Google+

სიახლეები

25.09.2013
საქართველოს პრეზიდენტის გამოსვლა გაეროს გენერალური ასამბლეის 68-ე სესიაზე

ბატონო პრეზიდენტო,

თქვენო აღმატებულებავ,

პატივცემულო დელეგატებო,

ჩემთვის დიდი პატივია ამ ტრიბუნიდან კვლავ წარმოვადგენდე ჩემს საყვარელ ქვეყანას.

გასული ათწლეულის განმავლობაში, როდესაც პატივი მქონდა მომემართა ამ დარბაზისთვის, საქართველო არშემდგარი ქვეყნიდან საბაზრო ეკონომიკის მქონე დემოკრატიულ სახელმწიფოდ გარდაიქმნა.

ჩვენ განვიცადეთ აღმასვლაც და ვარდნაც, გვქონდა გარღვევებიც და შეცდომებიც, მაგრამ მთელი ამ პერიოდის განმავლობაში მსოფლიო ხედავდა ქართველი ხალხის მუდმივ სწრაფვას თავისუფლებისკენ.

დღეს მე თქვენ წინაშე ვდგავარ და გთხოვთ, კიდევ ერთხელ მოისმინოთ იმ ხალხის ხმა, რომლის თავისუფლების სიყვარულიც ყველანაირ პოლიტიკურ, სოციალურ თუ რელიგიურ სხვაობებზე მაღლა დგას.

ხმა, რომელიც - ჩვენს წინაშე კვლავაც არსებული ყველა პრობლემისა და გამოწვევის მიუხედავად - სავსეა იმედით.

ვუცქერ რა დღევანდელ მსოფლიოს, ნამდვილად ვფიქრობ, რომ იმედის ხმა ნამდვილად საჭიროა.

1990-იანი წლების დასაწყისის ოპტიმიზმი, როდესაც ლიბერალური და დემოკრატიული ფასეულობების გავრცელება ბუნებრივად გვეჩვენებოდა, როცა ითქვა, რომ ეს „ისტორიის დასასრული“ იყო, როცა გაერო უნდა გამხდარიყო საბოლოოდ დამშვიდებული მსოფლიოს გული და სული, პესიმიზმისა და ცინიზმის ტალღამ სწორედ ეს ოპტიმიზმი წალეკა.

მაშინ ნიუ იორკში ვსწავლობდი და საშუალება მქონდა სტაჟირება გამევლო გაეროში, რომელიც ოპოტიმიზმით იყო სავსე.

მსოფლიოში მშვიდობამ არ დაისადგურა. გაერო კი არ გახდა გაერთიანებული ერების გული და სული.

ერთ დროს ტრიუმფატორი დასავლური ცივილიზაცია დღეს ცდილობს გაუმკლავდეს ღრმა ეკონომიურ, სოციალურ და მენტალურ კრიზისს.

აღმოსავლეთ ევროპაში, ე.წ. ფერად რევოლუციებს მათ მიერვე რამდენიმე წლის წინათ დამარცხებული ძალები უტევენ.

ახლო აღმოსავლეთში, ქაიროსა და ტუნისში მოზეიმე ხალხის სურათი დამასკოში ქიმიური იარაღით მოწამლული ბავშვების საშინელმა სურათმა ჩაანაცვლა.

იმედგაცრუებისთვის ბევრი მიზეზია, მაგრამ რამდენად გამართლებულია 90 იანი წლების დოგმატური ოპტიმიზმის ასეთივე დოგმატური პესიმიზმით ჩანაცვლება და ყოველგვარი იმედის გაცრუება?

განა იმ ფაქტის გაცნობიერებამ, რომ დემოკრატიისა და თავისუფლების გავრცელება ტიტანურ ბრძოლას მოითხოვს უნდა გვაიძულოს ჩვენი რწმენის და პრინციპების უარყოფა? 

მე დღეს აქ მოვედი რათა გაგიზიაროთ ჩემი ხალხის იმედები და ხმა ავიმაღლო ამ პესიმიზმისა და უიმედობის წინააღმდეგ.

მე მოვედი რათა მივმართო მათ, ვისაც ეეჭვება, ყოყმანობს და აქვს ცდუნება დანებდეს.

თუკი დასავლეთი „მოძველდა“, მაშინ რატომ აფასებს ამდენად ნატოში შესვლის თარიღს მილიონობით პოლონელი, ჩეხი, ესტონელი, რუმინელი თუ სხვა ერი? და რატომ აკაკუნებს მილიონობით ქართველი, უკრაინელი, მოლდოველი თუ სხვა ევროპის კავშირის კარზე?

თუკი თავისუფლება მოდაში აღარაა, მაშინ როგორ ავხსნათ ის, რომ ტუნისში ერთი ადამიანის თვითმკვლელობამ შეცვალა მსოფლიოს რუკა?

არა, ისტორია არ დასრულებულა 1989 თუ 1991 წლებში და ის არასდროს დასრულდება.

თავისუფლება კვლავაც წარმოადგენს მის მამოძრავებელ ძალას და ჰორიზონტს.

ყველგან, სადაც ადამიანებს სურთ თავისუფლების პირობებში ცხოვრება მათ უპირისპირდებიან ტირანიის ძალები.

საკითხავი ისაა - რას ვაპირებთ?  იმას, რომ ვიყოთ დაპირისპირების მონაწილენი თუ მაყურებლის სტატუსით შემოვიფარგლოთ?

პატივცემულო დელეგატებო,

ბატონებო და ქალბატონებო,

ახლა, როცა მე აქ, თქვენს წინაშე ვსაუბრობ, აღმოსავლეთ ევროპის ის ქვეყნები, რომლებიც ესწრაფვიან გახდნენ ევროპული ოჯახის, თავისუფალი და დემოკრატიული სახელმწიფოების თანამეგობრობის წევრები, განიცდიან მუდმივ ზეწოლასა და მუქარას.

