Google+

სიახლეები

29.10.2012
საქართველოს პრეზიდენტი ბათუმში სოციალური საცხოვრებლების მშენებლობის პროცესს ადგილზე გაეცნო

საქართველოს პრეზიდენტი ლევან ვარშალომიძესთან ერთად, ბათუმში თამარისის დასახლებას ესტუმრა და სოციალური საცხოვრებლების მშენებლობის მიმდინარეობას ადგილზე გაეცნო. მიხეილ სააკაშვილი იქ დასაქმებულებსაც გაესაუბრა და ყურადღება ამ პროექტის მნიშვნელობაზე გაამახვილა. მისი თქმით, მსგავსი ტიპის საცხოვრებლების  მშენებლობა ხელს შეუწყობს ბათუმის ბარაკებისგან დაცლას და იქ მცხოვრებთა პირობების გაუმჯობესებას. ქვეყნის პირველმა პირმა ლევან ვარშალომიძესა და მის გუნდს მადლობა გადაუხადა ამ კუთხის  განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის და აღნიშნა, რომ მისი ხელმძღვანელობით, აჭარა 8 წლის განმავლობაში პროვინციული დიქტატურიდან, ევროპის ყველაზე მზარდ რეგიონად გადაიქცა.

„ლევან ვარშალომიძის ხელმძღვანელობით აჭარა ამ რვა წლის განმავლობაში პროვინციული დიქტატურიდან, ევროპის ყველაზე მზარდ რეგიონად გადაიქცა. შესაძლოა ბევრმა ბათუმელმა თქვას, რომ მათთვის არც სილამაზე ცვლის რამეს, არც ცათამბჯენები და არც ეს განვითარება, მაგრამ ეს ასე არ არის. ხალხი ამას თანდათან მიხვდება, რადგან ეს აისახება ცხოვრების დონეზე, დასაქმებასა და ჩვენი შვილების მომავალზე... აჭარაში დაიწყო ფართომასშტაბიანი პროგრამის განხორციელება, ეს არის სოციალური საცხოვრებლების მშენებლობა. ეს ლევან ვარშალომიძის ინიციატივაა. თქვენ იცით, რომ დევნილებისთვის ჩვენ მთელი კვარტალი ავაშენეთ ძალიან მაღალი ხარისხის სახლებით და ახლა რამდენიმე კორპუსი შენდება. აჭარის მთავრობას  დაგეგმილი ჰქონდა რამდენიმე ათეული ასეთი კორპუსის აშენება, რათა ბათუმი მთლიანად დაცლილიყო ბარაკებისგან. ხალხი, რომელიც ბარაკებში ცხოვრობს  აქ უნდა გადმოსახლდეს, ასევე უნდა ჩასახლდნენ ეკომიგრანტები, ასევე ის ადამიანები, რომლებიც სხვადასხვა მანიპულაციის შედეგად უსახლკაროდ დარჩა. ჩვენ ვისურვებდით, რომ ხალხს ჰქონდეს თავზე ჭერი, მათ შვილებს ჰქონდეთ უკეთესი პირობები, უკეთესი ჯანდაცვა. ეს მოსახლეობისთვის ძალზე მნიშვნელოვანია. ის, რაც დაწყებული იყო და ძალიან შორს ვიყავით წასული, გაგრძელდეს. მინდა ლევან ვარშალომიძეს და მის გუნდს მადლობა გადავუხადო იმ სასწაულისთვის, რომელიც მან და მისმა გუნდმა მოახდინა. მადლობას ვუხდი აჭარის მთავრობის ყველა წევრს, ძველი უზენაესი საბჭოს ორ შემადგენლობას,რადგან მათ გარეშე ეს შეუძლებელი იქნებოდა. ასევე მადლობას ვუხდი, რა თქმა უნდა, აჭარის მშენებლებს, რადგან მათი წყალობით, აჭარაში მშენებლობის ტემპი არც დღისით შენელებულა და არც ღამით. ლევან ვარშალომიძე აგრძელებს მუშაობას. იცით, რომ ჩვენ გადავედით ოპოზიციაში და იგი იქნება ადგილობრივი ოპოზიციის ლიდერი“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

სოციალური სახლები, აჭარის მთავრობის ინიციატივით, ე.წ. ბენზეს ტერიტორიაზე შენდება, სადაც სხვადასხვა კატეგორიის უსახლკარო ოჯახები შესახლდებიან. ორი 9 სართულიანი კორპუსის მშენებლობის დასრულება 20 დეკემბრისთვის იგეგმება.



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)