Google+

სიახლეები

26.02.2013
საქართველოს პრეზიდენტი მედიის წარმომადგენლებს შეხვდა

მოგესალმებით ყველას,

მე გადავწყვიტე, რომ ზოგადად ვისაუბრო შექმნილ ვითარებაზე.  

წინა წლებში ბევრად ნაკლებს ვლაპარაკობდი ასე გახსნილად ჟურნალისტებთან.

თქვენ იცით, რომ, ძირითადად, მონოლოგებით შემოიფარგლებოდა ჩემი ფართო და ვრცელი საუბრები და ნაკლებად ვპასუხობდი კითხვებს.

ვფიქრობ, ეს იყო შეცდომა. ეს, გარკვეულწილად, იყო დისტანცირება, იმის განცდა, რომ ხალხი ისედაც ყველაფერს მიხვდებოდა, ყველაფერზე რეაგირება და პასუხის გაცემა საჭირო არ იყო.

ეს იყო გარკვეული ქედმაღლობაც - შეიძლება ვინმემ ასეც თქვას.

ვფიქრობ, ეს იყო შეცდომა, რომლის გამოსწორება სჯობს გვიან, ვიდრე არასდროს...

მინდა, ჩემი ხედვა გაგაცნოთ ახლანდელ ვითარებასთან დაკავშირებით და გამოვეხმაურო რამდენიმე მიმდინარე მოვლენას.

როგორც ჩანს, პოლიტიკურმა ტემპერატურამ საქართველოში საკმაოდ მოიმატა. გაცილებით ვამჯობინებ, რომ ქვეყანაში იყოს სიმშვიდე, მაგრამ რადგან ტემპერატურა მაღალია და არის საფრთხე, რომ დუღილსაც მიაღწიოს, მსურს, ყველაფერზე ჩემი მოსაზრება გაგაცნოთ.

უპირველესად, მსურს გამოვეხმაურო იმას, რაც დღეს ბრიუსელში მოხდა.

ეს ჩვენ გავატარეთ, როგორც ჩვეულებრივი მოვლენა, თუმცა, ვფიქრობ, ეს იყო ძალიან დიდი და პრობლემური საკითხი.

პირველად ისტორიაში მოხდა ისე, რომ ევროკავშირის და საქართველოს, ამ შემთხვევაში ევროპარლამენტისა და საქართველოს ერთობლივი დოკუმენტი ჩავარდა და არ იქნა მიღებული საქართველოს დელეგაციის წინააღმდეგობის გამო.

რამდენიმე წლის წინათ, ჩვენ ასეთ დოკუმენტებზე არც კი ვიოცნებებდით, ჩვენ არც კი ვიყავით ევროკავშირის რადარზე, მაგრამ რვა წლის განმავლობაში მივაღწიეთ იმას, რომ წელს ვილნიუსის სამიტზე, მოლდოვასთან ერთად, საქართველოს შეეძლო მიეღო ევროკავშირის პერსპექტივა. ეს ნიშნავს იმას, რომ ქვეყანა მომავალში განხილული ყოფილიყო ევროკავშირის პოტენციურ წევრად. თუ ეს რაღაც თეორიული შესაძლებლობა იყო, პრაქტიკულად, გადაწყვეტილ საკითხს წარმოადგენდა ასოცირების ხელშეკრულება, თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულება, უვიზო მიმოსვლა საქართველოს მცხოვრებთათვის.

ეს ნიშნავს იმას, რომ ქუთაისის აეროპორტიდან შესაძლებელი იყო 60 ევროდ ჩასვლა ფრანკფურტსა თუ ბრიუსელში. იქ უკვე სრულდება Wizz air-ის რეისები და მოლაპარაკებას ვაწარმოებდით Ryan air-თან, რათა მას ამ ფასად ჰქონოდა ბილეთი.

რამდენადაც ვიცი, ახლა ვარშავაში იწყება ყოველდღიური რეისები და უკვე წინასწარ არის ბილეთები გაყიდული.

რამდენიმე სხვა ქალაქში რეისები უკვე სრულდება და ძალიან მიხარია.

