Google+

სიახლეები

26.05.2013
საქართველოს პრეზიდენტი ქვეყნის დამოუკიდებლობის დღეს  ავღანეთში, ჰელმანდის პროვინციაში, ბაზაზე "ლეზერნიკი" შეხვდა

საქართველოს პრეზიდენტმა ავღანეთის ისლამური რესპუბლიკაში ჰელმანდის პროვინციაში საქართველოს დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში მიიღო მონაწილეობა. დამოუკიდებლობის დღეს მიხეილ სააკაშვილი ბაზა ლეზერნიკზე მე-3 ბრიგადის 33-ე ბატალიონისა და მე-4 ბრიგადის 42-ე ბატალიონის ჯარისკაცებთან ერთად შეხვდა.  ქვეყნის პირველმა პირმა მათთან ერთად წუთიერი დუმილით პატივი მიაგო საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს გარდაცვლილ სამხედრო მოსამსახურეთა ხსოვნას.

შესრულდა საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატების ჰიმნი; უმაღლესმა მთავარსარდალმა ჯარისკაცებს საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა და მათ სიტყვით მიმართა. მიხეილ სააკაშვილმა სიტყვით გამოსვლა იმ ჯარისკაცების გახსენებით დაიწყო, რომლებიც ავღანეთში სამხედრო მოვალეობის შესრულების დროს დაიღუპნენ. საქართველოს პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ გადაუხადა მადლობა ყველას მამაცობისთვის, შემართებისა და თავდადებისთვის.

დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებების ოფიციალური ნაწილი  ქართველი სამხედროების დაჯილდოების ცერემონიალით დასრულდა.

საქართველოს პრეზიდენტმა ავღანეთში მიმდინარე სამშვიოდბი მისიაში მონაწილეობის დროს გამოვლენილი მაღალი პროფესიონალიზმისთვის, მამაცობისა და მხედრული ვალის პირნათლად მოხდისთვის პოლკოვნიკი კობა ახვლედიანი წმინდა გიორგის გამარჯვების ორდენით დააჯილდოვა, მაიორი ირაკლი კალანდაძე და ვიცე-პოლკოვნიკი ზაზა წამალაშვილი - ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენებით, ასევე მაიორი ზურაბ ზაქარაია, სერჟანტი გიორგი ბიქოშვილი, უფროსი სერჟანტი გიორგი ცალანი, რიგით ხვიჩა მუშარბაძე ვახტან გორგასლის III ხარისხის ორდენებით დააჯილდოვა.

საქართველოს პრეზიდენტმა ქართულ ბაზაზე კომბინირებული ტერორისტული თავდასხმის დროს გარდაცვლილი სამხედროები უმცროსი ერჟანტი ზვიად დავითაძე, კაპრალი ალექსანდრე კვიწინაძე, კაპრალი ვლადიმერ შანავა სიკვდილის შემდეგ ვახტან გორგასლი I ხარისხის ორდენებით დააჯილდოვა.

ღონისძიების დასრულებისთანავე, მიხეილ სააკაშვილმა ქართულ სამხედრო ნაწილში არსებულ ეკლესიაში გარდაცვლილი სამხედროების სახელზე სანთლები დაანთო და შირგაზას ბაზაზე კომბინირებული ტერორისტული თავდასხმის შედეგად დაჭრილ ჯარისკაცებთან ერთად ჯანმრთელობის პარაკლისს დაესწრო, რომელიც მამა გობრონმა აღავლინა.

მოგვიანებით, საქართველოს პრეზიდენტი ლეზერნიკის ბაზაზე ქართველ ჯარისკაცებთან და „რეგიონალური სარდლობა, სამხრეთ დასავლეთის“ მეთაურთან, გენერალ-მაიორ ვოლტერ მილერთან ერთად  საზეიმო სადილს დაესწრო. 

დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებებს საპარლამენტო უმცირესობის წევრები და საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი ანდრო ბარნოვი ესწრებოდნენ. 



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)