Google+

სიახლეები

05.03.2009
სარფში საქართველო-თურქეთის ერთობლივი საბაჟო-გამშვები პუნქტი გაიხსნა

ძვირფასო აუდიტორიავ, ბატონებო და ქალბატონებო, დებო და ძმებო!

მოგესალმებით ყველას!

ჩვენთვის ეს ისტორიული დღეა.

ჩემი ასაკისა და ჩემზე უფროსი ასაკის ადამიანებს მინდა შევახსენო, რომ ეს იყო ერთ-ერთი ყველაზე ჩაკეტილი და დახშული საზღვარი მსოფლიოში.

5 წლის წინათ, როდესაც ჩემი ძმა, პრემიერ-მინისტრი ერდოღანი ამ საზღვარზე პირველად ჩამოვიდა, ჩვენ დავთქვით, რომ ეს გახდებოდა სამაგალითო საზღვარი რეგიონისთვის, ევროპისთვის, ჩვენს ხალხებს შორის ურთიერთობისთვის და იმისათვის, თუ როგორ უნდა თანამშრომლობდეს და ურთიერთობდეს ხალხი და ქვეყნები ერთმანეთთან.

ყოველივე ამის პირველ შედეგებს დღეს ყველანი ერთად ვიმკით.

5 წლის წინათ მე და პრემიერ-მინისტრმა ერდოღანმა ერთად ვნახეთ როგორ წვალობდა ხალხი რიგებში საღვრის გადალახვის დროს ორივე მხრიდან.

მაშინ ჩვენ ვთქვით და პრემიერ-მინისტრმა პირობა დადო, რომ ჩვენ ქვეყნებს შორის არ იარსებებდა ხელოვნური ბარიერები.

მე საკმაოდ დიდი ხანია პრეზიდენტი ვარ და ძალიან კარგად ვიცი, რომ ლიდერები და პოლიტიკოსებს საერთო დაპირებების მიცემა სჩვევიათ - დაპირების მიცემა პოლიტიკოსების ხელოვნებაა, მაგრამ ცოტა პოლიტიკოსს თუ შეუძლია დაპირებების შესრულება. უნდა აღვნიშნო, რომ პრემიერ-მინისტრი ერდოღანი ერთ-ერთი იმ პოლიტიკოსთაგანია, რომლებიც ყოველთვის ასრულებენ მიცემულ სიტყვას და დაპირებებს. მეც ვცდილობ ასეთი ვიყო და ამიტომ, მასთან ურთიერთობა ძალზე მიადვილდება.

მაშინ მან თქვა, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის უნდა გაუქმებულიყო სავიზო რეჟიმი და ხელოვნური ბარიერი. დღეს საქართველოსა და თურქეთს შორის მართლაც აღარ გვაქვს სავიზო რეჟიმი - ჩვენ ვიზების გარეშე შეგვიძლია გადავლახოთ ეს საზღვარი.

2 წლის წინ მან თქვა, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის იქნებოდა თავისუფალი ვაჭრობა - თურქეთსა და საქართველოს შორის დღეს თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება გვაქვს და თურქეთსა და საქართველოს შორის ძალიან ბევრი საქონელი ბრუნავს საბაჟო ტარიფების გარეშე. ჩვენ ეს ბარიერიც მოვხსენით.

ჩვენ გავაკეთეთ ის, რაც შვეიცარიის და საფრანგეთის გარდა, მსოფლიოში ვერც ერთმა ქვეყანამ ვერ გააკეთა.

ჩვენ გავხსენით ერთობლივი აეროპორტი ბათუმში. 3 წლის წინათ ესეც ერთად დავგეგმეთ და წელიწადნახევარში ბათუმში გაიხსნა აეროპორტი, რომელიც ემსახურება ართვინს, რიზეს, ხოფას და ბათუმს. ამ აეროპორტის საშუალებით ბათუმი პირდაპირ დაუკავშირდა სტამბულს.

