Google+

სიახლეები

23.04.2013
საქართველოს პრეზიდენტი ქვეყნის პრემიერ-მინისტრის ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე გამოსვლას გამოეხმაურა

საქართველოს პრეზიდენტი ქვეყნის პრემიერ-მინისტრის ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე გამოსვლას გამოეხმაურა და განაცხადა, რომ ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის საკითხით მანიპულირება ყოვლად დაუშვებელია. როგორც მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, მისთვის ყოვლად მიუღებელია კოსოვოსა და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებს შორის პარალელის გავლება.

„არ მინდა კომენტარი გავაკეთო პრემიერ-მინისტრის გამოსვლის სტილზე ან დონეზე, ხალხი თავადაც ხედავს ყველაფერს, მაგრამ არ შემიძლია არ გამოვეხმაურო იმ განცხადებებს, რომლებიც მან გააკეთა. არის ისეთი საკითხები, რომლებიც საქართველოსთვის სამართლებრივი შედეგების მომტანია. როდესაც მას შეკითხვა დაუსვეს კოსოვოს და აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონთან პარალელის გავლების თვალსაზრისით, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა უპასუხა, რომ ერთადერთი განსხვავება, თურმე, მხოლოდ ისაა, რომ კოსოვომ ბევრი საერთაშორისო დამკვირვებელი დაუშვა თავის ტერიტორიაზე, ხოლო აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში საერთაშორისო დამკვირვებლებს არ უშვებენ. ამიტომ აფხაზეთს და ცხინვალს ამის გამო გაუჭირდება წარმომადგენლობა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში. მინდა შევახსენო საქართველოს პრემიერ-მინისტრს: კოსოვოსა და აფხაზეთის სიტუაცია ისე განსხვავდება ერთმანეთისგან, როგორც ცა და დედამიწა. მსგავსი შედარება შეიძლება გააკეთოს მხოლოდ რუსმა მოღვაწემ და არა რომელიმე საღად მოაზროვნე ევროპელმა პოლიტიკოსმა, მით უმეტეს ქართველმა პოლიტიკოსმა. კოსოვოში მოხდა ეთნიკური წმენდა და ეს აღიარა მთელმა საერთაშორისო თანამეგობრობამ. სერბეთში მაშინ იყო მილოშევიჩი და მისი პასუხისმგებლობის გამო დადგა ეს შედეგი. ამას არავითარი კავშირი არ აქვს დამკვირვებელთა შეშვება-არშეშვების თემასთან. ყოველგვარი პარალელი კოსოვოსთან აფხაზეთსა და ჩვენს ნებისმიერ ტერიტორიას შორის, სამართლებრივად სრულიად მიუღებელია და პოლიტიკური და შეიძლება სამართლებრივი შედეგები ჰქონდეს ჩვენი ქვეყნისთვის. როდესაც ჩვენი არაკეთილმოსურნე დეპუტატი გეკითხება იმას, რომ საქართველომ ჩაიდინა აგრესია აფხაზებისა და ოსების მიმართ, ვფიქრობ, საქართველოს ლიდერი ასე არ უნდა პასუხობდეს. ეს არ არის ის პასუხი, რომლის მოსმენაც ჩვენგან უნდა მსოფლიოს. თუ თავად არ ვიცავთ საკუთარ პოზიციებს, სხვა ვინღა დაგვიცავს? რატომ მოგვცემს ვინმე ხმას და რატომ დაგვიჭერს მხარს?  ვინ გადაარჩენს ჩვენს დამოუკიდებლობას, თუკი საქართველოს ერთ-ერთი ლიდერი თავად გამოდის და შეკითხვას, იყო თუ არა აგრესია, პასუხობს: რა ვქნათ, ჩვენ ბევრი შეცდომა გვქონდა და მომავალში აღარ გავიმეორებთო. ეს არ არის ის, რასაც უნდა ვაკეთებდეთ. ვისი გულის მოგებას ვცდილობთ ამით? ამას კონკრეტული შედეგები ექნება საქართველოს სუვერენიტეტისთვის, საქართველოს თავისუფლებისთვის, საქართველოს მომავლისთვის... საქართველოს პრემიერ-მინისტრს შეუძლია მაკრიტიკოს სტრასბურგში ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით, მაგრამ მე მოვუწოდებ მას: ნუ ეთამაშება ტერიტორიული მთლიანობის საკითხებს! ეს ჩვენი მომავლის საკითხია და შეიძლება, ისე გავაფუჭოთ საქმე, რომ მისი გამოსწორება ვერასდროს ვეღარ შევძლოთ“, - განაცხადა ქვეყნის პირველმა პირმა.

მიხეილ სააკაშვილი საქართველოს პარლამენტის ქუთაისიდან გადმოტანის საკითხსაც შეეხო და აღნიშნა, რომ საკანონმდებლო ორგანოს გადატანა ხელს შეუშლის მთელი რეგიონის განვითარებას.

