Google+

სიახლეები

25.02.2013
მიხეილ სააკაშვილმა და სესილია მალმსტრომმა მედიისთვის ერთობლივი განცხადებები გააკეთეს

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი

მოგესალმებით,

დღეს ჩვენთან არის ევროკავშირის კომისარი სესილია მალმსტრომი, რომელიც ჩამოსულია, პირადად ჩემთვის, ძალიან მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით.

მან ჩამოგვიტანა საქართველოს მოქალაქეებისთვის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის გეგმა. ეს არის გეგმა, რომლის შესრულება საბოლოო მიზანთან მიგვიყვანს - ევროკავშირის ქვეყნებში  საქართველოს მოქალაქეები ვიზის გარეშე შევლენ.  

ამ გეგმის საბოლოო იმპლემენტაციის შემდეგ, ყველა ჩვენს მოქალაქეს, რომელსაც აქვს ჩვეულებრივი ქართული, ბიომეტრიული პასპორტი, ევროკავშირის საზღვრების გადალახვა  უნდა შეეძლოს ისე, რომ მას არავინ მოსთხოვოს ვიზა.

საქართველოს მოქალაქეებისთვის ეს იქნებოდა ისტორიული გარღვევა; ეს იქნებოდა ევროპასთან ჩვენი დაახლოების ძალიან მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი.

ეს არ არის მარტივი პროცესი, რადგან ამ მიმართულებით უკვე ბევრ ქვეყანას აქვს გამოცდილება და საერთოდ, ეს არის ტექნიკური საკითხებისგან შემდგარი პროცესი.

დღეს, როდესაც წინასწარი სამუშაოები უკვე შესრულებული გვაქვს, კერძოდ, შემოვიღეთ ბიომეტრიული პასპორტები, წინ წავიდა და განვითარდა საზღვრების კონტროლის სისტემა, კიდევ გვაქვს განსახორციელებელი რამდენიმე საკანონმდებლო ცვლილება. ეს გაამარტივებს ამ პროცესს.

დიალოგის პარალელურად, ჩვენ გვჭირდება შემდგომ სხვა საკითხებზე მუშაობა - ევროკავშირთან ჩვენ ასევე ვმუშაობთ ასოცირების ხელშეკრულებაზე, თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებაზე და ვემზადებით ვილნიუსის სამიტისთვის.

ყოველივე ეს საშუალებას მოგვცემს, ევროკავშირთან პროგრესს ასევე ამ მიმართულებით მივაღწიოთ.

საბოლოოდ, ეს, დაახლოებით, რამდენიმეწლიანი პროცესია, მაგრამ, ვფიქრობ, პირველი შედეგები შეიძლება მომავალ წელს მივიღოთ.

რამდენიმე წლის განმავლობაში ამ მიმართულებით ძალიან ინტენსიურად ვმუშაობდით.

მინდა ყველას შევახსენო, რომ ვარდების რევოლუციის შემდეგ, 2008 წლის გამოკლებით, საქართველოში უფრო მეტი ადამიანი ბრუნდებოდა, ვიდრე გადიოდა ქვეყნიდან.

მიგრაციის თვალსაზრისით, ჩვენ გვქონდა პოზიტიური ბალანსი, მივიღეთ რეადმისიის ხელშეკრულება, საზღვრებზე დავამყარეთ წესრიგი და ყველაზე უსაფრთხო ქვეყანა გავხდით ევროპის მასშტაბით. ამ მხრივ, ევროპას ჩვენთან პრობლემა არ აქვს.

ასევე დავამყარეთ კარგი ურთიერთობა ევროპის სხვადასხვა სისხლისსამართლებრივი დევნის განმახორციელებელ ორგანოებთან და კრიმინალის წინააღმდეგ ბრძოლასთან დაკავშირებით, მჭიდროდ ვთანამშრომლობთ.

ეს საშუალებას მოგვცემს, რომ ამ გეგმის მიღების შემდეგ, ქართველმა ახალგაზრდებმა სასწავლებლად ევროპაში უპრობლემოდ იარონ.

რისთვის გახსენით ქუთაისის აეროპორტი? რისთვის დაფრინავს, მაგალითად, Wizz Air და Ryanair, რომელთა დახმარებითაც იწყება რეგულარული რეისები, მაგალითდ, ვარშავის მიმართულებით?