ბათუმი აღარ არის ის პატარა, პროვინციული, მიყრუებული ქალაქი, როგორიც იყო ათწლეულების განმავლობაში; ბათუმი აღარ არის ჩიხი. ეს ქალაქი იბრუნებს საკუთარ ფუნქციას, როგორც შავიზღვისპირეთის უმნიშვნელოვანესი ცენტრი და როგორც უმნიშვნელოვანესი ფინანსური და ტურისტული ადგილი მთელი შავი ზღვისპირეთისთვის.

მე დავდე პირობა, რომ მთელ შავიზღვისპირეთში ბათუმი ყველაზე ლამაზი, ყველაზე განვითარებული, ყველაზე მიმზიდველი ქალაქი იქნებოდა. თურქული ინვესტიციების მეშვეობით, ქართველ მშენებლებთან ერთად, ქართველ ბიზნესმენებთან ერთად, საერთაშორისო კომპანიებთან ერთად, თურქული სამშენებლო კომპანიების მონაწილეობით ჩვენ ამ პირობას ვასრულებთ.

როდესაც 5 წლის წინათ პრემიერ-მინისტრი ერდოღანი ბათუმში ჩამოვიდა და ნახა დანგრეული ქალაქი, მან იკითხა ხომ არ მოხდა იქ რაიმე სტიქიური უბედურება.

ადრე მან მითხრა ის, რასაც საკუთარი ოჯახის წევრები უყვებოდნენ, რომ ბათუმი იყო ლამაზი, თეთრი მარმარილოს კედლებიანი, მშვენიერი ქალაქი, მაგრამ მას ასეთი ქალაქი არ დახვდა.

მაშინ მე დავპირდი პრემიერ-მინისტრს, რომ მისი დახმარებით, აღვადგენდით იმ ბათუმს, რომელსაც იგი გადმოცემით იცნობს წინაპრებისაგან.

ახლა თქვენთვის საიდუმლო აღარ არის, რომ ბათუმი და მთელი აჭარა თვალსა და ხელს შორის ისევ ხდება ულამაზესი ადგილი, რომელიც ეტაპობრივად ვითარდება და წინ მიდის.

უახლოეს დღეებში ჩვენ ვხსნით შავი ზღვისპირეთის ყველაზე მაღალ და ლამაზ სასტუმროს, ეს იქნება ბათუმის ჰილტონი, რომელიც ააშენეს თურქმა მშენებლებმა ჩვენი მუშაობით და მონაწილეობით. ეს არის პირველი სიმბოლო იმისა, რომ ბათუმი შეიცვალა.

ასევე მინდა გითხრათ, რომ ერთად ჩვენ ბევრი სხვა მიღწევაც გვაქვს.

ჩვენ გვაქვს ერთობლივი აეროპორტი, თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულბა, თავისუფალი მიმოსვლა საზღვარზე. დამემოწმებიან თურქი მძღოლები, რომელთაც 4-5 წლის წინ საქართველოს გზებზე სისხლს უშრობდნენ, ყოველწუთში აჩერებდნენ, ქრთამს ართმევდნენ, მათ ნახეს რომ საქართველოში განხორციელებული რეფორმების შედეგად, აღარ არის კორუფცია და ჩვენს გზებზე გადაადგილება ძალზე გამარტივებულია.

ამ თვალსაზრისით, სავაჭრო ტვირთბრუნვის ზრდა თურქეთსა და საქართველოს შორის ამჟამად ფენომენალურია. ჩვენს ქვეყნებს შორის სავაჭრო ბრუნვა ბოლო წლების განმავლობაში 4-ჯერ გაიზარდა. ეს იმას ნიშნავს, რომ გაზრდილი ტვირთბრუნვისა და ამ შემოსავლების შედეგად, 4-ჯერ მეტი ადამიანი დასაქმდა, 4-ჯერ მეტი შემოსავალი მიიღეს ჩვენი ქვეყნის ოჯახებმა, 4-ჯერ მეტი ხვავი და ბარაქა შევიდა თითოეული ქვეყნის ხაზინაში.