ამას წინათ ვიყავი ქუთაისის აეროპორტში და ყველაფრის მიუხედავად, რეისები ემატება.

არის ბევრი სხვა საკითხებიც, რაც ევროპასთან ყოფნას მოაქვს. მთავარი კი ის არის, რომ საქართველო ბევრად უსაფრთხო და პერსპექტიულ გარემოში აღმოჩნდებოდა.

დღეს იყო დოკუმენტის განხილვა და, როგორც წესი, ასეთი დოკუმენტები ჩვენ გვაძლევს ხელს.

საქართველოს პარლამენტის დელეგაციამ, მოულოდნელად (როგორც მესმის უმრავლესობის წარმომადგენლებმა), ეს დოკუმენტი დაბლოკეს.

თუკი ადრე ჩვენ პრემიერ-მინისტრისგან გვესმოდა ასეთი ფრაზა, რომ ჩვენ მოვიგერიეთ ევროპის შემოტევა, დღეს ეს უკვე გადავიდა ევროკავშირთან ურთიერთობის პრაქტიკულ განზომილებაში, უკვე ბრიუსელში.

ვიცი, რომ ძალიან ბევრი ჩვენი მოქალაქე იტყვის: რას გვარიგებენ და ვინ ეკითხებათ ევროპელებს რას გავაკეთებთ ქვეყნის შიგნით, რა მათი საქმეა?! გვინდა დავიჭერთ, გვინდა მოვხსნით და ა.შ. მაგრამ მინდა ყველას შევახსენო - ის, რომ ამ გუმბათზე ფრიალებს ხუთჯვრიანი დროშა, ის, რომ საქართველო დღეს დამოუკიდებელი და თავისუფალია, ქართველი ხალხის გმირობის გარდა, ასევე იმ ევროპელი ლიდერების დამსახურებაა, რომლებიც სარაკეტო დაბომბვის საფრთხის ქვეშ მრავალათასიან მიტინგებზე იდგნენ ხოლმე თბილისის ცენტრში.

მათ უთხრეს: თუ ჩახვალთ, ჩამოვაგდებთ თქვენს თვითმფრინავს - მაგრამ მაინც ჩამოვიდნენ; დადგნენ, ჩაჰკიდეს ერთმანეთს ხელი, ჩაგვკიდეს ხელი ჩვენ და გადაარჩინეს საქართველოს დამოუკიდებლობა მაშინ, როდესაც რუსული ტანკები იდგა თბილისთან.

ამიტომ არ არის აბსტრაქტული კატეგორია ის, თუ რას იტყვის ევროპა.

ევროპისთვის სულერთი არ არის საქართველოს თავისუფლების საკითხი და სულერთი არ არის ის, თუ რა მოხდება საქართველოს შიგნით.

ეს ამ ურთიერთობის ერთი ასპექტია, ხოლო მეორეა ის, რაც ხდება რუსეთთან.

დღეს ვნახე, რომ ონიშენკომ არ დაგვდო პატივი და არ ჩამოვიდა, რადგან ის ქართველებს მუქთახორებად და უსაქმურებად მიიჩნევს, როგორც თავად თქვა. თუმცა, მაგრამ ჩამოვიდა მათი დელეგაცია და ჩვენი ჩინოვნიკები, ჩვენი ღვინის ქარხნის წარმომადგენლები, რუს ჩინოვნიკებს აკანკალებული ხელებით უსხამენ ღვინოს, თვალებში შესციცინებენ მოეწონებათ თუ არა.

გოგოლის „რევიზორი“ გამახსენდა...

მართლა გგონიათ, რომ ქიმიური შემადგენლობის გასაზომად არიან ჩამოსული? მართლა გონიათ, რომ ქართულ ღვინოშია საქმე?

შეკითხვა მინდა დავსვა უბრალოდ... ბავარიული ძეხვი და ლორი, რომ შედის რუსეთში,  ბავარიის ქარხნებშიც უშვებენ რუსებს? და ასე დამფთხალი დგანან? რა თქმა უნდა - არა.

