Google+

სიახლეები

02.03.2009
საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ელექტრომოძრავი შემადგენლობის სარემონტო ქარხანას ესტუმრა

მოგესალმებით ყველას!

უწინარეს ყოვლისა, მსურს ბოდიში მოგიხადოთ იმისათვის, რომ დედის დღეს მომიხდა თქვენთან შეხვედრა.

მინდა ვთქვა, რომ თქვენ ისედაც ბევრს მუშაობთ და საწარმოში ბევრი რამ გააკეთეთ. ამ ქარხნისათვის, ამ საწარმოსთვის ჯერ კიდევ ძალიან ბევრი რამ არის გასაკეთებელი.

მინდა ვთქვა, რომ საქართველოს ეკონომიკაში ყველგან არ არის მსგავსი მდგომარეობა. თქვენ ეს ჩემზე კარგად იცით.

მსოფლიო უდიდესი ეკონომიკური კრიზისის წინაშე დგას.

დღეს დილით ტელევიზიით შევიტყვე, რომ ისევ ჩამოიშალა ამერიკის ბირჟა, ჩამოიშალა ევროპული ბირჟა და, რა თქმა უნდა, ჩვენი ეკონომიკის პატარა ნავი, რომელიც დიდ ნაოსნობაში რამდენიმე წლის წინ გავიდა, ვერ იქნება დაცული იმ კრიზისში, რომელშიც დიდი გემების უმრალვესობა რყევას განიცდის, ზოგი კი უკვე იძირება.

სერიოზული პრობლემები და შეფერხებაა საფინანსო ინსტიტუტების მუშაობაში.

ბევრი კვალიფიციური მოხელე საფინანსო სექტორში კარგავს სამუშაო ადგილს - ათასობით ადამიანზეა ლაპარაკი თბილისსა და სხვა ქალაქებში, სადაც ბანკები მუშაობდა.

იცით, რომ პრობლემებია უძრავი ქონების ბაზარზეც - გაიაფდა და, ფაქტობრივად, აღარ იყიდება საცხოვრებელი ბინები.

ასევე იცით, რომ ძალზე მწვავედ დგას უმუშევრობის პრობლემა. ბევრი ჩვენი თანამოქალაქე ვერ ახერხებს სტაბილური სამსახურის შოვნას და უახლოესი ადამიანების სტაბილური შემოსავლით უზრუნველყოფას. ეს განსაკუთრებით მტკივნეული პრობლემაა.

ძალიან უჭირს საქართველოში ახლადფორმირებულ საშუალო ფენას, რომელსაც საბანკო კრედიტებით ჰქონდა დაგეგმილი ცხოვრება. ფინანსური კრიზისის შედეგად ყველაზე მეტად ისინი დაზარალდნენ, ვინც ბინებს, მანქანებს, საყოფაცხოვრებო ნივთებს საბანკო კრედიტებით ყიდულობდა. ჩემთვის ეს ყველაზე მტკივნეულია.

ამ პირობებში ჩვენი მთავრობის ერთადერთი და უმთავრესი საზრუნავი ეკონომიკაა - როგორ შევინარჩუნოთ არსებული სამუშაო ადგილები, როგორ შევქმნათ ახალი სამუშაო ადგილები დაკარგულის ნაცვალად და როგორ მოვახერხოთ ჩვენი ქვეყნის დაცვა მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის პირობებში.

ამიტომ, ჩვენ ძალიან ბევრს ვმუშაობთ - დღე და ღამე მუშაობს ყველა სამინისტრო, შექმნილია საზოგადოებრივი საბჭოები. მთელი მსოფლიოდან მოვიწვიეთ წამყვან საფინანსო ინსტიტუტებში მომუშავე ქართველი ექსპერტები და მათ პირადად, საგანგებოდ შევხვდი. მათთან ერთად შევქმენი საბჭო, რათა საკუთარი გამოცდილება გამოიყენონ და გვირჩიონ, როგორ გადავარჩინოთ ქართული ეკონომიკა.

