Google+

სიახლეები

06.10.2009
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა საკანონმდებლო ორგანოში ეკონომიკური პაკეტი წარადგინა

"მოგესალმებით პატივცემულო დეპუტატებო!

ძალიან კარგი ტრადიცია დამკვიდრდა - კონსტიტუციის თანახმად, თუ ადრე პრეზიდენტი პარლამენტში წელიწადში ერთხელ ფორმალური სიტყვისთვის მოდიოდა და თან ამას როგორც წესი პრაქტიკულად დებატებიც არ მოჰყვებოდა ხოლმე, ახლა ჩვენი მუშაობა ბევრად უფრო დინამიური, ბევრად უფრო საქმიანია.

ჩემი ანგარიშვალდებულება ატარებს პირად ხასიათს თქვენს მიმართ.

ეს არ არის მხოლოდ მთავრობის ვალდებულება, პრეზიდენტი ცალკე გრძნობს ვალდეულებას.

მინდა მივესალმო დეპუტატების ინიციტივას, ძალიან აქტიურ ინტერაქციას საქართველოს ხალხთან - ჩვენს მრავალეთნიკურ მოსახლეობასთან.

რა თქმა უნდა ოპოზიციის მხრიდან გამძაფრდა სამთავრობო მოქმედებების კრიტიკა, ჩვენ ამას დიდი გულისყურით ვუსმენთ.

ოპოზიციის გამოსვლების შემდეგ მთავრობის შიგნით ხანდახან ადგილი აქვს უსიამოვნო საუბრებს ამა თუ იმ საკითხის გადაწყვეტისას.

ამისთვის დიდი მადლობა მინდა ვუთხრა ოპოზიციას, ასევე მადლობა მინდა ვუთხრა იმისათვის, რომ პოლიტიკური დებატები გადმოვიდა პარლამენტის შიგნით.

პარლამენტის შიგნით ხანდახან არის მწვავე უთანხმოება, მაგრამ ამავე დროს მიხარია, რომ ჩვენ გვაქვს საგარეო პოლიტიკაში ერთიანი კურსი.

დილიდან მქონდა საშუალება ბატონი ჯონდი ბაღათურიას გამოსვლისთვის მომესმინა, რომელიც მწვავე იყო, მაგრამ ძალიან საინტერესო.

ეს ყველაფერი არის სტრასბურგის წარმატება, რომელსაც ერთობლივად მიაღწია საქართველოს დელეგაციამ.

მე დღეს წარმოგიდგენთ ეკონომიკური თავისუფლების აქტს.

ყოველი თქვენგანი დამეთანხმებით თუ ვიტყვი, რომ აურაცხელია გამოწვევათა ის რაოდენობა და განუზომელია წინააღმდეგობათა ის სირთულე, რომელნიც წინ აღმართნია ჩვენს ქვეყანას მისი თანამედროვე ფორმით არსებობის პირველ ნაბიჯებზე.

მოყოლებული 90-იანი წლების დასაწყისიდან, ჩვენ ბევრი მათგანი გადავლახეთ, ბევრ მათგანს გავუმკლავდით, თუმცა ბევრმა მათგანმა ძალიან დაგვაზარალა.

დღიდან დამოუკიდებლობის მოპოვებისა, ყველა ამ პრობლემამ და გამოწვევამ, განურჩევლად სირთულისა თუ მასშტაბისა, ქარბორბალასავით გადაუარა ჩვენს ეკონომიკას.

დამოუკიდებლობის გარიჟრაჟზე, ტერიტორიული მთლიანობისთვის ჩვენ გადავიტანეთ პოლიტიკური აშლილობისა და ქაოსის უმძიმესი წლები, ძმათაშორის სისხლი და ომები;

პერიოდები როდესაც განუკითხავად თარეშობდნენ კრიმინალები, როდესაც კანონმდებლები ქურდობდნენ და ქურდები გვიწესებდნენ კანონებს;

როდესაც არათუ ურთიერთობების, არამედ აზროვნების ერთადერთი ფორმა იყო კორუფცია და კანონი მხოლოდ იმიტომ არსებობდა, რომ მის დარღვევას საფასური ჰქონოდა.

მე არ ვაპირებ იმ უბედურებების ჩამოთვლას, მაგრამ სხვა ტრაგიკულ შედეგებთან ერთად, ყოველი მათგანი კიდევ უფრო მეტად აზარალებდა ქვეყნის ეკონომიკას, აცარიალებდა ჩვენი ხალხის ჯიბეებს და ანადგურებდა ინფრასტრუქტურას.

ამას ემატებოდა ეკონომიკური პოლიტიკის არარსებობა, ტოტალური კორუფცია, სრული ქაოსი სახელმწიფო სისტემაში.

შედეგად წლიდან წლამდე უფრო მეტად იძარცვებოდა და უფრო მეტად ღარიბდებოდა ჩვენი ხალხი. იკარგებოდა და ნადგურდებოდა სულ უფრო მეტი და მეტი სამუშაო ადგილები.

ხან უცხოური დახმარების იმედითღა გვედგა სული, ხან სეართაშორისო საფინანსო ორგანიზაციების იმედზე ვიყავით, რომ ისინი გვეტყოდნენ რაღაც სასწაულს და დაგვანახებდნენ გამოსავალს.

სულ უფრო მკაცრდებოდა ისედაც მკაცრი კანონმდებლობა, რომელსაც არავინ იცავდა;

უფრო მძიმდებოდა ისედაც მძიმე საგადასახადო კოდექსი, რომელსაც მაინც ყველა კორუფციით უვლიდა გვერდს;

სულ უფრო მეტი და მეტი სახელმწიფო მარეგულირებლები იქმნებოდა, რომლებიც მხოლოდ იმას არეგულირებდნენ, თუ რამხელა იქნებოდა მათთვის მისაცემი ქრთამის წილი;

მერე მარეგულირებლებს კიდევ მაკონტროლებლებს უნიშნავდნენ, რომლებიც მხოლოდ უფრო ართულებდნენ და აძვირებდნენ კორუფციულ სქემებს;

ამ პროცესში, სულ უფრო ჩახლართული და გაურკვეველი ხდებოდა ისედაც ყბადაღებული რეგულაციები და ნორმები.

შედეგად ვიღებდით უფრო მეტ კორუფციას, მთლიანად განადგურებულ ბიზნესს, მოშლილ ეკონომიკას და მომსპარ ინფრასტრუქტურას.

ერთმანეთს ცვლიდნენ ინფლაციისა და დევალვაციის ტალღები.

