Google+

სიახლეები

20.03.2013
მიხეილ სააკაშვილმა საპარლამენტო უმრავლესობას სარეიტინგო კენჭისყრა შესთავაზა

საქართველოს პრეზიდენტმა საკონსტიტუციო ცვლილებების მიღების თაობაზე ხელისუფლებას პარლამენტში სარეიტინგო კენჭისყრა შესთავაზა. მიხეილ სააკაშვილმა აღნიშნა, რომ ნაციონალური მოძრაობა არასდროს ეწინააღმდეგებოდა საკონსტიტუციო ცვლილებებს, რადგან, მისი თქმით, იგი არასდროს აპირებდა უფლებამოსილების გამოყენებას მთავრობის გადაყენების თაობაზე.

„ბოლო თვეების განმავლობაში, პარლამენტში ოპოზიციის წარმომადგენლებზე ისეთი ზეწოლა ხორციელდებოდა, რომ მსგავსი საქართველოს საპარლამენტო ისტორიაში არ მახსოვს. ამ ხალხს აშინებდნენ, სხვადასხვა მატერიალურ სარგებელს პირდებოდნენ, ზოგს შვილი დაუჭირეს, ზოგს კი ამით დაემუქრნენ... აი, დღეს, მაგალითად, უმცირესობის ორ წევრს გამოუცხადეს, რომ მათზე უახლოეს პერიოდში აღიძვრება სისხლის სამართლის საქმე... და ასე ცდილობენ ხმების მოპოვებას. ზოგიერთები გადაიბირეს კიდეც. იყო რამდენიმე ადამიანი, რომელიც უმცირესობიდან გავიდა და დადგა იქით პოზიციაზე. მათი გადასვლა დიდად არც გამკვირვებია - ყველა ვერ უძლებს ზეწოლას და ცდუნებას. თუმცა ნაციონალური მოძრაობის ძირითად ბირთვს მტკიცე პოზიცია აქვს და ეს დღეს კიდევ ერთხელ ვნახე ფრაქციასთან შეხვედრისას, რისთვისაც აქ საგანგებოდ ჩამოვედი. ჩვენ გვესმის მთავრობის ხელმძღვანელობისა და პარლამენტის უმრავლესობის განცხადებები იმასთან დაკავშირებით, რომ აქვთ, მაგალითად, 110, 130, 140 ხმა და 5-6 პარლამენტარის გარდა ყველა ხმა მათი იქნება. ახლა დადგება ჭეშმარიტების მომენტი - ერთხელ და საბოლოოდ უნდა გაირკვეს, არის თუ არა საქართველოში პოლიტიკური ჯგუფი, რომელიც არც იყიდება. ფულით ყველაფერს ვერ იყიდი. ვფიქრობ, ძალიან ნათელი შეთავაზებაა - უნდა გამოჩნდეს ტაბლოზე მათი ხმების რაოდენობა, გამოვლინდეს ის, რომ ნაციონალური მოძრაობა ვერც გატეხეს და ვერც მოისყიდეს, რასაც პირადად ჩემთვის სამომავლოდ გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს და ამის შემდეგ ჩვენი ფრაქცია მისცემს მათ იმდენ ხმას, რამდენიც დააკლდებათ. ჩვენი ვარაუდით, მათ 6 თუ 7 ხმა აკლიათ. ეს არის ზუსტად ის ზღვარი, რომელიც ყველა მეთოდის გამოყენების მიუხედავად, მათ ვერ გადალახეს. ასე რომ, ვფიქრობ, თუ მთავრობას უნდა ამ ცვლილების გატანა, ისინი ამ წინადადებას, წესით, ორი ხელით უნდა დათანხმდნენ“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა ნაციონალური მოძრაობის ფრაქციის წევრებთან შეხვედრის შემდეგ.  



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)