Google+

სიახლეები

24.10.2013
საქართველოს პრეზიდენტმა ახალგაზრდებს მიმართა

თქვენ ხედავთ, რომ ჩვენ წარმოვადგენთ ორ სხვადასხვა საქართველოს. იგი წარმოადგენს წარსულის საქართველოს, ხოლო მე თქვენთან ერთად წარმოვადგენ მომავლის საქართველოს...

ტემპი და წინსვლა - ეს არის ჩვენი ხელწერა და ახალგაზრდობის მთავარი რამ.

უკან დახევა და ტემპის შენელება - ეს არის მათი, წარსული საქართველოს გადმონაშთი.

ადრე ვთქვი, რომ როცა ბევრი წარსულის გადმონაშთი დაბრუნდება, ჩვენ ყველანი აღმოვჩნდებით საშინელ სიტუაციაში. ამ მდგომარეობაში ჩვენ უკვე აღმოვჩნდით, მაგრამ ერთი რამ ზუსტად ვიცი, საქართველოს მაინც ვერაფერი დახევს  უკან.

გუნდი შეიცვლება, პიროვნებები გამოიცვლებიან, დროდადრო ახალი ხალხი მოვა ქვეყნის სათავეში, მაგრამ არასდროს არ შეიცვლება მთავარი რამ - პრინციპები...

იმისათვის, რომ უკან არავინ დაგვაბრუნოს, სადაც არ უნდა ვიმყოფებოდე, ამ ბრძოლაში მე თქვენს მხარეს ვარ.

საპრეზიდენტო არჩევნები მნიშვნელოვანია, მაგრამ ამით ცხოვრება არ მთავრდება. საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ  საქართველოში შემოდის ახალი კონსტიტუციური სისტემა. მთავრობას კიდევ ვერ გაუაზრებია, რამდენად დაცული იყო ბოლო წელიწადს - ჯერ კიდევ საპრეზიდენტო რესპუბლიკა იყო, როდესაც მათ გადავეცი მთელი უფლებამოსილება და პარლამენტი აქტიურად ვერ ერეოდა მათ საქმიანობაში. როგორც კი ახალი კონსტიტუცია ამოქმედდება, პარლამენტი - უმრავლესობაც და უმცირესობაც ყოველდღიურად ჩაერევა მთავრობის საქმიანობაში, რაც ადრე არასდროს არ ყოფილა საქართველოში.

ამ მთავრობას და ნებისმიერ შემდეგ მთავრობას, რომელიც ამათ, დარწმუნებული ვარ, ძალიან ჩქარა შეცვლის, წინ წარმოუდგენელი ჯოჯხეთი ელის. კონსტიტუციური ფარგლები ასეთია.

ამიტომ ჩვენ არა მხოლოდ არ ვამთავრებთ აქ ბრძოლას, არამედ იწყება ამ ბრძოლის ბევრად უფრო საინტერესო და ბევრად უფრო მნიშვნელოვანი ეტაპი.

დღეს შემიძლია ღიად ვთქვა, რომ ვარდების რევოლუციის დროს ახალგაზრდობა არ იყო მთავარი მოქმედი პირი. მაშინ იყო ხალხი, რომელიც უბრალოდ დაიღალა გამოუვალი მდგომარეობით და მათი ნაწილი ვიყავი მეც.

ვარდების რევოლუციისგან განსხვავებით, ხვალ ყველა ცვლილების, ყოველი ახალი წინსვლის მთავარი მოქმედი პირი იქნება საქართველოს ახალგაზრდობა...

 

საქართველოს მთავრობამ შეაჩერა თბილისის მთავარი დამცავი თხრილის მშენებლობა. მინდა გითხრათ, რომ ახლა უკვე წინა ზღუეებზე აღარ წყდება ბრძოლა საქართველოსთვის.  საქართველოსთვის ბრძოლა წყდება აქ - იდეოლოგიური ბრძოლა მიდის შიგნით, იდეოლოგიური ბრძოლა მიდის ქართველობის განსაზღვრისთვის. ეს არის ქართველობის განსაზღვრის პუტინური ვერსია - ჩვენ დაგვყოფენ რელიგიური თუ სხვა ნიშნებით, ერთმანეთს გადაგვკიდებენ ეთნიკური ნიშნით. თუ საქართველო იქნება ერთიანი და მთავარ პრინციპებზე ყველა შევთანხმდებით, ჩვენ ვერავინ ვერასდროს ვეღარ დაგვაბრუნებს უკან.

ჩემი განსხვავება პრემიერ-მინისტრ ივანიშვილისგან ისეთივე ხასიათისაა, როგორც განსხვავდება ჩემი და პრეზიდენტ პუტინის მსოფლმხედველობა. პუტინისთვის მე არასდროს მიგინებია - მე მინდოდა თავისუფალი საქართველო და ეს ახლაც მინდა. პუტინს კი ეს არ სურს.

ივანიშვილმა თქვა: მინდა საზოგადოება, რომელსაც მე ვმართავ ზემოდან. მე კი მინდა საზოგადოება, რომელიც იქნება თავისუფალი და თავად მართავს საკუთარ თავს.

როგორი შეუსაბამოც არის ჩემი და პუტინის ხედვა, ისე ვერასდროს ვერ იქნება შეთანხმებული ჩემი და ივანიშვილის ხედვა.

მე უზომოდ მწამს თავისუფლების და მე მწამს საქართველოს მომავლის - ამ ხედვას ალტერნატივა არ აქვს.

ხვალ და ზეგ ნებისმიერი თქვენგანი იქნება ჩემს ადგილას, ააფრიალებს ჩვენს დროშას - თავისუფლების დროშას და საქართველოს საბოლოოდ გაიყვანს სამშვიდობოს ყველა ამ წარსულის გადმონაშთებისგან.

ეს ბრძოლა, რა თქმა უნდა, დაიწყო ამ არჩევნებისთვის, მაგრამ გაგრძელდება არჩევნების შემდეგ.

ყველაფერი წინ არის და ჩვენ ამ ბრძოლაში აუცილებლად გავიმარჯვებთ!

ამაში სრულიად დარწმუნებული ვარ!



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)