ამგვარად, ყველაფერი რასაც ჩვენ ვაკეთებთ და რაზეც ბოლო წლების განმავლობაში შევთანხმდით, ერთ მთავარ ამოცანას ემსახურება - ჩვენი ხალხის დაახლოებას და ჩვენი მოქალაქეების ცხოვრების გაადვილებას.

5 წელია, რაც პრემიერ-მინისტრ ერდოღანს ვიცნობ და ვიცი, რომ ის ძალიან დიდი ქვეყნის ლიდერია. როდესაც მე ვარ დაკავებული ყველა, თუნდაც პატარა პრობლემით, ეს ბუნებრივია, რადგან ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ და საქართველოს პრეზიდენტი ყველა მოქალაქის ბედზე უნდა წუხდეს, მაგრამ თურქეთი, საქართველოსთან შედარებით, ბევრად დიდი ქვეყანაა. მე ბევრი ქვეყნის ლიდერთან მქონია ურთიერთობა და, როგორც წესი, მათ დიდი ამბიციები, დიდი გეგმები აქვთ, ისინი დიდ პოლიტიკას თამაშობენ, მაგრამ ისინი არასდროს არ დამლაპარაკებიან ჩვეულებრივ მოქალაქეებსა და მათ ბედზე. მართალია, მე და რეჯიფ თაიფ ერდოღანი, რომელიც ჩვენს რეგიონში ბევრი ძალზე მნიშვნელოვანი წამოწყების ინიციატორია, დიდ საკითხებზეც ძალიან კარგად ვმუშაობთ, მაგრამ ის რეკავს-ხოლმე მორიგი ჩვეულებრივი თურქი მოქალაქის პრობლემის მოსაგვარებლად, რომელსაც, მაგალითად, საბაჟოზე გაუჩერეს ტვირთი, იგი რეკავს ჩვეულებრივი თურქი მოქალაქის პრობლემის გადასაჭრელად, რომელიც პოლიციამ დააჯარიმა, იგი რეკავს ჩვეულებრივი თურქი მოქალაქის პრობლემის გადასაწყვეტად, რომელსაც რაიმე კონკრეტული საკითხი აქვს მოსაგვარებელი.

აი, ასეთი უნდა იყოს სახელმწიფოს ჭეშმარიტი ლიდერი, ნამდვილი სახელმწიფო მოღვაწე, რომელიც რაც არ უნდა მაღლა ავიდეს და დიდი თანამდებობა დაიკავოს, ყოველთვის იზრუნებს იმაზე, რომ მის ქვეყანაში არც ერთი მისი მოქალაქე არ დაიჩაგროს.

მართლაც მსურს წარმატება ვუსურვო პრემიერ-მინისტრს და მის გუნდს თუქეთის აღორძინების, შემდგომი განვითარებისა და წინსვლის საქმეში.

ჩვენ დღეს მივიღეთ კიდევ ერთი ახალი გადაწყვეტილება.

საქართველოს და თურქეთს შორის ჩვენ ახლა ვაშენებთ რკინიგზას და ეს არ არის მხოლოდ ორი ქვეყნის დამაკავშირებელი რკინიგზა. ეს არის რკინიგზა, რომელიც ჩინეთს, შუა აზიის ქვეყნებს დააკავშირებს ევროპასთან. ეს არის რკინიგზა პეკინიდან ლონდონამდე საქართველოსა და თურქეთის გავლით.

ჩვენ ვაფართოვებთ აეროპორტის შესაძლებლობებს, ჩვენი პორტების შესაძლებლობებს, ფოთში იხსნება თავისუფალი ეკონომიკური ზონა, რომელიც თურქეთის შავიზღვისპირეთს მიებმება და, პრაქტიკულად, ჩვენ ერთმანეთის ეკონომიკის გაგრძელება ვიქნებით.