სომხეთი კუთხეში მოიმწყვდიეს და აიძულეს საბაჟო კავშირში გაწევრიანება, რაც არ შედის არც მის და არც ჩვენი რეგიონის ინტერესებში. მოლდოვას ბლოკადა გამოუცხადეს, უკრაინას თავს ესხმიან, აზერბაიჯანი განსაკუთრებული ზეწოლის პირისპირა არის დარჩენილი, საქართველო კი - ოკუპირებული...

რატომ? იმიტომ, რომ ძველი იმპერია ცდილობს დაიბრუნოს დაკარგული საზღვრები. თუმცა სიტყვა „საზღვარი“ აქ უადგილოა, რადგან რუსეთის იმპერიას, საბჭოთა კავშირს, რუსეთის ფედერაციას თუ ევრაზიის კავშირს არასდროს ჰქონიათ საზღვრები - მათ მხოლოდ განაპირა მხარეები, ზღვარი ჰქონდათ.

მე დღეს სწორედ ამ „განაპირა მხარეთა“ სახელით ვსაუბრობ.

სახელმწიფოების უმეტესობისგან განსხვავებით, რუსეთის ფედერაცია არ არის  დაინტერესებული გარშემო სტაბილური სახელმწიფოების არსებობით.

მუდმივი ქაოსი და არეულობა მეზობელ ქვეყნებში - ეს არის ის, რასაც ესწრაფვის კრემლი.

ის ფუნდამენტურად უარყოფს საქართველოში, უკრაინასა და მოლდოვაში ძლიერი მთავრობების იდეას, ისეთებისაც კი, რომლებიც მისი ინტერესების მიმართ მეგობრულად იქნება განწყობილი. 

მე არასდროს ვყოფილვარ, როგორც ფრანგები ამბობენ, “La langue de bois”-ს ფანი (ოფიციოზური ენით), მაგრამ დღეს, როდესაც ჩემი მეორე ვადა დასასრულს უახლოვდება, უფრო მეტად მსურს ვთქვა ყველაფერი რასაც ვფიქრობ.

მოდით ვიყოთ სრულიად გახსნილი და დავაკონკრეტოთ არსებული სიტუაცია.

როგორ ფიქრობთ, მაგალითად, სურს თუ არა ვლადიმერ პუტინს ის, რომ სომხეთმა ბოლომდე გაიმარჯვოს აზერბაიჯანზე? არა, რადგან ეს ნიშნავს იმას, რომ სომხეთი ზედმეტად ძლიერი და ზედმეტად დამოუკიდებელი იქნება.

ფიქრობთ თუ არა, რომ საწინააღმდეგოა რეალობა, ანუ მოსკოვს სურს ბაქოს გამარჯვება ერევანზე? რა თქმა უნდა, არა. მოდერნიზებული და დინამიკური აზერბაიჯანის აღზევება რუსი ლიდერებისთვის კოშმარის ტოლფასია.

არა, მათ არც ერთი მხარის გამარჯვება არ სურთ. მათი მიზანი საკუთრივ კონფლიქტია, რადგან ეს უზრუნველყოფს ორივე ქვეყნის დამოკიდებულებას და აფერხებს მათ ევროპულ ინტეგრაციას.

როგორ გგონიათ, განაპირობა თუ არა ნარინჯისფერი რევოლუციის ძალების საარჩევნო მარცხმა მოსკოვის უკრაინისადმი დამოკიდებულების ცვლილება? 

პირიქით. იანუკოვიჩის მთავრობა მუდმივი თავდასხმების ობიექტია და ეს ხდება ყოველდღიურად. რუსეთმა ვილნიუსში დაგეგმილი სამიტის წინ, უკრაინის წინააღმდეგ სავაჭრო ომი წამოიწყო, რუსი თანამდებობის პირები კი ღიად საუბრობენ ამ სახელმწიფოს დაშლის პერსპექტივაზე.

როგორ გგონიათ, არის თუ არა კრემლი მზად, განიხილოს აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დეოკუპაციის საკითხი დღეს, როცა მთავრობა უკვე შეიცვალა თბილისში? სულაც არა! ქართული მიწის ანექსია რუსული ჯარის მიერ კვლავაც გრძელდება.

გუშინ, უკუპანტებმა დღისით, მზისით და სრულიად დაუსჯელად საქართველოს მოქალაქეები კვლავ გააძევეს საკუთარი სახლებიდან და სოფლებიდან, სადაც მრავალი თაობის განმავლობაში ცხოვრობდნენ, დაიკავეს წინაპრების საფლავები და საწრყავი სისტემები.

საქართველოს მთავრობის მიერ ბოლო კვირებისა თუ თვეებში გაკეთებული მეგობრული განცხადებების მიუხედავად, რუსული საოკუპაციო ძალები აგრძელებენ წინსვლას, ხალხს ყოფენ მავთულხლართებით,  საფრთხეს უქმნიან ჩვენს ეკონომიკას მიიწევენ ბაქო-სუფსის ნავთობსადენისა და საქართველოს მთავარი გზატკეცილისკენ, რითაც კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებენ ჩვენი ქვეყნის მდგრადობას.

ჩვენ ერთ-ერთი ვართ იმ რამდენიმე ქვეყანას შორის (და ეს მეამაყება), რომელმაც გაუძლო რუსეთის ფართომასშტაბიან შემოტევას. ჩვენ ასევე ვართ ერთადერთი ქვეყანა, რომელმაც შეინარჩუნა სახელმწიფოებრიობა, დამოუკიდებლობა და გადარჩა მიუხედავად იმისა, რომ თავს დაგვესხა 10 ათას კაციანი ძლიერი რუსული არმია. მათ დაგვბომბეს 200 თვითმფრინავით, შემოგვიტიეს შავი ზღვის ფლოტით და ათობით ათასი დაქირავებული მებრძოლით. ყოველივე ამას გაუძლო ჩვენმა დამოუკიდებლობამ და სახელმწიფოებრიობამ. მოდით, ნუღარ დავაყენებთ რისკის ქვეშ მშვიდობას. ჩვენ გადავრჩით, რადგან ვიყავით ერთიანი და მხარში გვედგა იდგა მსოფლიო. იმედი მაქვს, მსოფლიო კვლავაც ჩვენს გვერდით დადგება, როდესაც ასეთ ზეწოლას კვლავ მიმართავენ.