ხაზინა იყო ცარიელი.

აღარ გაიცემოდა ხელფასები და პენსიები.

ქვეყანა იყო უგაზოდ, უშუქოდ და უიმედოდ.

ჩვენი ეკონომიკური ლექსიკონი შედგებოდა სიტყვებისკან "სეკვესტრი", "დეფიციტი", "სტაგნაცია", "დევალვაცია", "რღვევა", "სტაგ-ფლაცია" და ასე შემდეგ..

არცერთმა ეკონომიკურმა რეცეპტმა, არცერთმა ანტიკრიზისულმა გეგმამ, არცერთმა უცხოურმა რეკომენდაციამ მაშინ არ იმუშავა.

შემდეგ იყო ვარდების რევოლუცია და ყველაფერთან ერთად, ამით დაიწყო სახელმწიფოს ეკონომიკური პოლიტიკის წარმართვის რევოლუციაც.

რევოლუციური კი ის იყო, რომ ჩვენ ვთქვით, რომ ნაცვლად რეგულირებული ეკონომიკისა, ჩვენ წავალთ ლიბერალური ეკონომიკის მიმართულებით.

ჩვენ ვთქვით, რომ გამოსავალი გადასახადების გაზრდა კი არა, გადასახადების შემცირებაა;

საგადასახადო კოდექსისი გართულება კი არა, არამედ მისი გამარტივებაა;

ვთქვით, რომ ეკონომიკას გადავარჩენთ არა ახალი მარეგულირებლების და სახელმწიფო მაკონტროლებლების შექმნით, არამედ არსებულების გაუქმებით;

არა ეკონომიკის დახურვით და პროტექციონიზმით, არამედ მისი მაქსიმალური გახსნილობით და თავისუფალი საბაზრო პრინციპების დანერგვით;

ჩვენ ვთქვით, რომ მთავრობა უნდა იყოს მაქსიმალურად პატარა და მინიმუმამდე უნდა იყოს დაყვანილი მისი ჩარევა ეკონომიკაში.

ამ, მაშინდელი გადმოსახედიდან, უტოპისტური გადაწყვეტილებისთვის მკაცრად გვაკრიტიკებდა მაშინ სავალუტო ფონდი. გვეუბნებოდნენ, რომ არ იცით რას სჩადიხართო და ამ პოლიტიკით ერთი წლის განმავლობაში გვიწინასწარმეტყველებდნენ სრულ ეკონომიკურ და საბიუჯეტო კატასტრროფას.

იქედან ერთი წლის თავზე, საქართველოს ბიუჯეტი იყო გაორმაგებული, ფისკალური სტაბილიზაცია იყო მიღწეული, სახელმწიფომ პირველად მრავალი წლის განმავლობაში დაიწყო საპენსიო და სახელფასო დავალიანებების გასტუმრება; და რაც მთავარია სახეზე იყო ეკონომიკის და ბიზნესის გამოცოცხლების პირველი აშკარა ნიშნები.

წლინახევრის თავზე მაჩვენებლები გასამმაგებული იყო და საერთაშორისო სავალუტო ფონდმა ოფიციალურად განაცხადა, რომ ისინი ცდებოდნენ, ხოლო საქართველოს მთავრობა და ეკონომიკური ლიბერალიზაციის ის კურსი, რომელიც მან აირჩია, იყო მართალი.

მას მერე 6 წელი გავიდა და მე არ დავიწყებ იმის მოყოლას, თუ როგორ შეიცვალა ამ დროის განმავლობაში ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა.

ჩემი მიზანი არ არის ვიტრაბახო იმით, თუ რამდენ პროცენტიანი ეკონომიკური ზრდა ფიქსირდებოდა საქართველოში გასული წლების განმავლობაში. რამდენჯერ გაიზარდა უცხოური ინვესტიციები და მთლიანი შიდა პროდუქტი.

ვიტყვი იმას, რომ თუ შედეგებით ვიმსჯელებთ, არცერთი ეკონომიკური პოლიტიკა, არცერთი ეკონომიკური რეცეპტი თუ მოძღვრება საქართველოსთვის არ ყოფილა ისეთი გამართლებული და წარმატებისა და ზრდის მომტანი, როგორიც გამოდგა მაქსიმალურად ლიბერელური ეკონომიკის შენების კურსი.

გარდა ზრდის პერიოდებისა ჩვენ ამ დროის განმავლობაში გადავიტანეთ უმძიმესი გამოწვევები ეკონომიკისათვის. იყო რუსული ინტერვენცია და იყო მსოფლიო ეკონომიკური კრიზისი.

ერთიც ან მეორეც ცალკე აღებულიც საკმარისი იქნებოდა იმისათვის, რომ მთლიანად მოესპო ჩვენხელა ქვეყნის ეკონომიკა. ასეც მოხდა მსოფლიოს ბევრ ქვეყანაში. შესაძლო ვარიანტებიდან კი, ორივე ერთად ალბათ ყველაზე მძიმე გამოცდა იყო ჩვენი ახალგაზრდა ეკონომიკისათვის.

მაგრამ გამოცდილებამ დაგვანახა, რომ ლიბერალური, გახსნილი და თავსუფალი ეკონომიკა. არის არა მარტო წინსვლის გარანტი, არამედ სწორედ ისაა ყველაზე სწორი, და ერთადერთი პასუხი ნებისმიერ ეკონომიკურ კრიზისსა თუ პოლიტიკურ ძნელბედობაზე.

სწორედ ლიბერალურმა გარემომ, მთავრობის მინიმალურმა ჩარევამ ეკონომიკაში და შემცირებულმა გადასახადებმა შეგვაძლებინა ის, რომ საქართველო გაჩნდა ინვესტორთა რადარებზე და ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველ ქვეყნად იქცა კაპიტალის ჩასადებად.

და დღესაც, მიუხედავად იმ პოლიტიკური სირთულეებისა, რაც საქართველოში არსებობს, მიუხედავად მსოფლიო კრიზისისა, რომელიც ჯერაც მძვინვარებს მთელს პლანეტაზე, ინვესტორები მთელი მსოფლიოდან აგრძელენებენ ფულის ჩადებას საქართველოში და რასაკვირველია ეს მაჩვენებლები სულ უფრო და უფრო გაიზრდება.

სწორედ ლიბერალიზმით შევძელით მთავარი - საქართველოს მიმართ გაჩნდა ნდობა, დღეს საქართველოს განიხილავენ, როგორც ქვეყანას, რომელშიც შესაძლებელია წარმატების მიღწევა.