დარწმუნებული ვარ, თუკი მომავალში გაგრძელდება Ryanair-თან დაწყებული მოლაპარაკება, რეისები შესრულდება ფრანკფურტის, ბრუსელის მიმართულებით და ამ ქალაქებში ჩასვლა ხელმისაწვდომ ფასად, მაქსიმუმ, 100 ევროდ იქნება შესაძლებელი.

რისთვის შენდებოდა აეროპორტი ფოთში? რისთვის შენდება ყარსი-ახალქალაქის რკინიგზა, რომელიც რეალურად თბილისი-ლონდონის რკინიგზაა?

ყოველივე ეს არის იმისთვის, რომ საქართველოს მოქალაქეებს მატივად შეეძლოთ ევროპის ქვეყნებში ჩასვლა.

25 თებერვალი საქართველოს ოკუპაციის დღეა. ჩვენთვის პოლიტიკურადაც ძალზე მნიშვნელოვანია, რომ ქართული საზოგადოების ყველა თაობას უპრობლემოდ შეეძლოს ევროპაში - ჩვენს ბუნებრივ სახლში, განვითარებულ ევროპულ სახლში სიარული და არ უნდა მივტიროდეთ მოსკოვის 37 მანეთიან ბილეთს.

ისინი, ვინც მიგვათრევენ უკან, ძირითადად, სარგებლობენ იმით, რომ საქართველოს საზოგადოების უმეტესობას ჯერ არ ჰქონია ევროპაში ჩასვლის საშუალება; ახალგაზრდობის ნაწილს არ ჰქონია საშუალება ესწავლა ევროპაში.  

აი, ეს უნდა გადავლახოთ და უნდა გავხადოთ შეუქცევადი.

ამიტომ ჩემთვის, როგორი პოლიტიკური სიტუაციაც არ უნდა იყოს საქართველოში შიგნით, რა სიძნელეებიც არ უნდა გვქონდეს საქართველოს შიგნით, ევროპისკენ სვლა არის ყოველივე იმის გაგრძელება, რასაც ბოლო წლებში ვაშენებდით.

ჩემთვის ევროპასთან უვიზო მიმოსვლა არის სასიცოცხოლოდ მნიშვნელოვანი, რადგან ეს არის იმის დაგვირგვინება, რასაც ჩვენ ვაკეთებდით ბოლო წლებში.

ამიტომ, რა პრობლემებიც არ უნდა გვქონდეს საქართველოს შიგნით, რაც არ უნდა დაძაბულობა იყოს პოლიტიკურ პარტიებს შორის ან ბევრი იყოს უკმაყოფილების საბაბი, არ უნდა შევაჩეროთ ჩვენი სვლა ევროპისკენ და ამაში საქართველოს ხელი არ უნდა შეეშალოს.

ეს იქნება არა მხოლოდ ცალეკული მთავრობის, არა რომელიმე ცალკეული პრეზიდენტის,  პრემიერ-მინისტრის ან მინისტრის დამსახურება ან მიღწევა, ეს იქნება ქართველი ხალხისთვის გაკეთებული ძალიან მნიშვნელოვანი საქმე.

ამიტომ მივესალმები ამას, რადგან, კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ამისთვის განსაკუთრებულად ვემზადებოდით - ვაშენებდით რკინიგზებს, აეროპორტებს, ვცვლიდით ჩვენს სისტემებს, ვებრძოდით დანაშაულს, ვაწარმოებდით მოლაპარაკებებს... ახლა ამას წინ არაფერი აღარ უნდა დაუდგეს.

დღეს არის მნიშნველოვანი დღე, რადგან საქართველოს გაუჩნდა პერსპექტივა. შეიძლება, ხვალ არაფერი შეიცვალოს ქართველებისთვის, მაგრამ უახლოეს თვეებსა და წლებში ნამდვილად შეიცვლება იმის გამო, რომ ევროკომისარი დღეს ჩვენ ამ გეგმას წარმოგვიდგენს.

კიდევ ერთხელ მოგესალმებით. 

 

 

ევროკომისარი საშინაო პოლიტიკის საქმეებში სესილია მალმსტრომი

მოგესალმებით, ბატონო პრეზიდენტო.

ნება მიბოძეთ, მადლიერება გამოვხატო ამ ლამაზ სასახლეში მასპინძლობისთვის.

აქ იმისთვის ვარ, რომ საქართველოს მთავრობას სავიზო რეჟმის ლიბერალიზაციის ნამდვილი სამოქმედო გეგმა წარვუდგინო. ეს არის ისეთი რამ, რასაც დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ.

