Google+

სიახლეები

14.11.2012
მიხეილ სააკაშვილმა და ჰერმან ვან რომპუიმ ერთობლივი განცხადებები გააკეთეს

 

ევროკავშირის საბჭოს პრეზიდენტი ჰერმან ვან რომპუი:

ქალბატონებოდა ბატონებო,

ჩემთვის დიდი პატივი იყო პრეზიდენტ სააკაშვილის მიღება.

მივესალმები იმას, თუ როგორ გაიმართა საქართველოში არჩევნები და ხაზგასმით აღვნიშნავ ევროკავშირის ძლიერ სურვილს ეფექტიანად და ინტენსიურად იმუშაოს როგორც პრეზიდენტთან, ისე ახალ მთავრობასთან იმ საკითხებთან დაკავშირებით, რომლებიც მრავლად გვაქვს დღის წესრიგში.

იმედს ვიტოვებ, საქართველოს პრეზიდენტი კვლავ განაგრძობს ეფექტიან მუშაობას მთავრობასთან თანაარსებობის პერიოდში.

ასევე ხაზგასმით აღვნიშნავ იმ ღირებულ როლს, რომლის შესრულებაც საქართველოს ძლიერ საპარლამენტო ოპოზიციას ქვეყნის განვითარების საქმეში შეუძლია.

მე შევახსენე პრეზიდენტს ევროკავშირის მისწრაფება, საქართველოსთან მიაღწიოს პოლიტიკურ და ეკონომიკურ ინტეგრაციას. კერძოდ, ჩვენი მისწრაფებაა რაც შეიძლება მალე დავასრულოთ მოლაპარაკება ასოცირების ხელშეკრულების თაობაზე ღრმა და ყოვლისმომცველ სავაჭრო ზონის შესახებ, რომელზეც მუშაობა თქვენ წლების წინათ  დაიწყეთ.

ასევე ვისაუბრეთ  სავიზო რეჟიმის გამარტივების შესახებ დიალოგის პროცესში მიღწეულ პროგრესზე.  

ამას გარდა, აღვნიშნე მნიშვნელობა რასაც ევროკავშირი დემოკრატიული ინსტიტუტების განმტკიცებასა და კანონის უზენაესობას ანიჭებს. კიდევ ერთხელ გამოვხატე ევროკავშირის ურყევი მხარდაჭერა და ერთგულება საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის მიმართ.

ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკების პროცესითა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიით, ევროკავშირი საქართველოს უსაფრთხოების გარანტია.

ჩვენ ამ პასუხისმგებლობას ძალზე სერიოზულად ვეკიდებით და საქართველოსგანაც ველით მისი როლის შესრულებას.

დაბოლოს, მე და პრეზიდენტი სააკაშვილი შევთანხმდით, რომ საქართველოს შეუძლია მნიშვნელოვანი და პოზიტიური როლის შესრულება განაგრძოს აღმოსავლეთ პარტნიორობის ფარგლებში.

შეხვედრისას, კიდევ ერთხელ, ხაზგასმით აღვნიშნე ევროკავშირის ჩართულობა  საქართველოს რეფორმების პროცესის მხარდაჭერის მხრივ და მის მუდმივ სწრაფვას აწარმოოს დიალოგი როგორც სამოქალაქო საზოგადოებაში არსებული ოპოზიციის წარმომადგენლებთან, ისე მთავრობასთან.

დიდი მადლობა ბატონო პრეზიდენტო.

 

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი:

მოხარული ვარ, რომ აქ მხვდებით.

ისე დაემთხვა, რომ პრემიერ-მინისტრი და მე ერთდროულად ვიმყოფებით ამ ქალაქში, რაც ხაზგასმით მიუთითებს თანამშრომლობის აუცილებლობაზე.  

ჩვენ ვლაპარაკობთ ერთი და იმავე საკითხებზე, რომლებიც არც პარტიულია და არც  განსხვავებულ პოზიციებსა და შიდა კომფრონტაციებს შეეხება. ეს საკითხები იმ საერთო თემის საფუძველია, რომელიც საქართველოში ყველა პოლიტიკურ ძალას შორის უნდა ვიპოვოთ, რათა ჩვენი ქვეყანა ევროპის ნაწილი გახდეს.

ქართველები არა მარტო ევროპელები, არამედ ენთუზიაზმით სავსე ევროპელები ვართ.

ახალი მთავრობისთვის ცნობილია ამ პროგრესის შესახებ და კარგად იციან, რომ ვცდილობთ დავეხმაროთ მათ საქართველოს ევროპულ ინსტიტუტებთან უფრო დაახლოების საქმეში.

ამ თვალსაზრისით, თქვენი პირადი წვლილი, ვფიქრობ, ძალიან დიდია.

