთ მსოფლიო ეკონომიკიდან სარგებელი და პირიქით, მსოფლიო ეკონომიკის ტენდენციების საწინააღმდეგოდ, საქართველოში ყველაფერი იყო ცუდად.

ახლა იმის გამო, რასაც ჩვენ ბოლო ოთხი წლის განმავლობაში მივაღწიეთ, მაქსიმალური იმუნიტეტი უნდა გამოვიმუშაოთ იმის მიმართ, რაც ხდება დანარჩენ მსოფლიოში.

პირველი საკითხი - საქართველოში, იმის გამო, რომ ენერგეტიკის სფეროში ჩავდეთ 280 მილიონ დოლარზე მეტი, იმის გამო, რომ კორუფცია აღმოვფხვარით ამ სექტორში და იმის გამო, რომ აშენდა თბო და ჰიდროელექტროსადგურები, ჩვენ გვაქვს მარაგი იმისა, რომ ენერგეტიკულმა სისტემამ ზამთარი კარგად გადაგვატნინოს.

ჩვენ გვაქვს გაზის მოწოდებასთან დაკავშირებით ხუთწლიანი კონტრაქტი აზერბაიჯანთან.

მეორე საკითხი - ფინანსური და ეკონომიკური სისტემაა.

ომის მძიმე დღეებშიც კი, ჩვენ შევინარჩუნეთ ხელფასებისა და პენსიების დროული გაცემის სისტემა.

ყველა საფუძველი არსებობს იმისა, რომ მომავალ წელს, ამ საკითხთან დაკავშირებით არ გვქონდეს პრობლემები.

ამას გარდა, იზრდება სოციალური ბიუჯეტი, რაც ნიშნავს იმას, რომ 2005 -2008 წლებში ჩვენ გავაორმაგეთ სოციალური დახმარებები.

ეს ბევრად ნაკლებია იმაზე, რაც ჩვენი ხალხის გაჭირვებას გამოასწორებს, მაგრამ არის განაცხადი იმაზე, რომ ის, რაც აქვს ქართულ სახელმწიფოს, ახარჯავს სოციალურად დაუცველებს.

ის რაც ხდება აღმოსავლეთ ევროპასა და უკრაინაში, მსგავსი არაფერი არ ხდება საქართველოში.

საქართველოს ბანკებმა გააძვირეს კრედიტები, რაც მძიმედ ურტყავს ჩვენს სამეწარმეო სუბიექტებს, თუმცა ასეთი რამ ხდება ყველგა. უკრაინაში საკუთარ ფულს ვერ გამოიტან ბანკიდან, თუ ქრთამი არ გადაიხადე.

რუსეთში ზოგან 80 პროცენტია გადასახადი კუთვნილი ფულის გამოსატანად. საქართველოში საბანკო სისტემა გადარჩა და ფუნქციონირებს.

მე ველი, რომ იმ საფინანსო კრედიტებისა და იმ შემოდინენებების შედეგად, რაც მომავალი წლის პირველ 90 დღეში მოხდება, ბანკები შეძლებენ კრედიტების გაცემას.

ეს არის ძირითადი საფუძვლები, რაც აქვს დღეს ეკონომიკას.

როგორია ჩემი პროგნოზი და რწმენა?

თუ ჩვენ სწორედ გავაგრძელებთ მოქმედებას, მომავალი წლის პირველი რამოდენიმე თვე იქნება მძიმედ გადასატანი ეკონომიკისათვის და შემდეგ დაიწყება ეკონომიკის თანმიმდევრული ზრდა.

რა მაძლევს ამის საფუძველს - ეს არის ჩვენი ეკონომიკის გადაწყობა, ინვესტიციების და სწორი საფინანსო საკრედიტო პოლიტიკის შენარჩუნება.

მაგალითად, ჩვენ საშემოსავლო გადასახადს ვაკლებთ 5 პროცენტს, რითაც 250 მილიონ ლარს ვაბრუნებთ ბიზნესში. 500 მილიონი ლარი დაიხარჯა გზების მშენებლობაზე. რამდენიმე ასეული მილიონი ლარი იდება სოფლის მეურნეობაში, იმ სექტორებში, სადაც იქნება ხალხის დასაქმება აუცილებელი.

მომავალ წელს კიდევ უფრო მეტი ტრაქტორს შემოვიყვანთ და ის ეფექტი, რაც წელს ტრაქტორების პროგრამით მივიღეთ, მომავალ წელს უნდა გაიზარდოს.

