Google+

სიახლეები

25.01.2013
მიხეილ სააკაშვილი : "მან დაარბია საქართველოს ეკლესიის ეპარქია ახალქალაქში, მან დაარბია ქართული უნივერსიტეტი ახალქალაქში, დაარბია საქართველოს გამგეობა ახალქალქში და ქართული პოლიცია. ის ეწინააღმდეგებოდა საქართველოს შეიარაღებული ძალების გადაადგილებას ახალქალაქში და რუსეთის ბაზის გასვლას საქართველოს ტერიტორიიდან. ის არის საქართველოს სახელმწიფოებრიობის შიდა მტერი. "

მინდა განცხადება გავაკეთო კრიმინალ, საქართველოს სახელმწიფოს მტრის ვაჰაგან ჩახალიანის ციხიდან გათავისუფლებასთან დაკავშირებით. როგორც გაირკვა, ეს ადამიანი გაათავისუფლეს სომხეთის  კათალიკოსის გარეგინ მეორის თხოვნით, რომლითაც მან მიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრს. მე მოვისმინე საქართველოს პრემიერ-მინისტრის განმარტებები ამ თემასთან დაკავშირებით და სრულიად არადამაკმაყოფილებლად ჩათვალე.  საქართველოს პრემიერმინისტრი ვერ გაექცევა პასუხისმგებლობას იმ გადაწყვეტილებაზე, რაც მან მთლიანად ერთპიროვნულად მიიღო. ეს არის ძალიან მძიმე პასუხისმგებლობა საქართველოს ეროვნული უსაფრთხოების წინაშე. ვფიქრობ, მან, დაუშვა მძიმე გადაცდომა, რომელიც ძალიან ცუდად შემოუბრუნდება ქართველ ერს, ქართულ სახელმწიფოებრიობას უახლოესი კვირების, თვეების და წლების განმავლობაში.

მე არ მინდა ხაზი გავუსვა ჩახალიანის  წარმომავლობას, რადგან ამას მნიშვნელობა არ აქვს!  ჩვენ გვყავს ძალიან ბევრი ეთნიკურად სომეხი, რომელიც იარაღით ხელში იცავდა, მათ შორის, ბოლო წლებშიც  საქართველოს დამოუკიდებლობას, ხალხი, რომელიც დღესაც მსახურობს საქართველოს შეიარაღებულ ძალებში, საქართველოს პოლიციაში, ვინც არის საქართველოს პატრიოტი, ყოველდღიურად აშენებს ჩვენთან ერთად საქართველოს, ამიტომ ეთნიკურ წარმომავლობას არ აქვს მნიშვნელობა! მაგრამ ეს კაცი არის ძალიან კონკრეტული წარმომადგენელი არა სომხეთის, იმიტომ რომ სომხეთის ინტერესებში არ შედიოდა მისი ექვსი წლით ადრე გასვლა და მე ეს ძალიან კარგად ვიცი, იმიტომ რომ კარგი და ძალიან დიდი ხნის ურთიერთობა მაქვს ჩვენ სომეხ კოლეგებთან, სომხეთის პატრიოტებთან, სომხეთის ლიდერებთან.ეს ადამიანი არის რუსეთის სპეცსამსახურების პირდაპირი რეზიდენტი, წარმომადგენელი საქართველოში, ის მუშაობდა წლების განმალობაში რუსეთის გრუ-ს რეზიდენტურასთან, მან დაარბია საქართველოს ეკლესიის ეპარქია ახალქალაქში, მან დაარბია ქართული უნივერსიტეტი ახალქალაქში, მან დაარბია საქართველოს გამგეობა ახალქალაქში, მან დაარბია ქართული პოლიცია ახალქალაქში. ის ეწინააღმდეგებოდა საქართველოს შეიარაღებული ძალების გადაადგილებას ახალქალაქში, და ის ეწინააღმდეგებოდა რუსული ბაზის გასვლას ახალქალაქიდან.

