Google+

სიახლეები

25.03.2013
საქართველოს პრეზიდენტმა ბაგრატის ტაძრის რესტავრაციაზე მომუშავე არქიტექტორები ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენით დააჯილდოვა

მოგესალმებით.

მსურს მივესალმო ჩვენს სტუმრებს, უპირველესად, ქალბატონს ნელის - ივანე გრემელაშვილის მეუღლესა და ანდრეა ბრუნოს.

ბაგრატის ტაძარმა მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული არქიტექტურული პრემია - დომუსის პრემია მიიღო, როგორც მსოფლიოს ერთ-ერთმა საუკეთესო სარესტავრაციო პროექტმა, ვენეციის რესტავრაციის პროექტთან ერთად.

ვფიქრობ, ამ პრემიის გადაცემამ უტყუარი პასუხი გასცა შეკითხვას: იყო თუ არა სწორი ამ დიდებული ტაძრის მსოფლიო მემკვიდრეობისადმი დაბრუნება და აღდგენა ზოგადად და  არქიტექტორული თვალსაზრისითაც.

ჩვენი გეგმა ქუთაისთან მიმართებაში იყო ძალიან მასშტაბური. ჩვენ რამდენიმე წლის წინათ დავიწყეთ პროექტი, რომ ქუთაისი მეორე დედაქალაქად გვექცია. ეს პროგრამა რამდენიმე  ეტაპად ხორციელდებოდა - იყო რამდენიმე სისტემური საკითხი.

პარლამენტის ქუთაისში გადატანა, არ ნიშნავდა უბრალოდ შენობის ცარიელ ადგილზე ჩადგმას. ეს იყო ქუთაისის კულტურული მემკვიდრეობის აღორძინება და განვითარება, ქუთაისის ცენტრის ხელახლა აშენება.

ეს პროცესი ქუთაისის ცენტრით დავიწყეთ და, პარალელურად, ქუთაისის გარშემო ვავითარებდით ინფრასტრუქტურას. გავაკეთეთ პრომეთეს მღვიმე, სათაფლია, საირმის კომპლექსი, დავიწყეთ წყატუბოს კომპლექსის მშენებლობა, რომლის ბოლომდე მიყვანა, სამწუხაროდ, არ დაგვცალდა; ასევე გზა, რომელსაც პოლიტიკური და ისტორიული მნიშვნელობა აქვს და რომლითაც ქუთაისი საირმის გავლით აბასთუმანთან და სამცხე-ჯავახეთთან უნდა დაგვეკავშირებინა; ასევე ქუთაისში საგანმანათლებლო დაწესებულებების განვითარება...

ერთი სიტყვით რომ ვთქვათ, ყოველივე ეს ერთი დიდი კომპლექსის ნაწილი იყო.

ჩვენ ყველაფერს სისტემურად მივყვებოდით, რათა ქუთაისი ხელახლა გადაქცეულიყო განვითარებულ ქალაქად და, მართლაც, მეორე დედაქალაქად.

სწორედ ამას აგვირგვინებდა ბარგატის ტაძარი. ბაგრატის ტაძრის აღდგენაზე რამდენიმე ათეული წელი მიმდინარეობდა სამუშაოები. ეს იყო ქართველი არქიტექტორების, მშენებლების, რესტავრატორებისა და კულტურის სპეციალისტების დიდი ხნის ოცნება.

თქვენ იცით, რომ ამ ტაძარს ყველა დამპყრობელმა დაასვა თითო დაღი... მანამდე იყო ოტომანური იმპერია, შემდეგ უკვე რუსეთის დამპყრობელთა ჯარი...

რუსულ იმპერიულ პერიოდში ტაძრის აღდგენაზე პრაქტიკულად ძალიან ძნელი იყო საუბარი, მაგრამ ბოლოს საბჭოთა წლებში ამაზე ალაპარაკდნენ და სწორედ აქ გამოჩნდა ქართველ არქიტექტორთა მნიშვნელოვანი ჯგუფი ვანო გრემელაშვილის ხელმძღვანელობით. მან ძალიან რთული სამუშაო გასწია იმ პირობებში, როდესაც ეს თემა ნახევრად ლეგალური იყო.

ამ პირობებში მათ უზარმაზარი სამუშაოს შესრულება მოახერხეს ამ ძეგლის პარამეტრების დასადგენად, რომელიც შემდგომში უკვე სხვა სამუშაოებს დაედო საფუძვლად.

ბაგრატის ტაძრის აღდგენა თავისთავად მაგალითია იმისა, თუ რას ნიშნავს პოლიტიკის სრულიად უაზროდ გარევა იმ საკითხებში, რომელიც საერთო ეროვნული, საერთო კულტურული მნიშვნელობისაა.  

თუკი პოლიტიკაში არ არის არსობრივი საუბარი, მაშინ ვლაპარაკობთ კლიშეებით. ვიღაცამ ყური მოკრა, რომ ბაგრატში იქნებოდა ლიფტი და მიუხედავად იმისა, რომ ის იქ არ არის, მაინც ამბობენ: „ლიფტი და ბაგრატი? ესენი ბარბაროსები არიან!“

 ამ პრიმიტიულმა კრიტიკამ და სტერეოტიპებმა ბევრი რამ გააფუჭა.