თურქეთი 17 სასაზღვრო პუნქტს ხსნის სხვადასხვა ადგილებში, მაგრამ მე მინდა რომ ეს სასაზღვრო პუნქტი, განსაკუთრებული იყოს.

დღეს ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება იმის თაობაზე, რომ პირველად ამ რეგიონში თურქეთმა და საქართველომ გახსნას ერთობლივი საბაჟო-გამშვები პუნქტი, ერთობლივი საზღვარი, ერთობლივი ადმინისტრაციით და კონტროლის ერთობლივი მექანიზმით, რათა ადამიანს არ უწევდეს მანქანიდან რამდენჯერმე ჩამოსვლა და რამდენიმე ბიუროკრატიასთან ურთიერთობა.

ეს უნდა იყოს საზღვარი, რომელსაც ადამიანი გავლისას ვერც კი შეამჩნევს, რადგან ყველა პრობლემა და დისკომფორტი, რომელსაც საზღვრის გადაკვეთისას იგრძნობა, 70 პროცენტით შემცირდება; რომელსაც ადამიანი გაივლის და ვერ მიხვდება, რომ საზღვარი გაიარა; ეს საზღვარი უნდა იყოს ისეთი, როგორიც შვეიცარიასა და საფრანგეთს შორისაა; ისეთი, როგორიც არ არის არც ერთ ქვეყანას შორის რეგიონში; ისეთი, როგორიც თურქეთს არა აქვს არც ერთ სხვა ქვეყანასთან თავის სამეზობლოში და საქართველოს არა აქვს არც ერთ სხვა ქვეყანასთან თავის სამეზობლოში. თუმცა ჩვენი სურვილია და მოლაპარაკებას ვაწარმოებთ კიდეც, რომ მსგავსი საზღვრები გვქონდეს აზერბაიჯანთან და სომხეთთან.

ეს უნდა იყოს რეგიონი, სადაც საზღვრები კი არ აცალკევებს ადამიანებს, არამედ აახლოებს, კი არ ურთულებს ცხოვრებას, არამედ უმარტივებს, რადგან შემოსავალს აძლევს, ასაქმებს ხალხს და უკეთეს პირობებს უქმნის, მით უმეტეს, მსოფლიო კრიზისის პირობებში.

ეს არის ჩვენი დღევანდელი გადაწყვეტილება.

დღეს სავაჭრო პალატის თავმჯდომარესთან შევთანხმდით და უახლოეს კვირებში თურქულის მხარე ქართული ნაწილის მშენებლობას დაიწყებს. შემდეგ ეს ნაწილი შეუერთდება უკვე აშენებულ ნაწილს და დაერქმევა ერთიანი თურქულ-ქართული საზღვარი, რომელსაც ერთიანი ადმინისტრაცია და ერთიანი შესაძლებლობები ექნება.

ეს იქნება საზღვარი, რომელიც მოემსახურება და გაუადვილებს ცხოვრებას ჩვენს ხალხებს.

ჩემო ძვირფასებო - ჩემო ართვინელებო და რიზელებო, ჩემო ხოფელებო და სარფელებო, ჩემო ბათუმელებო!

ჩვენ არ გყოფთ თქვენ!

ჩვენ აქ მოვედით არა იმისათვის, რომ გავყოთ ჩვენი ქვეყნები, არამედ იმისათვის, რომ გავაერთიანოთ ისინი; რათა ერთ მუშტად შევკრათ ჩვენი ხალხები და ერთად მივაღწიოთ წარმატებას, ერთად ვიაროთ წინ, ერთად მივაღწიოთ პროგრესს და მომავალ თაობებს დავუტოვოთ ერთ მუშტად შეკრული, ურყევი ძმობა და მეგობრობა ჩვენს ქვეყნებსა და ჩვენს ხალხებს შორის.

კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას და გისურვებთ წარმატებას!

დღეს მართლაც მშვენიერი დღეა.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)