ეს ყველაფერი იდება იმაში, რაც საქართველოს ეკონომიკას გრძელვადიანად გააძლიერებს. ეს არის გზები, 2012 წელს ავტობანით უნდა ჩავიდეთ ბათუმში, ვაშენებთ გომბორის გზას, ჯავახეთის გზას და 200 დიდი სოფლის გზას.

იქ, სადაც მიდის გზა, ამ გზას მოყვება ბაზარზე გასვლა, რაც ნიშნავს სამუშაო ადგილებს, რაც ნიშნავს უფრო ნაკლებ სოციალურ წნეხს ჩვენს ეკონომიკასა და სოციალურად გაჭირვებულ ფენებში.

საქართველოს მთავრობას ამ რთულ პირობებში მართებს განსაკუთრებული მუშაობა.

როცა მსოფლიოში ამხელა კრიზისია, ჩვენი მთვარი ამოცანა სამუშაო ადგილებისა და ეკონომიკის გადარჩენა და შენარჩუნება, შემდეგი ეტაპის ამოცანა გათვლილია საქართველოს მომავალ პერსპექტივებზე.

გარდა ამისა, ამ ყველაფერში აქტიურად უნდა ჩავრთოთ ქართული საზოგადოება და მათთან ვაწარმოოთ დიალოგი.

დღეს ბარბარობის დღესასწაულია და მინდა ყველას მოგილოცოთ!

ჩვენ დაგვებედა ერთმანეთის ნახვა, რაც ყოველთვის მიხარია, მაგრამ რაც ყველაზე მთავარია, დაგვებედა ინფორმაციის გაცვლა და მუდმივი დიალოგი ქართულ საზოგადოებასთან.

შეკითხვები

ნათია გოგსაძე, ტელეკომპანია "რუსთავი2":

ბატონო პრეზიდენტო, დღეს აქტუალური იყო თემა ამერიკასთან ყოვლისმომცველი ხელშეკრულების გაფორმებასთან დაკავშირებით, ბალტიისპირეთის ქვეყნებისათვის ანალოგიური ხელშეკრულება რუსული საფრთხის თავიდან აცილების გარანტი გახდა. იქნება თუ არა ეს ასე საქართველოს შემთხვევაში, მით უმეტეს, რომ რუსული საფრთხე კარზეა მომდგარი და არც განეიტრალებულა - გალში დამატებითი ტექნიკა შეიყვანეს. რა სიკეთეს უნდა ელოდოს ქართული საზოგადოება ამ ხელშეკრულებისაგან?

მიხეილ სააკაშვილი: დაძაბულობის თემას რომ დავუბრუნდეთ, მე მთელი წელი სხვადასხვა ფორმით ვამბობდი, რომ ამ ომის საფრთხე იყო. როგორც მაშინ ვამბობდი, რომ იყო ფართო მასშტაბიანი ომის საფრთხე, ზუსტად ისევე მგონია ახლაც, რომ უახლოეს პერიოდში რუსეთის მხრიდან არ არის ფართო მასშტაბიანი ომის და კონფლიქტში ჩართვის საფრთხე, რადგან რუსეთს ძალიან სერიოზული შიდა

პრობლემები აქვს. აქედან გამომდინარე, ვფიქრობ, ის რაც ხდება, ერთი მხრივ, არის მცდელობა შექმნან მუდმივი დაძაბულობა. ჩვენთან მასმედია ყველაფერს აშუქებს და თწვენი საშუალებით ცდილობენ ხალხის დაშინებას. მეორე მხრივ, ცდილობენ ზემოქმედება მოახდინონ საქართველოს მთავრობაზე. გათვლა არის იმაზე, რომ ჩვენ ისეთ გამოუვალ სიტუაცუაში შევალთ, რაც კიდევ უფრო მეტად დაგვასუსტებს.

90-იან წლებში ჩვენი მთავარი პრობლემა იყო ის, რომ რუსეთს - მაშინდელ აგრესიული პოლიტიკის გამტარებლებს უხდებოდათ კონტაქტი უკიდურასად არაკომპეტენტურ

