სიახლეები
26.09.2012
საქართველოს პრეზიდენტმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრთან გამართა შეხვედრა
საქართველოს პრეზიდენტმა დღეს უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი მიიღო. დახვედრის ოფიციალური ცერემონიალი პრეზიდენტის სასახლეში გაიმართა. შესრულდა ორი ქვეყნის ჰიმნი, რის შემდეგაც მხარეებმა სამთავრობო დელეგაციები ერთმანეთს წარუდგინეს. ოფიციალური დახვედრის ცერემონიალის შემდეგ, მიხეილ სააკაშვილისა და ვიქტორ ორბანის პირისპირ შეხვედრა გაიმართა. უნგრეთის პრემიერმ-მინიტრმა სრული მხარდაჭერა გამოხატა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის მიმართ და განსაკუთრებით აღნიშნა ის დემოკრატიული რეფორმები, რომელიც ქვეყანაში ბოლო წლების განმავლობაში განხორციელდა.
მხარეებმა ორ ქვეყანას შორის თანამშრომლობის პერსპექტივა განიხილეს. უნგრულმა მხარემ გამოთქვა სურვილი სოფლის მეურნეობის სფეროში ერთობლივი პროექტები განხორციელდეს. ვიზიტის ფარგლებში, საქართველოსა და უნგრეთის სოფლის მეურნეობის სამინისტროებს შორის თანამშრომლობის მემორანდუმს მოეწერება ხელი.
საქართველოს პრეზიდენტმა უნგრეთის პრემიერ-მინისტრს თბილისის იუსტიციის ახლადგახსნილი შენობაც დაათვალიერებინა და იმ სერვისების შესახებ ესაუბრა, რომელსაც იუსტიციის სახლი მოქალაქეებს სთავაზობს. ვიქტორ ორბანმა Just Cafe-ს სერვისითაც ისარგებლა და მას, სიმბოლურად, საქართველოს მოქალაქის პასპორტიც გადასცეს.
ვიქტორ ორბანმა დღესვე საქართველოს ერთიანობისთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო. საქართველოში ვიზიტის ფარგლებში, იგი ქართველ კოლეგას ვანო მერაბიშვილს შეხვდება და მოლაპარაკებას საქართველოს პარლამენტის თავჯდომარესთან, დავით ბაქრაძესთანაც გამართავს.
უნგრეთის პრემიერ-მინისტრი 27 სექტემბერს ქუთაისის დავით აღმაშენებლის საერთშორისო აეროპორტის გახსნის ცერემონილაში მიიღებს მონაწილეობას.
ვიქტორ ორბანი საქართველოში ორდღიანი ოფიციალური ვიზიტით იმყოფება და ქვეყანას 27 სექტემბერს დღის მეორე ნახევარში დატოვებს.