თქვენ გვეწვიეთ საარჩევნო პერიოდში და ახლაც ძლიერად უჭერთ მხარს საქართველოს ერთიანობას სხვადასხვა საერთაშორისო ფორუმზე, რისთვისაც დიდად გემადლიერებით.

კიდევ ერთხელ მსურს აღვნიშნო ჩვენი მზაობა ყოველივე ამის გაგრძელებასთან დაკავშირებით.

მე, როგორც პრეზიდენტი თავისი ვადის ბოლო წლის განმავლობაში, უშიშროების საბჭო, სხვა სახელმწიფო სამსახურები, საპარლამენტო ჯგუფები... ყველა ჩვენგანი გრძელვადიანად ვართ ამ საქმეში.

ჩვენთვის ეს არ არის ტაქტიკური რამ, ეს ჩვენი სტრატეგიის საკითხია - თუ ვინ ვართ ჩვენ  როგორც ერი და როგორც პოლიტიკოსები.

მინდა, პრეზიდენტ რომპუისთან ერთად გამოვხატო დიდი კმაყოფილება იმ პროგრესით, რომელსაც ჩვენ მივაღწიეთ. ეს შეეხება სავიზო რეჟიმის გამარტივებას, რათა საქართველოს მოქალაქეებს ევროპაში გამგზავრება უახლოეს პერიოდში ვიზის გარეშე, ჩვეულებრივი პასპორტით შეეძლოთ და ეს მიღწევადია, ასევე ასოცირებულ წევრობასა და თავისუფალი ვაჭრობის ხელშეკრულებას.

ყოველივე ეს ჩვენ ახალ მთავრობას დავუტოვეთ. ეს იყო მრავალი წლის ძალიან მძიმე ტექნიკური სამუშაო და ძალზე მნიშვნელოვანია, რომ ეს გაგრძელდეს.

საქართველოსთვის ეს პარტიული საკითხები არ არის. საქართველო რომ მიდის ევროპაში - ამ თემაზე ჩვენ არც ვკამათობთ. ამიტომ ყოველგვარი პარტიულ ინტერესზე მაღლა უნდა დავდგეთ და მიღწეული პროგრესი გავაგრძელოთ.

ჩემი საპრეზიდენტო ვადის დარჩენილ ამ ერთ წელიწადში საგარეო პოლიტიკის მიმართულებით, ჩემთვის მთავარი თემა იქნება საქართველოს ევროპული ინტეგრაციის შემდეგ ეტაპზე გადაყვანა.

ეს გულისხმობს თავისუფალ ვაჭრობას, დიალოგს, ქართველებისთვის სავიზო რეჟიმის გამარტივებასა და გაუქმებას; ეს ნიშნავს ასოცირებული წევრობის ხელშეკრულებას და იმას, რომ საქართველოსთვის ძალიან სწრაფად გაჩნდეს ევროპული და ევროკავშირის წევრობის პერსპექტივა.

ჩვენ უკვე იმ ეტაპზე ვართ, რომ თუ კონფრონტაციასა და კინკლაობას არ გადავაყოლებთ საქმეს და სწორად ვიმოქმედებთ, შევძლებთ, საქართველო არა მხოლოდ დაუახლოვდეს ევროკავშირს, არამედ გაუჩნდეს პერსპექტივა, გახდეს ევროკავშირის ნაწილი.

ეს არის ისტორიული გამოწვევა და ისტორიული შანსი ჩვენი ხალხისთვის. არც ერთი დღე არ გვაქვს დასაკარგი.

იმის მიუხედავად, თუ რომელი პოლიტიკური ძალის წარმომადგენლები ვართ და როგორც არ უნდა ვეკამათებოდეთ ერთმანეთს, ახლა უნდა ჩავკიდოთ ხელი და საქართველო ამ მიმართულებით წავიყვანოთ.

ამ გზას საქართველოს მრავალეთნიკური საზოგადოებისთვის ალტერნატივა არ გააჩნია.  

ვფიქრობ, ამ მხრივ, ჩვენ გვყავს ძლიერი მოკავშირე ბრიუსელში.

ჩვენ აქ ჩამოვდივართ იმისათვის რომ გამოვიყენოთ ჩვენი კონტაქტები, ჩემი კონტქატები, მათ შორის, ხელმძღვანელობასთან, რათა არც ერთი დღე არ დავკარგოთ ამ მიმართულებით საქართველოს წაყვანისთვის.

თუ ერთად და სწორად ვიმოქმედებთ, დავდგებით პარტიულ ლოგიკასა და კინკლაობაზე  მაღლა, აუცილებლად წავწევთ საქართველოს წინ და ჩვენს ქვეყანას აუციელბლად შევიყვანთ ყველა ევროპულ სტრუქტურაში.

დიდი მადლობა.  



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)