ზოგიერთები ამბობენ, რომ ლიბერალიზმი ჩვენთვის ზედმეტად უცხო სიტყვაა, გვაკრიტიკებენ, რომ ამ მთავრობამ ყველაფერი არაქართული თავს მოახვია ქვეყანასო, ამბობენ არატრადიციული ეკონომიკური ფასეულობები შემოაქვთო, ნერგავენ იმას, რაც ჩვენი სისტემის ორგანული ნაწილი არ არისო.

შეიძლება რაღაც საკითხებში ჩვენ მართლაც გვიწევს ავიღოთ ის, რაც სხვა კულტურებს შეუქმნიათ წარმატებისთვის და ამით კიდევ უფრო გავამდიდროთ ჩვენი დიდი კულტურა და ცოდნა.

მაგრამ როდესაც საქმე ეკონომიკურ ლიბერალიზმს ეხება, ჩვენ არავისგან არაფერი არა გვაქვს გადმოსაღები. ჩვენი ეკონომიკური ლიბერალიზმის იდეოლოგიას რათქმა უნდა ამყარებენ მილტონ ფრიდმანი და მურეი როთბარდი, ჰაიეკი და ფონ მაისესი მაგრამ მათთან ერთად და უწინარესად ყოველთა, ჩემთვის მთავარი აღმაფრენის წყარო მეცხრამეტე საუკუნის უდიდესი ქართველი მოაზროვნე და ჩვენი დღევანნდელი სახელმწიოფოებრივი შეგნების ერთ-ერთი ფუძემდებელი ილია ჭავჭავაძეა.

ჩვენ ყველანი აღვიზარდეთ ილიას შემოქმედებაზე, მაგრამ ცოტამ თუ იცის, რომ სწორედ ილია იყო პირველი ქართველი ლიბერტარიანელი თავისი ეკონომიკური ფილოსოფიით.

ილია იყო პირველი ქართველი, ვინც ქადაგებდა თავისუფალ ვაჭრობას, გახსნილ ეკონომიკას, მთავრობის მცირე ჩარევას ეკონომიკაში და დაბალ, ლიბერალურ გადასახადებს. ეკონომიკურ ლიბერალიზმს იგი "ფრიტრეიდერობას" ეძახდა და განმარტავდა, როგორც აღებმიცემობის თავისუფლებას.

ილია ამბობდა: "მოძღვრება მეცნიერობისა, რომელიც ჰქადაგებს აღებმიცემობის თავისუფალებასა, იმაში მდგომარეობს, რომ სააღებმისაცემო საქონელი, შინაური თუ გარედამ შემოსული, ყოველის ბაჟისა და გადასახადისაგან დახსნილი იყოს და არა რომელისამე კანონმდებლობისაგან შეხუთული არ უნდა იქმნას. ..თავისუფალად მოარული საქონელი, არშეხუთული არც ბაჟისა და არც რაიმე ფორმალობისაგან, ყველასათვის ადვილად მოსაპოვებელია და მისაწვდენი"..

ამიტომ ლიბერალიზმის გზის არჩევით ჩვენ ილიას გზას ვირჩევთ, გზას, რომელიც მაშინ ილიასთვის ოცნებაშიც კი მიუწვდომელი იყო.

6 წლის წინ, ჩვენ ეკონომიკური თვალსაზრისით, სწორედ ამ - ილიას გზაზე დავდექით და აგერ უკვე 6 წელიწადში ამ გზამ იქამდე მიგვიყვანა, რომ მსოფლიო ბანკის მონაცემებით პლანეტაზე მხოლოდ 10 ქვეყანაშია ბიზნესის კეთება უფრო იოლი ვიდრე საქართველოში.

სწორედ ამ გზამ და ყველა ლიბერალური პრინციპის უპირობო ერთგულებამ შეგვაძლებინა გაგვეკეთებინა წარმოუდგენელი ნახტომი და ბიზნესის კეთების სიმარტივეში თუ 2003 წელს საქართველო მსოფლიო ბანკის რეიტინგში 137 ადგილზე იყო. დღეს ჩვენი ქვეყანა მე-11-ე ადგილზეა

სწორედ ამ გზამ გახადა შესაძლებელი, რომ დღეს, ფორბსის საგადასახადო ტვირთის ინდექსის მიხედვით საქართველო მეწარმეზე არსებული საგადასახადო ტვირთის სიმცირით მეოთხე ადგილზეა მსოფლიოში.

დიახ, არ მოგესმათ, მე-ოთ-ხე ადგილზე - ყატარის, ემირატების და ჰონგ-კონგის შემდეგ.

ანუ მხოლოდ 3 ქვეყანაშია უფრო დაბალი საგასახადო ტვირთი ვიდრე საქართველოში.

ამას მე არ ვამბობ, ამას ამბობს მსოფლიო ბანკი და ამას ამბობს ფორბსი.

ამ რეიტინგების მიხედვით საქართველო პირველ ადგილზეა მთელს აღმოსავლეთ ევროპაში და ყოფილ საბჭოთა კავშირში, ვუსწრებთ იაპონიას, ფინეთს, შვეიცარიას, გერმანიას, ჰოლანდიას და შვედეთს.

საუკეთესო ათეულის ქვეყნები არიან სინგაპური, ახალი ზელანდია, ჰონგ-კონგი, დიდი ბრიტანეთი, შეერთებული შტატები, დანია, ავსტრალია, კანადა, ირლანდია, და ნორვეგია.

ეს არის ის ლიგა, რომელშიც ახლა საქართველოა მოხვედრილი. და დააკვირდით რა ლიგაა ეს, საუკეთესო ათეულის ყველა ქვეყანა არის, სააკუნეების განმავლობაში დაგროვილი ანგლო-საქსონური ეკონომიკური ტრადიციების მატარებელი ქვეყანა. ნორვეგიის და დანიის - ამ ორი პატარა, ვაჭრობაზე ორიენტირებული ატლანტიკური ქვეყნის გარდა - საქართველო არის ერთადერთი არაანგლო-საქსონური ქვეყანა რომელიც მოხვდა ამ ლიგაში. ეს რასაკვირველია დიდი წარმატებაა ჩვენთვის, მაგრამ ყველას კარგად უნდა გვესმოდეს თუ რას ნიშნავს ამ კომპანიაში ყოფნა.

რას ნიშნავს ეს რეიტინგები? რათქმაუნდა ეს არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ისევე კარგად ვცხოვრობთ, როგორც იმ ქვეყნებში, რომლებსაც ამ რეიტინგებით ვუსწრებთ.

