Google+

სიახლეები

21.12.2012
მიხეილ სააკაშვილი: „ყარსი-ახალქალაქის რკინიგზა საშუალებას გვაძლევს, რომ რუსეთის გვერდზე ავლით, პირდაპირ დავუკავშირდეთ ევროკავშირის ქვეყნებს.“

საქართველოს პრეზიდენტი ქვეყნის ევროინტეგრაციული კურსის განვითარებისთვის საგანგაშოდ მიიჩნევს ყარსი-ახალქალაქის სარკინიგზო მაგისტრალის მშენებლობის  შესაძლო შეჩერებას. მიხეილ სააკაშვილმა ეს განცხადება მას შემდეგ გააკეთა, რაც პრემიერსა და ახალ მთავრობას აღნიშნული პროექტის მშენებლობასთან დაკავშირებით კითხვები გაუჩნდა. მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, პრემიერისა და მთავრობის ამგვარი ინიციატივები ქვეყანას ევროპიდან აშორებს და კაბალური ურთიერთობებით რუსეთთან აკავშირებს. პრეზიდენტი კატეგორიულად მოითხოვს, რომ მსგავსი საკითხები საზოგადოებრივი განხილვის თემა იყოს.

„მე ძალიან შემაშფოთა ამ განცხადებამ ყარსი - ახალქალაქის რკინიგზის თემის გადახედვის თაობაზე და იმაზე, რომ ეს მშენებლობა შესაძლოა შეჩერდეს. იმიტომ, რომ ეს არის ერთ-ერთი ყველაზე მთავარი პროექტი საქართველოს დამოუკიდებლობის მოპოვებისთვის. ეს არის რკინიგზა, რომელიც საშუალებას გვაძლევს, რომ რუსეთის გვერდზე ავლით, პირდაპირ დავუკავშირდეთ ევროკავშირის ქვეყნებს, იმ პირობებში, როდესაც ევროკავშირისკენ, უვიზო მიმოსვლისკენ, ასოცირების ხელშეკრულებისკენ და მომავალში ევროკავშირის წევრობისკენაც მივდივართ. ამ პროექტზე იმის თქმა, რომ თურმე ეკოლოგიას ემუქრება, მიუღებელია. მეორე საკითხი შეეხება იმას, რომ მოლაპარაკებები მიმდინარეობს იმის თაობაზე, რომ „რაღაცეების“ სანაცვლოდ მთლიანად გადავერთოთ რუსულ ელექტროენერგიაზე და პრაქტიკულად ყველანაირი ვალდებულება მოვხსნათ  რუსულ ელექტროკომპანიაზე. ეს ვალდებულება სწორედ ახალი სიმძლავრეების შექმნას ემსახურებოდა საქართველოს შიგნით, ე.ი. საქართველოს ენერგეტიკული დამოუკიდებლობის მოპოვებას. მთავრობის და პრემიერ - მინისტრის ორივე გადაწყვეტილება და განცხადება გვაშორებს ევროპისგან და კაბალური ურთიერთობებით გვაკავშირებს რუსეთის ფედერაციასთან. ვფიქრობ, ეს არ შედის საქართველოს სტრატეგიულ ინტერესებში, ეწინააღმდეგება ყველაფერ იმას, რასაც ჩვენ ვაკეთებდით ბოლო წლების განმავლობაში და ვლაპარაკობდით, რომ  ევროპული კურსი გვქონდა არჩეული და ნატოში ინტეგრაცია გვსურდა. თუ რეალურად აპირებ იმის გაკეთებას, რის შესახებაც ახლა ვისაუბრე, მაშინ ძალიან კარგად მესმის, რატომ მიესალმა გუშინ პუტინი პოზიტიურ სიგნალებს, რომელიც საქართველოს მთავრობიდან წამოვიდა. პუტინისთვის მთავარია, რომ ჩვენ რუსეთთან ენერგეტიკის, ტრანსპორტის თვალსაზრისით, სტრატეგიულად ვიყოთ დაკავშირებული. მერე რამდენიც არ უნდა ვთქვათ, რომ ნატოში ინტეგრაცია ან ევროკავშირთან დაახლოება გვინდა, ამას მნიშვნელობა აღარ ექნება. მე კატეგორიულად მოვითხოვ, რომ ეს საკითხები გადაიხედოს. ამ თემაზე სერიოზული  საზოგადოებრივი განხილვა მოხდეს და არანაირი გადაწყვეტილებები მთავრობამ ამ მიმართულებით არ უნდა მიიღოს“,  - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

 



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)