დღეს აქ მოვედი ქართველი ხალხის სახელით და საერთაშორისო გაერთიანებას გთხოვთ, ამ აგრესიაზე  მოახდინოთ მკაცრი რეაგირება და გაგვიწიოთ დახმარება დავასრულოთ რუსეთის ანექსია ჩვენს მიწაზე.

ვლადიმერ პუტინის ზიზღი იმ მთავრობის მიმართ, რომლის მეთაურობის პატივი მე თითქმის ერთი ათწლეულის განმავლობაში მქონდა, არ არის განპირობებული პირადული ანტიპატიითა თუ კულტურული გაუგებრობით. ყველა მსგავსი ინტერპრეტაცია მხოლოდ და მხოლოდ შირმაა.

ჩემი წინამორბედი, პრეზიდენტი შევარდნაძე საბჭოთა ნომენკლატურის წრიდან გამოვიდა. იგი ხელისუფლებაში 90-იან წლებში რუსეთის პირდაპირი დახმარებით  სამხედრო გადატრიალების გზით დაბრუნდა. ჩემგან განსხვავებით, იგი კარგად იყო ცნობილი საკუთარი საბჭოთა დიპლომატიური უნარებით. ყოველივე ამის მიუხედავად, რუსეთი მუდმივად ცდილობდა ძირი გამოეთხარა მისი ხელისუფლებისთვის და მასზე რამდენჯერმე თავდასხმაც მოაწყო.

ეს ამბავი არ არის გამსახურდიას, შევარდნაძის, სააკაშვილის თუ ივანიშვილის შესახებ. 

რეალურად, სახელებს დიდი მნიშვნელობა არ აქვს.

საქმე საქართველოს სახელმწიფოებრიობის მომავალს შეეხება.

რატომ? იმიტომ, რომ რუსეთის დღევანდელმა მმართველებმა კარგად იციან, როგორც კი მყარი ინსტიტუტები აშენდება უკრაინაში, საქართველოში, მოლდოვასა თუ სხვაგან -  ეს ინსტიტუტები ასახავენ და გააძლიერებენ ამ ქვეყნების ხალხთა სურვილს, იყვნენ ჭეშმარიტად დამოუკიდებელი და ევროპული ოჯახის ნაწილი. 

სწორედ ამიტომ მიიჩნიეს წარმატებული რეფორმებისა და ნამდვილი სახელმწიფოს მშენებლობის ქართული გამოცდილება, ერთგვარ ვირუსად, რომელიც მთელი ყოფილი საბჭოთა კავშირის „ინფიცირებას“ მოახდენდა; ვირუსად, რომელიც უნდა ამოიძირკვოს ყველა შესაძლო საშუალებით. მაშინ, როდესაც ერთ დროს არშემდგარი, ყველაზე კორუმპირებული და კრიმინალიზებული ქვეყანა გავხდით ყველაზე ნაკლებად კორუმპირებული მთელ ევროპაში, მსოფლიოს ნომერ პირველი რეფორმატორი - მსოფლიო ბანკის მიხედვით და საუკეთესო ადგილი ბიზნესის საკეთებლად.

სწორედ ამიტომ ქართველ ხალხს დაუწესეს ემბარგო, თავს მოახვიეს ომი და ოკუპაცია -  ყველაფერი 2006 წლის შემდეგ.

სწორედ ამიტომაა ქართველი ხალხის წინააღმდეგობა და ქართული დემოკრატიის გადარჩენის უნარი ასე მნიშვნელოვანი მთელი რეგიონისთვის.

ქალბატონებო და ბატონებო,

ჩვენს რეგიონში ევროკავშირისა და ნატოს მიერ, რომელიც ჩვენი ხალხის ნებაზე დაფუძნებული,  მიღწეული წინსვლის წინააღმდეგ ბრძოლა სულ უფრო ინტენსიური ხდება.

ამ პროგრესის წინააღმდეგ მიმართულ ძალისხმევას საკუთარი სახელიც აქვს: ევრაზიული კავშირი.

ცუდად მხდის, როდესაც „კაგებე“-ს ოფიცერი ვლადიმერ პუტინი მსოფლიოს უკითხავს ლექციას თავისუფლებაზე, ღირებულებებსა და დემოკრატიაზე. ამის გაკეთება სწორედ რომ არ შეუძლია მას, როგორც უკანასკნელი იმპერიის დიქტატორ ლიდერს.

ევრაზიული კავშირი შეიქმნა როგორც ევროპის კავშირის ალტერნატივა, რომელსაც ვლადიმერ პუტინი საკუთარი პრეზიდენტობის მთავარ პროექტად განიხილავს. ეს არის ახალი რუსული იმპერია, მაგრამ ეს პროექტი მის ლექციებზე უფრო საშიშია.

ევროპულ და ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციას დიდი დრო და უზარმაზარი ძალისხმევა სჭირდება.  შეიძლება რაღაც მომენტში იფიქრო კიდეც, რომ მირაჟის მიღწევას ცდილობ - საფრთხეები უფრო პირდაპირია და ეგზისტენციალური; ზეწოლა სულ უფრო ძლიერდება; ამავე დროს, დაპირებები ბუნდოვანია და ასე შორს. ვინმე საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ შეიძლება უბრალოდ დაიღალოს და იკითხოს: რატომაც არა ევროკავშირს?

დღეს, მე მსურს ავხსნა, სწორედ, რატომ  - არა.

საგარეო პოლიტიკისა თუ ალიანსების არჩევანზე მეტად, დღეს ჩვენი ქვეყნები მომავლის განმსაზღვრელი არჩევანის წინაშე დგანან. 