თუ ბავარიული ძეხვი შედის ასეთი შემოწმების გარეშე, ჩვენ რა, ისევ საბჭოთა კავშირში ვართ, რომ რუსეთიდან ჩამოდიოდეს ხალხი? რით ვერ გამოვედით იმ ეპოქიდან? რით ვერ გადავლახეთ ეს კომპლექსი?

ეს არის ძალიან კონკრეტული შეკითხვა, განსაკუთრებით, იმ პირობებში, როდესაც არაფერს კონკრეტულს არ გპირდებიან და, ამავე დროს, არის ძალიან კონკრეტული საკითხები, რომლებიც მაღელვებს.

რამდენიმე დღის წინათ, პრაქტიკულად, დამთავრდა შეთანხმება ლიბერთი ბანკი, ერთ-ერთი ყველაზე დიდი ქართული ბანკი იყიდა რუსეთის სახელმწიფო ბანკმა. ახლა ალფა ბანკი, რუსეთის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ბანკი და მჭიდროდ დაკავშირებული კრემლთან, ყიდულობს  „თიბისი“ ბანკს. „ქართუ“ ისედაც რუსული ბანკია... ასევე შემოდის „გაზპრომ ბანკი“, რომელსაც რამდენიმე ქართული ბანკის ყიდვა უნდა.

ეს დიდი რუსული სახელმწიფო ბანკია და, თავისთავად, მინდა გვესმოდეს რა არის ეს.

უკრაინის ქონების, თითქმის, 70% არის რუსეთის ხელში და დღეს დასავლეთს უკრაინაზე, პრაქტიკულად, სამწუხაროდ, უკვე საკმაოდ ცივი რეაქცია აქვს.

არ მინდა საქართველოც აღმოჩნდეს მძიმე მგომარეობაში და ის, რაც ვაშენეთ ამდენი წლის განმავლობაში, შევუქმენით ქვეყანას რეპუტაცია და რაც ინერციით დღესაც გრძელდება, იმ პირობებში, როდესაც განცხადებებს აღარ ვაწერთ ხელს, გარკვეულ საკითხებზე ვწევთ წინააღდმეგობას, ბევრ საკითხში ელემენტარული დარღვევები გვაქვს, წყალში ჩაგვეყრება.

რუსული ბიზნესის წინააღმდეგი არასდროს არ ვყოფილვარ, ჩვენ ვახალისებთ კიდეც რუსულ ბიზნესებს, მაგრამ ეს იყო ბიზნესი, რომლებიც იხდიდნენ აქ გადასახადებს, ასაქმებდნენ ხალხა და ნამდვილად არ იყვნენ მონოპოლისტები.

ეს კი სულ სხვა რამ არის - ეს არის საქართველოს ეკონომიკის პირდაპირი დაკაბალება  საქართველოს ოკუპანტი ქვეყნის მიერ.

ეს არის ზუსტად ის საკითხები, რომლებზეც ჩვენ საქართველოს მთავრობას უნდა ვესაუბროთ.

ჩვენ უნდა ვისაუბროთ ძალიან კონკრეტულ საკითხებზე, წინა მთავრობას დაუგროვდა ამ თემებზე მუშაობის დიდი გამოცდილება.

იცით, რომ პატიმრები გამოუშვეს ციხიდან, სხვათა შორის, ე.წ პოლიტპატიმრები და ახლა დაიწერა საექსპერტო დასკვნა, რომელშიც აღნიშნულია, რომ ყველა საერთაშორისო ნორმა არის დარღვეული. ეს მსოფლიოს ყველაზე ავტორიტეტულმა ორგანიზაციამ დაწერა. ალბათ, ამ დღეებში გამოქვეყნდება კიდეც.

ეს იყო თავიდან ბოლომდე უცნაური აქტი, რომელმაც, მინიმუმ, გაუგებრობა, ისე კი, პრინციპში, ძალიან დიდი კრიტიკა დაიმსახურა ცივილიზებულ ქვეყნებში.