თანამდებობის პირებთან საქართველოში. ამიტომ დაგვრჩა ეს კატასტროფული ხელშეკრულებები ამ სამშვიდობოებთან დაკავშირებით. რუსები გვეუბნებიან, რომ მზად არიან აღადგინონ დიპლომატიური ურთიერთობა საქართველოსთან, ოღონდ ტერიტორიაჩამოჭრილ ქვეყანასთან საელჩო გვექნება სამი: ცხინვალში, თბილისსა და სოხუმში. ეს, უბრალოდ, არასერიოზულია. ჩვენც მზად ვართ აღვადგინოთ დიპლომატიური ურთიერთობა მხოლოდ იმ პირობებში, როცა საელჩო იქნება თბილისში და საქართველოში არ იქნება არც ერთი სხვა დიპლომატიური სუბიექტი. ჩვენ მზად ვართ გვქონდეს დიალოგი, მათ შორის, მივესალმებით სახალო დიპლომატიას, მივესალმებით კულტურის მოღვაწეებს შორის ურთიერთობას და ეკლესიებს შორის ურთიერთობას. 90-იან წლებში ჩვენ ერთხელ ეს შეცდომა უკვე დაუშვით. მაშინ შევარდნაძეს უთხრეს: აფხაზეთზე კონტროლი დაკარგე, ცხინვალს ვერ აკონტროლებ და ეხლა უკან დსთ-ში შემოდი, დაგვინიშნე მინისტრები, გააფორმე ყველა

ხელშეკრულება და ამის სანაცვლოდ დაგიბრუნებთ ტერიტორიებს". შევარდნაძემ ყველაფერი შეასრულა. ჩვენი დევნილები ჩასხეს ავტობუსებში მიიყვანეს ენგურის ხიდთან, მაგრამ შესვლა არშესვლაზე ხალხი 2 კვირის განმავლობაში აპამპულავეს და ბოლოს მაინც არ შეიყვანეს. ეს ჩვენთვის გაკვეთილი უნდა იყოს. თუ საქართველო მყარად არ დადგება ფეხზე, თუ საქართველოში არ იქნება შიდა სტაბილურობა, თუ საქართველოს არ ექნება მყარი საერთაშორისო მხარდაჭერა, ჩვენს ორმხრივ საკითხებს რუსეთთან სუსტისა და არაფრისმქმნელი პოზიციიდან, ვერ მოვაგვარებთ. ეს კარგად იცის რუსული პოლიტიკის ყველა ფლანგმა. ამიტომ, მიუხედავად იმისა, რომ ამ რჩევის გათვალისწინება თქვენთვის რთულია, მაგრამ რაც ნაკლებ ყურადღებას მიაქცევთ ამას, მით უკეთესი იქნება ჩვენთვის.

ჩვენ გავაგრძელებთ გზას ევროატლანტიკური სივრცისკენ. თუ ვინმე სხვა ალტერნატივას გვთავაზობს საქართველოს განვითარების გრძელვადიან გარანტიებს მოგვცემს, მზად ვარ მოვისმინო აზრი. მაგრამ ჯერ-ჯერობით მსგავსი რამ არავისგან არ მომისმენია. ის, რაც ნატოს ბოლო სამიტზე მოხდა, ძალზე მნიშვნელოვანი იყო. მაპ-ის ყბადაღებული საკითხი გვერდზე გადაიდო და ითქვა რომ საქართველოს განახორციელა პროგრესი და მაპ-ით თუ მის გარეშე შევა ნატოში.

ჩვენთვის ძალზე მნიშვნელოვანია ამერიკასთან ურთიერთობა. თქვენ იცით, რომ ძალიან მჭიდრო ურთიერთობები გვაქვს ამ ადმინისტრაციასთან და ასეთივე ურთიერთობა გვაქვს ახალ ადმინისტრაციასთანაც. მე დამარწმუნეს, რომ საქართველოსთან მიმართებაში ახალ და ძველ ადმინისტრაციას განსხვავებული პოლიტიკა არ აქვს.

ჩვენი ამოცანა დღეს არის ქვეყანაში სტაბილურობის შენარჩუნება, ქართული ეკონომიკის გადარჩენა და შენარჩუნება, ჩვენი ხალხის კეთილდღეობის ეტაპობრივი ზრდა და უსაფრთხოების გარანტიების მიღება. უსაფრთხოების გარანტიების გარეშე ეკონომიკის გრძელვადიანი ყოველთვის გახდება ეჭვის გამომწვევი. უსაფრთხოება კი მრავალმხრივი გარანტიის საფუძველზე მიიღწევა. უწინარესად ეს მოდის ყველაზე ძლიერი გაერთიანებიდან და ბლოკიდან.

