სიახლეები
17.04.2013
მიხეილ სააკაშვილი ახალქალაქში მინასიანების ოჯახს ესტუმრა
საქართველოს პრეზიდენტი ახალქალაქში მინასიანების ოჯახს ესტუმრა. მათთან ცხოვრობს სტუდენტი ანა შველიძე, რომელიც რეგიონში საპრეზიდენტო პროგრამის „ქართული ენა მომავალი წარმატებითვის“ ფარგლებში ჩავიდა. მიხეილ სააკაშვილი ანა შველიძესაც გაესაუბრა, რომელიც უკვე მერვე თვეა ჯავახეთში იმყოფება და ადგილობრივებს ქართულ ენას ასწავლის. ქვეყნის პირველმა პირმა ყურადღება სახელმწიფო ენის გავრცელების მნიშვნელობასა და აუცილებლობაზე გაამახვილა.
„ის, რომ ამდენი ახალგაზრდა იდეალისტი სტუდენტი ჩამოვიდა აქ ჩვენი ხალხისთვის ქართული ენის სასწავლებლად, რათა შემდგომ მათაც წარმატებას მიაღწიონ საქართველოს ნებისმიერ კუთხეში, ძალიან მნიშვნელოვანი და კარგი საქმეა. ეს აუცილებელია იმისთვისაც, რომ შევძლოთ წინ წაწევა და ეკონომიკური განვითარება, მათ შორის, უპირველესად, ჯავახეთში. აქ ძალიან მშრომელი, საუკეთესო ხალხი ცხოვრობს, ძალიან თბილი და სტუმართმოყვარე, უბრალოდ, მათ წარმატების გზა უნდა გავუხსნათ. ეს ბავშვები შეძლებენ ყველაფერს, იმიტომ, რომ ძალიან ნიჭიერები არიან. მთავარია, მათ ენის ბარიერი მოვუხსნათ, რომ ცხოვრებაში მიაღწიონ წარმატებას. უდავოა, რომ მათ სომხური უნდა იცოდნენ, რუსული და ინგლისურიც უნდა ისწავლონ, მაგრამ ქართულ ენას უნდა ფლობდნენ, რადგან საქართველოში ეს არის წარმატების ენა. თუკი, ბოლო წლებში განხორციელებული რომელიმე პროგრამით ვამაყობ ყველაზე მეტად, ერთ-ერთი უპირველესი სწორედ ეს პროგრამაა. მინდა დიდი მადლობა გითხრა იმისთვის რასაც აკეთებ“, - აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა მათთან საუბრისას.