ამას გარდა, სირთულეების დასაძლევად ბევრი სხვა რამ კეთდება, თუმცა ისიც უნდა გითხრათ, რომ ერთი ხელის მოსმით ამის გაკეთება, პრაქტიკულად, შეუძლებელია. ტყუილი იქნება თუ ვიტყვი, რომ ძალიან მალე ყველაფერი კარგად იქნება. მეტსაც გეტყვით, ყველა ექსპერტის გათვლებითა და შეფასებით, შემდეგი 6-9 თვე მთელი მსოფლიოსთვის განსაკუთრებით რთული იქნება.

ამ პირობებშიც კი, მიმაჩნია, რომ საქართველოს ეკონომიკის გადასარჩენად საკმარისი რესურსი გვაქვს და შესაძლებელია, რომ მსოფლიო შტორმის შემდეგ, როდესაც ცა მოიწმინდება, ჩვენი ეკონომიკაც და ქვეყანაც უფრო გაძლიერებული იყოს.

საამისოდ მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანაში იყოს სტაბილურობა და სიმშვიდე.

ამიტომ ჩვენი მთავრობის ამოცანაა, რომ ერთი მხრივ ქვეყანაში იყოს სტაბილურობა და სიმშვიდე და არავის არ უნდა მივცეთ სტაბილურობის დარღვევის საშუალება; და მეორე მხრივ, უნდა განვახორციელოთ ანტიკრიზისული გეგმა, რომელიც ძალიან ადრე ჩამოვაყალიბეთ, ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც პირველად შევამჩნიეთ მსოფლიო კრიზისის მოახლოება. მოსალოდნელი იყო, რომ ის, რა თქმა უნდა, საქართველოზეც მოახდენდა ზეგავლენას.

ეს გეგმა ითვალისწინებდა საშემოსავლო გადასახადის 5 პროცენტით შემცირებას, რაც უკვე განვახორციელეთ. გამოთავისუფლებული თანხა ან ხელფასებს მოხმარდება ან წარმოების განვითარებას. მე ვისურვებდი, რომ ხელფასებს მოხმარდეს...

ბევრი ქვეყნისგან განსხვავებით ჩვენ შევინარჩუნეთ საბანკო სტაბილურობა. მაგალითად, ადრე უკრაინაში ბანკიდან ფულის გამოტანა შესაძლებელი იყო, თუმცა გარკვეულ ნაწილს ხალხს მაინც ატოვებინებდნენ, ახლა კი მიიღეს ნორმები, რომლის თანახმად, 6 თვის განმავლობაში ფულს ვერავინ გამოიტანს. რუსეთში, ზოგ შემთხვევაში, ნახევარი ფული ქრთამის სახით უნდა დატოვო, რათა ბანკიდან საკუთარი ანაბრის გამოტანა შეძლო.

საქართველოში მოვახერხეთ და საბანკო სისტემა დღესაც სტაბილურად ფუნქციონირებს.

არ გვიანდება არც ერთი ხელფასი და პენსია.

ალბათ, გახსოვთ, არანაირი კრიზისი არ იყო და 90-იან წლებში, ომის შემდეგ საერთოდ ჩამოგვეშალა ეს სისტემა. ჩვენ ჩავიბარეთ ქვეყანა, რომელშიც მიზერული პენსიაც კი უმეტეს ადგილებში 6-9 თვის განმავლობაში იყო გაყინული.

ჩვენ არავის არ ვამცირებთ სახელმწიფო სექტორში. ამას შეგნებულად ვაკეთებთ, რათა ხალხი შიმშილისთვის არ გავწიროთ. საბიუჯეტო დისციპლინას ვინარჩუნებთ, რათა ხელფასები და პენსიების გაცემა ერთი საათითაც არ შეფერხდეს.

ლარი მყარია იმ ვითარებაშიც კი, როდესაც უკრაინაში 100-პროცენტიანი დევალვაციაა, რუსეთში - 40-50 პროცენტიანი დევალვაცია, ბალტიისპირეთის ქვეყნებში - 30-40 პროცენტიანი და ა.შ.

ჩვენთან ფასების ზრდა, ინფლაცია კონტროლს ექვემდებარება. მაგალითად, ბოლო პერიოდის განმავლობაში წამლების ფასი, სამწუხაროდ, გაიზარდა, მაგრამ მთელ რიგ კატეგორიებზე ფასები შემცირდა კიდეც, ზოგან კი სტაბილურია. ეს ჩვენი დამსახურება არ არის - მსოფლიო ბაზარზეა ასეთი კონიუქტურა.

