სიახლეები
22.10.2012
საქართველოს პრეზიდენტი საერთაშორისო ენერგეტიკულ ფორუმს ესწრება
საქართველოს პრეზიდენტი „ენერგეტიკული საერთაშორისო ფორუმი 2012 მსოფლიო ლიდერებისთვის“ მუშობაში იღებს მონაწილეობას. საერთაშორისო ფორუმი გაერთიანებული ემირატების ვიცეპრეზიდენტისა და მართველის შეიხ მუხამედ ბინ რაშიდის პატრონაჟითა და გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ინიციატივით, დუბაიში იმართება. მიხეილ სააკაშვილი ფორუმზე დამსწრე მსოფლიო ლიდერებისა და ბიზნესწრეების წარმომადგენლების წინაშე სიტყვით წარსდგა.
როგორც ხედავთ, მსოფლიოს ჩვენს ნაწილში გაზის მოპოვება-მიწოდებასთან დაკავშირებით დიდი ცვლილებები შეინიშნება. როგორც ჩანს, ევროპის ბაზრის დიდ ნაწილს კატარი დაიკავებს, შეერთებული შტატები კი, წლის მიწურულს პირველად გახდება ელექტროენერგიის ექსპორტიორი ქვეყანა და ელექტროენერგიის ექსპორტს აზიაში დაიწყებს. ასე რომ, გაზის ტრადიციული მომწოდებელი ქვეყნების მნიშვნელობა სუსტდება, რაც რუსეთის როლს ნამდვილად ცვლის. რუსეთისთვის ექსპანსიის მთავარი გეგმა იყო ის, რომ მეტ გაზსადენს ააშენებდა და გაზს ჩრდილოეთ ამერიკაშიც გაყიდდა, მაგრამ ეს პროექტი უკვე გვერდზეა გადადებული. იმაზე დაყრდნობით რასაც ჩვენ ვხედავთ, ისეთ ქვეყნებს როგორიცაა უკრაინა, რუმინეთი და რამდენიმე სხვა აღმოსავლეთ ევროპული ქვეყანა, შესაძლოა, რუსეთზე მეტი გაზიც ჰქონდეთ. ასე რომ, ეს მთლიანად ცვლის მსოფლიოს ამ ნაწილის გეოპოლიტიკას, მთლიანად ცვლის მსოფლიოს ამ ნაწილში საშუალო და გრძელვადიანი ენერგოპოლიტიკის მომავალს. ეს მთლიანად ცვლის ძალთა ბალანსს მსოფლიოს ამ ნაწილში. როგორც ვიცი, ენერგეტიკა პოლიტიკურ ძალაუფლებას ნიშნავს და აქედან გამომდინარე, იქნება უფრო მეტი მოქნილობა. ენერგოტერმინალები, რომლებსაც ზღვის სანაპიროზე ვაშენებთ და საიდანაც თხევადი გაზის ექსპორტი აზერბაიჯანის გავლით ევროპაში მოხდება, ნავთობსადენებზე უფრო დიდ მნიშვნელობას შეიძენს. ამ მიმართულებით, კატარმა დროულად მიიღო ზომები და მთელი მექანიზმები შექმნა. ვფიქრობ, ასეთ მიმართულებას ბევრი სხვა ქვეყანას აირჩევს. ბოლო პერიოდში საქართველომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია და წარმატებული ქვეყნების გვერდით დგას. დღეს მე იმ სახელმწიფოს წარმოვადგენ, რომელიც ნამდვილად სასურველია ინვესტორებისთვის და მე ამით ვამაყობ!“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა მიმართვისას.
ფორუმის მთავარი თემა უსაფრთხო და მდგრადი ენერგიის გამომუშავების გზების მოძიებაა, რომელიც მთელ მსოფლიოში სოციალური და ეკონომიკური განვითარების მტკიცე საფუძველს შექმნის. კონფერენციაში მონაწილე ლიდერებმა 22 ოქტომბერი ენერგეტიკის მსოფლიო დღედ გამოაცხადეს. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის ინიციატივით, 2012 წელი მდგრადი ენერგიტიკის საერთაშორისო წლად არის გამოცხადებული.
დუბაიში მიმდინარე ფორუმს, მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან მოწვეული 2500-ზე მეტი დელეგატი ესწრება. მათ შორის არიან სხვადასხვა ქვეყნების პრეზიდენტები, პრემიერ-მინისტრები, მთავრობის მეთაურები და ბიზნესწრეების წარმომადგენლები.