საქართველოს ჰყავს გარე მტრების წარმომადგენლები და ამ მთავრობამ გაუშვა შკრილნიკოვი, გევორქიანი, ისინი იყვნენ საქართველოს ოკუპანტი ქვეყნის წარმომადგენლები, ნუ ამათ რუსეთი გაიყვანს და წაიყვანს, თუმცა საქართველოს დაზვერვის დეპარტამენტი  აწარმოებდა ადრე მოლაპარაკებებს, იმისთვის, რომ ისინი  იმ ხალხში გაეცვალა , ვინც  გასამართლებულნი იყვნენ რუსეთში. ნუ ჩაშალეს ეს მოლაპარაკებები და არაფრის გულისთვის გაუშვეს რუსეთის ჯაშუშები. ახლა გაუშვეს საქართველოს სახელმწიფოებრიობის შიდა მტერი. ადამიანი, რომელიც მოითხოვს საქართველოს სახელმწიფოს დანაწევრებას, საქართველოს ტერიტორიის დანაკუწებას, საქართველოში არეულობას და საქართველოში შეიარაღებულ შეტაკებებს და სამოქალაქო ომს, პარალელები ამისი რაც შეიძლება გავიხსენოთ,ეს არის  როდესაც ზვიად გამსახურდიას დამხობის შემდეგ სამხედრო საბჭომ, იოსელიანმა, კიტოვანმა და სიგუამ, როცა  გაუშვეს ტორეს კულუმბეკოვი და ამას  შესაბამისი შედეგებიც მოყვა... ჩახალიანის ერთადერთი პარალელი  არის ვლადისლავ არძიმბა, ეს არის ზუსტად ამ მასშტაბის კრიმინალი და დამნაშავე და ეს ჩვენმა სამართალდამცავმა სტრუქტურებმა ძალიან კარგად იცია. ეს ინფორმაცია ჰქონდა პარლამენტს, იმ ადამიანებს ვინც ამინისტიას აკეთებდა, ინფორმაცია ჰქონდა სასჯელაღსრულების სამინისტროსაც.

ნუ ეცდება პრემიერ-მინისტრი მათ გადააბრალოს რამე! ეს იყო მისი გადაწყვეტილება, რომელიც არ იყო ნაკარნახევი საქართველოს ეროვნული ინტერესებით და მომიტევოს ყველამ, მათ შორის მისმა  პოლიტიკურმა თაყვანისმცემლებმა, მაგრამ მე გამოვთქვამ ვარაუდს, რომ ეს ნაკარნახევი იყო კონკრეტული უცხოური ძალის საამებლად. მაგრამ მას უნდა ახსოვდეს, რომ ის უცხოური ძალის წარმომადგენელი კი არ არის,არამედ საქართველოს პრემიერ-მინისტრია და საქართველოს ინტერესებიდან გამომდინარე უნდა მოქმედებდეს.

ძალიან მძიმე რამ მოხდა და მე უბრალოდ მინდა მივმართო ჩვენს თანამემამულეებს ასევე ჯავახთეთში. ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ სიმშივიდე, სიწყნარე, არ ავყვეთ პროვოკაციებს. მე ვიცი რისთვის უნდა რუსეთს ჩახალიანის გამოშვება.  თქვენ იცით, რომ შენდება დიდი რკინიგზა , რომელიც  საქართველოს აკავშირებს  ევროპასთან. რუსეთმა ჩვენ აფხაზეთიდან ჩაგვკეტა და  კონფლიქტიც ამისთვისაც უნდოდათ. ფაქტიურად ჩვენი დანარჩენი მსოფლიოდან იზოლაცია მოახდინა. ახლა ჩვენ ავაშენეთ მეორე რკინიგზა, რომელიც გაიხსნება წელს და დაგვაკავშირებს  ევროპასთან.

 

რა თქმა უნდა, თუ ჯავახეთი არის პრობლემა ამ პროექტსაც შეექმნება ,ისევე როგორც მთლიანად შუა აზიის დერეფანსა და საქართველოს სტრატეგიული მნიშვნელობას.

მე იმედი მაქვს და დარწმუნებული ვარ, რომ ამას  ვერ შეძლებენ, რადგან  ადგილობრივი საზოგადოება ამას არ დაუშვებს.

