Google+

სიახლეები

27.11.2012
საქართველოს პრეზიდენტმა დიპლომატიური კლუბის შეხვედრაზე ექსპერტთა შეკითხვებს უპასუხა

 

საქართველოს პრეზიდენტმა არსენი იაცენიუკის ფონდის „აღმოაჩინე უკრაინა“-ს  დიპლომატიური კლუბის ინიციატივით გამართულ შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. კლუბის მიერ ორგანიზებული შეხვედრის დისკუსიის  თემა იყო „რეგიონი გზაჯვარედინზე: ევროპული პერსპექტივა საქართველოსა და უკრაინისთვის".

შეხვედრის მონაწილეებთან ერთად, მიხეილ სააკაშვილმა საქართველოში მთავრობის დემოკრატიული გადაცემის პროცესი, საპარლამენტო არჩევნები და ქვეყანაში ბოლო დროს განვითარებული მოვლენები განიხილა. ქვეყნის პირველმა პირმა ბოლო წლების მიღწევებზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ახლა მთავარია ქვეყანა წარსულში არ დაბრუნდეს. მისი თქმით, არსებული პროგრესი უნდა გაგრძელდეს, პოლიტიკური ვითარება სტაბილური გახდეს და ხალხისთვის მიცემული დაპირებები შესრულდეს.  

„რასაც მივაღწიეთ ან უნდა განვითარდეს, ან წარსულში დაბრუნდეს - იქ, სადაც უკვე ვიყავით. ვფიქრობ, არც პირველია შეუძლებელი და არც მეორე. გვაქვს პრობლემებიც - ეს არის  დაპატიმრებები. თუ ვინმეს ჰგონია, რომ პოლიტიკურ საკითხებს დაკავებებით მოაგვარებს, მე ამის არ მჯერა“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

შეხვედრა არსენი იაცენიუკის მიმართვით დაიწყო, რომელმაც უკრაინასა და საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ პროცესებს შორის პარალელი გაავლო და სამოქმედო გეგმების  შესახებ მიხეილ სააკაშვილის მოსაზრებით დაინტერესდა.

„ამ დიპლომატიური  კლუბის  მიზანია მოვისმინოთ თქვენგან, რა პერსპექტივა აქვს თქვენს ქვეყანას ევროკავშირში, როგორია ჩვენი პერსპექტივა და, ალბათ, განვიხილოთ ისიც, თუ რა ხდება  დღეს ჩვენს ქვეყნებში. ბევრი საერთო არ ნიშნავს მხოლოდ კარგს, რადგან ის, რაც ახლა საქართველოში ხდება, სამწუხაროდ, მე, ნაწილობრივ, უკრაინას მახსენებს. ბატონო პრეზიდენტო, ბევრი საერთოა იმ მხრივაც, რომ საქართველოს ახალმა მთავრობამ  დაიწყო დევნა  ან სისხლის სამართლებრივი დევნა თქვენი მთავრობის წევრების მიმართ. ისევე როგორც თქვენ, ჩვენც გვაქვს ევროპული პერსპექტივა და ამიტომ მნიშვნელოვანია განვიხილოთ ის, თუ როგორი იქნება ეს პერსპექტივა. ბევრი საერთო გვაქვს იმ თვალსაზრისითაც, რომ  თქვენც და მეც დღეს ოპოზიციაში ვართ და ეს კარგი დროა. ამიტომ, ჩვენ ნამდვილად გვსურს მოვისმინოთ თქვენი მოსაზრება იმასთან დაკავშირებით, თუ რა ბედი ეწევა ჩვენთვის ახლო და მეგობარ ქვეყანას - საქართველოს; როგორია პერსპექტივა ევროკავშირში ინტეგრაციის მხრივ და რა მიმართულებით უნდა ვიმოძრაოთ, რადგან ჩვენ მხოლოდ წინსვლა გვჭირდება“, - განაცხადა ფონდის დამფუძნებელმა.  

პრეზიდენტის გამოსვლის შემდეგ შეხვედრა კითხვა-პასუხის ფორმატით გაგრძელდა. ექსპერტებთან ერთად, დისკუსიას უკრაინის პირველი პრეზიდენტი ლეონიდ კრავჩუკი (1991-1994წ.წ.) ესწრებოდა. მიხეილ სააკაშვილს ლეონიდ კრავჩუკმაც მიმართა და საქართველოში პრეზიდენტისა და მისი გუნდის მიერ 9 წლის განმავლობაში განხორციელებული რეფორმებისა და პოლიტიკური ცვლილებების თვალსაზრისით საქართველო სამაგალითო ქვეყნად დაასახელა.

„მინდა მადლობა გადაგიხადოთ იმისათვის, რომ  უკრაინაში ასეთ დროს ჩამობრძანდით, ასევე იმისთვის, რომ გავიზიაროთ თქვენი გამოცდილება, რომელიც მიმაჩნია, რომ უკრაინისთვის ფასდაუდებელი იქნება. მინდა თქვენს პირად მოსაზრებას გავეცნო, როგორ აღიქვამთ იმას, რაც ხდება? ჩვენ უფრო ცუდად ვცხოვრობთ - კორუფცია, ამორალობა, სიღარიბე... ვამბობდი ხოლმე:  კარგია, რომ არსებობს საქართველო - ერთადერთი ქვეყანა, რომელიც ამტკიცებს, რომ  შესაძლებელიაა ცხოვრების ახლებურად მოწყობა. ვისურვებდი, რომ  ხელისუფლების ცვლილების მიუხედავად, საქართველო დარჩეს სამაგალითო ქვეყნად. პირადად თქვენი მადლიერი ვარ იმისთვის, რომ ეს გააკეთეთ. დარწმუნებული ვარ, პოსტსაბჭოთა ქვეყნების ტრანსფორმაციის ისტორიაში თქვენ შეხვალთ როგორც ადამიანი, რომელმაც გადაწყვიტა ცხოვრების ახლებურად მოწყობა“, - აღნიშნა უკრაინის პირველმა პრეზიდენტმა.



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)