სამწუხაროდ, უკვე მერამდენედ გვიწევს იმის კონსტატირება, რომ საქართველოს დღევანდელი ხელისუფლების ქცევა და განცხადებები მხოლოდ სამი მიზეზით არის განპირობებული. ესენია ტყუილი, არაკომპეტენტურობა და უშინაარსო და იაფფასიანი პოპულიზმი. გაოცებას იწვევს შინაგან საქმეთა სამინისტროს გუშინდელი განცხადება, რომლითაც უწყებამ სრულიად გაუგებრად დაუკავშირა მინისტრის ერთ-ერთი ბრძანება საქართველოს პრეზიდენტის 19 აგვისტოს ინიციატივას პირთა ფართო წრისათვის ნასამართლეობისა და პირობითი სასჯელის მოხსნის შესახებ. სრულიად წარმოუდგენელია, როგორ შეიძლება, პრეზიდენტის ინიციატივა უკავშირდებოდეს შს მინისტრის ბრძანებას, რომელიც, თავის მხრივ, გამომდინარეობს იმ ბუნდოვანებისგან, რომელიც წარმოიქმნა პარლამენტის უმრავლესობის მიერ საყოველთაო ამნისტიის აქტის მიღების შემდეგ.
კერძოდ, ამნისტიის შესახებ კანონი ადგენდა პირთა გარკვეული წრის სასჯელისგან განთავისუფლებას. ეს გულისხმობს, რომ პირს, რომელიც ამნისტიის კანონის მიღების მომენტში იხდიდა სასჯელს, ეს სასჯელი მოეხსნა და განთავისუფლდა თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებიდან ან პირობითი მსჯავრისგან და მოეხსნა ნასამართლეობაც. სამწუხაროდ, ამ საკითხის განმარტება პრობლემური აღმოჩნდა შსს მომსახურების სააგენტოსათვის, რაც მოქალაქეთა სამართლიან გულისწყრომას იწვევდა. ამით აიხსნება ის დისკომფორტი, რასაც ხსენებული ამნისტიის აქტი უქმნიდა მთვრობას. კანონის გამოყენების წესზე ჩამოსაყალიბებლად, სამინისტროს 8 თვე დასჭირდა, 2012 წლის 28 დეკემბრიდან 2013 წლის 16 აგვისტომდე. მთავრობის არაკომპეტენტურობის გამო, უკვე მერამდენედ, ძალიან ბევრი მოქალაქე დაზარალდა.
ნებისმიერ შემთხვევაში, შს მინისტრის 16 აგვისტოს ბრძანება უკავშირდება თავად სამინისტროს მუშაობაში არსებული დაბნეულობის გამოსწორებას და მას არავითარი კავშირი არ აქვს საქართველოს პრეზიდენტის 19 აგვისტოს ინიციატივასთან. მინისტრის ამ ბრძანებას აქვს კანონის ნორმის გამოყენებასთან დაკავშირებული ინსტრუქციის ხასიათი და არამც და არამც არ შეიძლება ასახავდეს მინისტრის რაიმე გადაწყვეტილებას. მინისტრს უბრალოდ არ აქვს უფლებამოსილება, რომ თავად გადაწყვიტოს ეს საკითხი, თუ ის უკვე დარეგულირებული არ არის კანონით.
ამას გარდა, პრეზიდენტის ინციატივა ეხება არა იმ პირებს, რომელთაც რომელიმე ამნისტია შეეხოთ, არამედ - იმ პირებს, რომელთაც ოდესმე მოხდილი აქვთ სასჯელი და არ მოხსნიათ ნასამართლობა ან იმყოფებიან პირობითი მსჯავრის ქვეშ. რადიკალურად განსხვავებულია პრეზიდენტის ინიციატივის მიზანიც.
კერძოდ, ჩვენი პრეტენზია ხსენებული ამნისტიის მიმართ შეეხებოდა არა ამნისტიის აქტს ზოგადად, რაც თავისთავად ჰუმანური აქტია და პრეზიდენტს არაერთხელ გამოუყენებია ამ წლების განმავლობაში, არამედ იმას, რომ ხსენებული ამნისტია განხორციელდა, ერთი მხრივ, მიუღებელი, მეორეს მხრივ კი - ბუნდოვანი პრინციპებით.