რა თქმა უნდა იაპონიაში, რომელიც ჩვენ ამ რეიტინგში ჩამოგვრჩება, გაცილებით მაღალია ცხოვრების დონე ვიდრე საქართველოში და ჩვენ ძალიან ბევრი გვაქვს დარჩენილი სანამ იქამდე მივალთ განვითარების დონით,

რა თქმა უნდა ჩვენს ქვეყანაში არის დიდი გაჭირვება და უმუშევრობა რომელიც ცხოვრებას უმწარებს უამრავ ჩვენს მოქალაქეს.

ცინიკოსები ხშირად ქილიკობენ, ნახეთ რა ქვეყნებს ედრებაო, ჩვენ ამ ქვეყნებს კი არ ვერდებით, მსოფლიო ბანკი ამბობს, რომ ჩვენთან უფრო მარტივი რეგულაციებია, ჩვენთან უფრო პატარაა ბიუროკრატია და ჩვენთან უფრო იოლია ბიზნესის კეთება, ვიდრე იმ ქვეყნებში.

მაგრამ ეს არის მხოლოდ ის შესაძლებლობა, რომელიც ჩვენ მოვიპოვეთ. ეს არის მხოლოდ ერთი ნაწილი ჩვენი მიღწევისა, როდესაც ჩვენ მოვხვდით ამ ქვეყნების უმაღლეს ლიგაში, მათთან ერთად ვთამაშობთ და გვაქვს შანსი, რომ ეს გამოვიყენოთ და ჩვენც მათსავით განვავითაროთ ქვეყანა და ეკონომიკა.

წლების განმავლობაში ესტონეთი გვისწრებდა ამ რეიტინგში. იგი იყო პირველ ადგილზე ყოფილ საბჭოთა ქვეყნებში. ჩვენ ახლა გავუსწარით ესტონეთს, საქართველო მე11-ზეა ესტონეთი კი 24-ეზე. მაგრამ ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ ეკონომიკური განვითარებითაც გავუსწარით ესტონელებს. ეს თავისთავად არ ნიშნავს იმას, რომ ფინიშზე პირველები ჩვენ მივალთ. ჩვენ ესტონეთს ახლა მხოლოდ მოსახვევში გავუსწარით. მთავარია ახლა შევძლებთ თუ არა სწორზე მათ გასწრებას. ეს ჩვენს ნიჭიერებაზე, შრომისმოყვარეობასა და მონდომებაზეა დამოკიდებული.

ის, რომ, ფორბსის მიხედვით, ჩვენზე დაბალი საგადასახადო ტვირთი მსოფლიოში მხოლოდ ყატარს, ემირატებსა და ჰონგ-კონგს აქვს, იმას კი არ ნიშნავს რომ მათსავით აწყობილი და წარმატებულია უკვე ჩვენი ეკონომიკა. მაგრამ ნიშნავს იმას, რომ ჩვენს მეწარმეს თავის საქმიდან უფრო მეტი ფული შეუძლია დაიტოვოს ვიდრე სხვა ნებისმიერი ქვეყნის მეწარმეს. და თუ ის საქმეს განავითარებს, მით უმეტეს იმის გავითვალისწინებთ, რომ ჩვენს მეწარემეებს ქრთამის გადახდაც აღარ უწევთ, ან აღარ აქვთ ოფიციალურ გადასახადებს მიღმა კიდევ დამატებითი ფული სახდელი, მას უფრო მალე შეეძლება, რომ დადგეს ფეხზე და მიაღწიოს წარმატებას.

ეს ჩვენი დიდი გამარჯვებაა დღეს, მაგრამ უნდა შევძლოთ რომ დღევანდელი გამარჯვება, ხვალინდელ წარმატებად და სიმდიდრედ ვაქციოთ.

უნდა შევძლოთ, რომ დღევანდელი კვერცხი ხვალინდელ ქათამად ვაქციოთ.

დღევანდელი თამასუქი, რომელიც უკვე ხელში გვიჭირავს, ხვალინდელ ფულად ვაქციოთ ჩვენს ჯიბეში.

ეს რეიტინგები ჩვენს ხალხსა და ქვეყანას აძლევს შესაძლებლობას, რომ მათზე კაპიტალიზაცია მოვახდინოთ, რომ დროთა განმავლობაში ეს რეიტინგები ვაქციოთ დოვლათად ჩვენი ხალხისთვის და ახალ სამუშაო ადგილებად ჩვენი ოჯახებისთვის.

სწორედ შესაძლებლობების შექმნაა ლიბერალიზმის მთავარი ფასეულობა. სწორედ შესაძლებლობების საზოგადოებისა და შესაძლებლობების ეკონომიკისაკენ მივყევართ ჩვენ ილიასა და ლიბერალური ეკონომიკის გზას. და ამ გზას არარასოდეს არ უნდა გადავუხვიოთ.

შესაძლებლობებზე რახან ვსაუბრობთ მინდა ერთი ქართველი ახალგაზრდის მაგალითი მოგიყვანოთ.

თქვენ იცით, რომ ჩვენ დავიწყეთ პროგრამა, რომლის მიხედვითაც ყველა ქართველ სტუდენტს ვინც შეძლებს და ჩაირიცხება მსოფლიოს საუკეთესო ოცეულში შემავალ უმაღლეს სასწავლებელში, სახელმწიფო უფინანსებს სწავლებას მთლიანად. ასეთი რამ ჩვენს სახელმწიფოს აქამდე არასოდეს გაუკეთებია.

და აი ასეთი ახალგაზრდების პირველ ნაკადში მოხვდა ზუგდიდელი ირაკლი როგავაც. მან ძალიან მოინდომა ისწავლა და თავისი ცოდნით ჩაირიცხა ოქსფორდის უნივერსიტეტში. რასაკვირველია იგი ვერასოდეს შეძლებდა ამას უფულობის გამო იქ სწავლა 25 ათასი ფუნტი სტერლინგი ჯდება, რათქმაუნდა ეს არის მისი უდიდესი გამარჯვება. ეს არის ალბათ მისი ცხოვრების ყველაზე დიდი წარმატება და ყველაზე სასიხარულო მოვლენა მისი მშობლებისა და ახლობლებისთვის.

ოქსფორდის ნებისმიერი კურსდამთავრებული ხომ როგორც წესი მინიმუმ წელიწადში 150 ათას დოლარიანი ანაზღაურების სამსახურს ავტომატურად შოულობს სწავლის დამთავრებისთანავე.

