საქართველოს პრეზიდენტმა დღეს ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტის ოფიციალური გახსნის ცერემონიალში მიიღო მონაწილეობა. მიმართვისას, ქვეყნის პირველმა პირმა იმ ინფრასტრუქტურული პროექტების მნიშვნელობაზე ისაუბრა, რომელიც ბოლო წლებში მთელი ქვეყნის მასშტაბით განხორციელდა. მისი თქმით, თითოეული ეს პროექტი დასაქმებისა და სამუშაო ადგილების პერსპექტივას აჩენს. მიხეილ სააკაშვილმა ყურადღება აეროპორტების მშენებლობების მნიშვნელობაზეც გაამახვილა და აღნიშნა, რომ მსგავსი აეროპორტების სიმრავლე და ახალი კომპანიების შემოყვანა ხელს შეუწყობს იმას, რომ საერთაშორისო და შიდა რეისები მაქსიმალურად ხელმისაწვდომი გახდეს ქვეყნის ყველა მოქალაქისთვის. მიხეილ სააკაშვილი მოახლოებულ საპარლამენტო არჩევნებსაც შეეხო.
„ახალ აეროპორტს ვხსნით კოპიტნარის ყოფილი სამხედრო აეროპორტის ადგილზე, რომელიც 2008 წელს ჩვენი მტრის დამპყრობლის ავიაციამ მიწასთან გაასწორა და არსებული ინფრასტრუქტურა მთლიანად გაანადგურა. ეს აეროპორტი საქართველოს ერთიანობის სიმბოლოა, იმ საქართველოსი, რომელსაც შეუძლია მუდმივად აღდგეს ფერფლიდან. რამდენჯერაც არ უნდა სცადონ ჩვენი ქვეყნის წაქცევა, არასდროს არ ხრის თავს, არასდროს არ რჩება გაუბედურებულ მდგომარეობაში. აეროპორტის სახელი ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთ ყველაზე დიდ მეფეს ეკუთვნის და ვფიქრობ, ამ აეროპორტისთვის მისი სახელის მინიჭება გადაწყდა არა მარტო იმიტომ, რომ დავით აღმაშენებელმა ქართული სახელმწიფოებრიობის იდეა შექმნა იმ ფორმით, რომლითაც ჩვენ ვაგრძელებთ სვლას, არამედ იმიტომაც, რომ ამ ხელისუფლის სახელი უკვაშირდება ქართველი ერის მთავარ მრწამსს - მუდმივად ვითარდებოდე, მუდმივად აშენებდე, რა პირობებშიც არ უნდა იყო, ერთი ხელით იბრძოდე, ხოლო მეორეთი აშენებდე. აი, ეს არის ჩვენი ერის ინსტიქტი. ჩვენ ავაშენებთ ჩვენს სამშობლოს და სწორედ ასეთ ქვეყანას გადავცემთ მომავალ თაობებს“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.
ქუთაისის აეროპორტის გახსნის ცერემონიალს უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანიც ესწრებოდა. შეკრებილ საზოგადოებას მანაც მიმართა და ყურადღება ორი ქვეყნის მეგობრულ ურთიერთობასა და სამომავლო თანამშრომლობაზე გაამახვილა. მან კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნა, რომ უნგრეთი მხარს უჭერს საქართველოს ევროატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციას და მზად არის ამ პროცესში დასახმარებლად. როგორც ვიქტორ ორბანმა განაცხადა, საქართველოს ლიდერებს სწორი ეკონომიკური კურსი აქვთ არჩეული და და ეს ხალხის კეთილდღეობაზეც აისახება. მისი თქმით, საქართველოს ნებისმიერ რთულ ვითარებაში შეუძლია უნგრეთის იმედი ჰქონდეს.
ახალი აეროპორტიდან დღესვე პირველი საერთაშორისო ავიარეისი დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანიამ „ვიზ ეარმა“ კიევის მიმართულებით შეასრულა. საქართველოს პრეზიდენტმა სტუმრებთან ერთად აეროპორტის ტერმინალიც დაათვალიერა და პირველი რეისის მგზავრებსაც გაესაუბრა.
ქუთაისის აეროპორტში ამჟამად 200 ადამიანია დასაქმებული, რომლებმაც თეორიული და პრაქტიკული მომზადების კურსი საერთაშორისო სპეციალისტების დახმარებით გაიარეს და საერთაშორისო სერტიფიკატებიც მიიღეს.
ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის აეროპორტის მშენებლობა 2011 წლის ნოემბერში დაიწყო. აეროპორტის ტერმინალი დააპროექტა ჰოლანდიურმა კომპანიამ „UN studio“-მ, რომელიც მსოფლიოს საუკეთესო დიზაინერული კომპანიების ათეულში შედის. სამშენებლო სამუშაოებს ქართული და ევროპული კომპანიები ასრულებდნენ. ასაფრენი ზოლის, მიმოსვლის ბილიკისა და საჰაერო ხომალდის სადგომების მშენებლობას კი კომპანია „Black Sea Group“ აწარმოებდა. აეროპორტის მშენებლობაზე 400 კაციიყო დასაქმებული.
აეროპორტი აღჭურვილია უმაღლესი ხარისხისა და უახლესი, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი სააეროპორტო და სანავიგაციო სისტემებით. აეროპორტის მართვას ახორციელებს ფრანგული კომპანია „ვინჩი აეროპორტები“, რომელიც საფრანგეთი უდიდესი კონცერნის „ვინჩის“ შემადგენლობაშია. კომპანია „ვინჩი“ საფრანგეთში სიდიდით მეორე, ხოლო ევროპაში აეროპორტების ოპერატორი ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანია.
ქუთაისის დავით აღმაშნებელის სახელობის საერთაშორისო აეროპორტის პრიორიტეტია დაბალტარიფიანი ავიაკომპანიების მოზიდვა და საავიაციო ბაზარზე კონკურენტული გარემოს შექმნა.