რამდენიმე დღის წინათ გამოშვებული „პოლიტპატიმრები“ საქართველოს მთავრობამ ჩრდილო ოსეთში მიავლინა, რათა მათ პრესკონფერენცია გაემართათ იმის თაობაზე, თუ როგორ მოვუწყე მე, მიხეილ სააკაშვილმა, საქართველოს პრეზიდენტმა ოს ხალხს გენოციდი. შეიძლება ვინმემ თქვას, რომ ესენი მაინც მთავრობამ გამოუშვა, რომელთა შორის, დღევანდელი სამთავრობო პარტიის რამდენიმე აქტივისტი იყო და შემდეგ გაუშვა იქ, მაგრამ პაატა ზაქარეიშვილი, რეინტეგრაციის მინისტრი გამოვიდა და თქვა: ჩვენ უნდა გამოვიძიოთ ის დანაშაულები, რომელიც სააკაშვილის რეჟიმმა წინა წლებში აფხაზეთსა და სამხრეთ ოსეთში ჩაიდინაო.

საქართველოს რეინტეგრაციის მინისტრმა საქართველოს მთავრობის პოზიცია გაახმოვანა და ალბათ, 2008 წლის ომს გულისხმობდა. ალბათ იმ სპეცოპერაციებს გულისხმობდა, რომლის დროსაც ჩვენმა სპეცრაზმა იქიდან გადმოათრია კოჭოია, რომელიც თბილისსა და საქართველოს სხვა ადგილებში ობიექტებს აფეთქებდა და ხალხს კლავდა.

მახსოვს, ცხინვალში რამდენიმე ადამიანი, რომელიც ქართულ-ოსურ, ჩვეულებრივ მშვიდობიან მოსახლეობას ატერორებდა, გარკვეული გარემოებების დროს იქვე გამოესალმა სიცოცხლეს.

ვიცი, რომ აფხაზური დაჯგუფებების რამდენიმე ლიდერი, რომელთა ხელდასმით ასობით  ქართველი საეჭვო გარემოებებში გამოესალმა სიცოცხლეს, ვიღაცამ მოკლა...

არ ვიცი ვინ გააკეთა ეს, მაგრამ იმ ხალხმა ვერ გააგრძელა ქართველი ხალხის ეთნოწმენდა და ქართველების ხოცვა.

დღეს ჩვენი მთავრობა თურმე აპირებს გამოიძიოს ცხინვალში ე.წ ოსური გენოციდი; აპირებს გამოიძიოს, მაგალითად, აფხაზი ბანდიტის ბუდბას სიკვდილის გარემოება.

ამავე დროს, იგივე რეინტეგრაციის მინისტრი ამბობს, დადგინდა ზუსტად, რომ გაგრის სტადიონზე აფხაზები, თურმე, ქართველების თავებით თამაშობდნენ ფეხბურთს. ე.ი აღმოჩნდა, რომ მთავარი, რაზეც მთელი ეს სამართლებრივი პრეტენზიები იდგა, ისინი  არაფერს არ აკეთებენ და ჩვენ ჩავიდინეთ დანაშაულებანი.

ამასობაში რუსეთმა კუბას აპატია 30-მილიარდიანი ვალი და ერთ-ერთ პირობად დაუდო სამხრეთ ოსეთის და აფხაზეთის დამოუკიდებლობის აღიარება. ამის დიდი საფრთხე არის და რამდენადაც ვიცი, ამ საუბრის დროს კუბელებს ისიც უთხრეს - თქვენ რას ნერვიულობთ, პრინციპში, თავად ქართველები მოიხსენიებენ მათ მხარეებადო.  

ლავროვმა მთელი აფრიკა მოიარა და უთხრა, რომ ქართველები არ არიან ამის წინააღმდეგი, ჩვენ კი აგერ ფულს და კრედიტებს გაძლევთ და აღიარეთო.

არაღიარების პოლიტიკა ჩვენ კბილებით დავიჭირეთ...

საქართველოსთვის ეს კატასტროფული შედეგების მომტანია.

