Google+

სიახლეები

20.11.2012
საქართველოს პრეზიდენტი „ახალგაზრდული პარლამენტის“ წევრებს შეხვდა

 

საქართველოს პრეზიდენტი პროექტ „ახალგაზრდული პარლამენტის“ წევრებს შეხვდა და მათ სიტყვით მიმართა. მიხეილ სააკაშვილმა საქართველოში ბოლოს პერიოდში განვითარებულ და მიმდინარე მოვლენებზე ისაუბრა. ქვეყნის პირველი პირის თქმით, ახალი მთავრობის უპირველესი ამოცანა მიღწეული წარმატებების განვითარება, ევროინტეგრაციული კურსის გაგრძელება და სახელმწიფო ინსტიტუტების პატივისცემა უნდა იყოს.

პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ ის მზად არის ამ მიმართულებით ახალ მთავრობასთან ერთად იმუშავოს და საკუთარი გამოცდილება გაუზიაროს. როგორც მიხეილ სააკაშვილმა განაცხადა, საქართველოს ამჟამად ეძლევა ისტორიული შანსი, გარდაიქმნას დემოკრატიულ სახელმწიფოდ და ეს შანსი თითოეულმა ჩვენგანმა უნდა გამოიყენოს.

,,საპარლამენტო არჩევნებზე ჩვენი  დამოუკიდებელი სახელმწიფოს არსებობის უახლეს ისტორიაში, პირველად მოხდა ხავერდოვანი და კონსტიტუციური გზით  ძალაუფლების გადაცემა.

 ჩვენ ვაჩვენეთ ჩვენს თავს და დანარჩენ მსოფლიოს, რომ ავაშენეთ დემოკრატიული სისტემა, სადაც შეიძლება აირჩიონ ახალი უმრავლესობა, ქვეყნის სათავეში კი  მოვიდეს ახალი მთავრობა არა გადატრიალებით, რაიმე მანიპულაციით ან თუნდაც რევოლუციით, არამედ არჩევნების გზით, კონსტიტუციური პროცესით, საქართველოს ინსტიტუციების ფარგლებში და არა მათთან  წინააღმდეგობით.

 ეს საოცარი შესაძლებლობაა იმისთვის, რომ დემოკრატია სამუდამოდ დავამკვიდროთ ჩვენი ერის გენში, იმისათვის, რომ გადავლახოთ ძალადობრივი რიტორიკა, რომელიც უკვე ძალიან დიდი ხანია ახასიათებს ჩვენს პოლიტიკურ ასპარეზს. ასევე იმისათვის, რომ მნიშვნელოვნად წავიწიოთ წინ ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის მიმართულებითეს საოცარი შესაძლებლობაა იმისათვის, რომ განვავრცოთ, ის რასაც უკვე მივაღწიეთ, რათა შეუქცევადად დავდგეთ მშვიდობის, კეთილდღეობისა და უსაფრთხოების გზაზე.

მე პრემიერ-მინისტრს ვესაუბრე და მთავრობასაც გადავეცი გზავნილი იმის თაობაზე, რომ  მზად ვარ ახალ უმრავლესობას დავეხმარო ამ გზაზე წარმატების მიღწევაში.

 ჩვენ ქართველები ვართ და ყველას გვსურს ჩვენი ქვეყნის წარმატება; იმიტომ რომ ჩვენ ყველას უნდა გვინდოდეს საქართველო გახდეს ნორმალური ევროპული დემოკრატიული სახელმწიფო, რომელიც რეინტეგრირებული იქნება იმ თავისუფალი ერების ოჯახში, რომლისგანაც არასოდეს უნდა ყოფილიყო განცალკევებული.

 ეს შემოთავაზება და მხარდაჭერა ახლა ისეთი მართებულია, როგორც არასდროს და იმედი მაქვს, რომ ახალი მთავრობა გააგრძელებს მიღწეული წარმატებების განვითარებას მათი განადგურების ნაცვლად; ვიმედოვნებ, რომ ახალი მთავრობა კონცენტრირებას მოახდენს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესის პროგრესზე მოკლევადიანი ადგილობრივი სარგებლის ნაცვლად და შეასრულებს თავისი წარმატებული საარჩევნო კამპანიის დაპირებებს, ნაცვლად იმისა, რომ შურისძიებით იმოქმედონ’’ - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა, რომელმაც მიმართვისას, ყურადღება ბოლო პერიოდში ქვეყანაში დაწყებული მაღალჩინოსნების დაკავების საკითხზეც გაამახვილა და აღნიშნა, რომ ამ პროცესმა შეშფოთება გამოიწვია, როგორც საქართველოს მოსახლეობაში, ისე საქართველოს დასავლელი მეგობრებისა და მოკავშირეებში.