ირაკლი ახლა ასეთი დონის უმაღლესის სტუდენტია, მაგრამ ნიშნავს თუ არა, რომ იგი უკვე ავტომატურად გამდიდრებულია და დალხენილი აქვს ცხოვრება? რათქმაუნდა არა.

ამის მისაღწევად მან ახლა ძალიან ბევრი უნდა იმეცადინოს, როგორც უბრალო სტუდენტმა. უნდა შეინარჩუნოს თავის ადგილი ამ უმაღლესში ისე, რომ არ გაირიცხოს. უნდა აიღოს წარჩინებით დიპლომი და მხოლოდ ამის შემდეგ შეძლებს ნანატრი მაღალანაზღაურებადი სამსახურის შოვნას და საკუთარი შრომის რეალიზაციას.

მხოლოდ ამის შემდეგ დაეტყობა მისი დღევანდელი წარმატება მის ჯიბეს და კეთილდღეობას. მაგრამ იგი მაინც უკვე გამარჯვებულია, იმიტომ, რომ უკვე ამის დიდი შანსი აქვს, ის უკვე ოქსფორდის სტუდენტია და ადგას გზას დიდი წარმატებისკენ.

ეს მატრივი საყოფაცხოვრებო ლოგიკა ძალიან შეესაბამება დღევანდელი საქართველოს მდგომარეობას.

იმ რეიტინგებით, რომელიც ჩვენ ასე გვეამაყება საქართველო ძალიან მაღალი დონის უმაღლესში მოხვდა. ეს ჩვენი დიდი გამარჯვებაა, იმიტომ, რომ მანამდე ვგავდით იმ აბიტურიენტს, რომელიც იზრდებოდა ნგრევაში, უშუქობაში, უკანონობასა და განუკითხაობაში.

ჩვენ ამ უმაღლესში მოხვედრით შეუძლებელი შევძელით. ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ უკვე გავმდიდრდით, მაგრამ ნიშნავს, რომ დავადექით იმ გზას, რომელსაც შეუძლია სიმდიდრემდე მიგვიყვანოს. ეს ნიშნავს, რომ მოგვეცა წარმატების დიდი შანსი.

ახლა მთავარია ძალიან მოვინდომოთ, გავაგრძელოთ ამ გზაზე სვლა და გამოვიყენოთ ეს შანსი. ჯერ ისევ გვიჭირს, მაგრამ ბოლო წლების ძალისხმევის შედეგად, მოგვეცა ის შესაძლებლობა, რომელიც ბევრს არა აქვს. თუ გადახედავთ დანარჩენ ქვეყნებს ყოფილ საბჭოთა კავშირში, ჩვენ რეგიონში, მთლიანად აღმოსავლეთ ევროპაში დაინახავთ, რომ ჩვენ მოვიპოვეთ წარმატების ყველაზე დიდი შანსი იმიტომ რომ შევძელით ყველაზე მეტად გაგვემარტივებინა ბიზნესის კეთება, ყველაზე მეტად შეგვემცირებინა გადასახადები და ყველაზე მეტად შეგვემცირებინა კორუფცია.

ვარდების რევოლუცია მარტო ქუჩაში დგომა და დროშების ფრიალი კი არ იყო. ეს იყო მრავალწლიანი, ყოველდღიური თავაუწეველი მუშაობა იმისათვის, რომ ჩვენი ქვეყანა ამ უმაღლეს ეკონომიკურ ლიგაში მომხდერიყო.

ვარდების რევოლუცია, ეს იყო ილიას გზაზე შედგომა. ეს გზა არის ეკონომიკური ლიბერალიზმი. მთავრობის მინიმალური ჩარევა ეკონომიკაში და მაქსიმალურად გახსნილი ეკონომიკური და ბიზნეს გარემო.

ამ გზიდან ჩვენ აღარასოდეს აღარ უნდა გადავუხვიოთ.

და იმისათვის, რომ შეუქცევადი გავხადოთ საქართველოს ლიბერალური კურსი, იმისათვის, რომ ვერც ჩვენმა და ვერც ჩვენს შემდეგ რომელიმე მთავრობამ ვერ შეძელოს ამ კურსიდან გადახვევა.

იმისათვის, რომ ჩვენ დავიცვათ ჩვენი მონაპოვარი და ინსტიტუციური საფუძველი შევუქმნათ ჩვენი ეკონომიკის თავისუფლებას, მე გთავაზობთ, რომ კონსტიტუციურად დავიცვათ ის გაბედული ეკონომიკური ნაბიჯები რომლებსაც ვდგამთ ბოლო წლების განმავლობაში და რომელთა კურსიც გვინდა, რომ გავაგრძელოთ მომავალში.

ამიტომ მე დღეს წარმოგიდგენთ ეკონომიკური თავისუფლების აქტს - ანუ კონსტიტუციურ კანონპროექტს ეკონომიკური თავისუფლების, შესაძლებლობებისა და ღირსების შესახებ.

როგორც სათაურიდანაც ჩანს, ამ აქტის მთავარი ფასეულობრივი საფუძვლებია თავისუფლება, შესაძლებლობათა თანასწორობა და ღირსება.

  • თავისუფლება - გამოხატული მთავრობის მცირე ზომაში, დაბალ გადასახადებში, სახელმწიფო ჩარევისა და ბიუროკრატიული დისკრეციისაგან მეწარმის და მოქალაქის მაქსიმალურ თავისუფლებაში.
  • შესაძლებლობები ყველასათვის - ხელშეწყობილი თავისუფალი ეკონომიკით და გამჭირვალე მმართველობით, ამასთან გაზრდილი სოციალური მობილურობის საშუალებით ხელმისაწვდომი განათლება, გულმოდგინე შრომა და წესებით თამაში როგორც განვითარებისა და წინსვლის უმთავრესი საფუძველი.
  • ღირსება - სახელმწიფო დახმარების სამართლიანი გავრცელება მათზე, ვისაც არ შეუძლია მინიჭებული შესაძლებლობების გამოყენება. ისე, რომ თავის რჩენის უნარს მოკლებულ მოქალაქეებს შეუნარჩუნდეთ საშუალება იცხოვრონ ღირსეული ცხოვრებით.

