Google+

სიახლეები

24.09.2012
გიორგი ტუღუშმა საქართველოს პრეზიდენტს პირველი ანგარიში წარუდგინა

საქართველოს პრეზიდენტს ციხეებში არსებული მდგომარეობის შესახებ სასჯელაღსრულების პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრმა გიორგი ტუღუშმა პირველი ანგარიში წარუდგინა. უწყების ახალმა ხელმძღვანელმა მიხეილ სააკაშვილს პენიტენციურ სისტემაში დღეს არსებული ვითარება გააცნო და იმ ცვლილებებზე ესაუბრა, რომელთა განხორციელებასაც უახლოეს პერიოდში გეგმავს. ქვეყნის პირველმა პირმა მასთან ალტერნატიული სასჯელის დაწესების შესაძლებლობაც განიხილა, რაც მსჯავრდადებულს სასჯელაღსრულების დაწესებულებას სხვა სახის სასჯელით შეუცვლის.   

გიორგი ტუღუშის თქმით, ამჟამად ყველა საპყრობილეში სიმშვიდეა და შემჭიდროებული ვადების მიხედავად, უკვე ბევრი რამ შეიცვალა კიდეც.

„დღეს გამოქვეყნდა სახალხო დამცველის მონიტორინგის შედეგები, რომლებიც ამას ადასტურებს. სასჯელაღსრულების ყველა დაწესებულებაში გამოკითხული თითოეული პატიმარი და ეს არის რამდენიმე ასეული თავისუფლებააღკვეთილი პირი, ამბობს, რომ მათ აღარც ახსოვთ ბოლოს როდის ეპყრობოდნენ ასე. ლაპარაკი იყო იმის თაობაზეც, რომ ბოლო პერიოდის განმავლობაში არა თუ ფიზიკური, სიტყვიერი შეურაცხყოფაც კი აღარავის მიუყენებია მათთვის. ამ სტანდარტს მაქსიმალურად შევინარჩუნებთ“, - განუცხადა გიორგი ტუღუშმა მიხეილ სააკაშვილს.

როგორც პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ ყურადღება პატიმრების სოციალურ რეაბილიტაციაზე უნდა გამახვილდეს. მისი თქმით, მთავარი ისაა, რომ ციხიდან გამოსული ადამიანი საზოგადოებისთვის აღარ წარმოადგენდეს საფრთხეს.

„ბოლო დღეების განმავლობაში მუდმივად ვადევნებ თვალს და როგორც ვხედავ, წესრიგი, ძირითადად, უკვე ყველგან დამყარდა. იმ ადამიანებთან ერთად, რომლებიც სასჯელს იხდიან, ჩემთვის მნიშვნელოვანია მათი გარეთ მყოფი ნათესავები და ოჯახის წევრები. კარგია, რომ მათ შიში აღარ აქვთ, მაგრამ ახლა საჭიროა მუდმივი მონიტორინგი. ასევე, ჩვენ ვერ შევასუსტებთ უსაფრთხოებას, რადგან ყოველივე ეს არ ნიშნავს იმას, რომ ციხის კარი უცბად გაიღება და ყველა გარეთ გამოვა. ვეთანხმები იმ კონცეფციას, რომ დეპოპულაცია მოხდეს. ამ გზას ჩვენ უკვე ვადგავართ. თუ დანაშაულის ჩადენის მიუხედავად, შესაძლებელია, რომ ადამიანი არ იჯდეს ციხეში, არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავაპატიმროთ. ეს ზუსტად უნდა განვსაზღვროთ. ერთი მხრივ, საზოგადოება უნდა დავაზღვიოთ, მაგრამ, მეორე მხრივ,  კონტრეფექტი არ უნდა მივიღოთ. საბოლოოდ, ეს არ არის გრძელვადიანი გადაწყვეტილება მათი რეაბილიტაციის თვალსაზრისით. ამიტომ, უნდა ვიმუშავოთ ალტერნატიული სასჯელის შემოღებაზე იმ შემთხვევაში, სადაც ეს შესაძლებელია. სისტემის ჰუმანიზაცია, ასევე არის ამ სისტემის ძალიან დიდი საზომი. თუმცა არ უნდა დავუშვათ, რომ ორგანიზებულმა დანაშაულმა ციხეებში კვლავაც აფათუროს ხელი. ამას უკიდურესად დიდი პასუხისმგებლობით უნდა მივუდგეთ. ჩვენ ეს უნდა შევძლოთ და ამ პასუხისმგებლობით მთელი სახელმწიფო მოწოდების სიმაღლეზე უნდა იყოს. ეს არის გადამწყვეტი. ნებისმიერ სისტემაში შეიძლება ყოველთვის აღმოჩნდეს ნაკლოვანება, მაგრამ არ უნდა მიუშვა, რომ რაღაც უბედურებაში არ გადაიზარდოს. ჩვენი ისეთი რეაგირება მოვახდინეთ, როგორსაც უმეტესი ევროპული ქვეყნები არ მოახდენდნენ. ასე რომ, დიდი მადლობა მინდა გითხრათ იმისთვის, რომ გადამწყვეტ მომენტში დათანხმდით ამ თანამდებობას. თქვენ დიდი გამოცდილება გაქვთ, ჩვენ კი თქვენი სრული ნდობა გვაქვს და პირველი ნაბიჯები ეფექტიანი აღმოჩნდა. ყოველ ახალ ინიციატივას ყურადღებით განვიხილავთ და ისევე, როგორც შეიცვალა ყველა სხვა სისტემა, ამ სისტემასაც ფუნდამენტურად შევცვლით. განხორციელებული რეფორმები სასარგებლო იყო, მაგრამ ცვლილება ფუნდამენტურ საკითხებში უნდა მოხდეს. ახლა ეს არის მთავარი“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.  




ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)