ამ ნაბიჯებით ჩვენ ვახერხებთ საქართველოს ეკონომიკის ისეთი კრიზისისგან დაცვას, როგორიც სახეზეა ბევრ ჩვენს მეზობელ ქვეყანაში, მაგრამ ეს არ არის საკმარისი იმისათვის, რომ ხალხმა შვება იგრძნოს.

ჩვენ ახლა ვახორციელებთ ეკონომიკის სტიმულირების პროგრამას. გამოცხადებული გვაქვს მილიარდი ლარის ოდენობის სახელმწიფო ტენდერები. ათეულობით ქართულმა კომპანამ სამართლიან და გამჭვირვალე პირობებში მოიგო ეს ტენდერები, რაც იმას ნიშნავს, რომ მილიარდი ლარი უახლოეს კვირებსა და თვეებში ამ კომპანიებში დასაქმებული ადამიანების ოჯახებში შევა.

თქვენ ჩვენი ხალხისთვის ქმნით პროდუქციას - შენდება გზები, კეთდება სოციალური ობიექტების რემონტი, შენდება და რემონტდება სახლები კონფლიქტების შედეგად დაზარალებულთათვის...

ჩვენ ვაპირებთ, რომ უახლოეს თვეებში ეს თანხა გავაორმაგოთ და მთლიანობაში 2 მილიარდამდე ლარი დავხარჯოთ იმისათვის, რომ ქართული კომპანიები არ გაჩერდნენ, რომ ხალხი იყოს დასაქმებული.

მართალია გარკვეული სამუშაო ადგილები იკარგება, მაგრამ ამ პროგრამებით ჩვენ შევძლებთ სამუშაო ადგილების გადარჩენას და 30 ათასზე მეტი სამუშაო ადგილის შექმნას.

ხალხი საქმდება არა მხოლოდ ქარხნებსა და გზებზე, არამედ ბანკებში, საიდანაც საწარმოები იღებენ კრედიტებს; თუ ბანკს აქვს ბრუნვა, ე.ი. თანხა ჩაიდება მშენებლობებში; მშენებლობაში ჩადებული ფული ხელს უწყობს ვაჭრობის განვითარებას და ა.შ. ყოველივე ეს ერთმანეთთან მჭიდრო კავშირშია.

პირადად მე ვხელმძღვანელობ ეკონომიკურ დიპლომატიას მრავალი მიმართულებით. ბოლო თვეების განმავლობაში ძალიან ბევრ ქვეყანაში ვიყავი და ახლა მთავარი არა მარტო სამიტებზე სიარული, ხელის ჩამორთმევა და ის არის, რომ გაგვიღიმონ და გავუღიმოთ, არამედ ის, რომ სადაც ჩავდივართ, იქიდან ჩამოვიტანოთ ფული, ე.ი. მოვიზიდოთ ინვესტიციები.

ჩვენ მოვახერხეთ ყველა უმთავრესი საინვესტიციო პროგრამის შენარჩუნება და გაგრძელება მაშინ, როდესაც ყველა ქვეყანაში ეს პროგრამები შეჩერებულია. მაგალითად, რომ არა ეკონომიკური კრიზისი, სომხეთი უფრო მეტ ვაგონს შეისყიდიდა ამ ქარხნიდან, მაგრამ იქაც შეჩერდა ინვესტიციები და არ არის ფული. აღარაფერს ვამბობ ჩვენზე დიდ ქვეყნებზე.

ჩვენ მოვახერხეთ ყველა დიდი საინვესტიციო პროგრამა შენარჩუნება, მაგალითად, ფოთის თავისუფალი ეკონომიკური ზონის მშენებლობა. ცოტა ხნის წინათ საგანგებოდ ვიყავი ჩასული არაბეთის გაერთიანებულ ემირატებში, რათა დავრწმუნებულიყავით, რომ მათი ინვესტიციები არ შეჩერდება. ამას წინათ ევროპაში ვიზიტისას მივიღე ძალზე საინტერესო საინვესტიციო შემოთავაზებები...