ეს სამი ფასეულობა არის ის, რაც დღეს ყველაზე მეტად სჭირდება ჩვენს მოქალაქესა და მეწარმეს. მთავრობის მინიმალური ჩარევა ბიზნეს საქმიანობაში; თანაბარი შესაძლებლობების საზოგადოება, რათა ყველას ჰქონდეს თანაბარი შანსი დასაქმებისა და წარმატების მისაღწევად და ღირსეული ცხოვრების უზრუნველყოფაში სახელმწიფოს დახმარება მათთვის ვინც ვერ ახერხებს არსებული შესაძლებლობების გამოყენებას.

ეს არის ჩვენი ლიბერალური ეკონომიკური ხედვის ქვაკუთხედი და მიუხედავად ყველა რეიტინგისა ამაზე ყველა ვთანხმდებით.

აქტიური პოლიტიკური დებატები ჩვენი ყოველდღიური ცხოვრების ნაწილია, თუმცა, არც ერთ ჩემს ოპონენტს, რომელიც მე მაკრიტიკებს, არასოდეს არ დაუსვამს კითხვის ნიშნის ქვეშ ის მთავარი იდეა, რომ ერთადერთი გზა დემოკრატიული და წარმატებული მომავლისაკენ გადის თავისუფალი მეწარმეობის, გამჭვირვალე და პასუხისმგებლიანი მმართველობისა და ბიუროკრატიული წნეხისგან ჩვენი მოქალაქეების თავისუფლების დაცვის უზრუნველყოფაზე.

ამ პრინციპებიდან გამომდინარე, თავისუფლების აქტი ითვალისწინებს შემდეგ ინიციატივებს:

განვითარებადი ერების მთავრობები იტანჯებიან ფინანსური დეფიციტის ალბათობის გამო, რადგან ინვესტორებს აქვთ შიში, რომ ძირითადი ეკონომიკური პოლიტიკა შეიძლება დაექვემდებაროს უცაბედ ცვლილებებს.

თავისუფლების აქტი, პირველ რიგში კონსტიტუციურად დაიცავს მკაცრ და გამჭირვალე წესებს, რომელიც შეზღუდავს აღმასრულებელი ხელისუფლების შესაძლებლობას გადაუხვიოს დინამიური ეკონომიკური მმართველობიდან.

თანამედროვე ისტორიაში იშვიათად მოიძებნება ისეთი შემთხვევები, რომ მთავრობა თავად მიისწრაფოდეს საკუთარი ზომის შეზღუდვის, მონიტორინგისა და კონტროლისაკენ.

თავისუფლების აქტით გთავაზობთ, რომ საბიუჯეტო ხარჯების შეფარდება მთლიან შიდა პროდუქტთან კონსტიტუციურად განისაზღვროს, რომ არ იქნება 30%-ზე მეტი.

ანუ ჩვენი პრინციპი არის ის, გამოსავალია მთავრობის მიერ ქამრების მოჭერა და არა ხალხისა და ბიზნესებისთვის ყელში წაჭერა დამატებითი მაკონტროლებლებითა და რეგულირებით.

ჩვენ გვჯერა, რომ ფისკალური პასუხისმებლობა არის დემოკრატიული მმართველობის ფუნდამენტური ვალდებულება.

ამიტომ თავისუფლების აქტით გთავაზობთ, რომ ბიუჯეტის დეფიციტის შეფარდება მთლიან შიდა პროდუქტთან კონსტიტუციურად დაფიქსირდეს რომ იქნება არაუმეტეს 3%-სა, ხოლო მთლიანი სახელმწიფო ვალის შეფარდება მთლიან შიდა პროდუქტთან - არაუმეტეს 60%-სა.

1995 წლიდან, ჩვენი ვალუტა არის თავისუფლად კონვერტირებადი და დაუშვებელია ვალუტის კონვერტაციის შეზღუდვა.

უკვე 12 წელია ჩვენთან შეუზღუდავია მიღებული შემოსავლების და კაპიტალის რეპატრიაციის უფლება.

ამის მეშვეობით სარგებელს ნახულობს ბევრი მოქალაქე და ბიზნესი. ამის მეშვეობით ხელი ეწყობა დასაქმების განვითარებას.

თავისუფლების აქტი ამ მნიშვნელოვან პოლიტიკას ასახავს კანონში, რათა აცილებულ იქნას ამ პოლიტიკის ოდესმე შეცვლა მომავალში.

ვარდების რევოლუციის შემდეგ, ბევრი რამ გაკეთდა იმისათვის, რომ მეწარმეები განთავისუფლებულიყვნენ ზედმეტი რეგულაციისა და გაუმართლებელი ბიუროკრატიული ჩარევისაგან. ამით ჩვენ მოვახერხეთ დიდი კორუფციის ხვრელების ამოლუქვა, ამით გავამარტივეთ ბიზნესი და აღვკვეთეთ ის ხელოვნური ბარიერები რაც ხალხს ხელს უშლიდა დასაქმებაში.

თავისუფლების აქტით გთავაზობთ უკვე დადგენილი ლიცენზიების და ნებართვების რაოდენობის გაზრდის აკრძალვას.

გარდა ამისა, გთავაზობთ, რომ თავისუფლების აქტით აიკრძალოს ახალი სახელმწიფო მარეგულირებელი ორგანოების შექმნას, უკვე არსებულის გარდა ისეთ სფეროებში, როგორიცაა: ფინანსური მომსახურება, კომუნიკაციები და ენერგეტიკა.

1995 წლიდან, საქართველოში აღარ არსებობენ სახელმწიფო ბანკები და ადრეული 90-იანი წლებიდან აღარ ხორციელდება ფასების კონტროლი. თავისუფლების აქტი გაამყარებს ამ პოლიტიკას იმით, რომ სახელმწიფოს აეკრძალება კომერციული ბანკების წილის ფლობა და ნებისმიერი სახის პროდუქციასა თუ მომსახურებაზე ფასის დაწესება. ამით საქართველოში მუდმივად იქნება უზრუნველყოფილი ფასების დადგენის თავისუფლებას.

უკანასკნელ წლებში მიღწეული გარკვეული ეკონომიკური ზრდის მიუხედავად, ჩვენი მოსახლეობის მეოთხედი კვლავ რჩება სიღარიბის ზღვარს ქვემოთ. ჩვენი საზოგადოების ამ ნაწილის მდგომარეობა სახელმწიფოს უმთავრესი საზრუნავია. მე ვერ ვიქნები კმაყოფილი ვერანაირი ეკონომიკური წარმატებით სანამ სიღარიბის ზღვარს ქვემოთ დარჩენილი ფენა ასეთი მასშტაბისაა ქვეყანაში.

