სიახლეები
24.08.2012
მიხეილ სააკაშვილი ჭიათურის სოფელ ქვაციხეს ესტუმრა
საქართველოს პრეზიდნეტი ქვეყნის პირველ ლედისთან სანდრა ელისაბეტ რულოვსთან ერთად ჭიათურის რაიონის სოფელ ქვაციხეს ესტუმრა და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა. მიხეილ სააკაშვილმა სოფლის მცხოვრებლებს განხორციელებული სახელმწიფო პროექტები გააცნო და ხაზგასმით აღნიშნა ის პროგრამები, რომლებიც ძალაში მომავალი თვიდან შევა. განსაკუთრებული ყურადღება ქვეყნის პირველმა პირმა გაზრდილ საპენსიო პაკეტსა და საყოველთაო დაზღვევაზე გაამახვილა. პრეზიდენტმა იმ პროექტების შესახებაც ისაუბრა, რომელთა განხორციელებაც მთავრობას უახლოეს პერიოდში აქვს დაგეგმილი.
„ამ არჩევნებზე ჩვენი ბავშვები ხმას ვერ აძლევენ. არ მეეეჭვება, რომ ქართველი ხალხი სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს და ჩვენი ხალხი არ დაუშვებს იმას, რომ როდესმე ამ ბავშვებმა ინანონ ის, რომ ჩვენ არასწორი გადაწყვეტილება მივიღეთ. მე და სანდრა დღეს ჩვენ სახლში ვჩერდებით, იქ, სადაც წერეთლების სახლმუზეუმია. ისინი გასული საუკუნის დასაწყისში მოღვაწეობდნენ და საუკეთესო ადამიანები იყვნენ. მათ ძალიან ბევრი კარგი რამ გააკეთეს საკუთარი ქვეყნისთვის, მაგრამ ამ ქვეყანამ თავისუფლება და დამოუკიდებლობა იმის გამო დაკარგა, რომ ორჯონიკიძეებს ჩაუვარდათ ხელში. ამ რამდენიმე დღის განმავლობაში ამ პერიოდთან დაკავშირებულ მასალებს ვეცნობოდი. დამოუკიდებლობის მიღებიდან რამდენიმე წლის განმავლობაში ყველაფერი კარგად მიდიოდა, მაგრამ შემდეგ ქართველმა მოღალატეებმა ქვეყანა დამპყრობელს ჩააბარეს და იმ თაობისთვის ცხოვრება გაჩერდა. არ უნდა მოხდეს ისევ ის, რომ ამ ბავშვებისთვის ცხოვრება გაჩერდეს. ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი. თავისუფლება ერთადერთი გზაა საქართველოსთვის“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.