უწინარესად, მე ჩემი ქვეყანა მაინტერესებს, მაგრამ თუ კარგად დავაკვირდებით, ბოლო თვეების განმავლობაში საქართველოს გარშემო განვითარებულმა პროცესებმა, ხელი შეუწყო ბევრი რეგიონალური გაერთიანების დაშლას - თავისუფალი ეკონომიკური სივრცე, რომელიც დსთ-ს ფარგლებში იქმნებოდა, არ შედგა; ახლა კოლექტიური უსაფრთხოების სისტემის დაშლის საკითხი; შანხაის ორგანიზაცია, რომელიც დსთ-ს დანამატად მოიაზრებოდა, ცალკე გავიდა და ძალზე მყარი პოზიცია დაიკავა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მხარდასაჭერად. დსთ-ს დაშლა, ფაქტობრივად, საქართველოს გამოსვლით დაიწყო. არის მყარი გაერთიანებები, რომელსაც გრძელვადიანი პერსპექტივა აქვს, და მყიფე გაერთიანებები. ჩვენს მომავალს სწორედ ამ მყარ გაერთიანენბებში ვხედავთ.

ახლა მიდის თამაში ქართველი ერის ნერვებსა და შიდა სტაბილურობის შერყევაზე. ეს წაგებული თამაშია. თუ ჩვენ იმის მიხედვით ვიმოქმედებთ, რა მოსწონს ოკუპანტს ან რა არ მოსწონს, ჩვენი საქმე დამთავრებული იქნება. რუსები პერევიდან გავიდნენ იმიტომ, რომ იმ დღეს ევროკავშირის სამიტი იმართებოდა, მათ კი ევროკავშირთან ქონდათ შეთანხმება გასვლის თაობაზე. დამთავრდა თუ არა სამიტი, ისინი ერთ საათში შემოვიდნენ უკან. არავითარ კავშირში არ იყო ქართული პოლიტიკა. ეს იყო მათი თამაში ევროპასთან. ამ სიტუაციაში კი უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენ ამ დიდი თამაშის ნაწილი ვართ. ჩვენი ამოცანა არის ის, რომ ვიყოთ მობილიზებული, გავძლიერდეთ, მივხედოთ ჩვენს ხალხს და ვიმუშაოთ საერთაშორისო გარანტიებზე. საქართველო არასდროს არ აიღებს ხელს ყოველივე ამაზე. ჩვენი ტერიტორიების მიტაცება არავის არ შერჩება. ამ საკითხის გადაწყვეტა უკავშირდება ჩვენს კონსოლიდაციას და ჩვენს შემდგომ ინტეგრაციას უფრო მძლავრ და მნიშვნელოვან საერთაშორისო სტრუქტურებში.

მართალია, გველის ბევრი სიურპრიზი, მაგრამ ჩვენ ზუსტად ვიცით რას ვაკეთებთ. უახლოეს კვირებსა და თვეებში ყველასთვის სრულიად ნათელი გახდება, რომ სწორ გზაზე ვდგავართ.

დიანა ტრაპაიძე, ტელეკომპანია "იმედი":

ბატონო პრეზიდენტო ბოლო დროს ოპოზიციამ გააქტიურა საუბარი ვადამდელ არჩევნებზე. ოპოზიციის ერთი ნაწილი ემზადება კოალიციის შესაქმნელად და მათ ლიდერად მოიაზრებენ გაეროში ყოფილ ელჩს, ამას დაემატა პარლამენტის თავმჯდომარის ახალი ინიციატივა საარჩევნო კოდექსის შეცვლაზე. ოპოზიცია საუბრობს რომ თქვენი ბოლო პერიოდის გახშირებული შეხვედრებიც გარკვეულწილად საარჩევნო კამპანიის ნაწილია. ხელისუფლებაში განიხილება თუ არა ვადამდელი არჩევნების ალბათობა?

მიხეილ სააკაშვილი: ამ შეკითხვაზე პირდაპირგიპასუხებთ - არა, არ განიხილება. ეს დიდი სისულელე იქნებოდა. მინდა პირდაპირ ვთქვა, რომ ნამდვილად არ ვაპირებ საქართველოს აფეთქებას იმ რამდენიმე ადამიანის გამო, რომელიც ხალხმა აირჩია, პარლამენტში არ შევიდა და ახლა თავისი შრომითი მოწყობით არის შეწუხებული.