ჩვენ, დღეს სახელმწიფო ბიუჯეტის 30%-მდე მივმართავთ სოციალურ უზრუნველყოფასა და პენსიებზე, ჯანდაცვასა და განათლებაზე.

მიუხედავად ამისა, მე ვიცი, რომ ეს ფონდები ჯერჯერობით არ არის განაწილებელი ყველაზე სამართლიანი გზით - ისინი ძირითადად (მაგრამ არა სრულად)ნაწილდება მიზნობრიობის შეფასების შედეგად შედგენილ პროგრამებზე, რომელთა შედეგად საფინანსო საშუალებები მიმართული უნდა იყოს მხოლოდ იმათ დახმარებაზე, ვინც ამას ყველაზე მეტად საჭიროებს.

თავისუფლების აქტი შემდგომში განავითარებს ბიუჯეტის "სოციალურ" ნაწილს მიზნობრიობის შეფასების შედეგად შემუშავებული ამგვარი სახელმწიფო დახმარების გაფართოებისათვის.

ჩვენ ვამაყობთ ჩვენს მიერ განხორციელებული პოლიტიკის წარმატებით, რომლის შედეგადაც ღარიბებისათვის გაიცემა ჯანმრთელობის დაზღვევის ვაუჩერები, რომლითაც მათ შეუძლიათ ისარგებლონ ნებისმიერ კერძო სადაზღვევო კომპანიაში, ხოლო მშობლებს თავიანთი სურვილის მიხედვით, შეუძლიათ თავისუფლად გამოიყენონ სახელწიფო სკოლის ვაუჩერები ნებისმიერ როგორც საჯარო, ისე კერძო სკოლაში. თავისუფლების აქტი გაამყარებს იდეას, რომ ბიუჯეტის სახსრები უნდა იქნენ გამოყენებული ისე, რომ ჩვენს მოქალაქეებს მისცენ საშუალება, სადაც შესაძლებელია, თავად გააკეთონ არჩევანი, და არ იქნან მიმართული მომსახურების სახელმწიფო მიმწოდებელის პირდაპირი დაფინანსებისათვის. ანუ დავაფინანსოთ არა ინსტიტუტები და ორგანიზაციები სადაც პაციენტი იძულებული იქნება არჩევენის გარეშე მივიდეს, არამედ დავაფინანსოთ ადამიანები ვისაც ეს დაფინანსება ეკუთვნის და ყველაზე მეტად სჭირდება და მათ დავუტოვოთ არჩევანის დაფინანსება. ხოლო ინსტიტუტები დაფინანსდებიან ამ ადამიანების არჩევანის მოგებით.

როდესაც ჩვენ გავამარტივეთ ჩვენი საგადასახადო კოდექსი, მკვეთრად შევამცირეთ საგადასახადო განაკვეთები და შემოვიღეთ არაპროგრესირებადი გადასახადები, ჩვენი საგადასახადო შემოსულობები მკვეთრად გაიზარდა.

დაბალი და მარტივი გადასახადები ჩვენი დიდი მონაპოვარია, რაც იზიდავს ქვეყანაში ინვესტიციებს, რაც აჩენს სამუშაო ადგილებს და რაც ხალხსა და ბიზნესს უტოვებს უფრო მეტ ფულს. ამიტომ ჩვენი ვალდებულებაა ვუზრუნველყოთ, რომ ეს პოლიტიკა იქნება უცვლელი ნებისმიერი პოლიტიკური ცვლილების მიუხედავად. უცვლელი ჩვენი მთავრობის და მომდევნო მთავრობების დროს.

ღრმად გვწამს, რომ გადასახადის გაზრდის ან ახალის დაწესების უფლება სახელმწიფოს მიერ არ უნდა იქნას გამოყენებული ხალხის თანხმობის გარეშე.

სწორედ ამიტომ, ყველაზე მნიშვნელოვანი პრინციპი, რომელსაც თავისუფლების აქტი ითვალისწინებს არის ის, რომ ნებისმიერი გადასახადის შემოღება ან საგადასახადო განაკვეთების გაზრდა შესაძლებელი უნდა იყოს მხოლოდ რეფერენდუმის ჩატარების მეშვეობით. მხოლოდ ხალხის გადაწყვეტილებით.

ეს ინიციატივები, რომელსაც თავისუფლების აქტით გთავაზობთ, ერთი შეხედვით არ წარმოადგენს მყისიერი კეთილდღეობის განპირობებელ აუცილებელ ფაქტორს.

რათქმაუნდა ამ აქტის მიღება არ ნიშნავს იმას, რომ დღესვე ყველა გაჩერებული ქარხანა აგუგუნდება საქართველოში. ეს არ ნიშნავს იმას, რომ ავტომატურად გადაიჭრება უმუშევრობის პრობლემა.

მაგრამ ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველო გადაიქცევა ქვეყნად, სადაც უმაღლესი კანონითაა დაცული ლიბერალური ეკონომიკური კურსის შეუქცევადობა.

ეს აქტი ამავე დროს ძალიან ამბიციურია, რადგან მისი მიღების შემდეგ საქართველო გადაიქცევა მსოფლიოს მოწინავე ქვეყნად კანონმდებლობისა და კონსტიტუციის მიერ ეკონომიკის ლიბერალიზმის დაცულობის კუთხით.

ეს აქტი მოგვცემს საშუალებას, რომ უფრო მიმზიდველი გავხადოთ საქართველო ინვესტორებისათვის. შესაბამისად მოგვცემს გრძელვადიან საშუალებას მოვიზიდოთ ახალი სამუშაო ადგილები საქართველოში და ჩვენი ხალხისთვის ამ გზით შევქმნათ დასაქმების ახალი საშუალებები.

უნდა გვესმოდეს, რომ ჩვენი ძალიან განსაკუთრებული სპეციფიკის გამო, ჩვენ არ გვაქვს იმის ფუფუნება, რომ ვიყოთ ჩვეულებრივი აღმოსავლეთ-ევროპული ქვეყანა.

იმისათვის, რომ შევძლოთ ინვესტორების მოზიდვა მთელი მსოფლიოდან, საქართველო უნდა ვაქციოთ მთელს მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე მიმზიდველ ქვეყნად ბიზნესის კეთებისა და კაპიტალის დასაბანდებლად.

ჩვენი ამბიცია უნდა იყოს, რომ საქართველო ვაქციოთ მსოფლიოს ლიბერალური ეკონომიკური იდეოლოგიის ნამდვილ ფლაგმანად და ამით შევიქმნათ შედარებითი უპირატესობა დანარჩენ ქვეყნებთან მიმართებაში.