,,მინდა გაგიზიაროთ ჩემი წუხილი ქვეყანაში ბოლოდროინდელ მოვლენებთან დაკავშირებით. დაპატიმრებების ტალღა აგორდა, რომელმაც სამართლიანი შეშფოთება გამოიწვია ჩვენი მოსახლეობის დიდ ნაწილში და ჩვენი დასავლელი მეგობრებისა და მოკავშირეების რიგებში.ის რაც ხდება თავდაცვის სამინისტროში, რა თქმა უნდა აზარალებს ჩვენს ჯარს, არ შეიძლება ასეთი რიტორიკა ყოველდღიურად. იმიტომ, რომ როდესაც ასეთ პროპაგანდას აწარმოებ, ვეღარ იპოვი ჯარისკაცს, რომელიც მზად იქნება შენი ქვეყანა დაიცვას. ამასთან, პოლიციის შიგნით მასობრივი დაპატიმრება აზარალებს ჩვენს ამ სტრუქტურას, რომელზეც ქვეყნის უსაფრთხოება დგას.’’ დასძინა მიხეილ სააკაშვილმა.შეხვედრის დსასრულს კი ქვეყნის პირველმა პირმა კიდევ ერთხელ მოუწოდა ახალ მთავრობას ქვეყნის ინტერესების ფარგლებში თნამშრომლობისკენ.

,,ყველას და განსაკუთრებით ახალ უმრავლესობას მოვუწოდებ - ჩვენს საყვარელ ქვეყანას სჭირდება სოციალურ პრობლემებზე, მის ევროპულ მომავალზე და ამ საკითხების მუდმივად გაუმჯობესებაზე ყურადღების გამახვილება. ქართველ ხალხს არ სჭირდება წარსულის სიმწარე, შურისძიებები და სიძულვილი.

ბოლოდრონდელმა მშვიდობიანმა ძალაუფლების გადაცემის პროცესმა ნათლად აჩვენა, რომ ჩვენი ინსტიტუტები პოლიტიკურ პარტიებზე და სოციალური ჯგუფების ეკონომიკურ ინტერესებზე მაღლა დგას: ეს ინსტიტუტები ეკუთვნის თითოეულ ქართველს და მათ დასაცავად არსებობს; ისინი ეკუთვნის ყველა მათგანს, მიუხედავად პოლიტიკური და რელიგიური შეხედულებებისა, ისევე როგორც ეთნიკური წარმომავლობისა. ეს ინსტიტუტები არ უნდა იყოს გამოყენებული მოკლევადიანი პოლიტიკური სარგებლის მისაღებად და ჩვენი სახელმწიფოსა და ჩვენი ხალხისათვის გრძელვადიანი ზიანის მისაყენებლად.

 ეს ინსტიტუტები არ უნდა იყოს გამოყენებული შერჩევითი სამართლისა და პირადი ამბიციებისთვის.

 გასაკეთებელი კიდევ ბევრია ჩვენი მოსახლეობისა და ქვეყნის საკეთილდღეოდ. კიდევ ბევრი ნაბიჯია წინ გადასადგმელი იმისთვის, რომ ჩავუშვათ ღუზა მშვიდობიან, თავისუფალ და კეთილდღეობით აღსავსე ევროპული ერების ოჯახში: არ მისცეთ საშუალება ბრაზს და სიმწარეს, რომელიც წარსულს უკავშირდება, კიდევ ერთხელ შეუშალოს ხელი ჩვენს სვლას მომავლისკენ. სამწუხაროდ საქართველოს ჰქონია რამდენიმე პერიოდი მის ისტორიაში, როდესაც წარსულზე და მოკლევადიან სარგებელზე ყურადღების გამახვილებამ გაანადგურა ჩვენი საერთო ხედვა ჩვენი ქვეყნის მომავალთან დაკავშირებით. ასეთი გზა საქართველოსთვის არასოდეს ყოფილა კარგი.

როგორც პრეზიდენტმა, მე გადავეცი ახალ მთავრობას აღმასრულებელი ძალაუფლების უმეტესი ნაწილი. მე ჩემი როგორც პრეზიდენტის როლი  არის ვიყო გარანტი იმ ინსტიტუტებისა, რომლებიც ჩვენ შევქმენით. მაშასადამე ჩემი პასუხისმგებლობაა მოვუწოდო მთავრობას დაემორჩილოს საერთო წესებს და პატივი სცეს კონსტიტუციას.

 ეს ჩვენი ერისთვის გადამწყვეტი მომენტია. მოდით, ნუ გავაფუჭებთ იმ შესაძლებლობებს, რომლებიც მოგვეცა ბოლოდროინდელი ძალაუფლების გადაბარების პროცესმა შექმნა; მოდით ერთად ვაშენოთ, ვითანამშრომლოთ, და შევქმნათ უფრო ნათელი მომავალი ყოველი ჩვენგანისთვის, ჩვენი მოქალაქეებისთვის და ჩვენი საყვარელი ქვეყნისთვის!’’-აღნიშნა მიხეილ სააკაშვილმა.

პრეზიდენტის მიმართვის დასრულების შემდეგ, ახალგაზრდა პარლამენტარებმა მიხეილ სააკაშვილს მადლობის ჯილდო გადასცეს. შეხვედრას საქართველოს ყველა რეგიონიდან ჩამოსული 230 ახალგაზრდა პარლამენტარი ესწრებოდა.პროექტი „ახალგაზრდული პარლამენტი“  საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით 2012 წლის მარტიდან  ქვეყნის ყველა რეგიონში მიმდინარეობს. ახალგაზრდული პარლამენტის მუშაობაში 2500 ახალგაზრდაა ჩართული.



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)