ჩვენმა ხალხმა უნდა გადაწყვიტოს - თუკი მისთვის მისაღებია შიშისა და კრიმინალის პირობებში ცხოვრება; ცხოვრება ისეთ სამყაროში სადაც განსხვავებულობა აღიქმება როგორც საფრთხე და უმცირესობები კი  როგორც ჩაგვრის ობიექტები; სამყაროში სადაც პოლიტიკური ოპონენტები განიცდიან შერჩევით სამართალსა ფიზიკურ შეურაცხყოფას; სამყარო, რომელსაც, ბატონებო და ქალბატონებო, ძალიან კარგად ვიცნობთ  რადგან ჩვენ სწორედ იქ ვცხოვრობდით.

ევრაზიული კავშირი წარმოადგენს ჩვენს ახლო წარსულსაც და, მომავალსაც, რომელსაც მოსკოვში ჩვენ „კაგებე“-ს ყოფილი ოფიცრები გვიმზადებენ.

ამის საპირისპიროდ, ჩვენი აღორძინებული ტრადიციები და მრავალსაუკუნოვანი მისწრაფებები მიგვიძღვებიან სრულიად სხვა სამყაროსკენ, რომელსაც ევროპა ეწოდება.

ევროპული საზოგადოებებიც შორსაა სრულყოფილებისგან. იქაც შეხვდებით შიშს, ეჭვებს, სიბრაზესა და ზიზღსაც კი, სოციალურ უთანასწორობას.

მაგრამ იქ მერიტოკრატია ნეპოტიზმზე მაღლა დგას, საზოგადოებრივი ცხოვრების ფუნდამენტი კი ტოლერანტობაა. ამჟამინდელი ოპონენტები მომავალი მინისტრები არიან, რომელებსაც არც ციხეში სვამს ვინმე და არც ფიზიკურად უსწორდება.

თუ კი ამგვარად შევხედავთ, აღმოსავლეთ ევროპის ხალხებისთვის არჩევანი იმდენად აშკარაა,  რომ კრემლის ზოგიერთმა სტრატეგმა (რომლებიც საკუთარ თავს პოლიტტექნოლოგებს უწოდებენ) გადაწყვიტა საერთოდ გააუქმოს სიმართლე და უფრო მძაფრად გაავრცელონ ათასგვარი სიცრუე საქართველოში, უკრაინაში, მოლდოვასა თუ სხვაგან.

ჩვენს ქვეყნებში ისინი, მეხუთე კოლონების საშუალებით, ნერგავენ სტერეოტიპს რომლის ფარგლებში ევროპის კავშირი გაიგივებულია ოჯახის ფასეულობების, ეროვნული ტრადიციების დამანგრეველებთან, განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის თავს მოხვევასთან და ტრადიციული რელიგიის განადგურებასთან.

უცნაურია, მაგრამ ბოლო თვეების განმავლობაში კიევში, თბილისსა თუ კიშინიოვში ჩვენ მოსკოვში დაწერილი ერთი და იგივე მახინჯი ჰანგები გვესმის, გვესმის რომ თითქოს ჩვენი ტრადიციები იმსხვრევა დასავლეთის გავლენის გამო; რომ ეკლესიები გადაიქცევა დისნეილენდებად და რომ ქრისტიანულ დღესასწაულებს გეიპარადებით ჩაანაცვლებს; და რომ ჩვენი მართლმადიდებლური იდენტობა საფრთხეშია.

დაბოლოს, - ვითომც არაფერი - გვესმის რომ ჩვენს ყოფილ ბატონებთან გვაერთიანებს საერთო პატივისცემა წესიერებისა და ტრადიციების მიმართ.

ნუთუ მართლა ასეთი გულუბრყვილონი ვართ, რომ დავიჯეროთ ეს ტყუილები, როგორც წინა თაობები იჯერებდნენ და საშუალება მივცეთ მოსკოვს გაიტაცოს ჩვენი სუვერენიტეტი?

ნუთუ შეგვიძლია, ასე უსამართლო ვიყოთ ჩვენი წინაპრების მიმართ და ვიფიქროთ, რომ მათ პატივი მიეგებათ იმ შემთხვევაში, თუ თავს დავესხმებით რომელიმე მეჩეთს? 

ნუთუ ასე არ ვიცნობთ საკუთარ ისტორიას, რომ დავუშვათ მისი უსასრულოდ გამეორება?

როცა ჩვენ ვისმენთ რუსი იმპერიალისტების მიერ ნამღერ მართლმადიდებლური ძმობის ყალბ მუსიკას, რატომ არ შეგვიძლია გავიგონოთ მათ მიერვე მოკლული პატრიარქ კირიონისა თუ ნაწამები საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის ამბროსი ხელაიას მარადიული ხმები? ის მხოლოდ იმიტომ აწამეს, რომ ჟენევის კონფერენციას მიმართა და საკუთარ ქვეყანაში დამპყრობლების შეჭრა გააპროტესტა. დაკითხვისას, მან ეს სიტყვები წარმოთქვა: „ჩემი სული ღმერთს ეკუთვნის, ჩემი გული სამშობლოს, ჩემი გვამი კი თქვენთვის დამითმია, ჯალათებო!“

ნუთუ ისე დავყრუვდით, რომ არ გვსურს გავიგოთ რუსი იმპერიალისტებისა და კომუნისტების მიერ მოკლული ეპისკოპოსებისა და მღვდლების ხმები? ნუთუ ისეთი გაუნათლებლები ვართ, რომ არ გვახსოვს ვინ გადაღება ჩვენი ტაძრები და წაშალა ჩვენი წმინდა ფრესკები? ნუთუ ისეთი ბრმები ვართ, რომ ვერ დავინახოთ როგორ გაანადგურეს ჩვენი ტაძრები ოკუპირებულ ტერიტორიებზე იმავე ხალხმა, რომელმაც გაანადგურეს ჩვენი ეკლესიები მე-19 საუკუნეში?

ისტორიის ცოდნა აუცილებელია. ჩვენი ისტორია კი გვასწავლის იმას, რომ ტოლერანტობა ჩვენს რეგიონში ჩვენივე სუვერენიტეტის საფუძველია. ტოლერანტობა არაა მხოლოდ მორალური ვალდებულება, იგი ეროვნული უსაფრთხოების საკითხიცაა.