თუმცა ყოველივე ეს, მათ შორის, დიდი საინვესტიციო პროგრამები, საკმარისი არ არის იმისათვის, რომ ხალხმა შვება იგრძნოს - თუნდაც ყველაზე წარმატებული ეკონომიკური წამოწყებების შედეგად, ჩვენი ხალხის ყოველდღიურ ცხოვრებაში რაიმე განსაკუთრებული სასიკეთო ძვრები ჯერჯერობით არ იგრძნობა და ეს მე, რა თქმა უნდა, ვიცი.

ამავე დროს, მინდა ერთი რამ გვესმოდეს. ჩვენ უნდა განვახორციელოთ სოციალური პროგრამები იმ პირობებშიც კი, როდესაც ეკონომიკას ძალიან უჭირს და ჯადოსნური ჯოხის მეშვეობითაც ვერ გაიფურჩქნება. მთავარია, რომ ტალღას ზემოდან მოვექცეთ და ეს მდგომარეობა შევინარჩუნოთ, რათა რყევამ არ გადაგვაყირავოს და ღრმად არ ჩაგვითრიოს.

ჩვენი რესურსები ძალიან შეზღუდულია, მაგრამ ამ რთულ პერიოდში, ჩვენი მიზანია შეძლებისდაგვარად მაქსიმალურად ვიზრუნოთ ხალხზე.

მაგალითად, თქვენი გამოშვებული ვაგონის გაყიდვის შემდეგ, გადასახადების სახით ბიუჯეტში შემოდის შემოსავალი და ამ შემოსავლით ვაცხოვრებთ ქვეყანას.

ეს იმას ნიშნავს, რომ დოვლათს ისევ თქვენ ქმნით - ეს მთავრობის კეთილი ნება კი არა, თქვენ მიერ გაკეთებული საქმეა. ხშირ შემთხვევაში, ჯობს ფული წარმოებაში დაბრუნდეს, უფრო მეტი საქმე გაკეთდეს და მომავალში უფრო მეტი შემოსავალი მივიღოთ, მაგრამ ხალხს ახლა დახმარება სჭირდება.

ამიტომ, ჩვენ სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი 900-ზე მეტი მოქალაქის ჯანმრთელობა დავაზღვიეთ დაზღვევის სრული პაკეტით. ეს დაზღვევა, ჩვენს მიერ მიცემული წამლები ამ ოჯახებს რეალურად აცოცხლებს.

ეს ასევე ეხება პოლიციისა და არმიის 60 ათას წამომადგენელს;

ეს ეხება სკოლისა და საბავშვო ბაღების 80 ათასზე მეტ პედაგოგსა და თანამშრომელს.

ეს ძალზე მნიშვნელოვანია.

ჩვენ გავზარდეთ სოციალური ხარჯები, მართალია მინიმალურად, მაგრამ მაინც გავზარდეთ პენსიები. რა თქმა უნდა, ეს არ არის საკმარისი.

ჩვენ შემოვიღეთ ახალი, იაფი დაზღვევის პაკეტი. ეს იმ ხალხისთვის გაკეთდა, ვინც არ არის სიღარიბის ზღვარს ქვემოთ (თქვენი უმეტესობა სწორედ ამ კატეგორიას მიეკუთვნება), მაგრამ ვისაც თვიდან თვემდე ძლივს ყოფნის საკუთარი შემოსავალი.

მაგალითად, გუშინ მე ვნახე ქალბატონი ლალი, ორი შვილის დედა, რომელიც მიონში მუშაობდა. მიუხედავად იმისა, რომ ,იონი მაღალტექნოლოგიური საწარმო იყო, 1991 წელს დაიხურა და შემდეგ დაზგებიან-ჩარხებიანად გაიყიდა. ქალბატონი ლალის შემოსავალი ამჟამად თვეში 600 ლარია. იაფი დაზღვევის პაკეტის წყალობით, ის 20 ლარზე ნაკლები გადასახადით, პრაქტიკულად, დაზღვეულია უბედური შემთხვევისგან. მათთვის ეს დიდი შვებაა, მაგრამ, რა თქმა უნდა, არც ეს არის იდეალური პაკეტი.

