სიახლეები
31.05.2013
საქართველოს პრეზიდენტმა ოკუპაციის ხაზის გადაწევასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა
საქართველოს პრეზიდენტმა შიდა ქართლში ოკუპაციის ხაზის გადმოწევა რუსეთის გეგმაზომიერ პროვოკაციად შეაფასა და ამ ფაქტის მნიშვნელობის ისაუბრა. ქვეყნის პირველმა პირმა, აზრთა სხვადასხვაობის მიუხედავად, საქართველოს მთავრობას კიდევ ერთხელ შეთავაზა თანამშრომლობა და წინა ხელისუფლების გამოცდილების გაზიარება საქართველოს უსაფრთხოების საკითხებთან დაკავშირებით. მის თქმით, ეროვნული უშიშროების საბჭოს სხდომები კვლავაც უნდა განახლდეს.
როგორც მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, იგი შექმნილ ვითარებაში ახალ მთავრობას არ ადანაშაულებს. ქვეყნის პირველი პირი მიიჩნევს, რომ პოზიციამაც და ოპოზიციამაც ერთად უნდა გადახედოს ქვეყნის საშინაო პოლიტიკას, რათა საქართველო საერთაშორისო იზოლაციაში არ მოექცეს. მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, რუსეთი ამით ახალ პროვოკაციას აწყობს და საქართველოს მთავრობა მისი გეგმის მსხვერპლი ხდება. მისი თქმით, რუსეთს პრობლემა აქვს ამ ქვეყნის ნებისმიერ მთავრობასთან და ცდის მის სიმტკიცეს.
საქართველოს პრეზიდენტმა ყურადღება უცხოეთში ოფიციალური ვიზიტების აუცილებლობაზე გაამახვილა და პრემიერ-მინისტრსა და მთავრობას მოუწოდა საქართველოს მოკავშირე და მხარდამჭერი ქვეყნების ლიდერებთან მოლაპარაკება გამართოს ქვეყნის უსაფრთხოებასა და გრძელვადიან პერსპექტივაზე.