უნდა ვიცოდეთ ისტორია და გავიგოთ, რომ ძველი იმპერიული პრინციპი „დაყავი და იბატონე“ დღეს გამოიყენება ისე, როგორც გამოიყენებოდა ორი საუკუნის წინათ.

შეხედეთ ჩვენს რეგიონს დღეს. ვინც იცის კავკასიის რეგიონის ისტორია, ემახსოვრება, რომ სომხურ-აზერბაიჯანული სისხლისღვრა, რომელიც 1905 წელს მოხდა, პირდაპირ იყო მანიპულირებული ცარისტული ადმინისტრაციის მიერ. განა არ შეგვიძლია ეს შევადაროთ 1980-იანი წლების ბოლოს ყარაბაღის კონფლიქტის გაჩაღების დასაწყისს?

რუსეთის არმია იქ იყო, თანაც დიდი რაოდენობით და მის თვალწინ დაიწყო ომი. ისინი ორივე მხარეს თავს აჩვენებდნენ, რომ ეხმარებოდნენ, რეალურად კი კონფლიქტს აღვივებდნენ.

ვინც იცის ისტორია, ადვილად გაიხსენებს - ისევე როგორც ვიხსენებ მე -  აფხაზეთში ომის დაწყებას 1990-იანი წლების დამდეგს, როდესაც ქართული ნახევრადგასამხედროებული ფორმირებები იარაღს იღებდნენ იმავე რუსული ჯარისგან, რომელიც, თავის მხრივ, მოუძღოდა აფხაზურ ფორმირებებსა და ჩეჩენ დაქირავებულ მებრძოლებს, რათა ჩაეკლათ სამხრეთ და ჩრდილოეთ კავკასიის ხალხების ყოველგვარი სოლიდარობის გრძნობა. 

ეს ხდებოდა ზუსტად ისე, როგორც ასი წლით ადრე, როდესაც ქართველი ოფიცრები იგზავნებოდნენ ჩეჩენი, ინგუში თუ დაღესტნელი ხალხების წინააღმდეგ რუსეთის ომებში ბრძოლის წინა ხაზზე.

შეგვიძლია ისტორიის სხვადასხვა მონაკვეთებში სხვა პერიფერიულ ქვეყნებს გადავხედოთ - მაგალითად, პოლონეთსა და უკრაინას - და ზუსტად იგივე სურათს გადავაწყდებით. იმპერია ცეცხლს უნთებდა დამონებულ ხალხებს შორის ურთიერთობებს და ყოფდა მათ ფანატიკური ანტაგონიზმის კედლით. 

სამწუხაროდ, ასეთი მიდგომა ამართლებდა. კიდევ უფრო სამწუხაროა ის, რომ იგი დღესაც მუშაობს.

ბატონებო და ქალბატონებო, 

პატივცემულო დელეგატებო,

ევროპის კავშირი - ბოლო ათწლეულების ყველაზე დიდი პოლიტიკური წარმატება - აგებულია სამ საყრდენზე, რომელთაც სამი „უარყოფაც“ შეგვიძლია ვუწოდოთ:

პირველი: რადიკალური ნაციონალიზმის უარყოფა, რომელმაც ევროპა ორჯერ მიიყვანა კოლექტიურ თვითმკვლელობის ზღვარზე ორი მსოფლიო ომის სახითა და ნაციზმის  საშინელებებამდე;

მეორე: კომუნიზმის უარყოფა, რომლის გავრცელების საშიშროება იყო კონტინენტზე;

მესამე - იმპერიალიზმისა და კოლონიალიზმის უარყოფა.

ბევრ თქვენგანს კარგად ახსოვს და მტკივნეულადაც, რადგან თქვენ თავად იყავით ბრიტანეთისა და საფრანგეთის იმპერიალიზმის მსხვერპლი. ბრიტანეთისა და საფრანგეთის იმპერიებს ამ მესამე უარყოფის მიღებისთვის დრო დასჭირდათ. მაგრამ კოლონიებზე უარის თქმა იყო მოდერნიზაციის და დემოკრატიის განვითარების, ისევე როგორც ევროპული ინტეგრაციის რეალური ხორცშესხმის ფასი. 

ევრაზიული კავშირი კი დაფუძნებულია ზუსტად საპირისპირო პოსტულატებზე.

იგი ეყრდნობა დაპირისპირებას, მას სათავეში უდგას ძველი „კაგებე“-ს სტრუქტურები და მიზნად ისახავს ძველი იმპერიის გაცოცხლებას. 

სწორედ ამიტომ, ევრაზიულ კავშირში შესვლა ძალიან ადვილია. არ არსებობს პოლიტიკური, სოციალური თუ ეკონომიკური კრიტერიუმები. კოლონიად გახდომა სინამდვილეში საერთოდ არ საჭიროებს არანაირ ძალისხმევას. პასიურობა და არაფრით არ გამორჩეულობა, ეროვნული სიამაყის არქონა მთავარი კრიტერიუმია. მონობის სურვილი კიდევ სხვა საქმეა.

მეორე მხრივ, ევროპის კავშირში, ანუ ნამდვილ გაერთიანებაში, მოხვედრას ტიტანური ძალისხმევა სჭირდება, რათა დაკმაყოფილდეს ზუსტი კრიტერიუმები, რომლებზეც დგას ევროპის კავშირი.

ამდენად, მათ, ვისაც ამასთან დაკავშირებით ეჭვები აქვთ, მსურს ვუთხრა: სწორედ იმიტომაც, რომ ევროპის კავშირში გაერთიანება მოითხოვს ძალისხმევას და სერიოზული კრიტერიუმების დაკმაყოფილებას. სწორედ იმიტომ, რომ ევროპის კავშირი არ ცდილობს ჩვენს ჩაყლაპვას (როცა მეორე კავშირი სწორედ ამაზე ოცნებობს), ჩვენი არჩევანი ცხადზე ცხადია.

