სიახლეები
24.08.2012
საქართველოს პრეზიდენტი მოსახლეობას ხონში და ჭიათურის რაიონის სოფლებში შეხვდა
საქართველოს პრეზიდენტი რეგიონებში შეხვედრებს განაგრძობს. მიხეილ სააკაშვილი დღეს ჭიათურის რაიონის სოფლებსა და ხონს ესტუმრა. ადგილობრივებთან ქვეყნის პირველმა პირმა სოციალურ, ჯანდაცვისა და სოფლის მეურნეობის სფეროებში განსახორციელებელ პროგრამებზე ისაუბრა. მიხეილ სააკშვილმა მოსახლეობასთან შეხვედრაზე ის ინფრასტრუქტურული პროექტებიც წარადგინა, რომელთა საშუალებითაც ქვეყანაში დასაქმების პრობლემები უნდა გადაიჭრას.
„ყველგან ბევრი ხალხი მოდის, მაგრამ ისინი, ვინც შეჩვეულია ყველაფრის ყიდვას, ამბობენ: მართალია, სვანეთში მიშას ბევრი ხალხი დახვდა, მაგრამ სვანები არ იყვნენო... აჭარაში ჩავიდა? თურმე იქ თბილისიდან ჩამიყვანია 20 ათასი კაცი; გუშინ სამტრედიაზე თქვეს, რომ ეს წალენჯიხიდან და ჩოროწყუდან ჩამოყვანილი ხალხიაო და ხონში, ალბათ, ინგლისელები და ამერიკელები მყავს შეკრებილი, სპეციალურად ჩამოყვანილი თვითმფრინავით... პირველ ოქტომბერს ყველგან რომ მივა ხონელი, სამტრედიელი, აბაშელი, ქუთაისელი, კახელი, ქართლელი, თბილისელი, მაშინ აღმოჩნდება, რომ საქართველო არ გადასულა ჭკუიდან და ბრძენი ერი ჰყავს, გამტანი, გამოცდილი, გამბედავი, ყოველთვის წინდახედული და მომავალზე ორიენტირებული. იმის მიუხედავად, რომ ბევრი ადამიანი ჯერ კიდევ გაჭირვებულია, იმის მიუხედავად, რომ ბევრი პრობლემაა, იმის მიუხედავად, რომ არის საქართველოში ადგილები, სადაც ჯერ არაფერი შეცვლილა უკეთესობისკენ, თითოეულმა ჩვენგანმა საკუთარ თავს უნდა დავუსვათ ერთი ელემენტარული შეკითხვა: არის თუ არა საქართველო უკეთესი ქვეყანა, ვიდრე იყო 8 წლის წინათ. ამიტომ, უნდა დავფიქრდეთ და ორგანიზებულად ვიმოქმედოთ - პირველი ოქტომბერი ყველა ამ კორუმპირებული და კრიმინარული ელემენტის, ჩვენი დამპყრობლის ბოლო მცდელობაა“, - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.