როგორც ბატონმა პრეზიდენტმა ბრძანა, ამ პროცესში ჩვენ ანგარიშგასაწევ ეფექტს მივაღწიეთ ევროკავშირსა და საქართველოს შორის ურთიერთობის მხრივ.

დღეს აქ არ ვიქნებოდი, საქართველოს სრული ვალდებულება რომ არ ჰქონდეს აღებული ევროინტეგრაციის თვალსაზრისით.

ჩვენს შორის ბევრი პროცესი მიმდინარეობს, რათა საქართველოს ევროპასთან ინტეგრაცია გავზარდოთ.

აღსანიშნავია საქართველოს პროგრესი პოლიტიკისა და კანონმდებლობის განვითარების მხრივ მთელ რიგ სფეროებში.

სამოქმედო გეგმა განმარტავს იმ ზომებს, რომლებიც საქართველომ უნდა მიიღოს. ის ნათლად გამოხატავს იმ მოთხოვნებს, რომლებიც ქვეყანამ უნდა შეასრულოს ევროკავშირის ფარგლებში უვიზო მიმოსვლის პირობებში უსაფრთხო გარემოს შესაქმნელად.

სამომავლო პროგრესისთვის, ეს გზამკვლევი ინსტუმეტია საქართველოს მოქალაქეებისთვის მნიშვნელოვან საკითხებში.

ასე რომ, გვსურს გავამხნევოთ საქართველო, ძალისხმევა არ დაიშუროს და კვლავაც განახორციელოს რეფორმები იმ სფეროებში, რომლებიც მნიშნელოვანია ვიზის ლიბერალიზაციის დიალოგის ფარგლებში. ეს ასევე, მნიშვნელოვანია საქართველოს მოქალაქეებისა და საზოგადოების კეთილდღეობისთვის და ითვალისწინებს კორუფციასთან და ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლას, მონაცემების უსაფრთხოებას, ანტიდისკრიმინაციულ პოლიტიკას უმცირესობების დაცვის მხრივ და იურიდიულ რეფორმას, რომელიც უზრუნველყოფს სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობას.

ევროკავშირი, რა თქმა უნდა, მზადაა, მხარი დაუჭიროს ყველა ამ რეფორმას.

ამ საქმეში დიდი ძალისხმევაა ჩადებული, მაგრამ ბევრი რამ ჯერ კიდევ გასაკეთებელია.

ჩვენ მივესალმებით მთელი ქართული საზოგადოების ვალდებულებას ევროპასთან ასოცირების თვალსაზრისით და იმ ფუნდამენტური საკითხების მკაფიო პატივისცემას, რომლებიც მოიცავს კაონის უზენაესობას.

ეს მნიშვნელოვანია ევროკავშირთან თანამშრომლობის ყველა ასპექტში, მათ შორის, სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის პროცესშიც.

გასული წლის ოქტომბერში მთავრობის დემოკრატული გზით შეცვლით საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობას ხელი არ შეშლია.

ჩვენ კარგი ურთიერთობა გვქონდა წინა მთავრობასთან და კარგი ურთიერთობა გვაქვს ახალ ხელისუფლებასთანაც.

კოჰაბიტაცია ადვილი არ არის, მაგრამ ის უნდა იყოს ადვილად სამართავი და კონსტრუქციული პასუხისმგებლობით აღსავსე.

ყველა მხარემ - პრეზიდენტმა, მთავრობამ და პრემიერ-მინისტრმა - საკუთარი როლი უნდა შეასრულოს და ფუნქციური, პრაგმატული გამოსავალი მოძებნოს.

კონსტიტუციას პატივი უნდა სცეს ყველამ.

ფუნქციური კოჰაბიტაციის მიღწევა შესაძლებელია მაშინ, თუ კონსტრუქციული, დემოკრატიული პოზიცია გაქვს.

ეს მნიშვნელოვანია საქართველოსთვის და ასევე საქართველოს საერთაშორისო რეპუტაციისთვის.

კონსტიტუციური ცვლილება უნდა განხორციელდეს ფრთხილად და საერთაშორისო სტანდარტების დაცვით.

აქამდე საქართველო სამაგალითო იყო რეგიონში და ვიმედოვნებთ, რომ ასეც გაგრძელდება.

ამგვარად, პირადად მე, ისევე, როგორც  ჩემი კოლეგები და ევროკომისია, მომართული ვართ მივაღწიოთ სავიზო რეჟიმის სრულ ლიბერალიზაციას ფორმატით გათვალისწინებული გზით. 



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)