ამავე დროს, ამ არჩევანის სიცხადის გასამყარებლად უკეთესი არგუმენტიც არსებობს.

კერძოდ ის, რომ რუსული პროექტი განწირულია წარუმატებლობისთვის. 

დღევანდელ დღეს ვერც ერთი იმპერია ვერ იარსებებს, მით უმეტეს, რუსული.

თუ ჩვენ შევხედავთ ისტორიას, ბრიტანეთმა და საფრანგეთმა კოლონიები დაკარგეს არა მხოლოდ იმიტომ, რომ კოლონიები იბრძოდნენ დამოუკიდებლობისთვის, არამედ იმიტომაც, რომ პარიზსა და ლონდონში აღარ სჯეროდათ იმპერიის. 

ეს იმპერიები ეჭვქვეშ დადგა, როგორც პერიფერიაში, ისე ცენტრებში.

სწორედ ეს ხდება ამჟამად რუსეთში.

იმპერიული ოცნების უარყოფა, როგორც ვნახეთ,  ჯერ პერიფერიებზე ხდება, მაგრამ მთავარი ისაა რომ იმპერიას უარყოფენ ცენტრშიც.

ამგვარი უარყოფა თავს ავლენს არა მხოლოდ სახალხო პროტესტში ან რუსეთის დიდ ქალაქებში ოპოზიციის მზარდ მხარდაჭერაში.

ეს უარყოფა უპირველესად რუსული ელიტების მხრიდან პუტინის ამ პროექტის მიმართ ცინიკურ დამოკიდებულებაში ვლინდება.

სწორედ იმ ხალხს არ სწამს ამ პროექტის, რომელიც უნდა ემსახუროს მას.

ამგვარად, როგორც განაპირა ქვეყნებში, ისე ცენტრში უარყოფის შედეგად, იმპერიალისტური გზა ჩიხში შედის, ევრაზიული კავშირი კი კრახს განიცდის. რუსეთი ჩამოყალიბდება ერ-სახელმწიფოდ, რომელსაც განაპირა მხარეების ნაცვლად ექნება ნამდვილი საზღვრები. ის იქნება ნამდვილი ქვეყანა ნამდვილი საზღვრებით.

სწორედ ამის შემდეგ დაიწყებს იგი მეზობლებთან სტაბილური ურთიერთობის ჩამოყალიბებას.

სწორედ ამის შემდეგ ჩაანაცვლებს თანამშრომლობა დაპირისპირებას.

ეს მოხდება უფრო სწრაფად, ვიდრე ბევრ ადამიანს ჰგონია. აქედან იხეირებენ განაპირა ქვეყნები, მაგრამ ყველაზე მეტად ამით რუსი ხალხი მოიგებს.

ეს მოხდება იმიტომ, რომ რუსეთის მოქალაქეთა იმ თაობისთვის, რომელიც მსოფლიოში ინტერნეტის ერთ-ერთი ყველაზე აქტიური მომხმარებელია, იმპერიული პროექტი აბსურდია.

ეს მოხდება იმიტომ, რომ ეთნიკური დისკრიმინაცია, რომელიც რუსეთის ტერიტორიაზე არსებობს, ვერ მოახდენს კონსოლიდირებას და ვერ გახდის რუსეთს ერთიან სახელმწიფოდ.

ეს მოხდება იმიტომ, რომ ნავთობისა და გაზის უსასრულო რესურსებით განპირობებულ შემოსავალს, საფრთხეს უქმნის ფიქლის გაზისა და ნავთობის მოპოვების პერსპექტივა. ფიქლის გაზის რევოლუცია ნამდვილად უთხრის ძირს მსოფლიოს უკანასკნელ ავტორიტარულ იმპერიას.

ეს მოხდება იმიტომ, რომ გაზი ვერ ჩაანაცვლებს ეკონომიკურ მოდერნიზაციას.

ეს მოხდება კორუფციისა და სამართლიანობის არარსებობის გამო.

ეს მოხდება იმიტომ რომ მთელი რეგიონები გაუცხოვდა დისკრიმინაციის, ძალადობის გამო; რადგან ჩეჩნეთი, ინგუშეთი, დაღესტანი, სათათრეთი თუ სხვა ადგილები იმდენად შევიწროვებული არიან, რომ თავს მოსკოვთან ერთიანი პროექტის წევრებად აღარ გრძნობენ.

ეს მოხდება იმიტომ, რომ ფრუსტრაცია, სიბრაზე და ზიზღი ძალიან ძლიერია,  გამაერთიანებელი იდეალი კი პრაქტიკულად არ არსებობს.

ეს მოხდება არა მომავალ ათწლეულებში, არამედ უახლოეს წლებში.

რამდენიმე წელიწადში, თქვენ გაიხსენებთ ჩემს სიტყვებს, ვლადიმერ პუტინი წავა კრემლიდან და გაქრება რუსული პოლიტიკიდან, მიუხედავად იმისა, რომ კიდევ 20 წელიწადი და მეტი აპირებს რუსულ პოლიტიკაში დარჩენას.

რუსეთის მოქალაქეთათვის იგი დარჩება წარსულის მოჩვენებად - იმპერიის, კორუფციისა და ჩაგვრის აჩრდილად.

არავინ უწყის ეს პროცესი მშვიდობიანი იქნება თუ ძალადობრივი. არავინ უწყის პუტინის მემკვიდრე ლიბერალი იქნება, ნაციონალისტი თუ ორივე. აქ მთავარი სხვა რამ არის: რუსეთი აღარ იქნება იმპერია და იგი გადაიქცევა ნორმალურ სახელმწიფოდ.

ეს ის პერსპექტივაა, რომლისთვისაც ყველა ერთად უნდა მოვემზადოთ.

პარალელურად, მაშინ, როდესაც ჩვენი რეგიონი რჩება კონფრონტაციის კერად, ყოფილი დამონებული ერები დაპირისპირების ნაცვლად, უნდა გაერთიანდნენ.