ისინი უნდა შესულიყვნენ მაშინ, როდესაც ხალხმა აირჩია. რომელიღაც ტელეარხით გადმოსცემდნენ, რომ არჩევნების ჩატარება 20 მილიონი ჯდება. არჩევნები 20 ან 40 მილიონი კი არა, მინიმუმ მილიარდი, მილიარდ ნახევარი ლარი ჯდება. თუ ახლა საქართველოში ვინმეს არჩევნებისთვის მილიარდნახევარი ლარის დახარჯვა სურს 10-15 პოლიტიკური სუბიექტის შრომით მოსაწყობად, გეტყვით, რომ ამისათვის არც მზად ვარ და არც მომხრე არ ვიქნები. წელს საქართველოში იყო სამი მნიშვნელოვანი არჩევნები: საპრეზიდენტო არჩევნები, საპარლამენტო არჩევნები და აჭარის არჩევნები, აღარაფერს ვამბობ გამოკლებულ დეპუტატთა არჩევნების შესახებ. არ ვიცი რომელ ქვეყანაში შეიძლება მოხდეს ის, რომ არჩევნების შედეგით უკმაყოფილო პირი ყოველთვის ახალ არჩევნებს ითხოვდეს. 2009 წელს საქართველოს დაახლოებით 7-8 რაიონში გამოკლებული დეპუტატის არჩევნები გაიმართება. 2010 წელს საქართველოში გაიმართება ადგილობრივი არჩევნები, იქნება შანსი რომ გამოიცვალოს ან დარჩეს ყველა მერი და გამგებელი, და შემდეგ უკვე, ამას მოჰყვება საპარლამენტო არჩევნები, და საპრეზიდენტო არჩევნები. საქართველოში, თითქმის, ყოველ წელს ისედაც დაგეგმილია

სხვადასხვა დონის არჩევნები. ყოველი საარჩევნო კამპანიის წარმოებისას უნდა გვესმოდეს, რომ ეს დაკავშირებულია ფულის ხარჯვასთან არა ხალხის საკეთილდღეოდ, არამედ პოლიტიკოსებისთვის, პოლიტიკოსების დაპირებებზე, პოლიტიკოსების ურთიერთობაზე ამომრჩეველთან, სხვადასხვა პროგრამებზე, რომელიც შეიძლება 2 წლის განმავლობაში უფრო იაფად განხორციელდეს, მაგრამ იმის გამო რომ 2-3 თვეში არჩევნებია, ყველაფერი 3-ჯერ უფრო ძვირად კეთდება. ეს პოლიტიკოები შეიძლება იყვნენ ამ არ იყვნენ მმართველი პოლიტიკოსები. ეს პრინციპი ყველა ქვეყნისთვის ერთნაირია, მათ შორის საქართველოსთვისაც. ჰკითხეთ ბიზნესის წარმომადგენლებს, როგორ "უხარიათ" მათ არჩევნები. ჩვენ წლევანდელი არჩევნების გამო, მინიმუმ,

მილიარდი დოლარი ინვესტიცია დავკარგეთ. ის მილიარდი რომ შემოსულიყო, დღეს ბევრად უკეთესად შევხვდებოდით მსოფლიო ეკონომიკურ კრიზისს. საპრეზიდენტო არჩევნების წინ, შედეგების მოლოდინში გაჩერდა რამდენიმე ასეული მილიონი დოლარი. საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ ოპოზიციამ გამოაცხადა რომ ხუთ თვეში, პარლამენტში მოსვლის შემდეგ დაამხობდენენ ამ მთავრობას. ამიტომ ინვესტორები ისევ ელოდებოდნენ მაისის არჩევნებს და მოსალოდნელ ცვილელებებს. ზაფხულში ყველა ისვნებდა, შემდეგ დაიწყო ომი, რასაც მსოფლიო კრიზისი მოჰყვა. რეალურად, საგარეო ინვესტიციების სახით მილიარდი დოლარი დავკარგეთ. თუ ვინმეს სურვილი აქვს უახლოეს თვეებში ჩვენი ხალხის ხარჯზე ატაროს ექსპერიმენტები, ეს უპასუხისმგებლობა იქნება. იმ პირობებში, როდესაც უკრაინის ხელმძღვანელი პირები, ჩემი მეგობრები იუშენკო და ტიმოშენკო ძაღლი და კატასავით არიან ერთმანეთთან, კრიზისთან დაკავშირებით მათ დანიშნული არჩევნები გადადეს.

ჩვენ უნდა გვესმოდეს რომ სტაბილურობასთან ერთად საჭიროა მუდმივი დიალოგი საზოგადოებასთან, ყველაზე პარატა პოლიტკურ პარტიასთანაც კი, ყველა საზოგადოებრივი მოთხოვნისა და საჭირბორო საკითხის გათვალისწინება.