ამ პროგრამების შესახებ თვითკმაყოფილებით არ ვლაპარაკობ, მაგრამ ეს მხოლოდ პირველი ნაბიჯებია იმისათვის, რომ ხალხს შეძლებისდაგვარად შევუმსუბუქოთ მდგომარეობა და გავაუმჯობესოთ ჩვენი ეკონომიკა.

ჩემო ძვირფასებო, ყველაფერი, რაზეც ახლა ვლაპარაკობ, ძალიან მყიფეა და მთელ რიგ შემთხვევებში, ბეწვზე ჰკიდიდა. ეკონომიკა ძალზე მგრძნობიარეა პოლიტიკური რყევების მიმართ.

მაგალითად უკრაინაში, სადაც მუდმივად უპირისპირდებიან ერთმანეთს პრემიერ-მინისტრი, პარლამენტი, პრეზიდენტი და პოლიტიკური ძალები, ეკონომიკა, პრაქტიკულად, დაინგრა.

ამიტომ უნდა გვესმოდეს, რომ ეკონომიკა რეაგირებს არა მხოლოდ არეულობებზე, არამედ ქვეყნის არევის მცდელობასა და მოწოდებებზეც კი.

ყოველ დილით მიწევს დიღმის გზაზე სიარული და ვხედავ, რომ ამ გზაზე ძალზე ბევრი საინტერესო მშენებლობაა წამოწყებული. საინტერესოა, არა მხოლოდ შინაარსობრივად, არამედ არქიტექტურული თვალსაზრისითაც - ლამაზი, ესთეტიკური, ახალი სტილის შენობებს აშენებენ. ის დღეს, როდესაც რომელიმე ობიექტზე მუშა არ ჩანს, ჩემთვის ცუდი დღეა. შემდეგ დღეებში, როდესაც ისევ დავინახავ მშრომელ ხალხს, მიხარია, რადგან ეს იმას ნიშნავს, რომ ამ საწარმოს თუ კომპანიას ისევ გაუჩნდა შემოსავალი მშენებლობის გასაგრძელებლად. ეს კი თავის მხრივ იმას ნიშნავს, რომ იქ დასაქმებულ ხალხს, მათ ოჯახებს ისევ გაუჩნდა იმედის ნაპერწკალი. ეს ჩემთვის კარგი დღეა.

შევამჩნიე, რომ ქართველ პოლიტიკოსებს ბევრი ფული აქვთ. ქართულ პოლიტიკაში სხვადსხვა წყაროებიდან ჩნდება ფული და, სამწუხაროდ, კარგი საქმეებისთვის - არა.

მსურს ყველა პოლიტიკოსს, ან პოლიტიკოსობასა და ექსპერტობაზე პრეტენზიის მქონე ადამიანს მოვუწოდო - მოდით, ნაკლები ვიფიქროთ სკამების ხელში ჩაგდებაზე და მეტი ვიფიქროთ ჩვენი ხალხის მაცივრებზე, ჩვენი ქვეყნის სტაბილურობაზე, სიმშვიდესა და მომავალზე!

მაშინ, როდესაც რეგიონში ყველაფერი არეულია, ჩვენი ამოცანაა, რომ საქართველო გამოჩნდეს, როგორც სიმშვიდის, სტაბილურობის, არაკორუმპირებულობის, განვითარების მთავარი წყარო და ფულის ჩასადებად მიმზიდველი ადგილი. ინვესტორთა ფულის გარეშე, მხოლოდ ჩვენი რესურსებით ეკონომიკას ვერ ავაღორძინებთ. ფული კი იდება იქ, სადაც არის სტაბილურობა, სიმშვიდე, პროგნოზირებადობა, ნორმალური, დაცული გარემო.

ამ რთულ პერიოდში როგორც არასდროს გვჭირდება ერთად ყოფნა, ხელის ჩაკიდება, ერთმანეთის გატანა, ერთმანეთთან დიალოგი, აზრთა გაცვლა და ერთი დიდი მიზნისთვის მუშაობა.