წარსულში, ზოგიერთ  ლიდერებსა და ქვეყნებს, მაგალითად იოსებ პილსუდსკის პოლონეთს, რომელიც ყველა ჩაგრულ ერს პოლონეთის თავისუფლების დროშის ქვეშ იხმობდა, ემოდათ, რომ ერთი ქვეყნის თავისუფლება დამოკიდებული იყო ყველა ჩაგრული ერის თავისუფლებაზეც.

თუმცა არასდროს ჩვენს წინაპრებს არ უხეირიათ ისეთი დიდი ძალისგან, რომელსაც კარგად ესმის საკუთარი სტრატეგიული ინტერესი - შენარჩუნდეს ჩვენი სუვერენიტეტი - ეს ძალა კი არის ევროპის კავშირი.

დღეს, ვილნიუსის აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტამდე ცოტა ხნით ადრე მსურს გავიმეორო მოწოდება, რომელიც ბოლო წლების განმავლობაში რამდენჯერმე გავაკეთე.

აღმოსავლეთ პარტნიორობის შექმნით, როგორც 2008 წელს რუსეთის მიერ საქართველოზე თავდასხმის პასუხი, ევროპის კავშირმა ჩვენს ქვეყნებს მისი ქოლგის ქვეშ თანამშრომლობის შესანიშნავი პლატფორმა შესთავაზა. ამ წამოწყებაში ჩვენ მეტი ძალისხმევა უნდა ჩავდოთ. უნდა განვავითაროთ ერთობლივი პროექტები, უპირველესად, ერთად განსახორციელებელ რეფორმებზე ფოკუსირებით.

იმიტომ, რომ ყველა ჩვენგანისთვის რეფორმები ნიშნავს სახელმწიფოებრიობასა და დამოუკიდებლობას.

ეკატერინე მეორეს ეს შესანიშნავად ესმოდა. როდესაც პოლონეთმა ფრანგული და ბრიტანული განმანათლებლობის კვალდაკვალ რეფორმების გატარება დაიწყო, მან ფრიდრიხ დიდს (პრუსიის მეფეს) გრძელი საიდუმლო წერილი მისწერა.

ეს წერილი დღესაც რჩება იმპერიალისტური პროექტის ბუნებისა და სტრატეგიის ერთ-ერთ ყველაზე შთამბეჭდავ აღწერილობად.

წერილის თანახმად, პოლონეთში მიმდინარე რეფორმები საფრთხეს უქმნიდა როგორც რუსეთს, ისე პრუსიას, რადგან ისინი პოლონეთს გადააქცევდნენ ნამდვილ სახელმწიფოდ. ამიტომ აუცილებელი იყო მათი შეჩერება. საჭირო იყო პოლონეთზე თავდასხმა, მისი გაყოფა მანამ, სანამ რეფორმები სრულად განხორციელდებოდა, რადგან ამ ქვეყნის ოკუპირებას ვეღარასდროს შეძლებდნენ.

ეს წერილი არ იქნება ძალიან უცხო მათთვის, ვინც კარგად უწყის რამდენად ემტერებოდა ვლადიმერ პუტინი ქართულ გამოცდილებას ბოლო ათწლეულის განმავლობაში.

რუსების უმრავლესობა სვამდა შეკითხვას - თუ ერთ დროს კორუფციით, კრიმინალით და მაფიით მოცულმა არშემდგარმა და დანაწევრებულმა საქართველომ შეძლო წარმატების მიღწევა, რატომ არ შეუძლია ამის გაკეთება თავად რუსეთს? ეს იყო იდეოლოგიურად საშიში პროექტი.

პირველად კავკასიაში შენდებოდა ნამდვილი, ეფექტური ერი-სახელმწიფო და ამიტომ აუცილებელი იყო რეფორმების განადგურება მანამ, სანამ ისინი საბოლოო გამოიღებდნენ ნაყოფს.

ბატონებო და ქალბატონებო,

აღმოსავლეთ ევროპაში, მათ შორის გაყოფილ კავკასიაში, ჩვენი მმართველობის  ფორმა უნდა იყოს ერთიანობა.

მე გავიხსენე აფხაზეთში ომის დასაწყისი მაგრამ მსურს ასევე გავიხსენო უფრო ადრინდელი, კავკასიის ისტორიისთვის სიმბოლიზმით აღსავსე სცენა.

რუსეთის იმპერიის წინააღმდეგ შამილის აჯანყების ბოლოს, როცა თავად შამილი ტყვედ ჩაბარდა, ჩეჩენი მეთაური ბაიორონგური დაიჭრა და ასევე ტყვედ ჩავარდა.

მისი ჩამოხრჩობის წინ, რუსმა ოფიცრებმა მისი დაღესტნელები შეკრიბეს და ერთ-ერთს იმ სკამის გამოცლა მოთხოვეს რომელზეც სასიკვდილოდ განწირული მეთაური იდგა. ამგვარად, მათ სურდათ ადგილობრივებს შორის ჩამოეგდოთ შუღლი. ამის შემხედვარე ბაიორონგურმა სკამი თავად გადააგდო. აკრძალული თვითმკვლელობით, მან მეზობლებს შორის შუღლი აიცილა თავიდან.

ამ ერთი წარუმატებლობის ფონზე რამდენჯერ გამართლებია იმპერიას კავკასიელ ერებს შორის შუღლის ჩამოგდების ტაქტიკა?

ეს უნდა დასრულდეს. სწორედ ამიტომ, ჩემი პრეზიდენტობის დროს წამოვიწყეთ რამდენიმე პროექტი, რომელიც მომართული იყო ჩრდილოეთ და სამხრეთ კავკასიას შორის ადამიანური კონტაქტების გახშირებაზე, საუნივერსიტეტო გაცვლასა და საგანმანათლებლო პროექტებზე.

ამიტომ აღიარა საქართველოს პარლამენტმა ჩერქეზი ხალხის გენოციდი, რომელიც ბევრისთვის ისტორიის უცნობ ფურცელს წარმოადგენს. მთელი ერი ამოხოცეს, რადგან მათი მიწა რუსებს სჭირდებოდათ.