ლაპარაკი დაიწყეს ბაგრატის ტაძრის გუმბათის ფერზე - ბაგრატს მწვანე გუმბათი ჰქონდა და ეს არქეოლოგიური გათხრების დროს აღმოჩნდა. საქართველოში ამ ფერის გუმბათი ძალიან ბევრ ტაძარს ჰქონდა და რამდენიმე მათგანს დღემდე აქვს შემორჩენილი.  

მე-19 საუკუნის დამლევიდან რუსებმა გადაღებეს ჩვენი ფრესკები, ბევრ ტაძარს მუქი, ჩაჟამული გუმბათები გაუკეთეს და დღეს სრულიად უსაფუძვლოდ გვიმტკიცებენ, რომ ასეთი იყო ძველი ტაძარი.

დღეს ჩვენ გვიმტკიცებენ, სრულიად უსაფუძვლოთ, რომ ეს არ იყო ძველი ტაძარი.

ეს იყო რუსებისა და საბჭოთა კავშირის მიერ თავსმოხვეული ახალი ფორმები, რომლებიც ასევე გახდა ჩვენი ისტორიის რაღაც ნაწილი.

ეს მშვენივრად იციან იმ არქიტექტორებმა და ხელოვნებათმცოდნეებმა, ვინც ამ პროექტზე მუშაობდა.

ასეთი კლიშეებითა და ცრუ სტერეოტიპებით, ასეთი მოგონილი და უბრალოდ მცდარი წრმოდგენებით ხდებოდა და, სამწუხაროდ, დღესაც ხდება აღმშენებლობის იდეასთან ბრძოლა.

სწორედ ისეთი ხალხი, როგორიცაა ვანო გრემელაშვილი, ბევრი სხვა ქართველი არქიტექტორი და მშენებელი, მათ შორის ყველაზე რთულ პერიოდში - საბჭოთა პერიოდში ამ სტერეოტიპს  ანგრევდა და ამიტომ იყვნენ ისინი უფრო საშიში ჩვენი დამპყრობლისთვის.

ეს არის ის ფილოსოფია, რომელსაც მუდმივად გვახვევდნენ თავს იმის თაობაზე, რომ ჩვენ დამოუკიდებლები ვერ ვიქნებოდით, რადგან არ შეგვიძლია აღმშენებლობა და რაიმეს შექმნა.

ბოლო 9 წელიწადში, განსაკუთრებით, ბოლო 5-6 წლის განმავლობაში საქართველომ მთლიანად მოსპო და დაანგრია ეს სტერეოტიპი.

კიდევ ერთხელ მინდა მოგილოცოთ ეს დიდი საერთაშორისო პრემია და დაფასება.

ვფიქრობ, ბაგრატი დარჩება მომავალ თაობებს; ბაგრატი დარჩება არა მხოლოდ ჩვენი კულტურისა და საეკლესიო მემკვიდრეობის დიდ ნაწილად, არამედ დიდი ტურისტული პოტენციალის მქონე ძეგლადაც.

ალბათ, იცით, რომ ქუთაისში გაიხსნა დიდი აეროპორტი, რომელშიც სულ უფრო მეტი რეისი სრულდება.

აქ ძალიან ბევრი ტურისტიც ჩამოდის და ესეც ანგრევს იმ სტერეოტიპს, რომლის თანახმად, ქუთაისში აეროპორტის ადგილი არ იყო.

ქუთაისის აეროპორტი იქნება კავკასიის ერთ-ერთი დიდი აეროპორტი, რომლითაც ხალხი, მათ შორის იმისათვისაც ისარგებლებს, რომ ბაგრატი დაათვალიეროს და დატკბეს მისი მშვენებით.

მინდა დიდი მადლობა გადავუხადო ასევე კულტურისა და ძეგლთა დაცვის მაშინდელ მინისტრს, ძეგლთა დაცვის ეროვნული სააგენტოს მაშინდელ ხელმძღვანელს... მათ ძალიან ბევრი ბრძოლა მოუხდათ მიზნის მისაღწევად. ასევე მადლობას ვუხდი თითოეულ არქიტექტორს, თითოეულ მშენებელს, რომელიც დღე და ღამე მუხლჩაუხრელად აშენებდნენ ტაძარს. თავად ვნახე მათი ენთუზიაზმი, რომლებმაც მართლაც გულის ნაწილი ჩადეს ამ საქმეში.

ეს ტაძარი, უპირველესად, მათი გულების ნაწილისგან შედგება და არა უბრალოდ აგურისა თუ სხვა სამშენებლო მასალისგან, რომელიც იქ არის გამოყენებული.

პირადად მე აღფრთოვანებული ვარ და დიდი მადლობას ვუხდი თითოეულ თქვენგანს.

მსურს მივესალმო იტალიის საელჩოს წარმომადგენლებს, ძეგლთა დაცვის ეროვნული სააგენტოს ახალ დირექტორს, ბატონ მერაბს და ასევე თითოეულ თქვენგანს.

წინა დღეებში ფერარას უნივერსიტეტში გაიმართა დაჯილდოების ცერემონია და ჩვენ მხოლოდ ამ პროცესს ვაგრძელებთ.

ამიტომ, უპირველესად, ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენი მინდა გადავცე ივანე გრემელაშვილის, ამ ბრწყინვალე არქიტექტორის ოჯახს, მის მეუღლეს ქალბატონ ნელის - სამწუხაროდ, ბატონი ივანე ამ დღეს ვერ მოესწრო და ასევე ანდრეა ბრუნოს.

დიდი მადლობა. 



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)