„არ მინდა, დასავლეთ საქართველომ დაკარგოს პოლიტიკური ცენტრის ფუნქცია. დღეს დასავლეთ საქართველოდან ამ ინსტიტუტის წამოღება ნიშნავს იმას, რომ ბევრად ნაკლებად მოუსმენენ ხალხს, მთავრობას და პარლამენტს ბევრად ნაკლები ინტერესი ექნება ამ ადამიანების პრობლემებით დაინტერესდეს. არადა, პრობლემა ძალიან ბევრია. რეალურად, პარლამენტში კიდევ ერთ სტატისტიკურ ერთეულს მივიღებთ, რომელიც მხოლოდ პულტზე თითის დაჭერით შემოიფარგლება, რათა ამ ხალხმა დაკარგოს მთავარი უფლება - აკონტროლოს საკუთარი ხელისუფლება. მთავრობას დღეს საკმარისზე მეტი ხმა აქვს, გაიტანოს ნებისმიერი კანონი, დანიშნოს ის, ვინც სურს და გადალახოს, მათ შორის, პრეზიდენტის ვეტო, მაგრამ არ აქვს ხმების საკმარისი რაოდენობა იმისათვის, რომ დასავლეთ საქართველო და ეს ძალიან მნიშვნელოვანი ცენტრი პოლიტიკური ხელისუფლების ცენტრის ფუნქციის გარეშე დატოვოს“, - აღნიშნა პრეზიდენტმა. 

საქართველოს პრეზიდენტმა ბათუმის მერიის მოთხოვნაზეც ისაუბრა, რომელის თანახმად ტექნოლოგიური უნივერსიტეტის შენობაში ბათუმის მერია უნდა განთავსდეს. მიხეილ სააკაშვილის თქმით, ეს ართმევს ახალგაზრდებს პერსპექტივას, ხოლო რეგიონს - განვითარების შესაძლებლობას.

„თქვენ იცით, რომ ბათუმში ავაშენეთ საუკეთესო უნივერსიტეტი, რომელიც უნდა ყოფილიყო ამერიკული ტექნოლოგიური უნივერსიტეტი, სადაც ქართველების უმეტესობა განათლებას მიიღებდა უფასოდ და გრანტები უკვე გამოყოფილი გვქონდა. ჩვენ ჩამოვიყვანეთ საუკეთესო პროფესორები, რომლებიც მოგვიმზადებდნენ საინფორმაციო ტექნოლოგიების საუკეთესო  სპეციალისტებს, ინჟინრებს, მშენებლებს, სოფლის მეურნეობის სპეციალისტებს და ის, რაც ამერიკაში 50 ათასი დოლარი ჯდება, ქართველების უმეტესობისთვის იქნებოდა უფასო. ამისთვის ავაშენეთ ულამაზესი  შენობა. არ იკმარეს ის, რომ პირველი ოქტომბრის შემდეგ ეს პროექტი გაიყინა და დღეს გავიგე ამბავი, რომელიც, ვფიქრობ, ძალიან ძნელი დასაჯერებელია - ბათუმის მერიამ გადაწყვიტა, რომ უნივერსიტეტის შენობაში თავად გადავიდეს. როგორც ჩანს, მოეწონათ შენობა და წარმოიდგინეს, თუ როგორ გადააკეთებენ სტუდენტურ აუდიტორიებს საკუთარ კაბინეტებად, როგორ მშვიდად აიღებენ ქრთამებს და როგორ ჩააწყობენ საქმეებს. მოსვლის დღიდან ნგრევაზე ლაპარაკობენ - რამე მაინც აეშენებინათ... აჭარის მთავრობამ გამოაცხადა, რომ ხელოვნების უნივერსიტეტი, რომელსაც სტუდენტები უკვე ჰყავს, თურმე უნდა დაცალონ და აჭარის მთავრობა უნდა გადავიდეს. ახალგაზრდებო, ეს გიკავშირდებათ თქვენ. ეს უკავშირდება ქუთაისის პერსპექტივასაც. თუ ქუთაისს მოეხსნება ადმინისტრაციული დატვირთვა,  ხვალ და ზეგ ქუთაისში დაწყებული პროცესი გაგრძელდება ბაღდათსა და კიდევ რამდენიმე რაიონში.  ეს არის სრული რეორგანიზაციის და განვითარების უკუსვლის პროცესი. აქ ყოველთვის იყო ინტელიგენცია და ცხოვრობდა საუკეთესო ხალხი. განვითარების ყველაზე კარგი პერსპექტივაც სწორედ აქ გაქვთ, ოღონდ არ გაუშვათ ეს პერსპექტივა ხელიდან“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

ბათუმის საკრებულო მერიისთვის ტექნოლოგიური უნივერსიტეტის შენობას ითხოვს. საკრებულოს თავმჯდომარემ შესაბამისი მოთხოვნით უკვე ოფიციალურად მიმართა შესაბამის სტრუქტურებს. 



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)