ჩვენ უნდა განვაგრძოთ ეს მცირე ძალისხმევა.

აუცილებელია, მოვემზადოთ იმ დროისთვის, როცა იმპერია ჩამოიშლება, რათა მისი ზიზღის მემკვიდრეობა სწრაფად იყოს დაძლეული.

სწორედ ამიტომ, ჩვენ, როგორც საქართველოს მოქალაქეები, უნდა მოვემზადოთ იმ დროისთვის, როცა რუსეთის ჯარები დატოვებენ ჩვენს ოკუპირებულ ტერიტორიებს - ცხინვალსა და სოხუმს.

უნდა მოვემზადოთ, რათა ხელგაშლად მივიღოთ უკან ჩვენი აფხაზი და ოსი თანამოქალაქეები, არა როგორც ჩვენი მტრები, არამედ როგორც დები და ძმები.

ჩვენ უნდა მოვემზადოთ, რომ ნახევარი მილიონზე მეტი ქართველი თუ სხვა ეთნიკური წარმომავლობის დევნილად ქცეული ადამიანი დაუბრუნდეს საკუთარ მიტოვებულ სახლებს.

იმიტომ, რომ ეს დრო უფრო მალე დადგება, ვიდრე გვგონია.

ბატონებო და ქალბატონებო!

ჩემი მეორე საპრეზიდენტო ვადის დასასრულს, მინდა ვიამაყო იმ მიღწევებით, რომელთაც საქართველომ ამ პერიოდში მიაღწია.

ჩვენ საქართველო, პირდაპირი გაგებით, წყვდიადიდან გამოვიყვანეთ. ჩვენ საქართველოს საჯარო სამსახურს შევძინეთ უპრეცედენტო გამჭვირვალობა, ჩვენი შვილები დავაბრუნეთ სკოლებში, რომლებიდანაც განვდევნეთ ბანდები. ჩვენ ჩვენი ქვეყანა ევროპულ ოცნებას დაუახლოვეთ მეტად, ვიდრე ოდესმე. ჩვენ დაუღალავად ვმუშაობდით ტოლერანტობის სულისკვეთების ასაღორძინებლად, რომელიც ჩვენს ქვეყანას წარსული დიდების დროს ყოველთვის წინ უძღოდა.

ჩვენ ბევრი კარგი რამ გავაკეთეთ. როდესაც ხელისუფლებაში მოვედი ყველაზე ახალგაზრდა პრეზიდენტი ვიყავი მსოფლიოში, ამიტომ როგორც ნებისმიერ ლიდერს, კარგად მესმის რომ ზოგიერთი რამ ძალიან დიდი საფასურის შედეგად გაკეთდა ჩვენი გამოუცდელობის გამო. ჩვენს აჩქარებულ მცდელობებში რომ დაგვემყარებინა ახალი რეალობა, რომელიც პასუხს გასცემდა შიდა და გარე საფრთხეებს, შეცდომებიც დავუშვით და ხანდახან გზაც მოვჭერით.

ზოგჯერ ძალიან შორს წავედით, ზოგჯერ კი - არასაკმარისად შორს.

მე სრულად ვიღებ პასუხისმგებლობას ყველა ნაკლოვანებაზე. და გულთან ახლოს მიმაქვს ყველა იმ ადამიანის აზრი, რომელიც მიიჩნევს, რომ საკმარისად ვერ იხეირა ჩვენს მიერ გაწეული სამუშაოთი ან ვინც თავს ჩვენი რადიკალური მეთოდების მსხვერპლად თვლის.

მსურს მივმართო საქართველოს ყველა მოქალაქეს  - ვინც მხარს უჭერდა ჩვენს პროექტს, პოლიტიკასა და პარტიას და მათაც, ვინც უარყოფდა მათ -  თუ რაოდენ ამაყი ვარ მათი მოწიფულობით  და სიმამაცით, რაოდენ მოკრძალებით ვუცქერ მათ მიერ გაღებულ მსხვერპლსა და ძალისხმევას. ჩვენ დავპირდით ამ პროექტს, მაგრამ არ გვითქვამს, რომ მისი განხორციელება მარტივი იქნებოდა. 

მსურს ვუთხრა მათ, რომ ისინი ყოველთვის უნდა დარჩნენ ერად, რომელსაც თავისუფლებისა და ღირსების სიყვარული აერთიანებს.

ჩვენ ვართ და უნდა დავრჩეთ ჩვენი ჯარისკაცების მიერ ავღანეთში გაღებული მსხვერპლის მიმართ უდიდესი მოწიწებით გაერთიანებულ ერად, ერად რომელიც იზიარებს ჭირსაც, როცა იკარგება ჯარისკაცის სიცოცხლე და ამაყობს მათი სიმამაცით.

ჩვენ ვართ ერი, რომელიც ამაყობს თავისი ჯარისკაცებით. ისინი წინ აღუდგნენ ასჯერ უფრო მრავალრიცხოვან რუს დამპყრობელს და მოგვცეს დრო მსოფლიოსთან ერთად მოგვეხდინა მობილიზება და დაგვეცვა ჩვენი დამოუკიდებლობა, რაც მე-20 საუკუნეში ჩვენზე დიდმა ქვეყნებმა ვერ შეძლეს.

ჩვენ ვართ და უნდა დავრჩეთ ერად რომელიც ერთიანია ისტორიული მიზნის მისაღწევად - თავისუფალი და დემოკრატიული ერების ევროპულ ოჯახში შესაბიჯებლად, ოჯახში, რომლისგან არასდროს უნდა განვეცალკევებინეთ - ჩვენს ოჯახში.

რეგიონული ერთიანობის, თავისუფლებისა და ევროპული ინტეგრაციის ჩვენი გზა  ჯერ კიდევ შორს არის დასრულებისგან და მისი საბოლოო წარმატებისთვის, მუხლჩაუხრელად ვაპირებ მუშაობას როგორც ამაყი ერის ამაყი მოქალაქე. 

დიდი მადლობა.



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)