საზოგადოებას ახსოვს, რომ ეს იყო საყოველთაო ამნისტია, რომელიც შეეხო უკლებლივ ყველა მსჯავრდადებულს, დანაშაულის სიმძიმის მიუხედავად. ყველაზე მძიმე კი იყო ის გარემობა, რომ ისეთი უმძიმესი დანაშაულისათვის მსჯავრდადებული პირები, როგორიცაა, მაგალითად, პედოფილია, ახალმა ხელისუფლებამ სრულად გაათავისუფლა სასჯელისაგან და გარეთ გამოუშვა. სრული ამნისტია შეეხო იმ პირებსაც, რომელთაც სრულიად გაუგებარი პრინციპით ეწოდათ პოლიტპატიმრები და პოლიტდევნილები. სწორედ მათ რიცხვში მოხვდნენ ჯაშუშობისათვის გასამართლებული პირები.
„პოლიტპატიმრის“სწორედ ეს სტატუსი, რომელიც სრულიად გაურკვეველი ნიშნით მიენიჭა პირთა ძალიან ფართო წრეს, იწვევს ჩვენს ძლიერ ეჭვს, რომ ეს ამნისტია იყო კორუფციული აქტი და სწორედ ამის წინააღმდეგ გაილაშქრა მაშინ საქართველოს პრეზიდენტმა.
პრეზიდენტის 19 აგვისტოს ინიციატივის მიზანი, ცხადია, სრულიად განსხვავებულია ხსენებული კორუფციული აქტისგან. როგორც უკვე თავად პრეზიდენტმა განაცხადა, ეს მიზანი შეეხება სასჯელმოხდილ პირთა რესოციალიზაციის სრულყოფილი პირობების შექმნას, ახალი სუნთქვის მინიჭებას საზოგადოების ამ ნაწილისათვის, რაც, 2012 წლის აქტისაგან განსხვავებით, კრიმინალის ზრდას კი არ გამოიწვევს, არამედ - სწორედ კრიმინალის შემცირებას მოემსახურება. სასჯელმოხდილ პირებს საშუალება ეძლევათ, ცხოვრება სუფთა ფურცლიდან გააგრძელონ, ისე, რომ მათ ტვირთად აღარ დააწვეთ ნასამართლობასთან დაკავშირებული შეზღუდვები და იმედითა და თავისუფლებით აღჭურვილებმა გააგრძელონ ცხოვრება.
ჩვენი ამ განმარტებების შემდეგ, იმედია, საზოგადოება დარწმუნდება, რომ შს სამინისტროს გუშინდელი განცხადება ემსახურებოდა იაფფასიან და ყოვლად მიუღებელ პოპულიზმს და მიზნად ისახავდა პრეზიდენტის ინიციატივის მნიშვნელობის დაკნინებას საზოგადოების თვალში.
ჩვენ აუცილებლად მივიჩნიეთ ამ განმარტებების მიცემა საზოგადოებისათვის, რათა არ მოხდეს ჩვენი მოქალაქეების შეცდომაში შეყვანა და მათ საქართველოს პრეზიდენტის ინციატივის სრულად გამოყენება შეძლონ. ამიტომ, კიდევ ერთხელ ვიმეორებ: ყველა იმ მოქალაქეს, ვისაც დღემდე არ მოხსნია ნასამართლეობა და იმყოფება პირობითი მსჯავრის ქვეშ, და არ არის გასამართლებული იმ მუხლებით, რომელსაც პრეზიდენტის ინიციატივა არ შეეხო, შეუძლია მიმართოს ქვეყნის პირველ პირს შეწყალების თხოვნით და სრულად გამოიყენოს რესოციალიზაციის ის შესაძლებლობა, რასაც მათ საქართველოს პრეზიდენტის გადაწყვეტილება სთავაზობს.