Google+

სიახლეები

26.06.2012
საქართველოს პრეზიდენტმა ბაგრატის ტაძართან დაკავშირებულ საკითხებზე კომენტარი გააკეთა

საქართველოს პრეზიდენტმა იუნესკო-ს მსოფლიო მემკვიდრეობის კომიტეტის სხდომასთან დაკავშირებით, რომელზეც ბაგრატის ტაძრის საკითხს განიხილავდნენ, კომენტარი დღეს სტამბოლში გააკეთა.  მიხეილ სააკაშვილის თქმით, ბაგრატის ტაძარს იუნესკო-ს კულტურული მემკვიდრეობის სიიდან ამოღების საფრთხე აღარ ემუქრება და მისი აღდგენის სამუშაოები აუცილებლად დასრულდება. როგორც პრეზიდენტმა განაცხადა, ამაში წვლილი იმ უცხოელ  ექსპერტებსაც მიუძღვით, რომლებიც საკითხის შესასწავლად კულტურის სამინისტრომ საგანგებოდ მოიწვია. 

 „დღეს „იუნესკოში“ გაიმართა სხდომა, რომელზეც უნდა განეხილათ ბაგრატის ტაძრის საკითხი და საფრთხე იმისა, რომ ამ ტაძარს იუნესკო-ს კულტურული მემკვიდრეობის სიიდან ამოიღებდნენ. როგორც იცით, ამ საკითხმა ვნებათა ღელვა  გამოიწვია. ამასთან დაკავშირებით, ჩვენ კონკრეტული პოზიცია გვაქვს. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ბაგრატის ტაძარი აღდგეს. ეს მნიშვნელოვანია ქუთაისისთვის და ეს მნიშვნელოვანია მთლიანად იმერეთისთვის - ამ იდეის უკან თითოეული იმერელი  დგას. ეს, ასევე, მნიშვნელოვანია მთლიანად საქართველოსთვის, რადგან ბაგრატი აღიარებულია, როგორც გაერთიანებული საქართველოს სიმბოლო და ჩვენ გვჭირდება არა ნანგრევები, არამედ მოქმედი ტაძარი, რომელშიც შესაძლებელი იქნება წირვა-ლოცვა და რომელიც გახდება საქართველოს აღორძინებისა და აღმშენებლობის სიმბოლო. ამის გაკეთება მსოფლიოში ყველაზე ცნობილ იტალიელ რესტავრატორს ვთხოვეთ, რომელმაც ყველა წესის დაცვით მოამზადა ტაძრის აღდგენის საუკეთესო პროექტი და მისი აღდგენა, პრაქტიკულად, მთლიანად დასრულებულია. დარჩა მხოლოდ პატარა დეტალები და, რა თქმა უნდა, ყველა იმ შენიშვნისა და პრობლემის გათვალისწინებით, რომელიც შეიძლებოდა საპატრიარქოს ჰქონოდა, აუცილებლად მივიყვანთ ბოლომდე. ჩვენ ყველასთან შევაჯერეთ აზრი და როგორც უკვე ვნახეთ, შევთანხმდით კიდეც. დღის წესრიგიდან ახლა ბოლო ბიუროკრატიული დაბრკოლებაც მოხსნილია“, - განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა.

მიხეილ სააკაშვილი სტამბოლში შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის (BSEC) სამიტის მუშაობაში მონაწილეობს.  



ბმულის ელ-ფოსტაზე გადაგზავნა
ელფოსტა*
დამცავი კოდი* Verification Code
 
2013 (38)
2012 (45)
2011 (54)
2010 (39)
2009 (28)
2008 (27)
2007 (32)
2006 (32)
2005 (33)
2004 (5)