 მათ შორის სომხური ეთნიკური წარმომავლობის ადამიანებმა  კარგად დაინახეს უპირატესობა, თუ რას ნიშნავს საქართველოში ცხოვრება, რას ნიშნავს ქართული განვითარება, რას ნიშნავს ეკონომიკური პროექტები, რას ნიშნავს ის გზა, რომლითაც ჩვენ ჯავახეთი დავაკავშირეთ თბილისთან,  რას ნიშნავს საგანმანათლებლო პროექტები და რას ნიშნავს თუნდაც ეს რკინიგზის პროექტი...  ახალი ჰესები და ამ პროექტების საშუალებით  უამრავი ადამიანის დასაქმების შესაძლებლობა. მე დარწმუნებული ვარ, რომ ისინი ჩვენი დროის არძიმბებს და კულუმბეკოვებს, უცხო სპეცსამსახურების აგენტებს,  ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ არ აყვებიან, თუნდაც ისინი მოქმედებდნენ საქართველოს მთავრობაში დროებით ჯგუფთან ერთად.

 

და  კიდევ... არ შემიძლია არ გავაკეთო კომენტარი, პრემიერ-მინისტრის განცხადებასთან დაკავშირებით, რომელიც მან დავოსში გააკეთა. ჩვეულებრივ როცა ადამიანი ჩადის დავოსში- მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე, ის წარმოადგენს თავის ქვეყანას, ინვესტიციების მოზიდვის მიზნით...

დღეს კი პრემიერ-მინისტრმა ამაყად მოყვა, თუ როგორ უთხრა ინვესტორებს შეხვედრაზე  რომ ყველაფერი ტყუილია რაც საქართველოში ბიზნესის სიმარტივის მაღალ  რეიტინგს უკავშირდება.მან განუმარტა რომ, ინფორმაცია, თითქოს  საქართველო არის მსოფლიო რეიტინგებში მეცხრე ადგილზე, მაშინ როცა რუსეთი არის ასოცდამეცხრამეტეზე,  ეს ყველაფერი არის ტყუილი და  არის სააკაშვილის მიერ მოგონილი.

ამას ამბობს დიდი ღიმილით და ძალიან ბედნიერი, რომ, თურმე მან შეატყობინა მსოფლიოს სიმართლე რომ როგორ მოვატყუეთ ჩვენ მთელი სამყარო!

ქვეყნის მთავრობის ლიდერი უნდა დადიოდეს უცხოეთში და ამას უნდა ყვებოდეს?

ეს უნდა იყოს გზავნილი მსოფლიო ინვესტორებისადმი, რომ ყველაფერი ეს არის ბლეფი და შესაბამისად დასკვნა უნდა გაკეთდეს, რომ ამ ქვეყანაში ფულის ჩადებას აზრი არ აქვს?

ეს დასკვნა იქნება ბუნებრივია, როცა ამას ეუბნები საერთაშორისო ინვესტორებს ხო?

მე ალბათ უკვე აღარაფერი მესმის ამ ქვეყნად... მთელი ეს წლები ვაშენებდით იმას, რომ საქართველო გაგვეხადა მიმზიდველი! ჩვენი მტრის ინტერესი კი იყო, რომ ეჩვენებინა, რომ საქართველო არის არასტაბილური ქვეყანა, რომელიც მხოლოდ პიარზე და ტყუილზე არის აგებული. ახლა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ამბობს იგივეს, რასაც მთელი ეს წლები ამბობდა ჩვენი არაკეთილმოსურვე რუსეთი. პრემიერი იმეორებს  ერთი-ერთზე იგივეს და თანაც რუსების მიერ მოწყობილ ღონისძიებებზე.

მინდა, ქართულმა საზოგადოებამ გამოიღვიძოს და ამაზე თავისი დასკვნები გამოიტანოს. მემგონი დროა უკვე, რომ ჩვენ ჩვენი შეფასებები გავაკეთოთ, იმის მიუხედავად რას გეუბნებით მე, ან რას გეუბნებათ მთავრობა. ჩვენ როგორც საზოგადოებამ, ჩვენი შეფასებები გავაკეთოთ მანამ, სანამ ეს გვიან არ იქნება.

დიდი მადლობა! 

 




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)