ეს ქარხანა როგორღაც გადაურჩა ჩარხებად და ნაწილებად გაყიდვას. ის ადგილობრივმა ხელმძღვანელობამ გადაარჩინა. თქვერნ ის პატრიოტები ხართ, რომლებმაც ეს ქარხანა დაღუპვას და განადგურებას გადაარჩინა.

3-4 წლის წინათ შესაძლოა ყველას მოგვჩვენებოდა, რომ ეს არის ძველი საბჭოთა პოლიტ-ეკონომიკური ოცნება და ესეც წარსულს ჩაბარდა.

სამი წლის წინათ, როდესაც აქ პირველად მოვედი, ჩემს მეგობრებთან ერთად დაგპირდით, რომ ამ ქარხანას ყველა ერთად ავაღორძინებდით. მაშინ გავიარეთ თქვენი გაკეთებული პირველი ვაგონებით, რაც მავანმა მაშინვე მონათლა პი-არის ნაწილად, მაგრამ ეს ქარხანა იმ დღის შემდეგ მუშაობს.

აღსანიშნავია, რომ ყველაზე უსაფრთხო ტრანსპორტი მეტროა, თუმცა თბილისის მეტროპოლიტენი ისე იყო განადგურებული და მწობრიდან გამოსული, რომ არა ჩვენი ერთობლივი ძალისხმევა, დღესაც უიმედო მდგომარეობაში ვიქნებოდით.

მართალია არც დღესაა არაჩვეულებრივად საქმე, დღესაც იქმნება პრობლემები, მაგრამ მზად ვართ, რომ 2011 წლისთვის ეს პრობლემები აღარ იყოს, მთელი პარკი შეიცვალოს ახალი ვაგონებით, ხოლო ძველი გაყვანილობა ახალი ქსელით.

სასაცილოა, მაგრამ ამას წინათ ისიც გავიგე, რომ თურმე მეტროში იმიტომ გაჩნდა ხანძარი, რომ მეტროს პრივატიზაციისთვის ვამზადებთ. მსოფლიოში არსად არ არსებობს, ყოველ შემთხვევაში მე არ მინახავს კერძო მეტრო! ხანდახან ისეთ რამე მოიგონებენ, გაოცდები. ნუთუ ცოტა პრობლემა გვაქვს?

ვინც რა არ უნდა თქვას, მარტო ამ ქარხნის მაგალითზე ასი სამუშაო ადგილი გადავარჩინეთ საქართველოში და სოციალურად გაჭირვებული ან საშუალო ფენის ადამიანები, რომლებსაც არა აქვთ ავტომობილებით გადაადგილების საშუალება, ივლის მაღალი, ევროპული სტანდარტების შესაბამისი სავაგონე პარკით, ისევე როგორც ავტობუსებით.

როდესაც პრეზიდენტი გავხდი, თბილისში ავტობუსი და მუნიციპალური ტრანსპორტი, ფაქტობრივად, აღარ არსებობდა.

მართალია, თავდაპირველად არც ჩვენი ჰოლანდიური ავტობუსები მოწონდათ (ფანჯრები არ იღებოდა), მაგრამ ახლა კონდენცირებული ავტობუსები დადის; არ მოწონდათ ტაბლოები, მაგრამ ესეც დავხვეწეთ და უკეთესი ტაბლოები გავაკეთეთ და საბოლოოდ აღორძინდა მუნიციპალური ტრანსპორტის სისტემა.

პრობლემები ახლაც მრავლადაა - ხანდახან ავტობუსი დროზე არ მოდის და გაჩერებებზე ხალხს მოცდა უწევს, მაგრამ ყველაფრის გამოსწორება ერთ დღეში შეუძლებელია.

ჩემი ამოცანაა, რომ ნებისმიერი კრიზისის ფონზეც კი საქართველოს აღმშენებლობა, პროგრესი და წინსვლა არ შეჩერდეს. როდესაც ეს კრიზისი გადაივლის და ცა მოიწმინდება, საქართველო ძლიერი უნდა იყოს.

რა თქმა უნდა, ყველაფერი ხალხისთვის კეთდება, მაგრამ ეკონომიკური თვალსაზრისით წინ რთული თვეები გველოდება, შესაძლოა ეს წელიწადიც გაგრძელდეს, მაგრამ ჩვენ გვაქვს გეგმა, რომელის განხორციელება მთელი საზოგადოების დახმარების გარეშე შეუძლებელი იქნება.