სწორედ ამ მიზანს, ამ დიდ მისიას ემსახურება თავისუფლების აქტი.

ამ მიზნის მიღწევა მითუმეტეს მნიშვნელოვანი, შესაძლებელი და აუცილებელია ახლა, როდესაც გლობალური ეკონომიკური და საფინანსო კრიზისით შერყეულ მსოფლიოს ტალღებად უვლის გაურკვეველი და დეზორიენტირებული სოციალიისტური და პოპულისტური გამოვლინებები.

ჩვენი რწმენა არის, რომ გრძელვადიანი და მდგრადი პასუხი ეკონომიკურ კრიზისზე არის მხოლოდ უფრო მეტი ლიბერალიზმი და არა მთავრობის მიერ ეკონომიკის რეგულირება.

საქართველო გლობალური ეკონომიკის ნაწილია და ჩვენი ძალისხმევა იქითკენ უნდა იქნას მიმართული, რომ ჩვენი პოლიტიკით კი არ ჩავიკეტოთ ჩვენს ნაჭუჭში, არამედ უფრო გავხსნათ ეკონომიკა და შევეცადოთ, რომ გავხდეთ უფრო კონკურენტუნარიანნი გლობალურ ბაზარზე.

ვისწავლოთ გლობალური ეკონომიკური აზროვნება და შევეგუოთ იმ აზრს, რომ კახელი მევენახის კონკურენტი არის მევენახე ჩილესა და ბორდოში, რომ გურული თხილის მწარმოებლის კონკურენთი არის თხილის პლანტატორი თურქეთში.

თუ ჩვენ ვერ შევძლებთ ამ მასშტაბის აზროვნებას, ჩვენ ვერ შევძლებთ ეკონომიკის განვითარებას, პროტექცია და კარჩაკეტიოლობა მხოლოდ მოაჩლუნგებს ჩვენს ეკონომიკურ სიცოცხლისუნარიანობას და საბოლოო ჯამში გაართულებს ჩვენს შანსებს ვიყოთ კეთილდღეობის და დასაქმების ქვეყანა.

გარდა ეკონომიკისა, თავისუფლების აქტს და საერთოდ ჩვენს ლიბერალურ ეკონომიკურ კურსს დიდი პოლიტიკური მნიშვნელობაც აქვს, განსაკუთრებით ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობისა და თავისუფლებისათვის ბრძოლაში.

ერთ-ერთი უმთავრესი გარემოება რაც განაპირობებს ჩვენს სწრაფვას რუსეთისაგან თავისუფლებისაკენ არის არა მარტო ფიზიკური დამოუკიდებლობა, არამედ თავისუფლება იმ ცხოვრების წესისა და იმ აზროვნებისგან რომელსაც ეფუძნება იმპერია რომელიც ჩვენ გვიპირისპირდება.

ჩვენი ცხოვრების პრინციპი სხვაა. ეს არის თავისუფლება მექრთამეობისა და თუ ისევ ილიას დავესესხები თავისუფლება "ჩემშენაობისაგან"; თავისუფლება მთავრობის კონტროლირებული ეკონომიკისა და ბიუროკრატიის ტირანიისგან.

ჩვენი ბუნებრივი მდგომარეობა არის ლიბერალიზმი და ამით განვსხვავდებით რუსეთისგან. მთავარი განსხვავება ჩვენსა და რუსეთს შორის არის ჩვენი შინაგანი სწრაფვა ადამიანური და სამეწარმეო თავისუფლებისაკენ.

გარდა ამისა, თავისუფლების აქტი არის ჩვენი გარანტი იმისათვის, რომ მოვახდინოთ ევროპული ეკონომიკური იდეალების რეალიზაცია საქართველოში.

ეს არის საშუალება, რომ ჩვენი 6 წლის წინ დაწყებული ბრძოლა ლიბერალური და განვითარებული ეკონომიკისათვის ვაქციოთ არა ფრაგმენტულ გამონათებად, არამედ სინათლის უწყვეტ სხივად, რომელსაც გაყვება ჩვენი ქვეყანა და რომელიც მიგვიყვანს ჩვენი ოჯახების კეთილდღეობამდე და ღირსეულ დასაქმებამდე.

მსოფლიო ისტორია გვაჩვენებს, რომ რევოლუციები, რომლებიც ეფუძნებოდნენ მხოლოდ ლიდერების ენთუზიაზმსა და დისკრეციას, მალევე ჩაიხჩვნენ ან გადაიზარდნენ უბედურებაში.

მხოლოდ ის რევოლუციები დამთავრდნენ საბოლოო ისტორიული წარმატებით, რომელთაც მოახერხეს რევოლუციური იდეალების ინსტიტუციურ და ეკონომიკურ სისტემებად გარდასახვა დემოკრატიისა და თავისუფლების პირობებში.

თავისუფლება კი პრველ რიგში გულისხმობს პასუხისმგებლობას.

ლიბერალური ეკონომიკის წარმატება ეფუძნება თითოეული მოქალაქის მიერ გაცნობიერებულ პასუხისმგებლობას, მონდომებას და შრომისმოყვარეობას.

ჩვენ შეგვიძლია საკუთარი ხელით ვჭრათ ის ტოტი, რომელზეც ვზივართ, ვანგრიოთ საკუთარი ქვეყანა, ვაშენოთ საკნები, ვიმეოროთ მტრის პროპაგანდა ან დავირაზმოთ ყველა ერთად, გავერთიანდეთ საერთო ფასეულობების ირგვლივ, შევიკრათ როგორც ერთი ორგანიზმი, პატარა მაგრამ ძლიერი და შეუპოვარი, როგორც ერთი კომპანია და ავიღოთ საერთო პასუხისმგებლობა ქვეყნის გასაძლიერებლად და გადასარჩენათ.

ლიბერალური ეკონომიკის შენება არის ჩვენი გზა და ამ გზაზე ჩვენი მთავარი ღირსება უნდა იყოს თვითოეული ჩვენგანის პასუხისმგებლობა სამშობლოს წინაშე.

ჩვენ გვყავს მრავალი სხვადასხვა პარტია, მაგრამ ქართველები ვართ ერთი პარტია; ჩვენ გვყავს მრავალი კომპანია, მაგრამ საქართველო არის ერთი კომპანია, რომლის საერთო წარმატებაზეა დამოკიდებული ყველა კომპანიის თანასწორ პირობებში მიღწეული წარმატება" -განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)