აქედან გამომდინარე, როდესაც მე გამოვდივარ ან თქვენ გესაუბრებით ეს ჩემი წინასაარჩენო კამპანია კი არა, ჩემი ანგარიშველდებულებაა ხალხთან და ეს ყოველდღე მექნება 2013 წლის ჩათვლით. 2013 წელს გადის საქართველოს პრეზიდენტის მეორე ვადა და 2013 წლის შემდეგ კენჭისყრას არ ვაპირებ და ამის შესახებ ბევრჯერ ვთქვი. ასე რომ, ჩემი საარჩევნო კამპანია დამთავრებულია. ანგარიშვალდებულება ხალხთან ნიშნავს დიალოგს სხვადასხვა პოლიტიკურ პარტიებთან. ჩვენ გვაქვს ანტიკრიზისული საბჭო და გუშინწინ შევხვდი მის თავმჯდომარეს, რომელიც უცხოურ დახმარებასთან დაკავშირებულ საკითხებს წყვეტს. 5 სათზე მეტი ვაბარებდი ანგარიშს საპარლამენტო კომისიას. თბილისში ჩამოსული იყო სენატორი კერი, რომელმაც თქვა რომ მსგავსი რამ ამერიკაში არასდროს მომხდარა, მაგრამ მე ანგარიშს ვაბარებდი არა კომისიას, არამედ ჩემი ქვეყნის ხალხს. ეს ჩვენი ანგარიშვალდებულების, ჩემი პირადი ანგარიშვალდებულების ფორმაა ქართველ ხალხთან. ჩვენ წინ გვაქვს მსოფლიო ეკონომიკურ კატასტროფასთან დაკავშირებული რამდენიმე რთული თვე. მაგრამ იმ ყველა ღონისძიების სწორად გატარების პრობებში, სწორის საფინანსო საკრედიტო პოლიტიკის პირობებში, იმ პირობებში, როდესაც ენერგეტიკულად ბევრად უფრო დაცული ვართ ევროპის ბევრ ქვეყანასთან შედარებით, იმ პირობებში, როდესაც საქართველოში შევინარჩუნებთ კორუფციის დაბალ დონეს, რომელიც სრულად უნდა აღმოვფხვრათ (ყოველთვის არის კორუფციული რყევების რისკი, როდესაც საქმე ეხება კრიზისულ მოვლენებს ეკონომიკაში), ჩვენ შევძლებთ ბევრად მეტად გაძლიერებული გამოვიდეთ მსოფლიო კრიზისიდან, ვიდრე რეგიონის ბევრი ქვეყანა.

სწორედ ამიტომ ვლაპარაკობთ, რომ ჩვენ უნდა მოვაწეროთ ხელი თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებას ამერიკასთან, ეს იდეა სენატორმა კერიმ ჩამოიტანა და კარგია რომ სწორედ დემოკრატები ამბობენ ამას. ამ იდეას მათ კონგრესში უნდა დაუჭირონ მხარი, თუმცა აქამდე მათ ბევრი ქვეყანა დაბლოკეს, ახლა კი თავად ამბობენ, რომ საქართველოსთან უნდა გაფორმდეს თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება.

თავისუფალი ვაჭრობა გვაქვს ევროკავშირთან და თურქეთთან.

დღეს ჩვენთან 50 პროცენტი ხალხი ცხოვრობს სოფლად, რომლებიც აწარმოებენ ჩვენი მთლიანი შიდა პროდუქტის 10 პროცენტს. ჩვენ უნდა შევქმნათ სწორედ 100 სოფლის მეურნების საწარმო და როდესაც ჩვენ თავისუფალი გასვლის საშუალება გვექნება ამერიკის ბაზარზე, ჩვენ შევძლებთ რომ უცხოური ფული ახალი საწარმოების შესაქმნელად მოვიზიდოთ. ამ გაჭირვების ფონზე, უცხოეთშიც აღარ არის ფული, მაგრამ დარჩენილიც ჩვენ უნდა მოვიზიდოთ.

2009 რთული წელი იქნება ტურიზმისათვის, 2010-ში კი ეს სფერო ისევ აღორძინდება. მაგ დროისათვის უნდა გვქონდეს ახალი სასტუმროები და უნდა გვყავდეს მომზადებული ხალხი, ამიტომ ამ საქმეშიც ჩავდებთ ფულს. ჩვენ ვაპირებთ ქუთაისის, სიღნაღის, ბათუმის, ძველი თბილისის აღდგენას. ეს რა თქმა უნდა ლამაზი და სასიამოვნოა, მაგრამ ამას ვაკეთებთ უპირველეს ყოვლისა იმის გამო ვაკეთებთ, რომ სამუშაო ადგილების შესაქმნელად ხელოვნული სტიმულირება მოვახდინოთ. ჯერ ეს უნდა მოვახერხოთ, ხოლო შემდეგ ყოველივე ტურიზმისა და ეკონომიკის განვითრებისთვის უნდა გამოვიყენოთ.