ძალიან ბევრს მუშაობს პრემიერ-მინისტრი, გვეხმარება პარლამენტი, დიალოგს ვაწარმოებთ საპარლამენტო ოპოზიციასთან, რომელიც ბევრ საკითხში არ გვეთანხმება, მათ შორის ამ საკითხებზე, მაგრამ მთავარ საკითხზე, რომ მწვავე კამათისა და დებატების პირობებშიც კი ქვეყანას სტაბილურობა სჭირდება, სრული თანხმობა გვაქვს.

მთავარია, რომ მსგავსი საწარმოები მუშაობდეს და ახლები შეიქმნას.

მე ძალიან ბევრს დავდივარ და ვხედავ, ევროპაში ბევრი საწარმო იყიდება იმის გამო, რომ კორუფციის დონე ძალიან მაღალია, ჩვენთან კი ინსტიტუციური კორუფცია, პრაქტიკულად, აღარ არსებობს. იქ გადასახადებია მაღალი, ჩვენთან კი - არა. ჩვენ სწორედ ახლა გვაქვს შანსი, რომ სტაბილური და მშვიდი განვითარების პირობებში, კრიზისის მიუხედავად, მთელი საწარმოები საქართველოში გადმოვიტანოთ.

ამას წინათ ქუთაისში ვნახე, რომ ინდუსები დიდ მეტალურგიულ ქარხანას აშენებდნენ. ეს მაშინ ხდება, როსდესაც მსოფლიო მეტალურგია გაჩერებულია. საქართველოში არ გააჩერეს საწარმოები მაშინ, როდესაც ამ მეწარმეების მშობლიურ ქვეყნებში გაჩერდა იგივე წარმოება. ამას ყველანი უნდა მოვუფრთხილდეთ.

ამ კრიზისის პირობებშიც კი, როდესაც მთელ მსოფლიოში "დაშრა" ინვესტიციები, ჩვენ გვაქვს შანსი, რომ არ ჩავიძიროთ და არ გადავტრიალდეთ მსოფლიო ღელვის დროს.

ამას თქვენთან ერთად მივაღწევთ.

ამას წინათ პარლამენტში დებატებისას წამომაძახეს, რომ თუ პრეზიდენტთან დაახლოებული არ ხარ, ვერაფერს მიაღწევ. მე ვთქვი: თითოეული საწარმოს ხელმძღვანელი, რომელიც 100 სამუშაო ადგილს შექმნის, ჩემი მეგობარი იქნება. იგივეს ვამბობ მათზე, ვინც 20, 30, 50 ადგილს შექმნის. ზოგიერთი ქვეყნის პრეზიდენტთან შეხვედრას ამ საწარმოს ხელმძღვანელებთან შეხვედრა, ჩახუტება და საქმიანი დიალოგი მირჩევნია, რადგან ეს ჩვენი 20 ოჯახია, ჩვენი 20 დასაქმებული ადამიანი და ეს არის ჩვენი ქვეყანა.

დიდი პოლიტიკა სწორედ ამ პატარა ინტერესებს უნდა ექვემდებარებოდეს. პატარა ქვეყნის პოლიტიკა - ყველაზე დიდი პოლიტიკა არის საკუთარი ქვეყნისა და ხალხის სამსახური. თუ ჩვენ ყველა ამ მიზანს შევასრულებთ, საქართველოს მთავარ ამოცანებსაც უკეთესად გადავწყვეტთ.

ჩვენი წინასაარჩევნო ლოზუნგი იყო საქმე ლაპარაკის ნაცვლად. მე დაგპირდით, რომ ეს ქარხანა აღორძინდებოდა და ჩვენ თქვენთან ერთად შევასრულეთ ეს დაპირება.

ახლაც დროა მოვრჩეთ ლაპარაკს და საქმის კეთება გავაგრძელოთ.

კიდევ ერთხელ გიხდით დიდ მადლობას მობრძანებისთვის.

დიდი მადლობა თქვენი შრომისთვის.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)