როდესაც ასეთ განცხადებებს აკეთებს შენი რეინტეგრაციის მინისტრი, იმ კუბელ დიპლომატს, რომელიმე აფრიკელ დიპლომატს ან ნებისმიერი სხვას - არ მინდა კონკრეტულად დავასახელო ყველა - უჩნდებათ განცდა, რომ ქართველების ბრალია ყველაფერი. მით უფრო მაშინ, როდესაც თვითონ ქართველები ამბობენ ამას.

ჩვენ ასეთ რამეს კი არ უნდა ვამბობდეთ, ახლა ერთად უნდა ვიჯდეთ და ერთად უნდა ვმუშაობდეთ იმისთვის, რომ არ მოხდეს ოკუპაციის ლეგალიზაცია; ერთად უნდა ვმუშაობდეთ იმისთვის, რომ აღარავინ დახოცოს ჩვენი მოქალაქეები იმ ტერიტორიებიდან; ყველა ერთად უნდა ვმუშაობდეთ იმისთვის, რომ საქართველო წავიდეს წინ.

ჩვენ გავუზიარებთ მთელ ინფორმაციას - ნამდვილად ბევრი გვაქვს სალაპარაკო მთავრობასთან.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა დღეს facebook-ით მომმართა. პირველად გავიგე, რომ რომელიმე ქვეყანაში პრემიერი პრეზიდენტს facebook-ით წერდეს წერილს.

კარგია, რომ ტექნიკური საშუალებები გამოიყენება, მაგრამ ეს არ არის პოლიტიკური დიალოგის ფორმა.

მიმაჩნია, რომ მთავრობასთან უნდა ვსაუბრობდეთ ძალიან ბევრ საკითხზე - რუსეთთან ურთიერთობაზე, ევროპასთან ურთიერთობაზე, რათა არ დავკარგოთ შესაძლებლობა გავაფორმოთ ასოცირების ხელშეკრულება, ამერიკასთან სამხედრო და ეკონომიკურ თანამშრომლობა, ოკუპირებულ ტერიტორიებთან დაკავშირებით, ეკონომიკის განვითარების შესახებ, ახალი პროექტების თაობაზე.

მინდა ვისაუბრო მათთან ასეთ მაგიდასთან, როგორთანაც ახლა თქვენთან ერთად ვზივარ.

თუ ამ სასახლეში არ მოვლენ, პრობლემა არ ექნებათ - ერთი კარი გვაქვს და დაცვის სამსახურიც შემცირებულია.

შემიძლია მე მივიდე პრემიერმინისტრთან, მიუხედავად იმისა, რომ დაცვაც მეტი ჰყავს და შესასვლელიც მეტი აქვს და ვისაუბრო ამ საკითხებზე.

პრემიერ-მინისტრი ამ წერილში წერს, ხელისუფლების საკითხი ქვეყანაში გადაწყვეტილიაო.

ხელისუფლების საკითხი ქვეყანაში მართლაც გადაწყვეტილია უკვე დიდი ხანია და შემდეგნაირად: ხელისუფლება საქართველოში ეკუთვნის ქართველ ხალხს, საქართველოს მრავალეთნიკურ საზოგადოებას.

ამიტომ, პრეზიდენტის, პრემიერმინისტრის, სხვა თანამდებობის პირის ან ჯგუფის მხრიდან ნებისმიერი მცდელობა მიითვისოს ეს ხელისუფლება, როგორც წესი, არაფერი კარგის მომტანი არ არის ამ მიმთვისებლისთვის და, რა თქმა უნდა, ქვეყნისთვის.

ვფიქრობ, ეს გაკვეთილები ყველა მთავრობამ ისწავლა, მათ შორის ჩემმაც.

ნამდვილად არ ვამბობ, რომ, ამ მხრივ, ჩვენ იდეალურები ვიყავით, ჩვენც ბევრი შეცდომა მოგვივიდა და არ მინდა, რომ იგივე შეცდომები ახალმა მთავრობამ გაიმეოროს.

ამიტომ გვსურს ვისაუბროთ, ამიტომ გვსურს ახალმა მთავრობამ საქართველოს წარმატებული  განვითარება განაგრძოს.

ჩვენ ნამდვილად არ ვართ დაინტერესებული საქართველოს რაიმე სახის პრობლემა შეექმნას.  



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)