თუ ახლავე არ ვიფიქრეთ მომავალზე და ფული არა არჩევნებში, არამედ საქართველოს გრძელვადიან პერსპექტივაში არ ჩავდეთ, ვერაფერს მივაღწევთ. მხოლოდ ასე შევძლებთ ყველა ამ კრიზისული მოვლენის ჩვენს სასარგებლოდ გამოყენებას.

მაგალითად ქართული ღვინო. შემუშავებული გვაქვს ვაზის ჯიშების გაუმჯობესების პროგრამა. კახეთის რეგიონი, პოტენციურად, 20-25 მილიონი ბოთლის მწარმოებელია, ამას ემატება რაჭა და იმერეთი. ამერიკის ბაზარი, ფულადი მაჩვენებლით 10-ჯერ უფრო დიდია რუსულ ბაზართან შედარებით - რუსული არის 240-მილიონიანი, ხოლო ამერიკის - 2 მილიარდნახევრიანი. ამერიკაში აქციზი 2-3-ჯერ უფრო მცირეა, ვიდრე ევროპის უმეტეს ქვეყნებში. საქართველოს ცნობადობა წარმოუდგენლად დიდია. ჩვენს მიმართ ყველა სიმპატიით არის გამსჭვალული. ღვინის კამპანიებს ამ ბაზრებზე გასვლა უნდა ვასწავლოთ. ჩვენ შეგვძლია და ეს დავალება უკვე მივეცი, რომ 2 წელიწადში ამერიკაში მინიმუმ 10 მილიონი ბოთლი ღვინო გავყიდოთ. აქ ჩამოსხმული ღვინის რაოდენობის ნახევარი ამით გასაღდება. უკრაინაში ახლა 5-6 მილიონ ბოთლს ვყიდით, კიდევ რომ 5, 6, 7, 10 მილიონი ბოთლი ყაზახეთში, შვედეთში, ნორვეგიაში გავყიდოთ, 2010 წელს ღვინის გაყიდვის საკითხი მთლიანად მოიხსნება დღის წესრიგიდან. ამ ქვეყნებში ხელშეკრულება უკვე დავდეთ, ოსლოში ყოფნისას საფუძველი ჩავუყარეთ და გადაწყდა ქართული ღვინის საკითხი.

როდესაც 100 სოფლის მეურნეობის საწარმოს გახსნაზე ვლაპარაკობ, უნდა აღვნიშნო, რომ მარტო ქვეყნის შიგნით გვაქვს რესურსი, 2-ჯერ გავზარდოთ სოფლის მეურნეობის წარმოება. ქვეყნის მოთხოვნებს ეს სრულად დაფარავს. არადა, ჩვენი მეფრინველეობის პროდუქციაზე არაბულ ქვეყნებში დიდი მოთხოვნაა, მოთხოვნაა ჩვენს სპეციალურ ბრენდებზე ყოფილი საბჭოთა კავშირის ქვეყნებში. მართალია, რუსეთში არ გვიშვებენ, მაგრამ ბევრ სხვა ქვეყანაში არის მოთხოვნა. სოფლის მეურნეობის პროდუქტი უნდა გადავამუშავოთ, შევფუთოთ და ბაზარზე გავიტანოთ. სახელმწიფო მოწოდებულია

ხელი შეუწყოს მწარმოებლებს და მათ ვისაც მუშაობა სურს. ამიტომ აუცილებელია იაფი კრედიტის პროგრამა რაღაც ფორმით შევინარჩუნოთ.

მაგალითად, ფოთის პორტის წილის გაყიდვასთან დაკავშირებით 65 მილიონი დოლარი შემოდის. ფოთში ახლა 10-ჯერ მეტი თანხა ჩაიდება მისი რეკონსტრუქციისთვის.

შემოსული ფულის უმეტესი ნაწილი კი მოხმარდება ახალი სამუშაო ადგილების ხელოვნურად შექმნას და მათ შორის იაფი კრედიტის მხრივ.

ჩვენ უკვე გავეცით რამდენიმე ათეული მილიონი ლარის იაფი კრედიტი და გვინდა 4-ჯერ და 5-ჯერ მეტი, განსაკუთრებით ამ პერიოდში, როდესაც კრედიტის მიღება ასე ჭირს. სახელმწიფო იმისთვისაა, რომ რაც გვაქვს მოვახმაროთ ხალხს, წარმოებას და, შესაბამისად, ისევ ხალხს.

ყოველივე ამის პარალელურად უნდა გაგრძელდეს სკოლების მოდერნიზაცია, საბავშვო ბაღების მშენებლობა, უნდა გაგრძელდეს საავადმყოფოების პროგრამები და ჩვენი ჯანდაცვის სექტორის გაძლიერება.

საქართველოში 100 ათასზე მეტ ხელმოკლე ადამიანს ვაზღვევთ და ამით ძალიან ვამაყობ, რადგან პირადად ვნახე როგორ მუშაობს ეს პროგრამა. ყველა სოფელში ნახავთ ადამიანებს, რომლებიც გეტყვიან, რომ ამ პროგრამამ მათ ჯანმრთელობა და ხშირ შემთხვევაში სიცოცხლე შეუნარჩუნა. ამაზე დიდი ჯილდო თუნდაც ეკონიმიკური გაჭირვების პირობებში ქვეყნის მთავრობისთვის როგორც ვინმესთვის, ასეთი სახის დახმარების გაწევა არ არსებობს. ვფიქრობ, ამას გავაგრძელებთ. ჩვენ ჩვენს დაპირებებს ამ პირობებშიც ვასრულებთ. ჩვენ ვთქვით, რომ წლის დამლევამდე ქართლში დაზარალებულებისათვის სახლების მშენებლობა დამთავრდება და ეს ასეც იქნება.

რა თქმა უნდა არის პრობლემები, მაგრამ ცალკეული გამონაკლისის გარდა, თითქმის ყველა სახლი გამთბარი, განათებული და თანამედროვე სტილის არის. ასე სწრაფად ეს რთული გასაკეთებელი იყო, თუმცა შესაძლებელია იმ შემთხვევაში თუ მთავრობას აქვს განწყობა, მაქსიმალურად ამ მიმარულებით იმუშაოს.

გიორგი კობერიძე, ტელეკომპანია "კავკასია":

ბატონო პრეზიდენტო დღეს აქტიურად ლაპარაკობენ ყოფილი ელჩის ირაკლი ალასანიას ოპოზიციაში გადასვლის თაობაზე. ამბობენ იმასაც, რომ ის იქნება თქვენი შემცვლელი, ხოლო ამერიკა მას მხარს დაუჭერს. როგორ აფასებთ მის შანსებს და ხომ არ იყო ალასანიაც ერთგვარი შეცდომა ირაკლი ოქრუაშვილის მსგავსად?

მიხეილ სააკაშვილი: ჯერ ერთი, მინდა ვთქვა, რომ ოქრუაშვილი იყო მნიშვნელოვანი თანამდებობის პირი და ეს მართლაც ჩემი პირადი შეცდომა იყო. საქართველოს ჰყავს რამდენიმე ათეული ელჩი და ასევე დიდი სახელმწიფო აპარატი. მე მიველსამები ყველა ახალი პარტიის შექმნას, მივესალმები ყველა ახალი დემოკრატიული პოლიტიკოსის გამოჩენას, ასევე მივესალმები ყოველგვარ დებატებს და დემოკრატიულ პოლიტიკას. ბევრ გაზეთში წამიკითხავს, რომ ხან ერთი პოლიტიკური ჯგუფი და ხან მეორე ეძებს ლიდერს, მსგავსი რამ მსოფლიოში არსად არ გამიგია. მინდა ერთი რამ იცოდეთ, ქართული დემოკრატია გაძლიერდება და განმტკიცდება. არ ვიცი ვის როგორი წარმოდგენა აქვს, მაგრამ საქართველოს თანამდებობის პირებს ნიშნავენ საქართველოში და საქართველოს დღევანდელ მთავრობას სრული საერთაშორისო მხარდაჭერა აქვს.

ასე რომ, რა თქმა უნდა, იქნება პრობლემები, უახლოეს თვეებში შეიძლება ეკონომიკაში უარყოფითი ტენდენციებიც იყოს, მაგრამ რამდენიმე თვეში, გაუარესების პირობებშიც კი, ეკონომიკაში აღმასვლას ველით. დემოკრატიული განვითარებისა და ქვეყნის შემდგომი გაერთიანების საფუძველი არის ეკონომიკური სტაბილურობა. ჩვენ არც ერთ სტრატეგიული ამოცანის გადაწყვეტაზე უარი არ გვითქვამს. ჩვენ გვაქვს გეგმა და ჩვენ ვიცით როგორ უნდა მივაღწიოთ სასურველ შედეგს. რა თქმა უნდა, ეს არ არის ია-ვარდით მოფენილი გზა, განსაკუთრების ამ სიტუაციაში, მაგრამ როდესაც იცი რას აკეთებ და ძალიან გინდა ამის გაკეთება, დასახულ მიზანს აუცილებლად მიაღწევ.

დიდი მადლობა.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)